გასტრონომიული მოგზაურობა შეიძლება დაუვიწყარი შეიქნას არა მხოლოდ კულინარიული შთაბეჭდილებებით. მაღალი დონის სამზარეულოს მქონე რესტორნებს შეუძლია განგაცვიფროთ შეფმზარეულის ოსტატობით, ვულკანური პანორამით ან სულაც წყალქვეშა პეიზაჟებით.
მთა ხუაშანი, ჩინეთი
ეს 5-დან ერთ-ერთი წმინდა მთაა დაოსიზმში და განთქმულია მწვერვალზე რთული და სახიფათო ასასვლელით. იქ, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე, ხის ძველი ტაძარი გადაკეტებულია ჩაის სახლად. მიიჩნევენ, რომ ამ “ზეციურ კიბეზე” ასვლა მხოლოდ გამოცდილ მთასვლელებს შეუძლიათ, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ეს ჩვეულებრივმა ტურისტებმაც შეძლეს.
კემი, ფინეთი
პატარა ფინური ქალაქი ცნობილია იმით, რომ იქ ყოველწლიურად თოვლისგან აგებენ ციხესიმაგრეს, სამრეკლოსა და რესტორანს. ციხესიმაგრის არქიტექტურა და გაფორმება ყოველწლიურად იცვლება, ამიტომ ბევრი ტურისტი განმეორებით ჩადის იქ თოვლის ქანდაკებებისა და თაღების მოსანახულებლად. ადგილობრივ რესტორანში, სადაც მაგიდები ყინულისგანაა დამზადებული, სკამები _ ხისგან და დაფარულია ირმის ბეწვით, განსაკუთრებული კერძებითა და სასმელებით გაგიმასპინძლდებიან.
კუნძული რანგალი, მალდივის კუნძულები
ეს მალდივური რესტორანი პოპულარულია არა მხოლოდ ყვინთვის მოყვარულთა შორის, არამედ მათაც მოსწონთ, ვინც ყვინთვას ვერ ბედავს. ისინი სიამოვნებით ათვალიერებენ ზღვის ბინადართ და მიირთმევენ მათგან დამზადებულ კერძებს. გუმბათის მსგავსი გამჭვირვალე სახურავიანი რესტორნის დარბაზი მდებარეობს დაახლოებით 5 მეტრის სიღრმეზე. მასში მხოლოდ 14 ადგილია, ამიტომ, თუ იქ გსურთ ისადილოთ, ერთი კვირით ადრე უნდა ჩაეწეროთ.
შამონი, საფრანგეთი
დასახელება მთის მწვერვალისა ეგიუიი _ დიუ-მიდი ითარგმნება ასე: შუადღის პიკი. სწორედ აქ, ამ მწვერვალის თავზე, არის მზე დღის 12 საათზე (თუ შამონიდან იხედებით), მაგრამ საუკეთესო ხედი იშლება არა 3800 მ სიმაღლის პიკზე, არამედ თვით პიკიდან. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალმთიანი რესტორანი, რომელსაც ტურისტები საბაგირო გზით სტუმრობენ.
რესტორანი ხეზე _ ოკინავა, იაპონია
უცნაური რესტორანი Naha Harbor Diner-ი ონიამა პარკის შესასვლელში მდებარეობს. შორიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის აგებულია გიგანტური ხის ღეროში, მაგრამ სინამდვილეში ეს ბეტონის მულიაჟია. რესტორანში ასვლა შეიძლება ხის შიგნით დამონტაჟებული ლიფტით ან ხვეული კიბით.
“სადილი ზეცაში” _ ბრიუსელი, ბელგია
რესტორან Dinner in the Sky-ში (“სადილი ზეცაში”) რომ ისადილოთ, უნდა ახვიდეთ 22 ადამიანზე გათვლილ კონსტრუქციაზე, რომელიც ამწე კრანს ააქვს 50 მ სიმაღლეზე. ამ სიმაღლეზე თქვენ გასინჯავთ არა მხოლოდ გემრიელ კერძებს, არამედ დატკბებით ქალაქის მშვენიერი ხედებით.
ვაისბადი, შვეიცარია
შვეიცარიის ალპების ამ კლდიან ადგილებში პირველი ნაგებობები იყო მწყემების ქოხები. აქ კარგი საძოვრები იყო და ამიტომ მოჰყავდათ ცხვრები და თხები, მაგრამ შესანიშნავმა ხედმა, რომელიც კლდის ქიმებიდან იშლება, შვეიცარიელ ბიზნესმენებს რესტორნისა და სასტუმროს აშენებისკენ უბიძგა.
რესტორანი ვულკანზე _ ლანსაროტე, ესპანეთი
ამ რესტორნის იდეა ეკუთვნის სკულპტორს, რომელმაც თავის მეგობარ არქიტექტორებთან ერთად შექმნა უზარმაზარი გრილი პატარა ვულკანის თავზე. დაწესებულება, სადაც გთავაზობენ ხორცეულსა და ზღვის პროდუქტებს, ტურისტებს არა მხოლოდ კერძებით იზიდავს. საინტერესოა დარბაზის კონსტრუქცია, რომელიც მრგვალ დასათვალიერებელ მოედანს ჰგავს, რომლიდანაც მარსის ზედაპირის მსგავსი ვულკანური პეიზაჟი იშლება.
ვილა ესკუდერო _ სან პაბლო, ფილიპინები
ფილიპინებზე, ქალაქ სან პაბლოსთან ახლოს, გახსნეს კურორტი ვილა ესკუდერო, რომლის რესტორანიც მდებარეობს პირდაპირ ჩანჩქერის ძირში. ჩანჩქერს უწოდებენ “ცივილიზაციის გამწმენდს”. რესტორნის სტუმრები ჩანჩქერს უყურებენ მისი ძირიდან. მაგიდები დგას პირდაპირ წყალში. სიღრმე დიდი არ არის _ 20 სმ. ზოგჯერ წყლის დონე იმატებს და დაბნეული სტუმრები წყალში ცდილობენ, დაიჭირონ კერძები და თეფშები. დანაყრების შემდეგ სტუმრებს შეუძლიათ იქვე, ფერდობზე მიეფიცხონ მზეს.
ულურუ, ავსტრალია
უდაბნოში განლაგებული ერთ-ერთი ორიგინალური რესტორნის (რომელსაც არ აქვს კედლები, ჭერი და იატაკი) მფლობელები სტუმრებს სთავაზობენ, ვარსკვლავებიან ცას უყურონ და თან ივახშმონ. ვახშამი აქ მზის ჩასვლისთანავე იწყება, როცა ცაზე შეიძლება ვარსკვლავებზე დაკვირვება სპეციალურად დაქირავებული ასტრონომის ხელმძღვანელობით. ისინი, ვინც ამ რესტორანში ივახშმეს, გვირჩევენ, გავსინჯოთ ნიანგისა და კენგურუს ხორცი.
მოამზადა ნიკა კორინთელმა