არსებობს სავსებით დამაჯერებელი ვარაუდი, რომ ჰესი მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებდა ჩერჩილთან ფიურერის დავალებით. იგი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს სთავაზობდა ერთობლივ _- ინგლის–გერმანიის თავდასხმას საბჭოთა კავშირზე. ჩერჩილმა უარი თქვა ამგვარ ავანტიურაზე, მაგრამ აღუთქვა ბერლინს, რომ ნეიტრალიტეტის პოზიციას დაიკავებს გერმანია–საბჭოთა კავშირის ომის დროს.
ასეთი დაპირებით ჩერჩილმა აიცილა ბრიტანეთის კუნძულებზე გერმანიის შემოჭრის საშიშროება, მიუქსია გერმანია საბჭოთა კავშირს და შემდგომი მანევრირების შესაძლებლობა მიიღო.
ბევრის მთქმელია, რომ ინგლისში ჰესის დაშვების შემდეგ მისი დაკითხვის ოქმები დღემდე გამოქვეყნებული არ არის. არადამაჯერებელია ვარაუდი, რომ რუდოლფ ჰესი ფსიქიურად არანორმალური იყო, ხოლო მისი აქცია _ ექსტრავაგანტული ქმედება: ძალიან მაღალი მდგომარეობა ეკავა ამ კაცს ნაცისტურ სახელმწიფოში.
ჰიტლერს შეატყობინეს, რომ სტალინს აინტერესებს არა ინგლისში გერმანული დესანტის საეჭვო პრობლემა, არამედ ინგლისის მოლაპარაკებისა გერმანიის და აშშ-ის კომპრომისის შესაძლებლობის შესახებ. გერმანელებს შეეძლოთ დაერტყათ ბრიტანეთის რესპუბლიკის მთავარი სატრანსპორტო არტერიისთვის _ სუეცის არხისთვის და შეჭრილიყვნენ ახლო აღმოსავლეთში. სტალინს მიაჩნდა, რომ მოვლენები სწორედ ასე შეიძლება განვითარებულიყო. მით უფრო, რომ იაპონიამ, რომელმაც უარი თქვა საბჭოთა ტერიტორიაზე, თავისი ძალისხმევა წარმართა სამხრეთ-აზიაში კოლონიების დასაპყრობად. ლოგიკური იქნებოდა, თუ ჰიტლერი შეეცდებოდა, გაბატონებულიყო ნავთობით მდიდარ ამ რეგიონში. სტალინს ყველა საფუძველი ჰქონდა, დროის მოგების იმედად ყოფილიყო, მით უფრო, რომ ომამდე მოლაპარაკება უნდა გამართულიყო.
ვიშლევი ამასთან დაკავშირებით ამბობს: «ჰიტლერს სურდა, ეს იმედი დარჩენოდა სტალინს, თვითონ კი ჰქონოდა მოულოდნელი თავდასხმის შესაძლებლობა. ამ მიზნით 1941 წლის მაისში მან დაიწყო ფართომასშტაბიანი სადეზინფორმაციო კამპანია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერმახტი საბჭოთა კავშირის საზღვრებთან ჯარის ნაწილებს თავს იყრის იმ მიზნით, რომ სსრკ-მა მიიღოს გერმანიის «მოთხოვნა», რათა მას იჯარით გადაეცეს უკრაინა და უზრუნველყოს გერმანელების მონაწილეობა ბაქოს ნავთობის ექსპლუატაციაში. მეორე დეზინფორმაცია: ბერლინი აპირებს, მოსთხოვოს საბჭოთა კავშირს სამხრეთის რაიონების ტერიტორიით თავისი შეიარაღებული ძალების გატარება ახლო აღმოსავლეთისკენ. იტყობინებოდნენ, აგრეთვე, რომ ჩერჩილი თანახმაა ჰიტლერთან გასარიგებლად, რაც ახლოს იყო სიმართლესთან. ასეთ მოლაპარაკებას შეიძლება ჩაეშალა ინგლის-ამერიკა-საბჭოთა კავშირის კოალიციის შექმნის მცდელობაც კი.
დეზინფორმაციული მასალები ვრცელდებოდა ევროპული დედაქალაქების საინფორმაციო საშუალებებში და დიპლომატიურ კორპუსებში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ საბჭოთა საზღვრებთან გერმანიის ჯარების კონცენტრაცია ბლეფია, ხოლო გერმანია-საბჭოთა კავშირის წინააღმდეგობათა მშვიდობიანი მოგვარება გარდაუვალია. ამ ცნობებს აწვდიდნენ კრემლს.
სტალინი, შეცდომა თავიდან რომ აეცილებინა, უყურადღებოდ არაფერს ტოვებდა. ერთი მხრიდან იტყობინებოდნენ, რომ გერმანია მზად არის სსრკ-ზე თავდასასხმელად. მეორე მხრიდან ირწმუნებოდნენ, რომ ნაცისტური ხელმძღვანელობა განახორციელებს «ფსიქოლოგიურ დაწოლას», რათა გაიმაგროს «ძალის პოზიცია» მომავალ მოლაპარაკებაში.
ამასთან ერთად, დაზვერვა პატაკობდა, რომ ნაცისტურ ხელმძღვანელობაში ერთსულოვნება არ სუფევს: ჰიტლერი ცდილობს, შეინარჩუნოს მშვიდობა საბჭოთა კავშირთან და განაგრძოს ომი ინგლისთან, ვერმახტის ხელმძღვანელობა კი სსრკ-გერმანიის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. ამის თავიდან ასაცილებლად, სტალინი კატეგორიულად მოითხოვდა, «არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს».
ომის დაწყების თარიღის შესახებ ცნობები, როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ათასნაირი მოდიოდა. გადიოდა ეს ვადები და ომი არ იწყებოდა, რაც ერთგვარად ამშვიდებდა სტალინს.
22 ივნისიც შეიძლება მორიგი ყალბი პროგნოზი გამომდგარიყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომისთვის მზადება გაძლიერებულად მიმდინარეობდა. კერძოდ, წითელი არმიის მსხვილი ნაწილები კონცენტრირდებოდა დასავლეთ საზღვრებთან. ამას ზოგიერთი დღევანდელი ავტორი იმის დამამტკიცებელ ფაქტად მიიჩნევს, რომ სტალინი გერმანიაზე თავდასასხმელად ემზადებოდა, ჰიტლერმა კი მხოლოდ დაასწრო მას. ასეთი პოზიციის უსაფუძვლობას ამტკიცებს როგორც საბჭოთა, ისე გერმანული დოკუმენტები. გერმანელების ოპერატიულ დაგეგმვაში საბჭოთა ჯარების შეტევითი მოქმედება მხედველობაშიც არ იყო მიღებული: ვერმახტი დარწმუნებული იყო, რომ სტალინი ასეთ უაზრო ნაბიჯს არ გადადგამდა.
«წითელი არმიის ნაწილების გაძლიერებულ საომარ მზადყოფნაში არმოყვანა, მოწმობდა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა შეტევით პოზიციაზე არ იდგა, _ წერს ო. ვიშლევი, _ ასეთ პირობებში გერმანიაზე თავდასხმა საბჭოთა კავშირისთვის უაზრო და ძალიან საშიშ ავანტიურაში ჩართვას ნიშნავდა. სტალინი ავანტიურისტიობისგან შორს იდგა, იგი ძალიან ფრთხილი და ანგარიშიანი პოლიტიკოსი იყო. ეს ყველაფერი დღეს, სამწუხაროდ, ავიწყდებათ «პრევენტული ომის» მომხრეებს.
ჰიტლერმა მოაწყო ინსცენირება, თითქოს ერთ-ერთ ნაცისტურ გაზეთში დაბეჭდილ გებელსის სტატიაში გაჟონა სრულიად საიდუმლო ინფორმაციამ ინგლისში გერმანიის შეჭრის შესახებ. ტირაჟი სასწრაფოდ იქნა კონფისკებული. სტალინმა ეს შემთხვევა ასე შეაფასა: პრობრიტანულად განწყობილმა გებელსმა გააფრთხილა ლონდონი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რათა ჩაეშალა ეს გეგმა, ინგლისთან ომი უპერსპექტივოდ ექცია და ხელი ებიძგა ჰიტლერისთვის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
ამ ინსცენირებას სტალინმა 1941 წლის 13 ივნისის საკდესის განცხადებით უპასუხა, რომლითაც გერმანიას შეფარულად მოუწოდებდა ორმხრივი მოლაპარაკებისკენ, მაგრამ ჰიტლერი დუმდა.
სტალინი მაინც არ კარგავდა მშვიდობიანი მოლაპარაკების დაწყების იმედს. იგი ეყრდნობოდა ინფორმაციას, რომელიც მასთან იყრიდა თავს იმ არხებიდან, რომლებიც მთელი ძალით მუშაობდა ომისწინა დღეებსა და საათებში.
საბჭოთა დიპლომატებისა და დაზვერვის ცნობები ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. უკანასკნელ წლებში ცალკე გამოარჩევდნენ იმათ, რომელთა მიხედვით ომი შეიძლება 22 ივნისს დაწყებულიყო. ეს თითქოს ადასტურებდა სტალინის ავადმყოფურ უნდობლობას, მაგრამ ძალიან ადვილია კრიტიკოსობა ფაქტის მოხდენის შემდეგ _ «უკანა რიცხვით». მაგრამ მაშინ სსრკ-ის ავტორიტეტულ ანალიტისოკთაგან არავის შეეძლო დაედასტურებინა ამ მონაცემების უტყუარობა. მით უფრო, უფრო ადრე მოსულ შეტყობინებებში დასახელებული «ზუსტი» ვადები ისე გავიდა, რომ გერმანია საბჭოთა კავშირს თავს არ დასხმია, ან რისი გაკეთება შეიძლებოდა რამდენიმე დღეში?! წინა ორი თვის მანძილზე წითელი არმიის ნაწილები დასავლეთში ისედაც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. ზოგიერთი მათგანი კი ივნისში უკვე შეუდგა გადაიარაღებას. ისე ჩანდა, რომ კრიზისმა უკვე ჩაიარა.
სტალინს ჰქონდა გარკვეული იმედი, რომ თავდასხმის წინა დღეებში მაინც შეძლებდა ომის თავიდან აცილებას. სუდოპლატოვი იხსენებს: მოსკოვის სასტუმრო «მეტროპოლში» საბჭოთა კონტრდაზვერვამ ხელთ იგდო ორი გერმანელი დიპლომატიური შიკრიკი. ერთი, ვითომ შემთხვევით, ლიფტის კამერაში ჩაკეტეს, მეორე _ მისი ნომრის საბაზანოში. ლიფტში «გაჭედილი» კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ხუთ წუთში «გაათავისუფლეს», მანამდე კი მისი დიპლომატი გახსნეს და გადაიღეს იქ ჩადებული დოკუმენტები. მათ შორის იყო საბჭოთა კავშირში გერმანიის ელჩის, გრაფ შულენბურგის წერილი რიბენტროპისადმი, რომლითაც იგი იტყობინებოდა, რომ მზად არის, იყოს შუამავალი სსრკ-გერმანიას შორის არსებულ წინააღმდეგობათა მოწესრიგების საქმეში. შულენბურგი 1939 წლის პაქტის ერთ-ერთი ინიციატორი და შემდგენელი იყო. იგი, კაიზერის სკოლის ძველი დიპლომატი, ერთგულებდა გერმანიის რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაურთველობის ბისმარკისეულ ტრადიციას და ამას საქმით ადასტურებდა. ამიტომ საბჭოთა ხელმძღვანელობაში მას ნდობით ეკიდებოდნენ, ასე იყო მისდამი განწყობილი სტალინიც. (1944 წელს შულენბურგი გესტაპომ დახვრიტა).
სუდოპლატოვი წერდა: «მიუხედავად იმისა, რომ მოახლოებული ომის ნიშნები აშკარა იყო, ეს დოკუმენტი, შულენბურგის პოზიცია და მისი მაღალი რეპუტაცია გვარწმუნებდა, რომ მშვიდობიანი მოწესრიგების კარი ჯერ კიდევ დახურული არ არის».
მაშ ასე: ურთიერთსაწინააღმდეგო ხმების, მოარული მოსაზრებების, ურთიერთსაწინააღმდეგო დიპლომატიური და დაზვერვის პატაკების, ექსპერტთა მოსაზრებების ურთიერთგამომრიცხავი ნაკადი 22 ივნისამდე შეუჩერებლად იზრდებოდა. ინიციატივა ჰიტლერის მხარეს იყო, სტალინს ისღა დარჩენოდა, რომ დალოდებოდა მოწინააღმდეგის მორიგ სვლას. ასეთი იყო ობიექტური სიტუაცია იმ დროს.
შეიძლება გვეჩვენოს, რომ მოცემულ ეტაპზე ჰიტლერის დიპლომატია სტალინისაზე ეფექტიანი აღმოჩნდა. ამას ვერ დავეთანხმებით.
მოლაპარაკებაზე უარის თქმა პრიმიტიული დიპლომატიური აქციაა, რომელიც ან მხოლოდ სისუსტეს ამტკიცებს იმ მხარისას, რომელიც ორთაბრძოლას თავს არიდებს, ან მისი მზაკვრულობის ნიშანია. მაგრამ ეს მაინც არ არის მთავარი. ნებისმიერ შერკინებაში, მით უფრო, ხანგრძლივ დაპირისპირებაში, ცალკეული წარუმატებლობანი ბუნებრივი მოვლენაა. რთულ სიტუაციებში მათ თავიდან ყოველვის ვერ აირიდებ. აქ მთავარია არა კერძოობა, არამედ საერთო შედეგი. საბოლოო შედეგი სტალინის ტრიუმფი იყო.
სტალინურმა დიპლომატიამ გაიმარჯვა, რადგან მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საბჭოთა კავშირი ყოველთვის მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, უპირატესობას ანიჭებს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას, არ გააჩნია აგრესიული გეგმები და პატიოსნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ჰიტლერული დიპლომატია მისი სრული ანტიპოდი იყო.
1941 წელს ჰიტლერმა განაცხადა: «სტალინი _ რუსეთის მბრძანებელი, გონიერია. იგი არასოდეს ღიად არ გაილაშქრებს გერმანიის წინააღმდეგ». და კიდევ: «სანამ სტალინი ცოცხალია, არავითარი საშიშროება არ გვემუქრება: იგი საკმარისად ჭკვიანი და ფრთხილია».
შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, რომელიც ძალიან მოდური იყო «პერესტროიკის» პერიოდში: მაშ, როგორ გავიგოთ საბჭოთა ჯარების მიერ ბალტიისპირეთის, ბელარუსისა და უკრაინის დასავლეთი რაიონების ოკუპაცია?
პასუხს გვიკარნახებს ფაქტი: საბჭოთა ჯარების შეყვანას ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში და ამ ქვეყნების სსრკ-ს შემადგენლობაში შესვლას პრაქტიკულად არავითარი წინააღმდეგობა არ გამოუწვევია. მხოლოდ აღმოსავლეთ პოლონეთის რაიონში, სადაც ჩვენი ჯარები შევიდნენ ათასამდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ეს ნიშნავს, რომ ძალადობრივი ოკუპაცია არ მომხდარა. ამ ქვეყნების ხალხებმა და მთავრობებმა სსრ კავშირთან შეერთების აქტი მეტ-ნაკლებად ნორმალურად აღიქვეს.
გერმანული ოკუპაცია ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ტრაგედიად და დამონებად შემოუბრუნდებოდა, რასაც ნაცისტების გეგმა ითვალისწინებდა.
ამასთან, საზღვრის გადატანის მცდელობას ლენინგრადიდან ფინეთის ტერიტორიის სიღრმეში ომი მოჰყვა, რომელსაც (სამ თვეზე მეტი ხნის მანძილზე) სსრ კავშირის 127 ათასი მეომრის სიცოცხლე შეეწირა. გამარჯვება აქ საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა, თუმცა სტალინის მიერ დასახული მიზანი შესრულდა. შედეგად _ სამამულო ომის პერიოდში შესაძლებელი გახდა ლენინგრადის გადარჩენა (ფინელები ხომ ჰიტლერელთა მხარეს იბრძოდნენ).
ფინეთის შედარებით მცირე ტერიტორიის ოკუპაცია (მისთვის საბჭოთა ტერიტორიით კომპენსაციის დაპირებით) სისხლისმღვრელ ომად დაგვიჯდა. ბალტიისპირეთის სამი ქვეყნისა და პოლონეთის მნიშვნელოვანი ოლქების შემოერთება კი მშვიდობიანი გზით მოხერხდა. აი პრინციპული სხვაობა ოკუპაციასა და სახელმწიფოსთან მიერთებას შორის. სსრ კავშირის საზღვრების დასავლეთისკენ გადაწევით სტალინმა თავდაცვის დამატებითი მიჯნა შექმნა სწორედ მაშინ, როცა საბჭოთა სახელმწიფოს დიდი განსაცდელი დაემუქრა. როგორც სახელმწიფო მოღვაწე იგი აბსოლუტურად მართალი იყო. ეს ტერიტორიები ჰიტლერულ გერმანიას რომ რგებოდა, გამარჯვება სამამულო ომში გაცილებით ძვირი დაგვიჯდებოდა.
სრული მარცხი
საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გერმანიის, ფაქტობრივად კი, მთელი კონტინენტური ევროპის ომის საწყის ფაზაში მიღწეული წარმატებები ჰიტლერს იმედს აძლევდა, რომ, თუ სტალინი არა, მისი შესაძლო შემცვლელები გამოაცხადებდნენ კაპიტულაციას. ჰიტლერელთა ამ გათვლას შესრულება არ ეწერა.
ორიოდ სიტყვა იმაზე, იყო თუ არა «მოულოდნელი» სტალინისთვის ომის დაწყება? გიორგი ჟუკოვის მოგონების თანახმად, 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას სტალინს ეძინა. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ იგი მშვიდად იყო და არ ესმოდა, თუ როგორი დაძაბულობა იყო ქვეყანაში. აი, რას გვამცნობს კრებული «დოსიე და თანამედროვეობა» (#6, 2003 წელი):
«ომის წინა დღეს ჟუკოვი საოცრად მოკლედ აღწერს, სათქმელს ბოლომდე არ ამბობს. იმაზე, თუ რა ხდებოდა 21 ივნისს, მის წიგნში სიტყვაც არ არის ნათქვამი. ომის დაწყების შესახებ საუბარს ჟუკოვი 22 მაისის ღამიდან იწყებს. მისი სიტყვებით, დირექტივა სასაზღვრო ჯარების საომარ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ 22 ივნისის 0:30 საათზე გაიგზავნა. რატომ ასე დაგვიანებით? სტალინმა ამის შესახებ მითითება ჯერ კიდევ დღისით გასცა (!). ჟუკოვი ამას ვერ გვიხსნის».
შესაძლებელია, ეს მიგვანიშნებს, რომ ჟუკოვი, რომელსაც გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა, ან არ ჩქარობდა, ან სხვა საქმეებით გაერთო. არადა, მას დაზვერვის მონაცემებით შეეძლო დაედგინა თავდასხმის საშიშროება.
მოგვიანებით, ხრუშჩოვის მცდელობის შედეგად ასეთი უზრუნველობა მხოლოდ სტალინს დაბრალდა, რომელიც ზედმეტად ენდო ჰიტლერის სამშვიდობო დაპირებებს. მაგრამ უეჭველია, რომ სტალინი ფიურერს არავითარ შემთხვევაში არ ენდობოდა. სტალინს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა ერთისა _ დაეცადა და იმედი ჰქონოდა, რომ ფიურერის თავდასხმა მომდევნო წლისთვის იყო გადადებული (ამის შესახებ წინა პუბლიკაციაში დაწვრილებით ვილაპარაკეთ).
მაგრამ ამის მიუხედავად, მაშინ მაინც გაიცა განკარგულება დასავლეთ საზღვრებისკენ გასაგზავნად მოემზადებინათ ნაწილები, რომლებიც ციმბირში იმყოფებოდა.
იმის შესახებ, თუ რა განწყობილება სუფევდა ქვეყანაში სამამულო ომის დაწყებამდე თვე-ნახევრით ადრე, მოგვითხრობს ერთ-ერთი სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული ენვერ მურატოვი. 5 მაისს დღისით იგი, ამხანაგების ჯგუფთან ერთად მივიდა კრემლში საზეიმო მიღებაზე. შესვლისას ისინი არ გაუჩხრეკიათ (გაიხსენეთ მითი სტალინის საშინელი ეჭვიანობის შესახებ. ბანკეტზე ერთ-ერთმა გენერალმა სადღეგრძელო წარმოთქვა:
_ ამხანაგებო! გთხოვთ, შესვათ მშვიდობის სადღეგრძელო, გაუმარჯოს სტალინურ სამშვიდობო პოლიტიკას, ამ პოლიტიკის შემოქმედს, ჩვენს დიდ ბელადსა და მასწავლებელს, იოსებ ბესარიონის ძე სტალინს.
სტალინმა პროტესტის ნიშნად ხელი გაიქნია, სიტყვა მოითხოვა. შესამჩნევად ღელავდა, აი, მთავარი, რაც მან თქვა:
_ ამ გენერალს ვერაფერი გაუგია… გერმანიას სურს, გაანადგუროს ჩვენი სოციალისტური სამშობლო, რომელიც მოიპოვეს მშრომელებმა ლენინური კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით. გერმანიას სურს, გაანადგუროს ჩვენი დიადი სამშობლო… მოსპოს მილიონობით საბჭოთა ადამიანი, ცოცხლად გადარჩენილები კი მონებად აქციოს. ჩვენი სამშობლოს გადარჩენა შეიძლება მხოლოდ ომით ფაშისტურ გერმანიასთან და გამარჯვებით ამ ომში. გთავაზობთ, დავლიოთ ომის სადღეგრდელო, გაუმარჯოს შეტევას ომში, ჩვენს გამარჯვებას ამ ომში!
ბოლო წინადადებამ შეიძლება აფიქრებინოს ზოგიერთებს, რომ სტალინი გეგმავდა, პირველს დაეწყო ომი, ჰიტლერმა კი აჯობა ეშმაკობით და დაასწრო. მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ცოტას მაინც ერკვევა ამ საკითხებში, იცის, რომ ფართო შეტევის განსავითარებლად აუცილებელია შესაბამისი გეგმის დეტალური დამუშავება, ფრონტის ხაზისკენ უდიდესი ოდენობის ჯარის თავმოყრა და ა. შ. მსგავსი არაფერი საბჭოთა კავშირს არ გააჩნდა, ჰიტლერულ გენშტაბს კი წინასწარ დამუშავებული ჰქონდა თავდასხმის გეგმა («ბარბაროსა») და, ამასთან ერთად, განახორციელა თავისი არმიების ამ გეგმასთან შეფარდებული დისლოცირება. სტალინის სიტყვები, რომლებიც მან ბანკეტზე წარმოთქვა, ადასტურებს, რომ იგი უდიდესი სერიოზულობით და შეშფოთებით აღიქვამდა მისთვის მიწოდებულ ცნობებს და პატაკებს მაისის შუა რიცხვებში მოსალოდნელი ფაშისტური შეტევის შესახებ.
სამამულო ომის პირველი თვეების შესახებ გავრცელებული ცნობები შეგნებულად დამახინჯებულია და სიცრუის ნიშნითაა აღბეჭდილი. მაგალითად, ასახელებენ სრულიად წარმოუდგენელ ციფრებს გერმანელების ტყვეობაში მოხვედრილი წითელარმიელებისა და მეთაურების შესახებ: 2,5 მილიონსა და მეტსაც კი _ ომის პირველ თვეებში, საერთოდ კი _ 3,6 მილიონს. მაგრამ, როგორც გაირკვა, გერმანელები ტყვეებად მიიჩნევდნენ სამოქალაქო პირებისაც. ერთ-ერთ გერმანულ ბრძანებაში მითითებული იყო: «ცალკეული დასახლებული პუნქტების ხელში ჩაგდებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ და მოულოდნელად ხელთ იგდოთ იქ მყოფი მამაკაცები 15-დან 65 წლამდე, თუ მიიჩნევთ, რომ მათ, იარაღის ტარება შეუძლისთ… განუცხადეთ, რომ ისინი ითვლებიან სამხედრო ტყვეებად…»
დაბოლოს _ საერთო დანაკარგების შესახებ. დაზუსტებული მონაცემებით, ომში ჩვენმა დანაკარგმა 6,5 მილიონი შეადგინა, ოკუპაციაში დაიღუპა 13,6 მილიონი. ომის პირველ ორ წელიწადში ომში 1,7-ჯერ მეტი საბჭოთა სამხედროს დაცება, აიხსნება მტრის შეიარაღებული ძალების რაოდენობრივი და ტექნიკური აღჭურვილობის უპირატესობით.
მაგრამ აღნიშნული პერიოდის ჩვენმა დამარცხებებმა მორალურად ვერ გატეხა ხალხი, წითელი არმია, სტალინი, თუმცა მაშინ მდგომარეობა კრიტიკული იყო და 1941 წლის შემოდგომაზე სერიოზულად განიხილავდნენ ჰიტლერის ფიზიკური ლიკვიდაციის ავანტიურისტულ გეგმასაც კი. მოსკოვის დაცემის შემთხვევაში თავდასხმა უნდა განხორციელებულიყო სამხედრო აღლუმის დროს წითელ მოედანზე. 1942 წელს კი გადაწყვიტეს, მოეკლათ ჰიტლერი ეინიცის მისსავე საველე ბანაკში.
გაგრძელება იქნება
რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე