კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ადამიანები ყოველთვის აშენებდნენ სახლებს, საინჟინრო ნაგებობებს, მათგან რამდენიმე ნამდვილი საოცრებაა. მშენებლობა ხშირად განსაზღვრავდა ცივილიზაციის სახეს. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სამშენებლო პროექტები სულ უფრო მასშტაბური ხდებოდა და თანამედროვეობა ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.
დუბაილენდი
ლაპარაკია მსოფლიოში ყველაზე დიდ გასართობ პარკზე, რომელიც აშენდება დუბაიში. პროექტისთვის გამოყოფილია 64 მლრდ დოლარი და 185 კვ კმ ფართობი. სპეციალისტების გაანგარიშებით, პარკი ყოველწლიურად მიიღებს 200 ათას დამთვალიერებელს. იქვე აშენდება მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმრო, რომელშიც, პროექტის მიხედვით, 6500 ნომერი იქნება. მშენებლობა 2025 წელს უნდა დასრულდეს.
London Crossrail
ლონდონში საქალაქო და საგარეუბნო სარკინიგზო ხაზების მშენებლობა ბოლო წლების ყველაზე რთული ინფრასტრუქტურული პროექტია. 2020 წლამდე დაგეგმილია 42 კმ სიგრძის გვირაბის გაყვანა და 40 ახალი სადგურის აშენება. პროექტი London Crossrail -ი უდიდესი სამშენებლო ინიციატივაა ევროპაში. ამ ამბიციური პროექტის განხორციელება 23 მლრდ დოლარი დაჯდება.
სამეფო კოშკი ჯიდაში
მსოფლიოში უდიდესი ნაგებობა შენდება ქალაქ ჯიდიდან (საუდის არაბეთი) 32 კმ-ში. ცათამბჯენის სიმაღლე 1007 მ იქნება. თუ პროექტი წარმატებით დასრულდება, ეს იქნება კაცობრიობის ისტორიაში პირველი ნაგებობა, რომლის სიმაღლე გადააჭარბებს 1 კმ-ს. კოშკი 167-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება 20 მლრდ დოლარი დაჯდება.
პეკინის საერთაშორისო აეროპორტი
კიდევ ერთი გრანდიოზული აეროპორტი, რომლის მშენებლობაც პეკინში 2025 წელს დასრულდება. მისი ღირებულება 13 მლრდ დოლარია. რთული მისახვედრი არ არის, რომ ეს კომპლექსი შევა დედამიწის ყველაზე დიდი აეროპორტების ხუთეულში.
საერთაშორისო აეროპორტი ალ–მაკტუმი
ეს გრანდიოზული აეროპორტი დუბაიში 2018 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ის ყველაზე დიდია მსოფლიოში რამდენიმე პარამეტრის მიხედვით: გამტარუნარიანობა; ინფრასტრუქტურის სირთულე; საერთო ფართობი. მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა 2010 წელს. პროექტი შეფასებული იყო 82 მლრდ დოლარად, ამჟამად აეროპორტში არის 5 ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და 4 კორპუსი, რომლებსაც შეუძლია ერთდროულად 200 თვითმფრინავისა და 400 ათასი ტონა ტვირთის მიღება. აეროპორტი ყოველწლიურად 160 მლნ მგზავრს მოემსახურება.
მდინარეების შებრუნება ჩრდილოეთისკენ ჩინეთში
ჩინეთი სერიოზულად მუშაობს თავის ჩრდილოეთ რაიონებში მდინარეების კალაპოტის შეცვლაზე. ჯერჯერობით ლაპარაკია სამ საწყლოსნო არტერიაზე, რომელთა სიგრძე 1300 კმ-ია. მდინარეების შებრუნებით ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს, წყლით უზრუნველყოს ქვეყნის გვალვიანი რაიონები. გრანდიოზული პროექტის სარეალიზაციოდ არხების გაჭრა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყეს. ინიციატივა შეეხება ქვეყნის 4 უდიდეს მდინარეს _ იანძის, ხუანხეს, ხაიხესა და ხუაიხეს. ამ პროექტის ღირებულება 78 მლრდ დოლარია.
ინფრასტრუქტურული პროექტი ჰონკონგი–ჩჟუხაი–მაკაო
ჩინეთმა 17,1 მლრდ დოლარი ჩადო წყალქვეშა გვირაბების გასაყვანად თავისი ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში. სწორედ აქ არის განლაგებული ჩინეთის სამი უდიდესი მეგაპოლისი. ხიდები და გვირაბები გაყვანილია სრუტეში, რომელშიც საკმაოდ ინტენსიური საზღვაო მიმოსვლაა.
მოამზადა ნიკა კორინთელმა