Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველო

სტალინი და საქართველო

ლავრენტი ბერია

ლავრენტი ბერია _ ბიოგრაფიული შტრიხები

ნაწილი II

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წლის სხვადასხვა პერიოდში, “დიდი საბჭოთა ენციკლოპედიისყველა გამომწერმა პირმა თუ ორგანიზაციამ მიიღო დალუქული კონვერტი, რომელშიც ჩადებული იყო პატარა ფურცელი, რომელზეც ეწერა:

სახელმწიფო სამეცნიერო გამომცემლობადიდი საბჭოთა ენციკლოპედიარეკომენდაციას გაძლევთ, ენციკლოპედიის მეხუთე ტომიდან ამოიღოთ 21-, 22-, 23- და 24- გვერდები, აგრეთვე, 22- და 23- გვერდებს შორის ჩაკრული ფოტოსურათი, სანაცვლოდ გამომცემლობა გამოგიგზავნით გვერდებს ახალი ტექსტითა და ფოტოსურათით. მაკრატლით ან სამართებლით ამოჭრილ ფურცლებს დაუტოვეთ ყუები, რათა ადვილად ჩააკრათ ახალი ფურცლები. სახელმწიფო სამეცნიერო გამომცემლობადიდი საბჭოთა ენციკლოპედია”.

ენციკლოპედიის ხელმომწერთათვის ამ ლმობიერ რჩევას შემდგომში ძალიან სერიოზული შემოწმება მოჰყვა ყველა რაიონული კომიტეტის მიერ სპეციალურად შექმნილი ჯგუფებისგან, რომლებიც აკონტროლებდნენ, შესრულდა თუ არა პარტიის მოთხოვნა. მეც ვარ მომსწრე და დამსწრე, როგორ ფურცელ-ფურცელ აკონტროლებდნენ სასკოლო და სასოფლო ბიბლიოთეკებში, რომელიმე გამოცემაში არ გაპარულიყო სახელი და გვარი ლავრენტი ბერია. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო სტალინის პერიოდის საბჭოთა ხელისუფლებაში ლავრენტი ბერია, “დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში” მის ბიოგრაფიასა და საგმირო საქმეებს ოთხი გვერდი რომ დაეთმო.

მიუხედავად იმისა, რომ არქივები გაიხსნა და მკვლევარებს მიეცათ თავისუფლად მუშაობის საშუალება, მეც ვფიქრობ და ბევრი სხვაც, რომ არქივებში ბევრი ისეთი მასალაა, როგორიც იყო “დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის” მეხუთე ტომის 21-ე, 22-ე, 23-ე და 24-ე გვერდებზე 1953 წლის შემდეგ.

ხრუშჩოვის მიერ შექმნილმა ბოროტმოქმედმა კომისიამ სრულიად გამოშიგნა არქივები და მოქსოვა სიცრუის ბადე, რომელშიც უზარმაზარი ქვეყნის მოსახლეობა კოღოებივით გააბეს.

რუსეთზე, რუს ხალხზე არასოდეს მითქვამს აუგი და არც ვიტყვი, მაგრამ დამნაშავეთა კასტა, რომელმაც პატარა ერს, ქართველებს, ორი უდიდესი ადამიანი ერთ წელიწადში მოუკლა, ჩემთვის ყოველთვის ზიზღისა და შურისძიების ობიექტი იქნება. დამნაშავეთა კასტამ ბერია იმიტომ მოკლა, რომ სტალინის მკვლელობის კვალი გამქრალიყო და, ბერიასგან სტალინის ღალატი სწორედ იმ ტერორისტების მიერ მოგონილი და ძალოვანი სტრუქტურების მიერ ხალხში გატანილი ბოროტი ჭორია, რომელსაც ჟივილ-ხივილით აჰყვა ქართველი ხალხი.

1956 წელს სტალინის სახელის დასაცავად თბილისის ქუჩებში გამოსული მილიონი ადამიანი, რომლებიც აგურებითა და ჯოხებით ებრძოდა ხრუშჩოვის ტანკებს, რამდენიმე წლის შემდეგ ხრუშჩოველებად იქცნენ.

“ცეკავშირის” ძველ შენობაში ორგანიზაცია “სტალინის” შეკრებას ვატარებდი. მოხსენებაში ბინძურად მოვიხსენიე გონებაშეზღუდული ხრუშჩოვი. დარბაზიდან ერთმა კაცმა რეპლიკა მესროლა: ხრუშჩოვი არც ისეთი ცუდი კაცი იყო, როგორც შენ მოიხსენიებო. როდესაც ამ კაცს ვუსმენდი, თავში უცბად წამომიტივტივდა ერთი თქმულება ნაპოლეონზე, რომელიც რეპლიკის პასუხად ხალხს იქვე მოვუყევი:

ერთხელ ნაპოლეონს პარიზის ქუჩებში სეირნობისას გოდება შემოესმა და შემკრთალმა მხლებლებს უბრძანა, გაეგოთ რაში იყო საქმე. მოახსენეს, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის განადგურების გამო ებრაელები სინაგოგაში გოდებენო. ნაპოლეონი ჩაფიქრდა და ცოტა ხნის შემდეგ თქვა: “უკვდავია ერი, რომელიც 2500 წლისწინანდელ ამბებს ისე განიცდის, როგორც დღევანდელსო”. დარბაზი ფეხზე წამოდგა და კარგა ხანს უკრავდა ტაშს, მაგრამ, საუბედუროდ, იმ მოტაშეებიდანაც ბევრი, ანტისტალინელად თუ არა, მედასავლეთედ მაინც იქცა.

მკითხველო, ბევრ რამეს მოგითხრობთ ბერიაზე, მაგრამ ჯერ ბიოგრაფიით დავიწყოთ. ლავრენტი ბერიას ბიოგრაფიის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი მკვლევარებისთვის და, ცხადია, მკითხველისთვისაც ცნობილი არ არის. სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება ბევრი სიყალბე და ტენდენციური დასკვნა. სწორედ ამიტომ მსურს, მკითხველს მივაწოდო ფაქტობრივი მასალა ლავრენტი ბერიას ბიოგრაფიიდან.

ლავრენტი პავლეს ძე ბერია დაიბადა 1899 წლის 29 მარტს ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგის სოფელ მერხეულში, გლეხის ოჯახში.

1919 წელს დაასრულა ბაქოს საშუალო მექანიკურ-სამშენებლო სასწავლებელი. სწავლობდა ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც არ დაუსრულებია. 1917 წლის მარტში ლავრენტი ბერია შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) რიგებში, 1917 წლის ივნისიდან დეკემბრამდე მსახურობდა რუსეთის კავკასიის არმიაში ტექნიკოს-პრაქტიკანტად.

1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებულმა რუსეთის არმიამ, საქართველოს ოკუპაციის წარუმატებელი ცდის შემდეგ, ბაქოსკენ დაიხია. დემორალიზებული არმია საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ (ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი და სხვ.) ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით გამოიყენა. 1918 წლის აპრილში შეიქმნა ე.წ. ბაქოს კომუნა. 1918-1920 წლებში ლავრენტი ბერია ბაქოში მუშაობდა: ჯერ _ ბაქოს დეპუტატთა საბჭოს სამდივნოში, ხოლო 1918 წლის სექტემბერში ბაქოს კომუნის განადგურების შემდეგ _ ერთ-ერთ ქარხანაში მოხელედ, მოგვიანებით _ ბაქოს საბაჟოზე.

1920 წლის აპრილ-მაისში ლავრენტი ბერია იყო საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის სამხედრო-რევოლუციურ საბჭოსთან არსებული კავკასიის ფრონტის სარეგისტრაციო განყოფილების რწმუნებული.

XI წითელი არმიის სამხედრო-რევოლუციურმა საბჭომ ლავრენტი ბერია საგანგებო დავალებით არალეგალურად გაგზავნა საქართველოში. 1920 წლის ივნისში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დააპატიმრა. საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისი მუხლის საფუძველზე, საქართველოში საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სერგეი კოროვმა ლავრენტი ბერიას გათავისუფლება მოითხოვა. ლავრენტი ბერია პატიმრობიდან გაათავისუფლეს და აზერბაიჯანში გადაასახლეს.

აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, 1920 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე, ლავრენტი ბერია მუშაობდა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის მმართველად.

1920 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერია დაინიშნა აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის პასუხისმგებელ მდივნად. მას ევალებოდა ბაქოში ბურჟუაზიის ექსპროპრიაციის განხორციელება და მუშათა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესება.

1921-1922 წლებში ლავრენტი ბერია იყო აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის საიდუმლო-პოლიტიკური ნაწილის უფროსის მოადგილე, ხოლო შემდეგ _ უფროსი, ბოლოს კი _ აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

ლავრენტი ბერიას კარიერა საქართველოშიც წარმატებული იყო. 1922-1924 წლებში მუშაობდა საქართველოს საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსად, შემდეგ _ საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ. ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა საქმის გამოძიება. 1924-1927 წლებში ლავრენტი ბერია იყო ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობის საიდუმლო-პოლიტიკური ნაწილის უფროსი. მოსკოვში სათანადოდ დააფასეს ბერიას ერთგულება და პროფესიონალიზმი. მალე იგი კვლავ დააწინაურეს.

1926 წლის დეკემბერში ლავრენტი ბერია დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსად და ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1931 წლის მარტიდან ნოემბრამდე იყო ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსი და ამიერკავკასიის ფედერაციაში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი. სტალინის ნებით ლავრენტი ბერიას სამსახურეობრივი კარიერა პარტიულ ორგანოებში გაგრძელდა.

1931 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან 1938 წლის აგვისტომდე დაჰყო (ამ პერიოდში ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანიც იყო). 1931 წლის ნოემბერში ლავრენტი ბერია აირჩიეს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად. ამ თანამდებობაზე მან 1937 წლის აპრილამდე იმუშავა.

1938 წელს პოლიტიკურ ოპოზიციასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმულმა იოსებ სტალინმა ლავრენტი ბერია მოსკოვში გადაიყვანა. 1938 წლის 22 აგვისტოს ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის, პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამასთანავე, 1938 წლის 29 სექტემბერს დაიკავა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 1938 წლის 25 ნოემბერს ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დაინიშნა და შეინარჩუნა სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 1938 წლის 17 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსად მან თბილისიდან გადაყვანილი ვსევოლოდ მერკულოვი დანიშნა.

სტალინის დავალებით, ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში დიდი წმენდა ჩაატარა. ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა დაახლოებით ნახევარმა თანამდებობა დატოვა, მათი ნაწილი მსჯავრდადებული იქნა. გადაისინჯა წინა წლებში მსჯავრდადებულთა საქმეები. 1939 წელს გადასახლების ადგილებიდან დააბრუნესუსაფუძვლოდ მსჯავრდადებული” 223,6 ათასი ადამიანი, კოლონიებიდან _ 103,8 ათასი.

1938 წლის მარტში ლავრენტი ბერია აირჩიეს საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს (1952 წლიდან პრეზიდიუმის) წევრობის კანდიდატად, პოლიტბიუროს წევრი გახდა 1946 წლის მარტში. იოსებ სტალინი ლავრენტი ბერიას ხელში დიდ ძალაუფლებას უყრიდა თავს. 1941 წლის 3 თებერვალს, ისე, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობა არ დაუტოვებია, ლავრენტი ბერია გახდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შემადგენლობიდან გამოიყო სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველო და იგი დამოუკიდებელ სტრუქტურად, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატად, გარდაიქმნა. 1941 წლის ივლისში, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი კვლავ გაერთიანდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატად, სახალხო კომისრის თანამდებობა ლავრენტი ბერიამ შეინარჩუნა.

1943 წლის აპრილში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს კვლავ გამოეყო სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი.

საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლის 30 ივნისს, შეიქმნა საგანგებო ორგანო _ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი (თავმჯდომარე იოსებ სტალინი), რომლის წევრი ლავრენტი ბერიაც იყო. 1944 წლის მაისიდან ლავრენტი ბერია დაინიშნა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე მან 1944 წლის სექტემბრამდე იმუშავა. როგორც თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, ლავრენტი ბერია კონტროლს უწევდა სამხედრო მრეწველობას (არტილერიის, ნაღმსატყორცნების, საავიაციო ძრავების, თვითმფრინავებისა და სხვ. წარმოებას).

1941-1945 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატსა და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატში ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით მუშაობდა შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

  1. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პირველი სამმართველო (საგარეო დაზვერვა);
  2. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მეორე სამმართველო (კონტრდაზვერვა);
  3. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მესამე სამმართველო (საიდუმლო _ პოლიტიკური);
  4. სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის მეოთხე სამმართველო (ტერორი და დივერსია მტრის ზურგში);
  5. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მეცხრე სამმართველო (ურანის დაზვერვა, მოპოვება და გადამუშავება);
  6. სამხედრო კონტრდაზვერვა.

1944 წლის 3 დეკემბერს ლავრენტი ბერიას დაევალა ურანის გამდიდრების მიზნით მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელობა. 1945 წლის 25 აგვისტოდან 1953 წლის მარტამდე იგი სათავეში ედგა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოსთან) არსებულ ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილ სპეციალურ კომიტეტს (ატომური ბომბი გამოსცადეს 1949 წლის 29 აგვისტოს).

1945 წლის 9 ივლისს ლავრენტი ბერიას მიენიჭა საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება, ხოლო 1949 წელს სტალინური პრემია გადასცეს.

1945 წლის 29 დეკემბერს ლავრენტი ბერიამ დატოვა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობა და მთელ დროს ახმარდა სახალხო კომისართა საბჭოში (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოში) მოღვაწეობას, ასევე ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილი სპეციალური კომიტეტის ხელმძღვანელობას. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XIX ყრილობის (1952 წ.) შემდეგ იოსებ სტალინმა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმთან შექმნა “ხელმძღვანელი ხუთეული”, რომლის წევრიც იყო ლავრენტი ბერია.

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ (1953 წლის 5 მარტი) ლავრენტი ბერიამ პოზიციები შეინარჩუნა. იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და, ამასთანავე, სათავეში ედგა 1953 წლის მარტში შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების გაერთიანების შედეგად შექმნილ ახალ სტრუქტურას _ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს.

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ახალი პოლიტიკური ლიდერი ვერ გამოიკვეთა. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოვიდა სამეული _ ლავრენტი ბერია, გიორგი მალენკოვი და ნიკიტა ხრუშჩოვი. პირველი დღიდანვე მათ შორის ფარული ბრძოლა დაიწყო.

ლავრენტი ბერიას ინიციატივით, 1953 წლის 9 მაისს გამოცხადდა ამნისტია, რომლის ძალითაც სასჯელაღსრულების ადგილებიდან გათავისუფლდა 1,2 მილიონი ადამიანი, შეწყდა რამდენიმე გახმაურებული საქმის (მაგალითად, “ექიმთა საქმის”, “მეგრელთა საქმის”) ძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა დაახლოებით 400 000 ადამიანის მიმართ.

ლავრენტი ბერია მოითხოვდა სამხედრო ხარჯების შემცირებას, ზოგიერთი ძვირად ღირებული პროექტის (მაგალითად, თურქმენეთის მთავარი არხის, ვოლგა-ბალტიის არხის და სხვ.) დაფინანსების შეწყვეტას. ლავრენტი ბერიას დაჟინებული მოთხოვნით საბჭოთა კავშირი დათანხმდა კორეაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას და მოლაპარაკების დაწყებას. იგი ცდილობდა იუგოსლავიასთან ურთიერთობის მოგვარებას, წინააღმდეგი იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და მოითხოვდა გერმანიის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას. ყოველივე ეს “ცივი ომის” თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლეოდა.

ლავრენტი ბერიას პოლიტიკური კურსი პოპულარობას იხვეჭდა, რაც ხელს არ აძლევდა გიორგი მალენკოვსა და ნიკიტა ხრუშჩოვს, აგრეთვე, საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის სხვა წარმომადგენლებს _ ვიაჩესლავ მოლოტოვს, ნიკოლაი ბულგანინს, ლაზარ კაგანოვიჩს, კლიმენტ ვოროშილოვს, გიორგი ჟუკოვსა და სხვ. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა ერთსულოვანი იყო საკითხზე, რომ კრემლში ქართველთა ბატონობა უნდა დასრულებულიყო. 54 წლის ლავრენტი ბერიას საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოსვლა მათთვის ტრაგედიის ტოლფასი იყო. აცნობიერებდნენ, რომ ლავრენტი ბერიას გაპირველკაცება მათი კარიერის დასასრულს ნიშნავდა. ნიკიტა ხრუშჩოვმა შეძლო გიორგი მალენკოვის მიმხრობა, მას მხარს უჭერდნენ, აგრეთვე, პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ცნობილი წარმომადგენლები _ ლაზარ კაგანოვიჩი, ნიკოლაი ბულგანინი, გიორგი ჟუკოვი და სხვ.

ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ 1953 წლის ივნისში მოეწყო შეთქმულება. ამ შეთქმულებისა და ლავრენტი ბერიას მკვლელობის დეტალები დღემდე ცნობილი არ არის. არსებობს რამდენიმე ვერსია:

  1. ლავრენტი ბერიას თვითმფრინავი ბერლინიდან მოსკოვისკენ ფრენისას ჰაერში გაანადგურეს;
  2. ლავრენტი ბერია დააპატიმრეს მოსკოვში თვითმფრინავის დაშვებისთანავე და იქვე დახვრიტეს;

III. ლავრენტი ბერია მოკლეს მოსკოვში, საკუთარ ბინაში, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ;

  1. ლავრენტი ბერია 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს მოსკოვში სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე, გაასამართლეს და 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს.

ოთხი ვერსიიდან პირველი, მეორე და მესამე საყურადღებოა და დამატებით კვლევა-ძიებას იმსახურებს. რაც შეეხება მეოთხე ვერსიას (დაპატიმრება, გასამართლება და ექვსი თვის შემდეგ დახვრეტა) ისეთი უსუსურია, რომ სერიოზული მსჯელობის საგნად არ შეიძლება იქცეს.

ლავრენტი ბერიას მეუღლე _ ნინო თეიმურაზის ასული გეგეჭკორი (1905-1991), ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიის მეცნიერი თანამშრომელი, 1953 წლის ივლისში დააპატიმრეს და 1954 წლის ნოემბერში გადაასახლეს. ვაჟი _ სერგო ბერია (დაიბადა 1925 წელს) იძულებული შეიქნა, დედის გვარზე გადასულიყო. 1948-1953 წლებში იგი მუშაობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მესამე მთავარი სამმართველოს #1 საკონსტრუქტორო ბიუროში. სერგო ბერია 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს და 1954 წლის ნოემბერში გადაასახლეს. სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იკვლევდა მამის მკვლელობის ისტორიას.

2000 წელს რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა თხოვნა ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციის თაობაზე (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (III) ფონდი 14, აღწერა 11, საქმე #152).

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here