Home რუბრიკები საზოგადოება სუროგაცია – ჰუმანური აქტი თუ ადამიანებით ვაჭრობა?

სუროგაცია – ჰუმანური აქტი თუ ადამიანებით ვაჭრობა?

GEWORLD.GE:
რამდენჯერ გსმენიათ ან გითქვამთ ფრაზა, როცა რაიმე არასწორ, არამართებულ საქციელს ჩავდივართ, ან მომსწრენი ვხდებით, _ “მერე რა მოხდა, XXI საუკუნეა?!”, მაგრამ ამჯერად ისეთ თემას შევეხებით, რომელიც XXI საუკუნეშიც ზოგისთვის უპატიებელი დანაშაულია, ზოგისთვის კი _ ჰუმანიზმი და სიკეთე. ალბათ, იმის გამო, რომ ცივილიზებულ ევროპასა და ამერიკაში საგრძნობლად იმატა უშვილო წყვილთა რაოდენობამ, მედიცინამ გამოიგონა სუროგაცია, რაც უცხო ქალის ორგანიზმში ნაყოფის ხელოვნურ გადატანას ნიშნავს, შემდგომ მისი გამოზრდის მიზნით.
ეს უკვე საკმარისად აპრობირებული მეთოდი, თავის მხრივ, სხვა წინააღმდეგობას, კერძოდ, სუროგატი დედის მოძიების სირთულეს აწყდება. ბუნებრივია, რომ ამგვარ “მომსახურებაზე” ქალბატონები მხოლოდ ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე იშვიათად თუ თანხმდებიან. ძირითადად, ისინი პრაგმატული მომსახურებით, ანუ გასამრჯელოს მიღების მოტივით იღებენ ამგვარ გადაწყვეტილებას. ე. წ. ცივილიზებულ ქვეყნებში, როგორც ყველაფერი, მომსახურების ეს სფეროც ძალიან ძვირია. ამიტომ სუროგატი დედების მაძიებლები ეტანებიან ეკონომიკურად დაუძლურებურ ქვეყნებს, სადაც ცხოვრების დონე ძალიან დაბალია. სუროგაციამ, როგორც ჩანს, საქართველოშიც სერიოზულად მოიკიდა ფეხი.

სუროგატი დედა, არის ქალი, რომელიც უშვილო წყვილის ნაყოფს მუცლით ატარებს და არავითარი გენეტიკური კავშირი არ აქვს ჩასახულ ემბრიონთან. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ქალი თუ გაიგებს, რომ სულაც არ არის მარტივი, ცხრა თვის განმავლობაში ატარო ნაყოფი მუცლით, შეისისხლხორცო და ერთ დღეს თვალის დახამხამებაში გადასცე ბავშვი საკუთარ მშობლებს, თანაც ისე, რომ ამის შესახებ არასოდეს გაიხსენო მომავალში. სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო, რომ არ გამომივიდეს, მოვუსმინოთ მას, ვისაც გაცილებით მეტი ესმის და განუცდია ამასთან დაკავშირებით.
ქალბატონი მზია ამჟამად ფეხმძიმობის მეოთხე თვეშია. იგი, როგორც თვითონ ამბობს, მზადაა, კიდევ ერთი უშვილო ოჯახი გააბედნიეროს. ინტერვიუზეც უყოყმანოდ მთანხმდება. მეტიც, გადაწყვიტა ფინჯან ყავასთან ერთად გაეცა გულწრფელი პასუხები ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე. სანაცვლოდ კი მხოლოდ ანონიმურობის დაცვა მთხოვა, რაც სავსებით გასაგებია…
_ ქალბატონო მზია, როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს თქვენი პირველი ფეხმძიმობა არაა, თქვენ უკვე მეორედ მოირგეთ სუროგატი დედის როლი. მიამბეთ ამის შესახებ…
_ არ იყო მარტივი… სოციალურმა, ეკონომიურმა პრობლემამ მიბიძგა ამ საქციელისკენ. ახლა უკვე მეორე ოჯახს ვაჩუქებ პატარას. ეს გზა გავლილი მაქვს და ვიცი, რომ ცუდს არაფერს ჩავდივარ…
_ არ იყო მარტივიო, _ ბრძანეთ. რა იგულისხმეთ? რთული რა იყო?
_ უპირველეს ყოვლისა, გამიჭირდა ოჯახის, ახლობლების დაკარგვა, მათი მიტოვება…
_ როგორ თუ მიტოვება, რატომ უნდა მიგეტოვებინათ ახლობლები?
_ ყველა ვერ შეეგუა ჩემს გადაწყვეტილებას, რის გამოც ბევრი ადამიანი დავკარგე, მათ შორის, საკუთარი მშობელიც კი. ჩემთვის უცხო ქალაქში, უცხო გარემოში მიწევს ყოფნა, ჩემი სურვილის მიუხედავად, მაგრამ, სწორად გამიგეთ, ახლა თითქმის აღარ მაქვს საზრუნავი _ არ მშია, არ მცივა და, რაც მთავარია, ჩემს შვილსაც უზრუნველყოფილი ბავშვობა შევუქმენი, თუმცა თავიდან ძალიან გამიჭირდა; მეგონა, რომ უმძიმეს დანაშაულს ჩავდიოდი. ხმამაღლა ნათქვამად ნუ ჩამომართმევთ, ვერც კი გადმოგცემთ, ისე გამიჭირდა, ბევრი დრო დამჭირდა, რომ საკუთარი თავი დამერწმუნებინა ჩემი ნაბიჯის სისწორეში. რთული გადმოსაცემია, არც კი ვიცი, როგორ გითხრათ, მაგრამ ეს ძალიან რთული ფსიქოლოგიური ფაქტორია. როდესაც დამარწმუნეს, რომ ჩემთან არავითარი გენეტიკური კავშირი არ აქვს ჩემს სხეულში ჩასახულ ნაყოფს, რომ მე მხოლოდ მისი მატარებელი ვარ (ასე ვთქვათ) და არა დედა, ანუ ის ერთი პროცენტითაც არ არის ჩემი შვილი… ცოტა არ იყოს, დავმშვიდდი, მაგრამ, გიმეორებთ, დიდი დრო დამჭირდა, რომ ყველაფერი ეს კარგად გამეთავისებინა… თქვენ წარმოიდგინეთ, მართლაც ასეა. მე ხომ ჩემი შვილიც მყავს, 7 წლის გოგონა. მე ხომ მასზე ფეხმძიმობის პერიოდიც მახსოვს… დამერწნუნეთ, ეს აბსოლუტურად სხვადასხვა განცდაა.
_ მაპატიეთ, რა განსხვავებაა?
_ თუნდაც ის, რომ ამ შემთხვევაში თავიდანვე გაცნობიერებული მაქვს, თუ რატომ ვარ ფეხმძიმედ, _ რომ ეს მხოლოდ სამსახურია და არა… აი, წარმოიდგინეთ, რომ ისეთი სამსახური გაქვთ, რომელიც ძალიან შორსაა თქვენი პროფესიისგან, ან, უბრალოდ, საშინლად არ მოგწონთ თქვენი სამსახური, მაგრამ ის სამსახურია და სავალდებულოა, ხომ გესმით ჩემი? კი არ მავალდებულებს ვინმე რამეს, არა, ასე არ იფიქროთ, მხოლოდ გაჭირვება, მხოლოდ ეკონომიური პირობები და არაფერი სხვა.
_ რა აუცილებელი კრიტერიუმებია იმისათვის საჭირო, რომ გახდე სუროგატი დედა?
_ უპირველეს ყოვლისა, ასაკი. ანუ არ უნდა იყოთ 35 წელს გადაცილებული. უნდა იყოთ ჯანმრთელი. ამას, ცხადია, აუცილებლად დაადგენენ სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, კეთდება შესაბამისი ანალიზები და ა.შ. აგრეთვე, ხდება ფსიქოლოგიური შემოწმება და სხვა. უნდა გყავდეთ ერთი შვილი მაინც, შეიძლება მეუღლეც გყავდეთ და მხოლოდ მასთან შეთანხმებით მოხდება ყველანაირი პროცედურის ჩატარება.
_ რა პრინციპით ხდება შეთანხმება თქვენსა და უშვილო წყვილს შორის, იდება თუ არა ხელშეკრულება?
_ მთავარი, რაც განმიმარტეს, ის იყო, რომ მე არანაირი იურიდიული უფლება არ გამაჩნია ბავშვზე. ეს იგივეა, რომ მე სხვისი ბავშვი მოვითხოვო. ჩემი აზრით კი, მსგავსი ახსნა-განმარტებები სრულიად არაა საჭირო, რადგან, თუ ეს ყველაფერი გათავისებული არ გაქვს და არ იცი, რაზე მიდიხარ, ამას ფსიქოლოგი აუცილებლად მიხვდება საუბრის დროს. არც ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ სუროგატ დედას პრეტენზია გამოეთქვა ნაყოფზე.
_ ჩვენი კანონმდებლობით იკრძალება ერთსქესიანი წყვილების ქორწინება და, მითუმეტეს, მათ მიერ ბავშვის აყვანა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მალე მათთვის ეს პრობლემა აღარ იარსებებს. თქვენ რომ გცოდნოდათ, ბავშვი სწორედ ასეთი წყვილის ხელში აღმოჩნდებოდა, შეცვლიდა თუ არა ეს თქვენს გადაწყვეტილებას?
_ რა თქმა უნდა _ არა, რადგან, მე, როგორც სუროგატი დედა, არ ვკითხულობ ბავშვის მომავალს, ანუ არ ვინტერესდები ბავშვი სად ან ვისთან უნდა გაიზარდოს. ამით რომ დავინტერესე, ეს უკვე ბავშვის მიმართ ინტერესის გამოჩენა იქნება. მაგრამ ეს ბავშვი არ არის ჩემი შვილი, გესმით?! ესაა სუროგაციის მთელი ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ვინც მსგავს ნაბიჯს დგამს, აუცილებლად მსგავსი აზრის იქნება.
_ არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ თქვენ თითქოს პროფესიონალივით მსჯელობთ. თავდაჯერებული ხართ და ზუსტად იცით, რომ ეს კარგია, სინანულის ან სინდისის ქენჯნის მსგავსი განცდა არ გქონიათ?
_ როგორ არ მქონია… თავიდან ძალიან განვიცადე და ვფიქრობდი, რომ საშინელი ადამიანი ვიყავი. თუმცა… (დუმს, მერე კი თვალებში მომაჩერდა და, როგორც მომეჩვენა, შემომედავა) თქვენ, როგორც ჩანს, არ გაგჭირვებიათ და ღმერთმა ნუ გაგიჭირვოთ… არ გამოგაცდევინოთ ის, რაც მე გამოვცადე. მე კი ჩემი შვილი პატარაობიდანვე ისეთი წვალებით გამოვზარდე, ამას რომ ვიხსენებ, იმაზე მეტად ვხდები ცუდად და ამიტომ ისევ დღევანდელი ყოფა მირჩევნია. სხვა თუ არაფერი, ახლა უზრუნველყოფილი მაქვს ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება. სინანულით კი, როგორც მოგახსენეთ, მხოლოდ იმას ვიხსენებ, რომ ჩემი სახლიდან შორს ვარ. ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე და ბევრი მენატრება.
_ უზრუნველყოფილიო, მეორედ ამახვილებთ ყურადღებას… მაინც, რა თანხაზეა საუბარი?
_ პირველად 12 ათასი აშშ დოლარი ავიღე, სამედიცინო ხარჯები და ყველაფერი დანარჩენი მათია. მთლიან თანხას ცხრა თვის შემდეგ, ანუ ბავშვის გადაცემის შემდეგ მაძლევენ, ამჯერად 10 ათას აშშ დოლარზეა საუბარი. კიდევ გიმეორებთ, რომ ეს ჩემთვის მხოლოდ სამსახური და ხელფასია, მეტი არაფერი და, თუ ასე არ მივუდგები ამ საკითხს, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ჩემი მხრიდან ნამდვილი სიგიჟე იქნება. საერთოდ კი, გაცილებით მარტივია, თუ იფიქრებ მხოლოდ იმაზე, რომ ეს სხვისი ემბრიონია შენში ჩასახული და მეტი არაფერი!
ქალბატონ მზიასთან საუბრის შემდეგ, რასაკვირველია, ლოგიკური იქნებოდა, მიგვემართა იმ დაწესებულებისთვის, რომელიც სუროგაციითა და სუროგატი დედების მომსახურებითაა დაკავებული. ასეთი კი “ჰუმან ჯორჯიაა”, იგივე “დონაციისა და სუროგატ დედათა კვლევის ცენტრი”, რომლის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ ხაჭაპურიძეა.
_ ქალბატონო თამარ, რამდენი ხანია ემსახურებით ამ საქმეს და როდიდან არსებობს თქვენი ორგანიზაცია?
_ “ჰუმან ჯორჯია” 2004 წლიდან არსებობს, მაგრამ მანამდე, 1999 წელს, დავაარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის იმედი”, რომელიც, აგრეთვე, მუშაობდა უშვილო წყვილების დასახმარებლად. ამრიგად, 1999 წლიდან ჩამოყალიბდა საქართველოში ორგანიზაციები, რომლებიც კანონის ფარგლებში იცავენ უშვილო წყვილების ინტერესებს და სულ 12 წელია, რაც პირადად მე ვმუშაობ დონორ-სუროგატებთან და უშვილო წყვილებთან.
_ რამდენი უშვილო წყვილი სარგებლობს ამჟამად თქვენი მომსახურებით და რამდენი სუროგატი დედა გყავთ?
_ ძალიან ბევრია. არ დამითვლია, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად დიდია მოთხოვნა სუროგატ დედებზე, რომ ამ მხრივ კრიზისსაც კი განვიცდით. ეს იმიტომ ხდება, რომ, სანამ სუროგატი დედა გახდები, უნდა აკმაყოფილებდე გარკვეულ პირობებს, კერძოდ, აუცილებელი პირობებია: სუროგატ დედას ჰყავდეს საკუთარი შვილი, ასაკი, რა თქმა უნდა, არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გამოიყურება სუროგატი დედა, ანუ რამდენად ლამაზია და ამგვარ დეტალებს, მნიშვნელობა არ აქვს; იმ დაავადებებსაც, რომლებიც შთამომავლობით გადაეცემა, მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან სუროგატ დედასა და ჩასახულ ემბრიონს შორის არავითარი გენეტიკური კავშირი არ არსებობს. რა თქმა უნდა, სუროგატი დედა უნდა იყოს ჯანმრთელი.
_ თქვენ ბრძანეთ, რომ სუროგატ ქალბატონს უნდა ჰყავდეს შვილი, რატომ?
_ იცით, როცა ქალს გამოცდილი აქვს დედობა, ანუ ის უკვე არის მშობელი, ჰყავს სიყვარულის ობიექტი – საკუთარი შვილი, მისთვის ადვილია, მას არ სჭირდება განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რომ სამომავლოდ არ გაუჭირდეს ბავშვის გენეტიკური მშობლებისთვის გადაცემა. ისე კი, პოტენციური სუროგატი დედა უკვე თითქმის მომზადებული მოდის და კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ბავშვი მისი არ არის, რომ მისი სხეული მხოლოდ მატარებელია სხვა ქალის ემბრიონისა, არც მეტი, არც ნაკლები.
_ თუ ყოფილა თქვენს პრაქტიკაში შემთხვევა, რომ სუროგატ დედას პრეტენზია გამოეთქვას ბავშვზე ან გაძნელებოდეს მშობლისთვის მისი გადაცემა?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს კანონი ძალიან კარგად არეგულირებს სუროგაციის თემას. იურიდიული უფლება რომ არ გააჩნია სუროგატს ბავშვისადმი, ეს გარკვევით წერია კანონში.
მოდით, ერთად ჩავიხედოთ, თუ რა წერია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლში:
ნაწილი პირველი: ექსტრაკორპირებული განაყოფიერება ნებადართულია:
ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით ან, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის შემთხვევაში, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა.
ბ) თუ ქალს არ აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (სუროგატი დედის) საშვილოსნოში გადატანისა და გამოზრდის შესახებ, წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია.
ნაწილი მეორე: ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლად, აქედან გამომდინარე, _ პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან სუროგატ დედას არა აქვს ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.
აი, ეს არის სულ, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით ამბობს.
ზოგიერთ ქვეყანაში სუროგაცია ნებადართულია, მაგრამ მათ კანონმდებლობაში ხაზგასმულია ერთი ფაქტორი, რომ სუროგატმა დედამ ეს მხოლოდ ჰუმანიზმის გამო უნდა გააკეთოს და არა გამორჩენის მიზნით, ზოგიერთ ქვეყანაში კი (მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიაში) აკრძალულია.
სუროგაციის ორი ძირითადი მოტივაცია არსებობს _ ჰუმანიზმი და პრაგმატიზმი. ძნელი სათქმელია _ სხვაგან წმინდა ჰუმანური მოსაზრებით თანხმდებიან ქალბატონები სუროგატ დედობაზე თუ ფინანსური დაინტერესების გამო, მაგრამ საქართველოში ამას უფრო ხშირად პრაგმატული მოსაზრებით რომ აკეთებენ, უდავოა.
_ ქალბატონო თამარ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა შეწყდა, მარტივად რომ ვთქვათ, სუროგატ დედას მუცელი მოეშალა, სპონტანურად, რა თქმა უნდა?
_ სუროგატი იღებს კომპენსაციას, ცხადია, იმ თანხას არა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაგრამ მას უნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება, ეძლევა აბორტის შემდგომი რეაბილიტაციის თანხა. ერთი სიტყვით, ვუხდით ყველანაირ თანხას, გარდა მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციისა და დარჩენილ თვეებში მიუღებელი “სარჩო” თანხისა.
_ რას ნიშნავს “სარჩო” თანხა?
_ “სარჩო” თანხას ვეძახით თანხას, რომელიც სუროგატმა დედამ უნდა მიიღოს ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში. ეს თანხა იწერება სუროგატსა და წყვილს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. ამ თანხით სუროგატი დედა ვალდებულია, ნორმალურად იკვებოს და შეიქმნას ორსულობის პერიოდში საჭირო ნორმალური ცხოვრების პირობები.
_ რა თანხაზეა საუბარი?
_ დაახლოებით 12 ათასი აშშ დოლარი. ამაში შედის თვიური “სარჩო” თანხაც, რომლის ოდენობაც დგინდება მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით.
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ საკმაო წინააღმდეგობებს წააწყდით მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან…
_ მე გიამბობთ ერთ შემთხვევას, როდესაც 22 წლის გოგონას საშვილოსნოც ამოკვეთეს და ბავშვიც დაიღუპა, მაგრამ გოგონას საკვერცხეები იყო სრულიად ჯანმრთელი, წყვილმა ისარგებლა სუროგატი დედის დახმარებით და დღესდღეობით არაჩვეულებრივი, საკუთარი გენეტიკური შვილი ჰყავთ. მოდით, ახლა და ავუხსნათ მათ, რომ ეს ყველაფერი არასწორია, ან მიპასუხონ მათ, ვინც წინააღმდეგია სუროგაციის, რა არის ამაში ცუდი, ვის რა დაუშავდა მათი შვილის დაბადებით?!
ბედნიერდება მრავალი წლის განმავლობაში შვილს დანატრებული ოჯახი, თქვენ გესმით, ეს რას ნიშნავს?! ოჯახში იბადება საკუთარი გენეტიკური შვილი, ეს ერის გამრავლებასაც უწყობს ხელს და, ამ მეთოდის წყალობით, ძალიან ბევრი ოჯახი გადაურჩა დანგრევას.
რელიგია ხომ ქადაგებს “გიყვარდეს მოყვასი შენი”, განა ეს მოყვასის სიყვარული არ არის, როდესაც, ხარ სუროგატი და ატარებ იმ ქალის შვილს, რომელსაც თავად არ შეუძლია 9 თვე მუცლით ატაროს თავისი შვილი. სუროგაცია ეს ძიძობის მსგავსი რამაა.
მეტსაც გეტყვით, მე რომ უშვილო წყვილს ვურეკავ და ვეუბნები, რომ ორსულობა დადგინდა, ღმერთო ჩემო, ეს, იცით, რამხელა ბედნიერებაა მათთვის? ორმაგად ბედნიერი ვარ მეც, ის დღე ჩემთვის დღესასწაულია.
ჩემი აზრით, უკვე დროა, რომ ამ საკითხს უფრო მეტი გაგებით შეხედოს საზოგადოებამ, სუროგაციის მეთოდით მიიღწევა მხოლოდ დადებითი შედეგი, იბადება კიდევ ერთი სიცოცხლე, ბედნიერდება კიდევ ერთი უშვილო ოჯახი.
სუროგაციის მიმართ მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ცნობილია, მაგრამ ზოგიერთი დეტალის გასარკვევად მაინც მივმართეთ მეტეხის ტაძრის მოძღვარს _ მამა ტარიელს…
_ მამაო ტარიელ, რას ქადაგებს მართლმადიდებელი ეკლესია სუროგაციისა და სუროგატი დედების მისამართით და რამდენად შეუვალია ეკლესიის ის პოზიცია, რომელიც ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დღემდე არის ცნობილი?
_ ყოველი ახალი სიცოცხლე უფლის ნებით ჩნდება. ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სუროგაცია, ანუ ხელოვნური ჩარევა ამ საქმეში მიუღებელია, გასაკვირი არ უნდა იყოს. მართალია, მედიცინა ამტკიცებს, რომ სუროგატ დედასა და ემბრიონს შორის კავშირი არ არსებობს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს მაინც ხელოვნური ჩარევაა…
_ კი, მაგრამ წყვილებს, რომლებიც მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო უშვილოდ რჩებიან, რაც მათთვის შესაძლებელია ტრაგედიის ტოლფასი მოვლენა იყოს, რატომ უნდა ავუკრძალოთ, შვილის გაჩენის ბედნიერება განიცადონ?
_ თუ ღვთის ნება ისეთია, რომ ესა თუ ის ოჯახი უშვილოდ ცხონდეს, ხოლო ჩვენ ამას ხელოვნურად ვცვლით, გამოდის, რომ უფლის ნებას ვცვლით. ეს, რელიგიის თვალსაზრისით, ვერ იქნება მართებული და სწორი საქციელი. მეტიც, ასეთ საქმეში ჩარევა საშიშიც კია, მაგრამ, როგორც გითხარით, მეორე მხარეც არსებობს: რაკი ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, ხოლო ამ შემთხვევაში სიცოცხლე მაინც გაჩნდა, ჩანს, რომ ესეც ღვთის ნება იყო. ღმერთმა ინება და სიცოცხლე გაჩნდა. ახალი სიცოცხლის გაჩენას წინ ვერაფერი აღუდგება… რთულია ეს ყველაფერი.
_ რამდენად ცოდვილია ის ქალბატონი, რომელიც სუროგატი დედა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობის სხვა საშუალებას მოკლებულია?
_ პირადად ჩემთან თუ მოვა ქალბატონი და მეტყვის, რომ გადაწყვიტა, გახდეს სუროგატი დედა, დამეკითხება, თუ რა სასჯელს მივცემ მას, მე, როგორც მღვდელი და ეკლესიის წარმომადგენელი, როგორც მოძღვარი, არანაირ სასჯელს არ მივანიჭებდი. ვურჩევდი, რომ ხშირად თქვას აღსარებები, ილოცოს, მოინანიოს და ა. შ. აუცილებლად ვეცდები, რომ მოვამზადო ზიარებისთვის და ვაზიარებ კიდეც…
ესაუბრა
ნინო კვარაცხელია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here