2018 წლის თებერვალში “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და “ჰერთეიჯ ფაუნდეიშენის” ორგანიზებით თბილისში გაიმართა შეხვედრა, რომლის თემა იყო “ნატოს წევრობა საქართველოსთვის აშშ–ისა და ევროპის ინტერესების კონტექსტში”.
მომხსენებლელთა შორის იყვნენ აშშ–ის ელჩი საქართველოში _ იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი _ მიხეილ ჯანელიძე და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი _ ბათუ ქუთელია, მთავარი მომხსენებელი – ლუკ კოფი, “ჰერთეიჯ ფაუნდეიშენის” მკვლევარი და ნატოში საქართველოს გაერთიანების საინტერესო მოსაზრების ავტორი, რომლის თანახმად, პროცესის დაძვრა შესაძლებელია პოლიტიკური თანხმობის პირობით.
ლუკ კოფის იდეის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი გაზიარება ნიშნავს საქართველოს მიერ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას. რისკები, რომლებიც ლუკ კოფის ნაშრომის სცენარის განვითარების შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ, უწინარესად, რუსული საფრთხეა, თუმცა საქართველოსთვის ეს უკვე ტრადიციული მდგომარეობაა. რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ისინი არ დაუშვებენ ნატოს ბაზების განლაგებას თავიანთი ქვეყნის საზღვრებთან.
სანამ საქართველოს ხელისუფლება ნატოს სამიტისთვის ემზადება, რომელიც ივლისში უნდა გაიმართოს, რუსეთი საქართველოს საზღვართან ახლოს _ ჩრდილოეთ ოსეთსა და დაღესტანში “უპრეცედენტო მოცულობის” არმიის შეყვანას იწყებს, საუბარია დამატებით 2 დივიზიაზე, რომლებიც თანამედროვე სამხედრო ტექნიკით იქნება აღჭურვილი, აგრეთვე, იგეგმება სამხედრო ქალაქების აშენება და ეს ყველაფერი მზად 2018 წლის ბოლოს იქნება.
ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ძალების დანიშნულება “რეგიონში ნატოს მხრიდან საფრთხეების შეკავება იქნება”. ასეთ ვითარებაში ქვეყანაში კვლავ დგება საკითხი _ გვინდა თუ არა ნატო.
ამ საკითხზე გვესაუბრებიან ვარშავაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა რევაზ კილასონია, რომელიც საერთაშიროსო ურთიერთობების სპეციალობას ეუფლება, და ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია.
“ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად საქართველოს, საერთოდ, სჭირდება ნატოში შესვლა?”
რევაზ კილასონია, ვარშავაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა:
_ 27 წელიწადია, ნატოზე მხოლოდ “ვოცნებობთ”, იმიტომ, რომ არანაირი რეალური საფუძველი ნატოს წევრობისა არ არსებობს.
სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ _ ნატოში გაერთიანება პოლიტიკური ნების საკითხია. თავის დროზე, არც თურქეთში ყვაოდა დემოკრატია და არც ბალტიის ქვეყნები გამოირჩეოდნენ შეიარაღებული ძალების “განსაკუთრებული მონაცემებით”, მაგრამ იყო პოლიტიკური ნება და მიიღეს კიდეც ეს ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. საქართველომ თითქმის ყველა ვალდებულება, რომლებსაც ნატოსთან ურთიერთობა ითვალისწინებდა,შეასრულა, თანაც გადაჭარბებით, იქნება ეს შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, აღჭურვა, გადამზადება თუ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა, როგორც კოსოვოსა და ერაყში, ისე ავღანეთში. მაგრამ მაინც ვერ “მოვიგეთ” ნატოელი პარტნიორების გული, ვერაფრით “მოვერგეთ” მათ ე.წ სტანდარტებს. პირიქით _ ნატოს წევრი წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გარკვევით განაცხადეს, რომ საქართველოს ადგილი ნატოში არ არის.
_ მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე, შესაძლოა, განიხილონ საქართველოს ნატოში გაერთიანების საკითხი, ოღონდ მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე…
_ რაც შეეხება ნატოში გაწევრებას მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე, ვფიქრობ, უბრალოდ, ტესტი იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მათ ეს თემა, ასე ვთქვათ, შემოაგდეს, თან არაოფიციალური პირების მიერ. უნდოდათ, გაეგოთ, რა რეაქცია ექნებოდა მოსახლეობას. მოსახლეობის რეაქცია კი მკაფიოდ ნეგატიური იყო. შემოგდებული პარადიგმით, საქართველოს, ფაქტობრივად, უნდა ეღიარებინა, როგორც აფხაზეთის, ისე სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, რასაც საქართველო არასდროს გააკეთებს. თუ რატომ ვახსენე მოსახლეობა და არა მთავრობა, ამას მარტივი ახსნა აქვს _ მთავრობა დღეს დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ დგამს, ხელისუფლების წევრები, უბრალოდ, დასავლეთის მიერ დაქირავებული კლერკები არიან, რა სამწუხაროც უნდა იყოს ამაზე საუბარი.
_ ამ ინიციატივით, რომელიც “შემოგვიგდეს”, რუსეთი გაღიზიანდა და კავკასიაში სამხედრო ძალა გააძლიერა…
_ რუსეთი ნატოს სიახლოვის გამო არ არის კავკასიაში, ის, 300 წელია, უკვე კავკასიაშია. მისთვის კავკასია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც გეოგრაფიულად, ისე პოლიტიკურად და ეკონომიკურად. შესაბამისად, მოწინააღმდეგის ყველანაირი სამხედრო მანევრი (დიახ, ნატოს რუსეთი მოწინააღმდეგედ აღიქვამს, ისევე, როგორც ნატო _ რუსეთს) რუსეთის საზღვრებთან რუსეთის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება.
_ საერთოდ, გვჭირდება კი ნატო?
_ რაც შეეხება ამ კითხვას, უნდა შევთანმხდეთ, რომ ნატოს წევრობა პანაცეა არ არის ტერიტორიული თუ სხვა პრობლემის მოსაგვარებლად. ამის მაგალითია ნატოს ორ წევრ ქვეყანას _ საბერძნეთსა და თურქეთს _ შორის ტერიტორიული დავა კვიპროსზე. ნატომ ეს კონფლიქტი ვერ მოაგვარა და დღეს ეს კონფლიქტი, ასე ვთქვათ, გაყინულია. დაგვიცავს თუ არა ნატო მისი წევრობის შემთხვევაში? _ ესეც პოლიტიკური ნების საკითხია. გააჩნია, “დაცვაში” რის გადახდას მოითხოვს, როგორც ჩვენგან, ისე ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგისგან, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა არარეალურია.
მეორე საკითხია, სტრატეგიული მიზნების მისაღწევად საქართველოს, საერთოდ, სჭირდება თუ არა ნატოში შესვლა. სტრატეგიულ მიზნებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვგულისხმობ. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. დასამალი არ არის, რომ დღეს ნატო რუსეთთან სავაჭროდ გვიყენებს. ასე ვთქვათ, ჩვენს ხარჯზე ცდილობს გარკვეული გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას რეგიონში. რაც შეეხება რუსეთს, შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა _ არის რუსეთის ქმედებები იმპერიალისტური? _ დიახ, არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც რუსეთის და ვერც სხვა რომელიმე ქვეყნის გეოპოლიტიკურ თუ გეოსტრატეგიულ ინტერესებს ვერ შევცვლით. უნდა ვეცადოთ, ორი ტიტანის შერკინებისას მათ შუაში არ აღმოვჩნდეთ და არ გავიჭყლიტოთ. სამწუხაროდ, ე.წ პოლიტელიტის ქმედებები იმედის საბაბს არ გვაძლევს.
“კვირიკაშვილი ქვეყნის ფორმალური პრემიერია, შესაბამისად, მისი ნებისმიერი სიტყვაც ფორმალურია. ასე რომ, ჩვენ უსაფრთხოების ჩიხში ვართ”
ვახტანგ მაისაია, სამხედრო საკითხების ექსპერტი:
_ საქართველო ბრძოლისუუნაროა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება გამუდმებით ეძებს თავდაცვის წყაროს. ბევრჯერ ვიხილეთ რუსეთთან ჩვენი დამარცხება; ვიცით ისიც, რომ რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებაზე არ მოდის. მართალია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა ვიღაცის ბრალია, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მტყუან-მართალის გარჩევის დრო არ არის.
ისიც აღსანიშნავია, რომ, როდესაც ქვეყნის პრემიერი მიმართვას ავრცელებს და მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებას დიალოგს სთხოვს, თბილისის მერიის თანამშრომელმა რუსეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე არ უნდა იქილიკოს. ყველა სამსახური უნდა აკონტროლებდეს, რომ ქეთი ლაგვილავასნაირი, მაპატიეთ და, პირუტყვები, მძორი სუბიექტები თანამშრომლებად არ დასვან. ეს ქვეყნის იმიჯზეც ცუდად აისახება და ორმხრივ ურთიერთობებზეც.
_ მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ კავკასიაში აძლიერებს თავდაცვის იარაღსა და ჯარებს, სწორია საქართველოს ხელისუფლებისა და განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრის საუბარი იმაზე, რომ ნატოსთან უფრო და უფრო ახლოს მივდივართ?
_ მოგეხსენებათ, რომ ნატოსთან ჩვენს ქვეყანას ვალდებულებები აქვს, ჩვენ სხვადასხვა მისიაში ვმონაწილეობთ… საქართველო დგას საფრთხის წინაშე, ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ ნატოს ქოლგის ქვეშ საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ ფაქტია, ალიანსში არ გვიღებენ.
კვირიკაშვილი ქვეყნის ფორმალური პრემიერია. შესაბამისად, მისი ნებისმიერი სიტყვაც ფორმალურია. ასე რომ, ჩვენ უსაფრთხოების ჩიხში ვართ. ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ ჩვენი ქვეყანა კვლავ ომის საფრთხის წინაშე დადგება, ის, რაც 2008 წელს მოხდა, აღარ განმეორდება, რუსეთს ვერავინ შეაჩერებს. ვგულისხმობ, საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ნატოსთან ინტეგრაციის მომხრე ვარ, საქართველოს ხელისუფლებას ვურჩევ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. აზერბაიჯანში სამხედრო წვრთნები რომ გაიმართა, რუსი სამხედრო ოფიცრები მიიწვიეს, რაც აზერბაიჯანს მანამდე არ უქნია. ასე რომ, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთთან დაპირისპირება თავიდან აიცილოს. დაპირისპირების თავიდან აცილება ყველა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია. არ ვამბობ, რომ რუსეთი ომს აპირებს, მაგრამ მას ამის გაკეთება, ნებისმიერ მომენტში შეუძლია.
კიდევ გავიმეორებ: ჩვენ უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ ჩიხში ვართ, რაც ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკური მართვის ისეთი მდგომარეობას, რომლის შედეგად ნებისმიერი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხელისუფლება კიდევ უფრო ზრდის საფრთხის მასშტაბებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაშია, პირადად მე გამოსავალს ვერ ვხედავ. საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციულ ვაკუუმშია, არ შეუძლია პრობლემის დანახვა, ეს არ ჩანს კაბინეტებიდან. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ისინი მიზანმიმართულად აფუჭებენ ყველაფერს, მათ გაფუჭებისთვისაც არ ჰყოფნით კომპეტენცია. უვიცობის ბრალია ყველაფერი, ნებისმიერი რიგითი ქართველი უკეთესად გააკეთებს საქმეს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მმართველები.
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა