GEWORLD.GE:
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შეფასებები და დამოკიდებულებაც მის მიმართ სხვადასხვაგვარია. ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გვიზიარებს სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია:
_ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ყველას თავისი პოზიცია გააჩნია: ზოგს _ ობიექტური, ზოგს კი, შესაძლოა, _ სუბიექტურიც. რაც შეგვეხება ჩვენ, სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს”, შეგახსენებთ, რომ ეს მოძრაობა გარკვეულწილად სპეციფიკურია. იგი თავის დროზე დაფუძნდა ჩვენი მშობლიური კუთხის, სამეგრელოს უაღესად მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი გზების მოძიებისა და რეგიონული პრობლემების მოგვარების მიზნით. ფაქტია, ხელისუფლები მიდიან და მოდიან, მაგრამ ჩვენი კუთხის პრობლემები კვლავ პრობლემებად რჩება. ასე იყო შევარდნაძის რეჟიმის პირობებში და ასეა სააკაშვილის დროსაც. ორივე ხელისუფლებას სამეგრელო მხოლოდ წინასაარჩევნოდ ან პიარისთვის ახსენდება. არადა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო, სოციალური ინფრასტრუქტურის აღორძინება-განვითარება, სამეგრელოს ისტორიულ-კულტურული, ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აფხაზეთიდან დევნილების უმრავლესობა ხომ მეგრელები არიან და მათი მომავალი ხვედრისადმი სამეგრელოს მოსახლეობა გულგრილი ვერ იქნება.
_ ბატონო ზურაბ, როგორია თქვენი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისადმი და რას ურჩევთ სამეგრელოს მოსახლეობას?
_ ბიძინა ივანიშვილის სახით გამოჩნდა პიროვნება, რომელიც აცხადებს, რომ ის აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში და მას ამისათვის სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. მიმაჩნია, რომ სამეგრელოს მოსახლეობის მხარდაჭერა ვინმესადმი არ უნდა იყოს უპირობო. ჩვენ ერთხელ უკვე დავუშვით დიდი შეცდომა, როცა ბრმად გავყევით სააკაშვილს უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე. ანალოგიური შეცდომის უფლება ნამდვილად აღარ გვაქვს და ეს კარგად უნდა გააცნობიერონ ჩემი მრავალტანჯული კუთხის შვილებმა.
უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია საგარეო პოლიტიკის საკითხთან დამოკიდებულებაც. რა თქმა უნდა, საგარეოპოლიტიკურ ვექტორზე დაბალანსებული პოლიტიკა უნდა გატარდეს, მაგრამ ევროატლანტიკურ ალიანსში, თუნდაც მომავალში, ჩვენს ეფემერულ გაწევრიანებაზე რიტორიკამაც კი უდიდესი ალბათობით, შესაძლოა, ქვეყნის გამთლიანების არანაირი შანსი არ დაგვიტოვოს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ალიანსში გაწევრიანება ავტომატურად და სრულად გამორიცხავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნებას. ამდენად, ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობს ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ძალა რუსეთის მომავალი პრეზიდენტის მიერ ამასწინათ გაჟღერებული ევრაზიული კავშირის იდეის აქტუალიზებაზე. და რადგან ალიანსში შესაძლო გაწევრიანება სრულად გამორიცხავს ტერიტორიების დაბრუნებას, ვფიქრობთ, რომ, პირველ რიგში, სწორედ ევრაზიული კავშირის იდეაზე უნდა დაფიქრდნენ ხელისუფლებაში მოსვლის მოსურნე პერსონები თუ პოლიტიკური ძალები; ერთად უნდა ვიფიქროთ, ხომ არ დაგვიბრუნებს ეს იდეა აფხაზეთსა და ოსეთს, უფრო სწორად, ჩვენ ხომ არ დაგვაბრუნებს აფხაზეთსა და ოსეთში. ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან უნდა აინტერესებდეს ნებისმიერ პიროვნებას, რომელსაც აქვს ხელისუფლების სათავეში მოსვლის პრეტენზია და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყოველივე ამაზე მკაფიო წარმოდგენა და რეალური პასუხი.
გარდა ამისა, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ბატონ ივანიშვილის წარმოდგენა და გეგმები სამეგრელოს მომავალზე, მის განვითარებაზე, ამ რეგიონის ადგილზე ქართულ ეკონომიკასა და საქართველოს სახალხო მეურნეობაში. ჩვენ ასევე გვაინტერესებს, როგორი დამოკიდებულება აქვს მას საქართველოს ისტორიის, ეროვნული ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა-განვითარებისადმი, გვაინტერესებს მისი შეხედულებები მეგრული ენობრივი კულტურის, სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ და ბევრი სხვა საკითხი, რომელთა გარკვევის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ მის მხარდაჭერაზე.
ჯერჯერობით კი ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ბატონ ივანიშვილის პარტნიორები ამ ეტაპზე არიან “თავისუფალი დემოკრატები” და უაღესად დისკრედიტირებული “რესპუბლიკელები”… განსხვავდებიან თუ არა ისინი იდეოლოგიური და კონცეპტუალური თვალსაზრისით ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდვია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ბიძინას კატეგორიულობა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ, მის მიერ იმ დამღუპველი ნაბიჯების მიუღებლობა, რასაც ხელისუფლება ჩადის, ყველას მოგვწონს და უდავოდ იმსახურებს პატივისცემასა და მხარდაჭერას, მაგრამ ჩვენ, როგორც ეს ერთხელ უკვე აღვნიშნე, პრიორიტეტულად მივიჩნევთ ჩვენი კუთხის ინტერესებს და მათ (აგრეთვე, სხვა პრინციპული საკითხების, რაც ზემოთ ჩამოვთვალე) მიმართ ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულებას.
აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენი კუთხის მოსახლეობამ სამომავლოდ მაინც ისეთ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუჭიროს მხარი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეალურად გაუწევს ლობირებას მისთვის სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი საკითხების სახელმწიფოებრივ დონეზე გადაწყვეტას. სწორედ ამ და რამდენიმე სხვა პრინციპული საკითხის გარკვევის შემდეგ უნდა გადაწყდეს, დაუჭერს თუ არა სამეგრელო მხარს ბიძინა ივანიშვილს.
_ არსებობს ინფორმაცია, რომ სამეგრელოში ხელისუფლების დაკვეთით ქალაქად და სოფლად იქმნება სამხედრო ფორმირებები, რომლებშიც გაწევრიანებული არიან არამხოლოდ ვეტერანი მებრძოლები, არამედ კრიმინალებიც. რას ფოქრობთ ამის თაობაზე?
_ ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია და მსურს, საგანგებო განცხადება გავაკეთო. ამ ბოლო დროს, არ ვიცი, სხვაგან როგორ, მაგრამ სამეგრელოში ხელისუფლება გასამხედროებული ფორმირებების ჩამოყალიბებას ცდილობს. შეკითხვაზე, თუ რისთვის სჭირდებათ ეს, პასუხობენ _ ყოველი შემთხვევისთვისო. არსებობს ვერსია, რომ ეს ფორმირებები ზოგან 10-15, ზოგან 50 და 100 მებრძოლისგანაა შემდგარი; ერთ-ერთ ენგურისპირა სოფელში ასამდე მებრძოლია ამგვარ გაერთიანებაში და მათ ყოფილი პოლიციელი მეთაურობს. ისინი გარკვეულ გასამრჯელოსაც იღებენ და წვრთნას სენაკის სამხედრო ბაზაზე გადიან. მათ ეუბნებიან, რამე რომ იყოს, თქვენ უკეთ არ იცით და არ დაიცავთ თქვენს სოფელს, ქალაქს, თქვენ შემოგარენსო.
ვაცხადებ, რომ საგანგაშოა ეს ყოველივე. ხელისუფლებამ, რომელიც რეალურად დადგა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე, შეიძლება ნებისმიერი პროვოკაცია მოაწყოს, მათ შორის, სამოქალაქო დაპირისპირების ან სულაც მორიგი სამხედრო ავანტიურის ინსპირირებაც კი სცადოს ენგურს გაღმა. მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს: ფხიზლად, ძმებო! მანქურთებად არ გაქციონ და საშინელი მიუტევებელი ცოდვა არ ჩაგადენინონ ამ დაუძინებელმა მტრებმა. არ გაცდუნონ და ისე ნუ იზამთ, რომ წყევლა-კრულვით მოგიხსენიებდეთ შთამომავლობა. იცოდეთ, რომ მერკანტილურ ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესები დგას. დაფიქრდით ამაზე.
ესაუბრა
ლადო ქირია