Home რუბრიკები პოლიტიკა მიშა, ფილოსოფიური ქვა და კუდიანებზე მონადირე ვანო

მიშა, ფილოსოფიური ქვა და კუდიანებზე მონადირე ვანო

24 ოქტომბერს, ალბათ, ყველანი საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ საგიჟეთში ვცხოვრობთ. იმ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი ოფიციალური(!) განცხადება გაავრცელა: «22 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვალერი ლევინს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას აღმოაჩნდა უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა. ლევინის განცხადებით, მოცემული მინერალები და ლიტერატურა ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული მინერალები გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ მოცემული მინერალები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ოკულტური მინერალები და ლიტერატურა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა». ძნელი სათქმელია, რა უნდა ვუწოდოთ ამას _ «მიხეილ სააკაშვილი და ფილოსოფიური ქვა» თუ «ჰარი პოტერი და ასათიანის ქუჩა», თუმცა, ალბათ, აშკარაა, რომ ხელისუფლების ქცევას მძიმე პათოლოგიის გამოკვეთილი ნიშნები დაეტყო.

მიხეილ ნგემა მბასოგო
სამწუხაროდ, შსს-ს განცხადება მოკლეა; გაურკვეველია, თუ როგორ ჩაუტარდა ექსპერტიზა «მომავლის განჭვრეტისთვის» განკუთვნილ მინერალს (დაწვრილებით აღწერეთ, პლეასე, და ბარემ დასკვნაც გამოაქვეყნეთ). მეტიც, ისიც კი გაუგებარია, თუ რატომ დაუბრუნეს ივანიშვილს ის, რაც ლევინს ჩამოართვეს. თუმცა პოლიტიკური ოპონენტების ოკულტურ ძალებთან კავშირში დადანაშაულების პრეცედენტი უახლეს ისტორიაში ნამდვილად არსებობს; ეს ამბავი 1994-ში ეკვატორიალურ გვინეაში მოხდა. როდესაც აშშ-ს ელჩმა ამ ქვეყანაში, ჯონ ბენეტმა ხელისუფლებას მოუწოდა, ოპოზიციონერების წამება შეეწყვიტა, ხელისუფლებამ უპასუხა, რომ «ელჩი სასაფლაოზე დადიოდა და იქ ოპოზიციონერებისგან მიღებულ ჯადოსნურ ელექსირებს სვამდა, რათა არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა».
თუ იმ აქცენტების მიხედვით ვიმსჯელებთ, რომლებიც აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა კვირას გადაცემა «აქცენტებში» გააკეთა (მარტივად რომ ვთქვათ, მან მკაფიოდ მიანიშნა, რომ ვაშინგტონი სააკაშვილს არჩევნებს არ გააყალბებინებს), ალბათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი ეკვატორიალური და ბედკრული გვინეის პრეზიდენტის _ თეოდორ ობიანგ ნგემა მბასოგოს გზას გაუყვება (კაცმა რომ თქვას, ისედაც ამ გზას ადგას) და იტყვის, რომ რუსეთის მოქალაქე ვალერი ლევინისგან მიღებული ქვა ივანიშვილმა ამერიკის მოქალაქე ჯონ ბასს გადასცა, რომელმაც მისი გამოყენებით შესაბამისი რიტუალი ჩაატარა.
მეტი რაღა უნდა ვთქვათ: ეს, ალბათ, კლასიკური შიზოფრენიაა; ქვეყნის ხელისუფლებამ აშკარად რეალობის შეგრძნება დაკარგა და რაღაც მისტიურ ქვებზე ოფიციალურ განცხადებებს აკეთებს (შეკითხვა ექსპერტებს: შეუძლია თუ არა გაეროს, საქართველოში ფსიქიატრების შეზღუდული კონტინგენტი შეიყვანოს? ორიოდე დივიზია ნამდვილად არ გვაწყენდა).
ასეთი გამოხდომების შემდეგ სერიოზული საუბარი სააკაშვილსა და მის ხელისუფლებაზე, ალბათ, უკვე შეუძლებელია. ასე რომ, აჯობებს, ისევ ივანიშვილზე ვისაუბროთ. ემოციური ვნებათაღელვა, რომელიც პოლიტიკურ ავანსცენაზე მისმა გამოსვლამ გამოიწვია, აგერ უკვე სამი კვირაა, გრძელდება. ასეთ ფონზე ძნელია, ერთმანეთისგან გამიჯნო პრინციპულად მნიშვნელოვანი ფაქტები და მეორეხარისხოვანი დეტალები; დღეს მსჯელობა, უპირველესად, ტაქტიკაზე მიდის, ხოლო სტრატეგიულ საკითხებს, კომენტატორები ჯერჯერობით იშვიათად ეხებიან. თუმცა «მთავარ თემებზე» დისკუსიის დაწყების ცალკეულ მცდელობებს ადგილი ნამდვილად აქვს.
«დააყენებს თუ არა ნატოს გზაზე საქართველოს სააკაშვილის მილიარდერი ოპონენტი? _ კითხულობს EurasiaNet-ი: _ გაგრძელდება თუ არა კვლავ ის პროდასავლური, ნატოზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც დღევანდელი მთავრობა ატარებს? დამოკიდებულია თუ არა ეს ორიენტაცია ერთ ადამიანზე, დღევანდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე»?
EurasiaNet-ის კითხვებში (წერილის ავტორია ჯოშუა კუცერა) «პროდასავლური» და «ნატოზე ორიენტირებული» ერთმანეთზეა მიბმული, რაც ქართული პოლიტიკური მითოლოგიის სტერეოტიპებს სავსებით შეესაბამება. ამ პოზიციის ჩარჩოებში ის ფაქტი, რომ ქვეყანა შეიძლება თხემით ტერფამდე პროდასავლური (უფრო ზუსტად კი _ დასავლური) იყოს და ამავე დროს ნატოში არ შედიოდეს, როგორც ფინეთი ან ავსტრია, სერიოზულად არ განიხილება, თითქოსდა ამ მეტად წარმატებული ქვეყნების მაგალითი ბუნებაში არ არსებობს. ეს მიდგომა, as default, გულისხმობს, რომ საქართველოს პროდასავლური ხელისუფლება ნატოს დროშას ისევე აქტიურად უნდა აფრიალებდეს, როგორც მატადორი წითელ ქსოვილს გამძვინვარებული ხარის ცხვირწინ.
ლოდები ოცნებების სასაფლაოზე
ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოზიცია განხილულ საკითხებზე ია ანთაძესთან საუბარში ასე ჩამოაყალიბა: «ნეიტრალიტეტს, მე მგონი, ჩვენ ვერ შევძლებთ. ასეთი სუსტი სახელმწიფოს პირობებში, სუსტი ეკონომიკით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე რომ ვთქვა, ნეიტრალიტეტისთვის ვიბრძოლებ-მეთქი, ამის მოლოდინი ნუ გვექნება. იდეალური, რა თქმა უნდა, ნატო იყო ჩვენთვის და მასთან დაახლოებას კვლავაც ვეცდები. ნატო საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართულებით ვითარება სწრაფად შეიცვლება. ის შანსი, რაც გაუშვეს ხელიდან დიდი ხნით, იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ არ დაგვიკარგავს და ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ».
ივანიშვილის შეფასება ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, ალბათ, სავსებით ადეკვატურია, რადგან დღეს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე «ახალი ფინეთის» გაჩენა თითქმის შეუძლებელი ჩანს, თუნდაც ამის მოსურნე მცირე სახელმწიფოს «ძლიერი სახელმწიფო და ეკონომიკა» ჰქონდეს. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც გავლენის სფეროების გამალებული გადანაწილება მიმდინარეობს, რომელიც თავისი ცინიზმით შეიძლება «ველურ პრივატიზაციას» შევადაროთ, ამის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. მართალია, ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი დღეს «უკრაინის ფინეთიზაციაზე» მსჯელობს, თუმცა ეს საუბრები, ალბათ, უფრო ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ უკანდახევას ნიღბავს. სინამდვილეში, კიევი ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოსავლეთისკენ მიიწევს და მისი დღევანდელი მოჩვენებითი ნეიტრალიტეტი ახლო მომავალში, სავარაუდოდ, რუსეთთან სტრატეგიული ალიანსით შეიცვლება. «ახალ ფინეთად» გადაქცევის შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის რაღაც ეტაპზე სავსებით ხელშესახები იყო, დღეს, ალბათ, მაინც ილუზორულია.
რაც შეეხება ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ნატოზე საუბრობს, აშკარად ჩანს, რომ ის სკეპტიკურად უყურებს ახლო მომავალში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას და მას შედარებით შორეულ მომავალს უკავშირებს. აქ ჩვენ პრინციპულ მომენტს ვუახლოვდებით, რადგან საქართველოს მისწრაფება _ ნატოს წევრი გახდეს, რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგიული დარეგულირების შესაძლებლობას გამორიცხავს, შესაბამისად, კრემლთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბრის შესაძლებლობას სპობს.
საქართველოს მომავალი ხელისუფლება, სავარაუდოდ, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე რუსეთთან შემდეგი საკითხების მოგვარებას მოახერხებს: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, სავიზო რეჟიმის შერბილება შემდგომი გაუქმების პერსპექტივით, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, ომის განუახლებლობის დამატებითი გარანტიების შექმნა და შესაძლოა, კონფლიქტური ზონის ნაწილობრივი (მცირე) დემილიტარიზაცია. თუმცა, ვიდრე ოფიციალური თბილისი ნატოში გაწევრიანებაზე უარს არ იტყვის, მოსკოვი ჩამოთვლილის იქით, უბრალოდ, არ წავა.
«ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია, მე მგონი, რუსეთსაც ყელში აქვს გაჩხერილი. თუ რუსეთი გეგმავს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობების დალაგებას, წინსვლას ამ კუთხით, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი მას ლოდივით ექნება ჩამოკიდებული», _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. კაცმა რომ თქვას, მსგავსი ლოდების თრევა რუსებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას არასოდეს წარმოადგენდა, გარკვეული თვალსაზრისით, ეს მათი ეროვნული სპორტია. თუმცა აქ მთავარია, თუ რამდენად პრიორიტეტულია კრემლისთვის ესა თუ ის საკითხი: მოსკოვი სეპარატისტული რესპუბლიკებიდან, სავარაუდოდ, უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირე შანსი იმისა, რომ ნატო სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრებას მოახერხებს. დისკომფორტი საერთაშორისო არენაზე ამ კონტექსტში მოსკოვისთვის მეორეხარისხოვანია. მეტიც, თუ კრემლი იგრძნობს, რომ საფრთხე იზრდება, მისი განეიტრალებისთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც შეიძლება საქართველოზე ზეწოლის გაძლირებაში გამოიხატოს.
პატიოსანი ადამიანის თვალები
საერთოდ, ივანიშვილის მიერ ამ ეტაპზე რევოლუციური საგარეოპოლიტიკური იდეების წამოყენება ხელისუფლებას მისი კრიტიკის (ვარიაციები თემაზე «კრემლის აგენტი») გაშლის შესაძლებლობას მისცემდა; ამ პროცესში დასავლური მედიის ნაწილიც ჩაერთვებოდა, რაც ნეგატიურ ფონს შექმნიდა. ეს ივანიშვილს დღეს არაფერში სჭირდება.
თუმცა დავუკვირდეთ განხილული ინტერვიუს ერთ საგულისხმო მონაკვეთს. ია ანთაძის კითხვაზე: «როგორ ფიქრობთ, რას ითხოვს რუსეთი საქართველოსგან, თუ არსებობს რაღაც ისეთი, რისი დათმობაც რუსეთს დააკმაყოფილებდა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ დააზარალებდა?», ივანიშვილი პასუხობს: «არ ვიცი, რა არის ისეთი, რაც შეგვიძლია დავთმოთ. დამოუკიდებლობა იყო და ყოველთვის იქნება უმთავრესი. თავისუფლების გარეშე არაფერი გვინდა. ეს არც კი შეიძლება კითხვის საგანი გახდეს. ეკონომიკიდან რამე სერიოზული, რაც რუსეთს შეიძლება აინტერესებდეს, მგონი, არაფერი დაგვრჩა. ის, რაც მოხდა, საშინელებაა ჩვენთვის და არც მათთვის არის მომგებიანი. იმედი მაქვს, ამას ჩემ გარეშეც მიხვდებიან და მეც შევეცდები, დავარწმუნო. ამის იმედი მაქვს, ძირითადად. ასეთი სამხრეთ ოსეთი და ასეთი აფხაზეთი რუსეთისთვისაც მძიმე ტვირთია. სხვა რამ დამატებით შეთავაზებებს რუსეთისთვის მე ვერ ვხედავ. თუ რამე გამოჩნდა მომავალში, საზოგადოებას დავეკითხები».
ზოგადად, მოლაპარაკებების დაწყების წინ ესა თუ ის (განსაკუთრებით კი სუსტი) მხარე, როგორც წესი, აფიქსირებს არა მხოლოდ იმას, თუ რის მიღება სურს, არამედ (და უპირველეს ყოვლისა) იმას, თუ რის დათმობას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს. როგორც ვხედავთ, ივანიშვილმა ეს გააკეთა, შემდეგ კი მისი რეპლიკები ერთობ ბუნდოვანი გახდა. მაგალითად, ეკონომიკასთან მიმართებაში მან, სავარაუდოდ, მშვენივრად იცის, რომ რუსებს რკინიგზა, მაგისტრალური გაზსადენი (და ზოგიერთი სხვა ობიექტი) აინტერესებთ, თუმცა ამაზე არაფერს ამბობს. ის ასევე არ საუბრობს საქართველოს ნატოში არგაწევრიანებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იცის, კრემლისთვის ეს საკითხი მეტად აქტუალურია. საბოლოო ჯამში, ის თითქოსდა სთავაზობს მოსკოვს, საკუთარი ინტერესების ფორმულირება თავად მოახდინოს და იქვე დასძენს, რომ მომავალი შეთანხმება რუსეთთან შიდაქართულ კონსენსუსს («საზოგადოებას დავეკითხები») დაეფუძნება; ეს სერიოზული საუბრის დაწყებისთვის არცთუ ურიგო შესავალია. სინამდვილეში, არაფერი ზებუნებრივი ამაში არ არის, ეს ჩვეულებრივი, ნორმალური პრაქტიკაა, უბრალოდ, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ «ნორმალურს», როგორც ასეთს, ბოლო წლების განმავლობაში გადავეჩვიეთ.
შესავალი სერიოზული საუბრისთვის, ალბათ, სჯობს, ასეთი იყოს, ვიდრე მაგალითად, ასეთი: «მე რომანტიული ადამიანი ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, არცთუ ცოტა რამ მინახავს. მას (პუტინს) პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს _ ეს სწორედ ასეა. მე მას ვენდე და არ შევმცდარვარ. მან გააკეთა ყველაფერი, რასაც დამპირდა. ამიტომ დღეს რუსეთში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვა ქვეყნებში! პუტინი უფრო პრაგმატულია, აზროვნების სტილით უფრო თანამედროვეა, ვიდრე დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი» (მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ, გაზეთი Известия; 2004 წლის 12 აპრილი). მსგავს ლაქლაქს ისტერიის ზღვარზე, რომელიც ყველამ ვიცით, რითაც დასრულდა, ალბათ, მაინც ფრთხილი და გააზრებული მინიშნებები სჯობს.
სიფრთხილე ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია, რადგან რუსების შემოთავაზება საქართველოს მომავალი ხელისუფლებისადმი, სავარაუდოდ, საკმაოდ ხისტი იქნება; ალბათ, დაახლოებით ასეთი: ა) საქართველო უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე; ბ) საქართველო უარს ამბობს ვაშინგტონის სატელიტობაზე და მასთან მიმართებაში დაახლოებით ისე იქცევა, როგორც _ დღევანდელი უკრაინა (ზრდილობიანი დისტანცირება); გ) საქართველო თანდათან ერთვება ინტეგრაციულ პროექტებში, რომელთაც მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახორციელებს. ყოველივე ამის სანაცვლოდ, კრემლმა შეიძლება ქვეყნის მთლიანობის ეტაპობრივი აღდგენა შემოგვთავაზოს.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, აქ, ალბათ, ორი ვარიანტი გამოიკვეთება: ან უსაფრთხოების რუსული «ქოლგა», ან «ფინური ვარიანტის» ადაპტირებული ნაირსახეობა სეპარატისტულ რესპუბლიკებში ბაზების დროებითი დატოვებით (სსრკ ფინეთში ბაზებს 1955 წლამდე ინარჩუნებდა, თუმცა შეთანხმება შესაძლებლობას აძლევდა, იქ კიდევ 40 წელს დარჩენილიყო). ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას უფრო მცირე ფასად დათანხმდეს. აქედან გამომდინარე, ახალ ხელისუფლებას კრემლთან საკმაოდ რთული საუბარი მოელის და ამ შემთხვევაში წინმსწრები განცხადებების გაკეთება «ნაციონალური მოძრაობის» სააგიტაციო სტილში («მე და მიშა გპირდებით, მალე სოხუმში ვიქნებით», «მიშა ამ ქვეყნის ნაღდი შვილია, მიშას რუსეთის არ ეშინია» და ა.შ.), ალბათ, ყოვლად უადგილო იქნებოდა.
საბოლოო ჯამში, ივანიშვილის ინტერვიუს «საგარეოპოლიტიკური ნაწილი» შემდეგ შთაბეჭდილებას ტოვებს: ის, სააკაშვილისგან განსხვავებით, საერთაშორისო ურთიერთობებში დინების საწინააღმდეგოდ ცურვას არ აპირებს. ის არ შეეცდება, ვაშინგტონისა და მოსკოვის წინააღმდეგობებზე ითამაშოს და იმ შესაძლებლობებს გამოიყენებს, რომელთაც «გადატვირთვა», ორი გლობალური მოთამაშის კონსენსუსი მისცემს; ეს პრინციპული ხასიათის ცვლილება იქნება.
ამასთანავე, ივანიშვილი, როგორც ჩანს, აპირებს, ორივე მხარისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს (აქ, ალბათ, ბიზნესში მიღებული გამოცდილება გამოადგება). ფინეთი დღეს არაერთგზის ვახსენეთ და ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ «ცივი ომის» წლებში ის ორივე დაპირისპირებული მხარის გამორჩეული, პრივილეგირებული ეკონომიკური პარტნიორი გახდა, რამაც საფუძველი მის დღევანდელ კეთილდღეობს ჩაუყარა, თორემ ადრე (თუნდაც მანერგეიმის მემუარებს თუ ვენდობით) ამ ქვეყანას საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა.
ასეთი შეფასების შემდეგ, როგორც წესი, მიღებულია პოლიტიკოსის მთავარი ოპონენტის დახასიათება და მათ შორის სხვაობის დაფიქსირება, თუმცა სააკაშვილი დღეს იმდენად კომიკურ მდგომარეობაშია («ჯადოსნური ქვების» ისტორია და სხვა მსგავსი ფაქტები), რომ მისი პოლიტიკის სერიოზული ანალიზი ერთობ უადგილო იქნებოდა. სჯობს, ვაცალოთ, ვიდრე ხელქვეითებთან ერთად «უჩვეულო მინერალების» მორიგ პარტიას ექსპერტიზას ჩაუტარებს. ისე, კაცმა რომ თქვას, რა დარჩენია სხვა?!
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here