Home რუბრიკები ეკონომიკა უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები ვალში წაღებული ქონების ხარჯზე გაიზარდა

უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები ვალში წაღებული ქონების ხარჯზე გაიზარდა


რადიო „კომერსანტმა“ სპეციალური ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რის ხარჯზე მოხდა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების ზრდა იმ ფონზე, როდესაც რეალურად, სექტორში მოთხოვნა შემცირებულია.

ოფიციალური სტატისტიკით, 2011 წლის განმავლობაში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე 510 794 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25, 8 %-ით მეტია. თუმცა რადიკალურად განსხვავებულ ტენდენციაზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებმაც „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა.

„გორო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის გიორგი ბარვენაშვილის თქმით, სრულიად ნათელია, რომ 2011 წელს უძრავ ქონებაზე, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა შემცირებულია. სააგენტო „გალაგას“ დირექტორის განცხადებითაც, წინა წელთან შედარებით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა არ დაფიქსირებულა.

„ხალხს ბანკის ვალები აქვს, ზოგი იძულებულია ვალი აიღოს და მის დასაფარად ბინის გაყიდვა უხდება, ზოგიც უცხოეთში მიდის და ფული სასწრაფოდ სჭირდება. არაერთი მიზეზია, რის გამოც საჯარო რეესტრმა ტრანზაქციების დიდი მაჩვენებელი დააფიქსირა, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან წინა წელთან შედარებით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა არ დაფიქსირებულა“.როგორც ჟურნალისტურმა მოკვლევამ აჩვენა, ამის მიზეზი ბანკებისა და კერძო მევახშეების მიერ ვალში წაღებული ქონების დარეგისტრირებაა. გაირკვა, რომ 2011 წლის განმავლობაში ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და კერძო მევახშეების ხელში ვალის სანაცვლოდ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება გადავიდა. „გორო ჯგუფის“ ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ტრანზაქციების ზრდის მიზეზი ბანკების, მიკროსაფინანოებისა და კერძო მევახშეების მიერ ვალში წაღებული ქონების დარეგისტრირებაა. ამის შესახებ განცხადებებს არც სხვა სპეციალისტები ერიდებიან. მათი თქმით, დღეს სახეზე გვაქვს უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დიდი არმია და საუბარი უძრავი ქონების ბაზრის ზრდაზე არასწორია.

„პირველი საკრედიტო კავშირის“ ხელმძღვანელის გივი კორინთელის განმარტებით, საჯარო რეესტრში ნებისმიერი სამართლებრივი აქტი რეგისტრირდება. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ტრანზაქციების მოცულობა გაზრდილია. კორინთელის თქმით, გასულ წელს ერთი და იგივე ქონების რამდენჯერმე დაგირავების ბრუნვადობა გაიზარდა და ზრდის მაჩვენებელი ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც მივიღეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here