საიდუმლო არავისთვის არის, რომ საბჭოთა კავშირი თავის დროზე უცერემონიოდ ითვისებდა ბევრ დასავლურ ტექნოლოგიას _ კომპიუტერებით დაწყებული, ავტომობილებით დამთავრებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასავლეთი გულხელდაკრეფილი იჯდა და სსრკ–ისგან არაფერს ითვისებდა. ჰიდროსადგურები, ავტომატები და მობილური ტელეფონებიც კი _ ეს და საბჭოთა მეცნიერების ბევრი სხვა გამოგონება დასავლეთმა წარმატებით “აითვისა”, ოღონდ ამის შესახებ ცოტამ თუ იცის.
- ცეცხლსასროლი იარაღი
საბჭოთა პერიოდში სპეციალისტებმა ბევრი ლეგენდარული იარაღი შექმნეს. დიდი სამამულო ომის დასაწყისში ტოკარევის თვითდამმუხტველის ფუნქციის მქონე შაშხანამ გერმანელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვერმახტმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, შეექმნა CBT40-ის ანალოგი. და უკვე 1943 წელს გერმანიამ დაიწყო ნახევრადავტომატური Gewehr-43-ის სერიული წარმოება. ამ იარაღში გამოყენებული იყო ტულის იარაღის ქარხნისგან “ნასესხები” ტექნოლოგია.
მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიც _ ППС-43, საბჭოელებისგან სწრაფად “გაითავისეს” ჯერ ფინელებმა, შემდეგ _ გერმანელებმა და ესპანელებმა. კალაშნიკოვის ავტომატურ იარაღზე ხომ ლაპარაკიც არ არის _ უამრავი ქვეყანა თავის ქარხნებში აწარმოებს AK-47-ს.
- ჰიდროაკუსტიკური სადგური
სახელმწიფო საიდუმლოებები ზოგჯერ ჯაშუშების გარეშეც გამომზეურდება ხოლმე. მაგალითად, 1982 წელს ბრიტანულმა წყალქვეშა ნავმა Congueror-მა შეძლო, შეუმჩნევლად მიახლოებოდა საბჭოთა სამხედრო ხომალდს და მოეპარა სსრკ-ის უახლესი გამოგონება _ ჰიდროაკუსტიკური სადგური. იმ მომენტში ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ხომალდს ბუქსირით მიჰყავდა ჰიდროაკუსტიკური სადგური. ვერავინ შენიშნა, როგორ გადაჭრეს ბრიტანელებმა ტროსი და მოიპარეს აპარატი. ეს სადგური სწორედ იმისთვის იქმნებოდა, რომ ეთვალთვალათ მტრის წყალქვეშა ნავებისთვის. მოგვიანებით ამ ინციდენტზე დაწერა ბრიტანელმა სტიუარდ პრებლმა თავის წიგნში “კონუეროსის საიდუმლოებები”. პრებლი აღნიშნავდა, რომ ამის შემდეგ ბრიტანეთმა ჰიდროაკუსტიკური სადგური გადასცა აშშ-ს, რომელსაც საბჭოელების გამოგონება ძალიან დაეხმარა უხმაურო წყალქვეშა ნავების შექმნის საქმეში. სსრკ-ში კი დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ჰიდროაკუსტიკური სადგური შემთხვევით დაიკარგა არქტიკის ცივ წყლებში.
- კატაპულტა
1970-იანი წლების ბოლოს სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება “ზვეზდას” ინჟინრებმა ზებგერითი თვითმფრინავებისთვის შექმნეს მსოფლიოში პირველი კატაპულტა K-36DM. კატაპულტირების სავარძელი პირველად აჩვენეს 1989 წელს ავიასალონ ლე ბერჟეზე. გამანადგურებელი “მიგ-29” შეეჯახა ფრინველს, რომელმაც დააზიანა ძრავა და მფრინავი იძულებული შეიქნა, კატაპულტა გამოეყენებინა. ამ ინოვაციამ ამერიკელების ყურადღება მიიპყრო და 1990-იან წლებში ამერიკელების დელეგაცია რუსეთში ჩავიდა. კატაპულტის გულდასმით შესწავლის შემდეგ ამერიკელებმა შეიძინეს K-36DM-ის პატარა პარტია და მალე გამოუშვეს საკუთარი კატაპულტა AСES-2. საქმე ის არის, რომ იმხანად სსრკ-ში არ იყო პატენტის გაფორმების მკაცრი წესები და ამერიკელებმა ძალიან იაფად ჩაიგდეს ხელში უახლესი ტექნოლოგია.
- სტელს–ტექნოლოგია
1960-იან წლებში საბჭოთა ფიზიკოსმა პეტრე უფიმცევმა წამოაყენა წინადადება, შეექმნათ უნიკალური ფორმის თვითმფრინავი, რომელიც უხილავი იქნებოდა რადარებისთვის. საბჭოთა ავიაკონსტრუქტრები ფიზიკოსის ამ იდეას ცივად შეხვდნენ _ ასეთი ძვირად ღირებული აპარატის შექმნა მიზანშეუწონლად მიაჩნდათ, რადგან უფიმცევის თეორიები აღწერილი იყო წიგნებში, რომლებიც თავისუფლად იყიდებოდა, პროექტის რეალიზაცია მხოლოდ დროის ამბავი იყო.
ამერიკულმა საავიაციო ბიურომ “ლოკჰიდ-მარტინმა” უფიმცევის კონცეფციას ხორცი შეასხა და შექმნა უჩინარი თვითმფრინავი F-117. დროთა განმავლობაში გამოგონება პროექტად იქცა, F-117-მ კი ნამდვილი ფურორი მოახდინა სპარსეთის ყურეში, როცა მიმდინარეობდა ოპერაცია “ქარიშხალი უდაბნოში”.
- მობილური ტელეფონი
საბჭოთა კავშირში ყველაზე დაუფასებელი გამოგონება აღმოჩნდა მობილური ტელეფონი, რომელიც შექმნა ინჟინერმა ლეონიდ კუპრიანოვიჩმა ჯერ კიდევ 1957 წელს. 3 კგ-იან აპარატს ყოველგვარი სადენის გარეშე შეეძლო ხმოვანი შეტყობინების გადაცემა ანტენის მოქმედების ზონაში. მოგვიანებით გამომგონებელმა აპარატის წონა 70 გრამამდე შეამცირა.
XX საუკუნის შუა წლებში სხვა ადამიანთან დარეკვა სეირნობისას ან ავტომობილიდან ფანტასტიკად ჩანდა. და, საბჭოეთის ხელმძღვანელობამ კვლავ ვერ დაინახა ამ პერსპექტიული მოწყობილობის პოტენციალი. კუპრიანოვი თავის გამოგონებაზე საჯაროდ ლაპარაკობდა სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუებში. უსადენო ტელეფონის ტექნოლოგიის რეალიზება შეძლეს ბულგარეთში 1966 წელს, 1983 წელს კი გამოვიდა მსგავს პრინციპზე მომუშავე პირველი მობილური ტელეფონი Motorola Dyna Tac-ი.
მოამზადა ნიკა კორინთელმა
რუსებს ასე ხშირად ემართებოდათ,გამონაკლისი არც საბჭოეთი იყო