75 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, რომლის სახელი “ხავერდოვან რევოლუციასთან” არის გაიგივებული. დისიდენტობიდან პრეზიდენტობამდე გავლილი გზა ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ორ ქვეყნად გაყოფით დაგვირგვინდა. ჰაველს ეკუთვნის ტერმინი “აბსურდისტანი”, – ისეთი ქვეყნის ირონიული სახელი, რომელშიც აბსურდი ნორმად იქცა, განსაკუთრებით, პოლიტიკაში. გთავაზობთ ჰაველის 1994 წელს დაწერილ სტატიას, რომელიც ნათლად აჩვენებს, რამდენად არასრულყოფილი აღმოჩნდა სამყარო, რომლისთვისაც დისიდენტი იბრძოდა.
ვაცლავ ჰაველი: გაკვეთილები, რომელთაც დღემდე გვიტარებს კომუნიზმი
15 წლისთავი 1989 წლის 17 ნოემბრის ხავერდოვანი რევოლუციისა, რომელმაც ბოლო მოუღო ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური დიქტატურის 41-წლიან ბატონობას, იმაზე დაფიქრების საბაბს იძლევა, თუ რა არის ზნეობრივი საქციელი და მოქმედების თავისუფლება. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ ბევრნი _ არა მარტო ჩეხეთში _დღემდე მიიჩნევენ, რომ საკუთარი ბედის ნამდვილ პატრონებს არ წარმოადგენენ. მათ დაკარგეს რწმენა, რომ მართლაც შეუძლიათ პოლიტიკურ ცვლილებებზე და, მით უმეტეს, ჩვენი ცივილიზაციის განვითარების მიმართულებაზე ზემოქმედება.კომუნისტურ ეპოქაში ადამიანების უმრავლესობას მიაჩნდა, რომ რაიმეს შეცვლის ინდივიდუალურ მცდელობებს აზრი არ ჰქონდა. კომუნისტური ბელადები ამტკიცებდნენ, რომ სისტემა წარმოადგენდა ისტორიის ობიექტური კანონების მოქმედების შედეგს, რის ეჭვქვეშაც დაყენება შეუძლებელი იყო, ხოლო მას ვინც ამ ლოგიკას არ იზიარებდა, სჯიდნენ, _ ისე, ყოველი შემთხვევისათვის.
სამწუხაროდ, ამგვარი აზროვნების წესი, რომელზეც კომუნისტური დიქტატურები იდგა, საბოლოოდ არ გამქრალა. ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი ამტკიცებს, რომ კომუნიზმი საკუთარი სიმძიმის ქვეშ დაიმარხა _ ისევ და ისევ, ისტორიის “ობიექტური კანონების” მოქმედების შედეგად. პიროვნული პასუხისმგებლობისა და პიროვნების მოქმედების როლს კვლავაც ამცირებენ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ კომუნიზმი დასავლური რაციონალიზმის მხოლოდ ერთ-ერთი ჩიხია, ამიტომ საკმარისი იყო პასიური ლოდინი, ვიდრე იგი თავად განიცდიდა კრახს.
იგივე ადამიანებს ხშირად სწამთ გარდაუვალობის სხვა გამოვლინებანიც, როგორიცაა თითქოსდა არსებული ბაზრის კანონები და ესა თუ ის “უჩინარი ხელი”, რომელიც წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. ვინაიდან ამგვარი აზროვნება თითქმის არ ტოვებს ადგილს პიროვნული ზნეობრივი საქციელისათვის, მათ, ვინც სოციალური კრიტიკით გამოდის, ხშირად იგდებენ სასაცილოდ, როგორც მიამიტ მორალისტებს ან ელიტარიზმის მიმდევრებს.
შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ კომუნიზმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ ჩვენ კვლავაც პოლიტიკური აპათიის მოწმენი ვართ. დემოკრატიას სულ უფრო ხშირად აღიქვამენ, უბრალოდ, როგორც რიტუალს. მთლიანობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ დასავლური საზოგადოებანი დემოკრატიული ტრადიციისა და მოქალაქეობრივი აქტივობის ერთგვარ კრიზისს განიცდიან.
შესაძლოა, ის, რაც ჩვენს თვალწინ ხდება, პარადიგმის უბრალო ცვლაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია და სადარდებელიც არაფერია. მაგრამ შესაძლებელია, პრობლემა უფრო ღრმა არის: ტრანსნაციონალური კორპორაციები, მედია-კარტელები და ყოვლისშემძლე ბიუროკრატიული სტრუქტურები პოლიტიკურ პარტიებს აქცევენ ორგანიზაციებად, რომელთა ამოცანა ახლა უკვე საზოგადოების სამსახური კი არაა, არამედ კონკრეტული კლიენტურისა და გარკვეული ინტერესების დაცვა. პოლიტიკა ლობისტთა ბრძოლის ველად გადაიქცა; მასმედია სერიოზულ პრობლემებს უხამსობად აქცევს; დემოკრატია ხშირად მომხმარებლისთვის განკუთვნილ ვირტუალურ თამაშს ემსაგავსება და არა სერიოზულ საქმეს სერიოზული ადამიანებისთვის.
დემოკრატიულ მომავალზე ოცნებისას ჩვენ, დისიდენტები ნამდვილად ვიყავით ერთგვარი ილუზიების ტყვეობაში, რასაც დღეს სრულად ვაცნობიერებთ. მაგრამ ჩვენ არ ვცდებოდით, როცა ვამტკიცებდით, რომ კომუნიზმი დასავლური რაციონალიზმის უბრალო ჩიხი არ არის. ბიუროკრატიზაცია, ანონიმური მანიპულირება და მასობრივი კონფორმიზმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება _ ყოველივე ეს “სრულყოფილებამდე” იყო მიყვანილი კომუნისტურ სისტემაში, მაგრამ ზოგიერთი ამ საფრთხეთაგან დღესაც ჩვენ გვერდით არის.
ჩვენ უკვე მაშინ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ფასეულობებს მოკლებული და პოლიტიკურ პარტიათა (ყველა სიტუაციისთვის რომ “გარანტირებული” გადაწყვეტილება აქვთ) კონკურენციამდე დაყვანილი დემოკრატია შეიძლება სრულიად არადემოკრატიული აღმოჩნდეს. აი, რატომ ვანიჭებდით ასეთ მნიშვნელობას პოლიტიკის მორალურ ასპექტებს და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო დაწესებულებების საპირწონეს.
ჩვენ ასევე ვოცნებობდით უფრო სამართლიან მსოფლიო წესრიგზე. ორ ბანაკად გაყოფილი მსოფლიოს დასასრულის შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა იმისა, რომ საერთაშორისო წესრიგი უფრო ჰუმანური გამხდარიყო. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესს, რომელიც გამოვიდა პოლიტიკური კონტროლიდან და მისი დღევანდელი სახით იწვევს ეკონომიკურ გაღატაკებას და ეკოლოგიურ კატასტროფას სამყაროს სხვადასხვა კუთხეში.
კომუნიზმის დაცემამ მოგვცა შანსი, შეგვექმნა უფრო ეფექტური გლობალური პოლიტიკური დაწესებულებანი, რომლებიც დემოკრატიულ პრინციპებს დაეყრდნობოდა. დაწესებულებანი, რომლებიც შეძლებდნენ შეეჩერებინათ ის, რაც დღევანდელი ფორმით ჩვენი ინდუსტრიული სამყაროს თვითგანადგურების ტენდენციას ჰგავს. თუ ჩვენ არ გვინდა, რომ უსახელო ძალებმა დაგვამარცხონ, მაშინ თავისუფლების, თანასწორობის და სოლიდარობის პრინციპები _ დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების სტაბილურობისა და კეთილდღეობის საფუძველი _ გლობალური მასშტაბით უნდა ამოქმედდეს.
მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ისევე, როგორც კომუნისტურ ეპოქაში, არ უნდა დავკარგოთ რწმენა, რომ სამოქალაქო აზრის ალტერნატიული ცენტრების არსებობა და სამოქალაქო აქტივობა მეტად მნიშვნელოვანია. მოდით, არ დავუშვათ, რომ მოტყუებით დაგვარწმუნონ, თითქოს “დამყარებული” წესრიგისა და “ობიექტური” კანონების შეცვლა უაზრობა იყოს. მოდით, შევეცადოთ, ავაშენოთ გლობალური სამოქალაქო საზოგადოება და მტკიცედ ვიდგეთ იმ პოზიციაზე, რომ პოლიტიკა მხოლოდ ძალაუფლების ტექნოლოგია როდია; მას მორალური ასპექტიც უნდა გააჩნდეს.
ამავე დროს დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკოსები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ საერთაშორისო დაწესებულებათა რეფორმაზე, ვინაიდან უკიდურესად გვჭირდება ისეთი დაწესებულებანი, რომლებიც შეძლებენ რეალურ გლობალურ მართვას. შეიძლება გაეროთი დავიწყოთ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი სიტუაციის გადმონაშთს წარმოადგენს. იგი არ ასახავს ზოგიერთი სახელმწიფოს გავლენას, რომელიც რეგიონალურ დონეზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ამავე დროს, ქვეყნები, რომელთა ხელმძღვანელობაც დემოკრატიულად არის არჩეული, გაიგივებული არიან იმ ქვეყნებთან, რომლის წარმომადგენლები საკუთარი თავისა და მათი ხუნტის სახელით ლაპარაკობენ, რაც თავისთავად ამორალურია.
ჩვენ, ევროპელებს, ერთი კონკრეტული ამოცანა გვაქვს. ინდუსტრიული ცივილიზაცია, რომელმაც მთელს მსოფლიოში მოიკიდა ფეხი, ევროპაში დაიბადა. ყველა მისი სასწაული, ისევე როგორც მისი შემაძრწუნებელი წინააღმდეგობანი, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც შედეგი წმინდა ევროპული სულის გამოვლინებისა. მაშასადამე, ევროგაერთიანებამ უნდა მისცეს მაგალითი დანარჩენ მსოფლიოს, თუ როგორ გავუსწოროთ თვალი სხვადასხვა საფრთხესა და საშინელებას, დღეს რომ მოგვეძალა.
მართლაც, ამ ამოცანის დაძლევა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ევროინტეგრაციის წარმატებასთან, იქცეოდა გლობალური პასუხისმგებლობის ევროპული გრძნობის სრულფასოვან რეალიზაციად. და ეს იქნებოდა ბევრად უკეთესი სტრატეგია, ვიდრე იაფფასიანი ბრალდებები ამერიკის მიმართ თანამედროვე მსოფლიოს სხვადასხვა პრობლემის გამო.