როგორ არ ეხვეწნენ ლეიბორისტებს, ქუჩაში ნუ გახვალთ და ახლადგამოჩენილ იმედს ნუ აუხირდებითო, მაგრამ თავისი არ დაიშალეს და გამოცხადებული აქცია პარლამენტის წინ მაინც ჩაატარეს. როგორც მოსალოდნელი იყო, 300 კაცზე მეტი ვერ მოგროვდა, მაგრამ ლეიბორისტებმა იხტიბარი არ გაიტეხეს და ხალხის სიმცირე ამინდს გადააბრალეს. პაატა ჯიბლაძეს რომ უსმინო, „7 ნოემბერი ყველა ოპოზიციურ პარტიას დაავიწყდა და ამ ბრძოლაში „ლეიბორისტული პარტია“ მარტო აღმოჩნდა“. მარტო დარჩენა რომ ვერაფერი პოლიტიკური გათვლაა, ეს ლეიბორისტებისთვის არავის უსწავლებია. არც ის, რომ პარლამენტის მანდატით ქუჩა–ქუჩა კი არ უნდა დარბოდე, სხდომათა დარბაზში უნდა შეუძახო სააკაშვილს, – გადადექიო!
„ჩვენ ყველას გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც მშვიდობიანი მანიფესტანტები ძალის გამოყენებით დაარბიეს. ეს დღე ყველას უნდა გვახსოვდეს, მაგრამ რატომღაც დღეს „ლეიბორისტული პარტია“ მარტო აღმოჩნდა. ბევრი ამბობდა, რომ დღევანდელი ჩვენი აქცია გარკვეული ძალების მიერ იქნებოდა მხარდაჭერილი და აქციაზე ხალხის მობოლიზება ყვითელი ავტობუსებით მოხდებოდა, თუმცა როგორც ხედავთ, აქ მსგავსი არაფერი ხდება. ეს აქციები უნდა გაგრძელდეს, რადგან როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა, ამ ხელისუფლების არჩევნების გზით დამარცხება შეუძლებნელია“, – განაცხადა ჯიბლაძემ.
ყვითელი ავტობუსები ვისიც არის, ეს ამ ქვეყანაში პატარა ბავშვმაც იცის. გამოდის, რომ 300 გმირ ლეიბორისტს, არც მეტი და არც ნაკლები, თვით სააკაშვილი და ოპოზიციონერი ვიცესპიკერის – ლევან ვეფხვაძის ცოლისძმა უნდა დახმარებოდნენ. თუმცა იმათ თავისი გასჭირვებიათ და ხალხით სავსე ავტობუსების ნაცვლად ლეიბორისტებს ელიას რისხვა მოუვლინეს. ელია კი, როგორც ცნობილია, ცეცხლოვან ეტლზე ზის და ცაზე დადის. როცა ეტლი გრუხუნებს, მიწაზე ჭექა–ქუხილის ხმა ისმის. დღეს არც ჭექს, არც ქუხს, მაგრამ 300 ლეიბორისტის თავგანწირვა არავის დაავიწყდება. ხუმრობა ხომ არ არის უამინდობაში მარტო დგომა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა!