ნომერი პირველი რეფორმატორი ქვეყნის ნომერი პირველი პირის სიცრუეს საზღვარი აღარ აქვს. აგერ ახლახან, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მესაზღვრეებისა და მებაჟეების ჩაყენებას რომ გვპირდებოდა, რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში შეშვებას ისე დათანხმდა, რომ კერძო აუდიტორული კომპანიის მიერ «დერეფნის» ბოლოებში ტვირთების გაკონტროლება იკმარა, თურმე ეს ყოფილა «ქართული დიპლომატიის გამარჯვება»!
დერეფანი ფსოუსა და ზუგდიდს შორის «გაიდო», მეორე _ «ზემო ლარსსა» და ყაზბეგს შორის, მესამე – როკის გვირაბიდან ქალაქ გორამდე. ჩვენი სამშობლო რომ მავანისთვის ოდენ «დერეფანია», ვიცოდით, მაგრამ, თუ ამ სავაჭრო დერეფნების დაკანონება დიდი დიპლომატიური გამარჯვება იყო, ეს მართლაც აღმოჩენაა.
ახლა ამ დერეფნის გამოსასვლელებში ბადით ხელში უნდა დავდგეთ და სხვა ქვეყნებიდან გამოქცეული ინვესტიციები დავიჭიროთ. იგივე პირველი პირი თავისი ტყუილებით, ახლა უკვე მარტო მოსახლეობას კი არა, საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობასაც ასულელებს:
«ვერც ერთი ქვეყანა ახლოს ვერ მოვა საქართველოსთან საინვესტიციო ფონით, კორუფციის არქონით, უსაფრთხოების უმაღლესი დონით. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა სხვა ქვეყნიდან კაპიტალი გარბის და საქართველოს აქვს შანსი, პირიქით, თავისი ეკონომიკური პოტენციალი გაზარდოს ამ გაქცეული კაპიტალის ხარჯზე». ახლა გაიხედეთ დერეფნის ბოლოს, _ მოჩანს ინვესტიციები? არა? არა უშავს, ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა ჩაირთვება და დაინახავთ!
ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით დაფეთებულმა პირველმა პირმა მყისიერად გაიხსენა მისი ხელიდან «ჩარეცხილი» 45-60 წლის ადამიანები და მათ დამსაქმებლებს საგადასახადო შეღავათებს დაჰპირდა. მერე რა, რომ ეს ხალხი 8 წლის წინ გაცილებით ახალგაზრდა იყო?! ეს დაპირებაც ისეთივე ტყუილია, როგორიც _ სხვა დანარჩენი და, აბა, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს?
პირველი პირი აყალბებს საკუთარ ბიოგრაფიას, ცრუობს, ვიდრე აირჩევენ, და თავდავიწყებით ცრუობს არჩევის შემდეგაც. ცრუობს მსხვილ და წვრილმან საკითხებზე. გვპირდება 100 საავადმყოფოს, ათასობით სამუშაო ადგილს, ტურისტულ სამოთხეს. სინამდვილეში კი საავადმყოფოები და სკოლები იხურება (ტყუილის ენაზე ამას «ოპტიმიზაციას» ეძახიან), ახლადლენტგაჭრილი საწარმოები პირველი პირის გამგზავრებისთანავე ჩერდება, ხოლო ზარ-ზეიმით გამოცხადებული «მუხრანის წყარო» _ სახანძრო მანქანით მდინარიდან ამოქაჩული წყლის დამთავრებისთანავე შრება.
«ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო,» _ ამბობს ხალხი, ოღონდ ჩვენი პირველი პირი ახერხებს, საკუთარ ტყუილს გაექცეს ხოლმე. სწრაფად დარბის და იმიტომ. რუსულ თვითმფრინავსაც გაექცეოდა, მაგრამ დაცვამ ძალად დააგდო ძირს! აბა, გჯერათ, რომ «მოგებული ომის მთავარსარდალი» ბრძოლის ველიდან გაიქცეოდა?!
გარბის, გარბის, მაგრამ ტყუილების მარაგიც არ არის უსაზღვრო. ერთი და იგივე ტყუილი კი ვეღარ მუშაობს. ამიტომ იგი ისე გაუგებრად უნდა ჩამოაყალიბო, რომ აზრი ვერავინ გამოიტანოს:
«პირველად 1993 წლის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მუდმივ რეჟიმში მივიღებთ ინფორმაციას ყველა ტვირთის შესახებ, რომელიც საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოდის. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი დიპლომატიური გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო გამარჯვება იქნება, როცა არა მხოლოდ საერთაშორისო მონიტორები, არამედ საქართველოს საბაჟო და სასაზღვრო სამსახური განლაგდება საზღვრის აქეთ, რასაც ჩვენ, ყველანი მივაღწევთ, მაგრამ ის, რასაც დღეს მივაღწიეთ, არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი დაფიქსირება იმისა, რასაც საქართველოს საბაჟო საზღვრები, საქართველოს ტერიტორიის საბაჟო კონტროლი, ამ შემთხვევაში, მონიტორინგი ჰქვია საერთაშორისო მხარის მიერ, რომელიც, სხვათა შორის, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს».
გაიგეთ რამე? ვერა? სიტყვების ეს რახა-რუხი ერთადერთ რამეს ემსახურება: გამგონი ვერ მიხვდეს, რომ ბრტყელ-ბრტყელი დაპირებების ნაცვლად, ამის მთქმელს ევროპელებმა ყური აუწიეს და რუსეთის მვო-ში შესასვლელად თანხმობა მიაცემინეს! თუმცა მას იმდენჯერ და იმდენ რამეზე მიაცემინეს თანხმობა, რომ თავადაც აერია სათვალავი.
სამაგიეროდ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სააკაშვილს არც ერთხელ არ უხსენებია ბიძინა ივანიშვილი. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დუმილით ცრუობენ. ივანიშვილი თითქოს არის და არც არის. პირველი პირი ვიღაც მოქალაქეობაჩამორთმეულ ადამიანზე ხომ არ ილაპარაკებს? ამიტომ ახალი ტყუილების კასკადი მოამზადა.
«საქართველოს მთავრობა განაგრძობს მსჯელობას სტრატეგიული განვითარების «ათპუნქტიან გეგმაზე», რომელიც 2011-2015 წლებზეა გათვლილი და მიზნად ისახავს წინსვლას მოდერნიზაციისა და დასაქმების მიმართულებებით». პირველი პირის «ათპუნქტიანი გეგმა» ასე გამოიყურება:
1. მაკროეკონომიკური სტაბილურობა;
2. მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება;
3. საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნა-შენარჩუნება;
4. რეგიონულ სავაჭრო და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება;
5. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
6. სოფლის მეურნეობის განვითარება;
7. განათლების სისტემის გაუმჯობესება;
8. სოციალური პოლიტიკის დახვეწა;
9. ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება;
10. ურბანული და რეგიონული განვითარება.
აკი, ყველა ეს პუნქტი შესრულებული ჰქონდა ჩვენს პირველ პირს?! თუ არა? მის ხელისუფლებაში «რევოლუციურ მოსვლამდე» მისმა მხარდამჭერმა (დღეს – ივანიშვილის მეგობარმა) არასამთავრობო ორგანიზაციებმაც შექმნეს დოკუმენტი სახელად «10 ნაბიჯი თავისუფლებისკენ». მაშინ მან მხოლოდ დღევანდელ პირველ პირს მოუტანა თავისუფლება. იქნებ ამ 10-პუნქტიანმა სიცრუის გეგმამ ამჯერად ქვეყანა გაათავისუფლოს მისგან?!
თამარ დავითულიანი
ბატონო პრეზიდენტო !
მე მრცხვენია,რომ თქვენ , ვერ ისწავლეთ სიცილი და შინ თუ გარეთ, ყველგან გიჟივით იცინით (არადა ბავშვობაში მასწავლეს,კულტურულად უნდა გაიცინო, ხმადაბლა, თორემ უზრდელი ეგონები ვინმესო.)
მე მრცხვენია,რომ თქვენ,8 წლის მანძილზე ჯიბეში ცხვირსახოცის ჩადება ვერ ისწავლეთ და მის როლს, კვლავ თქვენი დიადი თითები ასრულებენ !
მე მრცხვენია,რომ თქვენ იმდენად სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ ხოლმე თავს,რომ ისეთმა "იდეინმა" ადამიანმაც კი,როგორიც შალვა რამიშვილია,თქვენზე ვერაფერი მოიგონა "ბანანის რესპუბლიკისთვის" ისეთი,აქამდე რომ არ გაგიკეთებიათ – პრაქტიკულად ყველანაირ სამარცხვინო სიტუაციაში გვყავხართ ნანახი !
მე მრცხვენია,რომ მთელმა მსოფლიომ ნახა,თუ როგორ გაიქეცით ომიდან,მაშინ როდესაც თქვენ არავინ გესროდათ – უბრალოდ შეგეშინდათ და გაიქეცით! თქვენ მშიშარა ბრძანდებით,ბატონო პრეზიდენტო!
მე მრცხვენია,რომ მთელმა მსოფლიომ ნახა,თუ როგორ ღეჭდით შიშისგან და ნერვიულობისგან ყლინჯს(ჰალსტუხს) და მეორე დღეს ჩვენ თავდადებისა და გმირობისაკენ მოგვიწოდებდით !
მე მრცხვენია,რომ თქვენ ვერ შეასრულეთ ფაქტიურად ვერცერთი წინასაარჩევნო დაპირება,რომელიც 2007 წელს დადეთ (2003 წლის წინა საიანაუგურაციო პერიოდზე აღარ ვლაპარაკობ!)
მე მრცხვენია,რომ თქვენ , მესამე კლასელი ბავშვისთვისაც კი არ ხართ მისაბაძი ადამიანი !
მე მრცხვენია,რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხებზე დაიკიდეთ ხალხი,რომელმაც აგირჩიათ და პრეზიდენტის სკამი ჩაგახუტათ!
მე მრცხვენია,რომ თქვენ ადამიანური ღირსებები არ გაგაჩნიათ !
მე მრცხვენია,რომ თქვენ ჭამის კულტურაც კი არ გაგაჩნიათ !
მე მრცხვენია,რომ თქვენ მთელი საქართველოს დასანახად ილანძღებით,თქვენ ელემენტალური ზრდილობაც არ გაქვთ!
და ყოველივე ამის შემდეგ თქვენ ბედავთ და ედრებით დავით აღმაშენებელს,ადამიანს, რომლითაც ყველა ნორმალური ქართველი ადამიანი ამაყობს,ვინც მის ეპოქას იცნობს !
მე მრცხვენია ბატონო პრეზიდენტო,რომ თქვენ ჩემი ქვეყნის "სარკედ" აღიქმებით ამერიკასა და ევროპაში!
მე მრცხვენია,რომ თქვენ დღემდე განაგრძობთ ხალხის ზომბირებას,"რუსთავი 2 – ისა" და "იმედის" საშუალებით!
მე მრცხვენია ბატონო პრეზიდენტო,რომ თქვენ,კიდევ წელიწადი და რამდენიმე თვე უნდა იყოთ ჩემი პრეზიდენტი !
ამიტომ აქედანვე შემოგითვლით
მშვიდობით,ბატონო პრეზიდენტო !