Home რუბრიკები ისტორია საპატრიარქო კარის თამაშები

საპატრიარქო კარის თამაშები

1136
მიტროპოლიტი გაიოზი

როგორ ებრძოდა საქართველოს პატრიარქს მიტროპოლიტი გაიოზი და როგორ ცდილობდა ოქროს ჯვრისა და ზურმუხტების გაყიდვას

განვაგრძობთ საუბარს გენერალ-მაიორ ვახტანგ გვარამიასთან. ის ამჯერად წილკნელი მიტროპოლიტ გაიოზის (ბიძინა კერატიშვილის) კრიმინალურ საქმიანობაზე გვესაუბრება. თემა ამჟამადაც ძალიან აქტუალურია. 1970-იანი წლების ბოლოს პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ ისევე იბრძოდნენ, როგორც დღეს. ჩანს, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, არც ის არის ახალი, რომ ზოგიერთი მიტროპოლიტი სახელს უტეხს ეკლესიას.

სასამართლო სხდომაზე კერატიშვილმა განაცხადა, რომ 1972 წელს, ეფრემ II-ის გარდაცვალებამდე, აწ განსვენებულმა დეკანოზმა ჩაჩუამ გაუცვალა ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი სამ სახარებასა და ვერცხლის სატრაპეზო ჯვარში.

“ბატონმა” ბიძინამ გადააბრალა ხატის ქურდობა დეკანოზ ჩაჩუას, რადგან განსვენებული პასუხს ვერ გასცემდა. ეს არის მისი სტილი, რადგან ანალოგიურად მოიქცა იგი უმრავლეს შემთხვევაში ნაქურდალი ნივთების კუთვნილების თაობაზე, როდესაც გარდაცვლილებს იმოწმებდა. ტიხვინის ღვთიმშობლის ხატი რომ საპატრიარქოს ეკუთვნოდა, ეს კერატიშვილისთვის ცნობილი იყო. ეს დადასტურებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის _ ილია მეორის წერილითაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ პატრიარქ კალისტრატეს მიერ დატოვებული ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ კალისტრატეს ხატს უწოდებდნენ, ეფრემ მეორის ავადმყოფობისას, მისი მითითებით, სხვა ქონებასთან ერთად, საპტრიარქოს ერთ-ერთ ოთახში დაილუქა.

1974 წლის 16 ივლისს პროკურატურაში მიცემულ ჩვენებაში, იმ დროისათვის ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია შიოლაშვილმა დალუქულ ნივთებს შორის ტიხვინის ღვთისმშობლის ხატიც მოიხსენია, როგორც კალისტრატეს ხატი. ამავე ჩვენებაში მითითებულია, რომ ასევე დაილუქა “გრუზინსკაიად” წოდებული სპილოს ძვლის ღვთისმშობლის ხატი.

გრუზინსკაიადწოდებული ღვთისმშობლის ხატიც აღმოჩნდა კერატიშვილის ბინაში და მან ვერ უარყო, რომ ეს ხატი ილია მეორემ გადასცა ეფრემ მეორეს. ვფიქრობ, მხოლოდ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ჩვენებაც საკმარისია ამბალთაზარ კოსას” (როგორც მას ზვიად გამსახურდიამ უწოდა) სამხილებლად. ეპისკოპოს ცეზარ ანანიშვილის ჩვენებით, დადგენელია, რომ 1972 წლის მარტის დამლევს, როდესაც . შიოლაშვილის მითითებით გადაწყვიტეს საპატრიარქოს ძვირფასი ნივთების დალუქვა, პირადად მან შეიტანა ოთახში ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი და დალუქა სხვა ნივთებთან ერთად.

ანალოგიური ჩვენება მისცეს მღვდელმა გიორგი მოსეშვილმა და სვეტიცხოვლის მგალობელმა ტატიანა უროტაძემ, რომლებიც მონაწილეობდნენ საპატრიარქოს კუთვნილი ძვირფასი ნივთების დალუქვაში ეფრემ მეორის მძიმე ავადმყოფობის პერიოდში. კერატიშვილისთვის, რომელიც მონაწილეობდა ხატების (მათ შორის _ ტიხვინის ღვთისმშობლის) დალუქვაში, ცნობილი იყო, რომ ის საპატრიარქოს კუთვნილება იყო. მას არ უნდა მიეღო იგი დეკანოზ ჩაჩუასაგან და შინ არ უნდა წაეღო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ასეთი სურვილი კერატიშვილს ჯერ კიდევ 1974 წელს ჰქონია, როდესაც მისმა ნაცნობმა რ. კინწურაშვილმა თავისივე სახლში ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ყიდვის თაობაზე შეახვედრა კერატიშვილს აწ განსვენებული ჯ. კაცობაშვილი და კერატიშვილმა ხატში 50 ათასი მანეთი მოსთხოვა. ეს ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაადასტურა არა მხოლოდ რ. კინწურაშვილმა, არამედ მოწმე ეუშაღ ყვითელაშვილმაც, რომელიც მოლაპარაკებას ესწრებოდა. ახლა რაც შეეხება, კერატიშვილის ბინიდან ამოღებული სხვა ნივთების კუთვნილებას.

სასამართლო სხდომაზე ბიძინა კერატიშვილმა თქვა, რომ მას კი არ გაუტაცებია საპატრიარქოდან, სიონის, ქვაშვეთისა და სვეტიცხოვლის ეკლესიიდან, სემინარიიდან, დედათა და შიო მღვიმის მონასტრებიდან საეკლესიო ნივთები და წიგნები, არამედ ნაწილი თვითონ შეიძინა, ხოლო ნაწილი აჩუქეს _ ეფრემ მეორემ, დავით მეხუთემ, სვეტიცხოვლის წინამძღვარმა ვ. შალამბერიძემ, დეკანოზმა კ. ემჩინოვმა, მცხეთის დედათა მონასტრის მოწესემ ნინო მილორავამ, სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერმა პ. ობოლაძემ, ლაგოდეხის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა ზ. ცხვარაძემ და სხვ.

ბ. კერატიშვილზეა ნათქვამი: “წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო”, როდესაც საეკლესიო ნივთების მჩუქებლებად, ძირითადად, ასახელებდა უკვე განსვენებულ საეკლესიო პირებს, რითაც შეურაცხყო მათი სახელები. კერატიშვილი ამბობდა, რომ შიო მღვიმის მონასტრიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატი დავით მეხუთის ნებართვით წაიღო შინ, ვინაიდან მას ვერ მოუნახეს დასასვენებელი ადგილი…

ბ. კერატიშვილმა თქვა, რომ ვერცხლის მოოქრული მაგიდაზე დასადგმელი ელექტროლამპა და ორი სავარძელი ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიიდან სახლში წაიღო ტაძრის აღმასრულებელი ორგანოს თანამშრომლის, ვინმე ლაზარიშვილის ნებართვით.

რაც შეეხება ღვთისმშობლის ხატს, “გრუზინსკაიად” წოდებულს, და ქვებით შემკულ ვერცხლის ჯვარს, ეფრემ მეორის გარდაცვალების დღეს ამ უკანასკნელის ნათესავმა ვენერა ვათიაშვილმა პატრიარქის განკარგულებით მას გადასცა, რასაც ასევე ადასტურებდა საპატრიარქოს დამლაგებელი ბარსეგოვა.

ეს სწორედ ის ხატია, რომელიც იმ დროსთვის ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია შიოლაშვილმა შესწირა საქართველოს საპატრიარქოს და გადასცა ეფრემ მეორეს.

ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილის დანაშაული მოგვაგონებს იუდა ისკარიოტელის მიერ ჩადენილ ცოდვას, რომელმაც 30 ვერცხლად გაყიდა იესო ქრისტე და 30 ვერცხლად მიჰყიდა სული სატანას. ასე დაიწყო იუდა ისკარიოტელმა _ ფულის პარვით და დაეცა იქამდე, რომ თვით იესო ქრისტეც კი გაწირა ჯვარზე საცმელად. ასევე დაიწყო . . კერატიშვილმა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ საბოლოოდ საკუთარი თავი უნდა აცვას ჯვარს”, _ ეს გახლდათ საპატრიარქოს შეფასება კერატიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელიც ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა სასამართლო დარბაზში წაიკითხა”.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

საპატრიარქოში დღესაც ასვენია კერატიშვილის მიერ თვალდათხრილი ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი

დასრულდა ვრცელი წერილი _ “საპატრიარქოს კარის თამაშები”, რომელიც თითქმის ორი თვის განმავლობაში იბეჭდებოდა. 1970-იან წლების ამბების გახსენებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა _ გვინდოდა, საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რომ საპატრიარქოში დღეს მიმდინარე პროცესები _ დაპირისპირება და განხეთქილება დღეს არ დაწყებულა, ეს ხდებოდა და ხდება დღესაც, მაგრამ ასეთ დაპირისპირებებს არასოდეს მოჰყოლია ეკლესიის გახლეჩადანაწევრება. მიტროპოლიტ გაიოზ (ბიძინა კერატიშვილის) ისტორიის გახსენებამ, ჩვენდა გასაკვირად, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გარკვეულ წრეებში. “საპატრიარქოს კარის თამაშებისპარალელურად იბეჭდებოდაკერატიშვილის საქმისგამომძიებლის, ვახტანგ გვარამიასა და მოსამართლე ალექსანდრე ალადაშვილის საწინააღმდეგო წერილები, რომლებშიც მათ სიცრუეში ადანაშაულებდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ვახტანგ გვარამიასა და ალექსანდრე ალადაშვილისთვის ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება მიგვეცა.

ალექსანდრე ალადაშვილი
ალექსანდრე ალადაშვილი

ბინძური კაცი იყო კერატიშვილი და ვინც მას იცავს, ისიც ბინძურია

ალექსანდრე ალადაშვილი, “კერატიშვილის საქმისმოსამართლე:

_ ბატონო ალექსანდრე, იმის მიუხედავად, რომ ცუდი განზრახვით არ გადაგვიწყვეტია “კერატიშვილის საქმის” გახსენება, 1970 წლების ამ ამბავმა მაინც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის გაღიზიანება. როგორ ფიქრობთ, რამ გააღიაზიანა ეს ადამიანები?

_ სიმართლემ გააღიაზიანა, სიმართლე ვიღაცას ხელს არ აძლევს. ის, რაც თქვენ გამოაქვეყნეთ, დოკუმენტური მასალები იყო. სხვათა შორის, ერთ-ერთი გამოცემა თავიდანვე იცავდა ბიძინა კერატიშვილის და ეს დღესაც გრძელდება. ჩაიწერეს ინტერვიუ დამნაშავისგან და ცდილობდნენ შავის თეთრად წარმოჩენას.

როდესაც კერატიშვილს ჩამოართვეს ინტერვიუ, რომელშიც სრული სიცრუე ილაპარაკა, ვთხოვე ამ გაზეთის ხელმძღვანელობას, ჩემი პასუხიც მოესმინათ. მე მათ არ ვენდობოდი და ამიტომ ჩემი წინადადება იყო, ყველაფერი ფირზე აღბეჭდილიყო. კარგად ვიცნობ ეგეთ ხალხს და ვიცოდი, მასალიდან მხოლოდ იმას დაბეჭდავდნენ, რაც ხელს აძლევდათ. ახლაც ამ აზრზე ვარ, არც ახლა მაქვს იმედი, რომ სიმართლეს დაბეჭდავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ გაღიზიანდებოდნენ თქვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე.

მათ არ სჯერათ ჩემი, არ სჯერათ ნივთმტკიცებულებების, ფაქტების, ფოტოების, სამწუხაროდ, არც პატრიარქის სჯერათ. იმ პატრიარქის, რომელზეც კერატიშვილი ამბობდა, რომ ხატი აჩუქა და რომელმაც სასამართლო პროცესზე ეს ფაქტი უარყო. 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ოჯახით ვიყავი მიწვეული. რომ გამოვდიოდი, კარში მითხრა, “ის ხატი ვერ იცანით? ეს ის ხატია, რომელიც დაიკარგა და თქვენ დააბრუნეთ.”

მტკიცებულების არარსებობაზე საუბრობენ და ილანძღებიან, მაგრამ არ მოჰყავთ ფაქტები, სად არის ტყუილი. მათ მათივე მეთოდებით ვერ დავუპირისპირდები, მაგრამ მზად ვარ, პირისპირ დავუჯდე და ველაპარაკო. სამწუხაროდ, თავიანთი საქციელით, საპატრიარქოსაც შეურაცხყოფენ.

არ ვიცი, რატომ განაწყენდნენ კერატიშვილის საქმის გახსენებით, მე ვიცი მათი სახელები გვარები, ვინც ბრაზობენ ამის გამო… ჩემთვის მათი განაწყენების მიზეზი გასაგებია, უბრალოდ, თქმა არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ არის. კერატიშვილსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მისი სახელის აუგად ხსენებაზე ბრაზობენ, ერთი მსოფლმხედველობა და ერთნაირი ორიენტაცია აქვთ.

არ მესმის იმ ჟურნალისტის, რომელიც ილანძღება, თუმცა ისიც გასაგებია, რომ დაკვეთას ასრულებს. კერატიშვილი უჭკუო კაცი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი განათლება არ ჰქონდა. მან თავისი თავი დასაღუპავად გაწირა. ამბობდა, რომ ვიღაც მტრობდა, მაგრამ ასე არ იყო, ყველამ იცოდა, რასაც კერატიშვილი სჩადიოდა, უბრალოდ, ზვიად გამსახურდიამ ამხილა და აქედან დაიწყო მისი თვალთვალი და გამოაშკარავება. გამსახურდია ვერ იტანდა კერტიშვილს მისი საქციელის გამო. ბინძური კაცი იყო კერატიშვილი და, ვინც მას იცავს, ისიც ბინძურია.

_ დღემდე მაგალითად მოჰყავთ კერატიშვილი, როგორც კომუნისტების მსხვერპლი საეკლესიო იერარქიის მაღალი პირი

_ კერატიშვილი უშიშროებამ “გაანებივრა”, ალექსანდრე ინაური მფარველობდა, ის ძალიან დიდი კაცი იყო იმხანად. რომ არა ზვიად გამსახურდიას მიერ მისი მხილება, ხელსაც არავინ ახლებდა. კერატიშვილს ხატები საზღვარგარეთ გაჰქონდა გასაყიდად, უცხოური პრესა ბევრს წერდა ამ საქმეზე, დიდი ამბავი იყო ატეხილი, მაგრამ კერატიშვილს ხელს არავინ ადებდა.

ფაქტები გაქვთ. მკითხველისთვის მიმინდვია დასკვნის გამოტანა _ კერატიშვილი მსხვერპლი იყო თუ დამნაშავე?

ვახტანგ გვარამია

ფსევდოეროვნულ ლოზუნგებს ამოფარებული კოსმოპოლიტური, ანტიეროვნული იდეოლოგიის მქონე ძალები ცდილობენ, განხეთქილება შეიტანონ ეკლესიაში

ვახტანგ გვარამია, “კერატიშვილის საქმისგამომძიებელი:

_ “კერატიშვილის საქმეზე” მუშაობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ გამოძიების პროცესში ნათლად დავინახე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იმხანად შექმნილი ვითარება და გავეცანი პრობლემებს. ვითარება კი მართლაც საგანგაშო გახლდათ, ეკლესია დაშლის პირას იყო მისული, ეპარქიების რაოდენობა რამდენიმე ერთეული იყო, ხოლო მრევლს წარმოადგენდნენ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ უფლის იმედი ჰქონდათ. იმხანად მღვდელმსახურთა შორის ბევრი იყო შემთხვევითი ადამიანი, მათ ძალიან დაბალი დონის განათლება ჰქონდათ და არცთუ იშვიათად მიიტაცებდნენ ხოლმე საეკლესიო ქონებას, რადგან არ ესმოდათ ამ ნივთების მნიშვნელობა და ღირებულება.

დღემდე მახსოვს ერთ-ერთი ეპიკოპოსის ცხოვრებისეული გზა. თავდაპირველად, ის მსახურობდა მატარებლის გამცილებლად, საწყობის გამგედ, მოიხადა სასჯელი სხვისი ქონების დატაცებისათვის, შემდეგ იყო მნათე, დიაკონი. 1940-იან წლებში მღვდლად ეკურთხა და გახდა ეპისოპოსი. ის ესწრებოდა კერატიშვილის ბინის ჩხრეკის პროცესს და მხოლოდ იმას დარდობდა, რომ თვითონ ერთი პანაღეა ჰქონდა, ხოლო კერატიშვილს _ სამი.

იმხანად ეკლესიის საქმიანობას აკონტროლებდა უშიშროების სამსახური, მათთვის ცნობილი იყო შიდა სამზარეულოს დეტალებიც კი, ხშირად _აღსარების საიდუმლოებებიც. ქართველი ერისა და ეკლესიის ამ ურთულეს პერიოდში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ტახტზე დაჯდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც არაადამიანური ძალისხმევითა და უდიდესი რისკის ფასად შესძლო ეკლესიაში ვითარების შეცვლა, ჯანსაღი საკადრო პოლიტიკის გატარება და უღირსი ადამიანებისაგან მისი გაწმენდა, ნიჭიერი, განათლებული მღვდელმსახურების მოზიდვა, რაც მთავარია, უსწრაფესად აღადგინა მოსახლეობაში ეკლესიის ავტორიტეტი. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გიორგი ჭყონდიდელის შემდეგ საქართველოს არ ჰყოლია ისეთი დიდი ავტორიტეტის მქონე სასულიერო პირი, როგორიც ილია მეორეა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღიქმება, როგორც სულიერი მამა ქართველი ერისა. ილია მეორის დამსახურებაა, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეკლესიას მიიჩნევს ეროვნული ფასეულობების, ტრადიციებისა და ღირებულებების დამცველად. ვინაიდან, დღეს ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლა ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, ფსევდოეროვნულ ლოზუნგებს ამოფარებული კოსმოპოლიტური, ანტიეროვნული იდეოლოგიის მქონე ძალები ცდილობენ, განხეთქილება შეიტანონ ეკლესიაში და ჩირქი მოსცხონ მის ავტორიტეტს. ბოლო პერიოდში ატეხილი აჟოიტაჟი სწორედ ამაზე მეტყველებს და არ შეიძლება, ეს შემთხვევითობად ჩაითვალოს. თითოეულ ქართველს დიდი ძალისხმევის გამოჩენა გვმართებს, რომ არ დავუშვათ ეკლესიის დისკრედიტაცია.

_ ახლა რაზეც საუბრობთ, სწორედ ეს იყო მიზეზი, გაგვეხსენებინა გასული საუკუნის 70-იან წლებში გახმაურებული საქმერატომ გააბრაზა საზოგადოების ერთი, მცირე ნაწილი მიტროპოლიტ კერატიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხელახლა გახსენებამ, მაშინ, როდესაც რედაქციას არც უფიქრია ვინმეს განაწყენება?

_ გაღიზიანდნენ ერთეულები. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. მათ, ვინც საქმის მასალებს იცნობს, იციან, რომ კერატიშვილს, ასე ვთქვათ, მესამე სქესთან უფრო ჰქონდა ურთიერთობა, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებთან. იმხანად ასეთი საქციელი დანაშაულად ითვლებოდა, დღეს კი გმირობაა. ჩვენ ჰომოფობები არ ვიყავით და თავი ავარიდეთ ბევრ რამეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაული იყო. ის ადამიანები, ვინც გაბრაზდნენ იმით, რომ ჩვენ კერატიშვილის საქმეს დავუბრუნდით, მასთან სულიერ სიახლოვეს გრძნობენ. ვინც მე და ალექსანდრე ალადაშვილს დაგვესხა თავს და გვლანძღა უშვერი სიტყვებით, გვარს არ დავასახელებ, თავის გულში ჩაიხედოს, იქნებ “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”? მათი წერილები არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული, უბრალოდ, ზრდილობის საკითხია და მეტი არაფერი… კერატიშვილი ჰომოსექსუალი იყო და ვინც მას დღეს იცავს, ალბათ, ფიზიკური და სულიერი კავშირი ჰქონდათ მასთან. სხვა რა უნდა ვიფიქრო, როდესაც საპატრიარქოში დღესაც ასვენია კერატიშვილის მიერ თვალდათხრილი ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი, მისი ნახვა ძნელი არ არის, განსაკუთრებით _ დაინტერესებული ჟურნალისტისთვის.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. შევარდნაძის ჯიბის მოსამართლე ალადაშვილი: „გამსახურდია ვერ იტანდა კერტიშვილს მისი საქციელის გამო. ბინძური კაცი იყო კერატიშვილი და, ვინც მას იცავს, ისიც ბინძურია“-ო.
    კერატიშვილს იცავს კრისტალური ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე და – ბინძურია? რაც შეეხება გამსახურდიას, ის ვერც ზურაბ ჭავჭავაძეს იტანდა და – მისი ვერატანა არგუმენტია?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here