GEWORLD.GE:
ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე საკუთარ მოსაზრებებს «საქართველო და მსოფლიოს» მამა ელიზბარი (დიაკონიძე) უზიარებს.
_ მამაო ელიზბარ, ჩვენთან ინტერვიუში არა ერთხელ გითქვამთ, რომ საპატრიარქოში განხეთქილებაა, თუმცა ცოტა ხნის წინათ გავრცელდა საქართველოს პატრიარქის განცხადება, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპატრიარქო ერთსულოვნად იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო ის, ვინც ცდილობს, ჩირქი მოსცხოს ეკლესიას, მკაცრად დაისჯება. არ ფიქრობთ, რომ თქვენც გეხებათ პატრიარქის განცხადება?
_ ჩვენი უნიათობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო და ჩვენი ეროვნება არად გვიღირს, უფრო მკაცრად დავისჯებით. საქართველოს საპატრიარქოს სურს, გამოჩნდეს, თითქოს ერთსულოვნად იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ, ქართველებს, გვაქვს გამოთქმა: «კაცმა მალა, მალაო, ჭირმა თავი არ დამალაო»… თუ საპატრიარქოში სასულიერო პირებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, მაშინ რას ნიშნავს სასულიერო პირთა საპატრიარქოსგან განსხვავებული მოსაზრებები, რომლებიც პრესაში პერიოდულად იბეჭდება?
აღნიშნული განცხადების შემდეგ, მოსალოდნელია, უწმინდესმა კურთხევა მისცეს იმ ეპისკოპოსებს, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ რელიგიური გაერთიანების შესახებ მიღებული კანონისა, რათა ისინი გამოვიდნენ და საჯაროდ განაცხადონ, რომ პატრიარქისა და მთავრობის გვერდით არიან და ერის აღორინების საქმეს ემსახურებიან, ვინაიდან უწმინდესმა ქადაგებაში ბრძანა, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვფიქრობთ ერის პრობლემების გადაჭრაზეო. წესით, ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს საპატრიარქოსთან ერთად ერის სულიერებაზე, რწმენის გაძლიერებაზე და ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ხელისუფლება ასე არ ფიქრობს და საპატრიარქოსა და ხელისუფლების იმგვარ ერთიანობას, რაც დღეს გვაქვს, ერისთვის მხოლოდ სავალალო შედეგი მოჰყვება.
_ მართალია, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, Wikileaks-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიც მოყვანილია აშშ-ის მაშინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის ნათქვამი, რომ «საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სააკაშვილის ადმინისტრაციის გავლენიანი და შეუცვლელი მეკავშირეა». თუმცა რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტრადიციულ ღირებულებებთან მიმართებაში ეკლესიის დამოკიდებულება და სააკაშვილის გეგმები არ დაემთხვევა, არავინ იცის… მაგრამ ამ ეტაპზე რას ვითხოვთ პატრიარქისგან? საპატრიარქო ღიად რომ დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, შესაძლოა, ამან მოვლენების არასახარბიელო განვითარება გამოიწვიოს.
_ კითხვაზე შემიძლია კითხვითვე გიპასუხოთ: მაშინ რა უნდა ქნას საპატრიარქომ, არ დაუპირისპირდეს ხელისუფლებას და ამით ავტომატურად დაუპირისპირდეს ხალხს? დადგეს ხელისუფალის, იმ 70 დეპუტატის გვერდით და ქართველი ხალხის იგნორირება მოახდინოს? ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ქვეყანა ვიღაცებს ვანაცვალოთ. იდეა, რომ ეკლესია ხელისუფლებასთან ერთად უნდა მართავდეს ქვეყანას, კარგია, მაგრამ, ამ იდეის გაუკუღმართების შემთხვევაში, ეკლესია, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მოქმედებდეს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ეკლესიას დღეს არ აქვს ეროვნული მოღვაწეობის პროგრამა. საპატრიარქოში უამრავი განყოფილებაა, მათ შორის, ევანგელიზაციის განყოფილებაც, მაგრამ არ არსებობს ქართული კულტურის განყოფილება!
_ საზოგადოების კრიტიკას, პირადად სააკაშვილმა ასე უპასუხა: მართალია, ვიღაცები ლაყბობენ, რომ ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის, მაგრამ 500-ზე მეტი ტაძარი აღვადგინეთო. მართლა ხომ შეკეთდა და აშენდა ბევრი ეკლესია?
_ ლენინის მითითება არსებობდა ფელიქს დერჟინსკისადმი: გამოაცალეთ ეკლესიას მთავარი _ სული, ხოლო შენობებს ნუ ერჩითო. ეკლესია-მონასტრების აშენება-რესტავრაციით ხელისუფლება ისევ ფულის შოვნაზე ფიქრობს; ტურისტების მოზიდვა უნდათ, რათა უცხოელი დამსვენებლები დაატკბონ. სინამდვილეში ამ მასონური ხელისუფლების მიზანია, ეკლესია იყოს შერყვნილი, დასუსტებული და, თუ ჩვენ სიმართლეს დავმალავთ, ხელისუფლების ქმედებებს უნებურად ხელს შევუწყობთ.
რაც ამ დღეებში საკუთარი თვალით ვნახე, შემძრა. აღმაშენებლის გამზირზე, ძველი კონოსტუდიის შენობასთან, სპეციალურად სარკოზის ვიზიტის გამო, სამი ავტობუსით ჩამოყვანილი, «გადამალული» ადამიანები ისხდნენ და ელოდნენ პრეზიდენტის თითის გატკაცუნებას, რომ მის დაძახილზე რუსთაველის გამზირზე მისულიყვნენ. სპორტის სასახლის უკანაც 12 ავტობუსი იდგა. რაში სჭირდებათ, ვის ატყუებენ? კარგი, ბატონო, სარკოზიმ დაინახა, რომ მოედანი სავსეა. ბუშიც ჩამოვიდა, ორი ხინკალი შეჭამა, აჭარულიც იცეკვა და წავიდა. რა მივიღეთ? რაიონებიდან ძალით ჩამოიყვანეს პედაგოგები, სამინისტროების, მერიის, გამგეობის თანამშრომლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამსახურს დაკარგავდნენ. ჩემთვის მაინც გაუმართლებელია ასეთი საქციელი. არ შეიძლება ხელფასის დაკარგვის შიშით ასე მოიქცე. უფალი არ გვაპატიებს. უფალი არც იმ სიმართლის დაფარვას გვაპატიებს, რომლის გამოც ერი ირყვნება და ჭაობში იძირება.
თუმცა მინდა ორი ახალი ამბავი მივულოცო ქართველ ხალხს; ერთი: 27 სექტემბერს ქვეყანას მოევლინა მომავალი მეფე გიორგი ბაგრატიონი, და მეორე: ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის.
ძალიან პასკვილური გადაცემა გავიდა ტელევიზიით, სადაც ირონიულად ითქვა, რომ ხან ვინ წამოიმხობს თავზე და ხან ვინ ბაგრატიონების გვირგვინსო, მაგრამ ბაგრატიონების გვარი მირონცხებულია და ასეთი გადაცემებით ვერაფერს დააკლებენ.
_ თავად ბაგრატიონებს შორისაც ხომ განხეთქილებაა? თავადაც ვერ არკვევენ, ვის ეკუთვნის ჯერ არარსებული სამეფო ტახტი.
_ კი, ბატონო. ისტორიულად ბაგრატიონებს შორის სულ იყო განხეთქილება, მაგრამ ყველაფერი გვარდებოდა. დავით ბაგრატიონი ესპანეთში გაიზარდა, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, როგორ აღიზარდა.
ჩვენ სულ სხვა მოსაზრება გვქონდა ამ ქორწინებასთან დაკავშირებით, გვსურდა, დავით ულუს და ნარინის შემდეგ საქართველოს ორ ნაწილად გაყოფილი ტახტი კვლავ გაერთიანებულიყო და ირაკლი ბატონიშვილი და ანა ბაგრატიონი დაქორწინებულიყვნენ. მაგრამ ეს მოსაზრება საპატრიაქრომ არ გაიზიარა.
ახლა მთავარია, ბატონიშვილი გიორგი მკაცრ, მართლმადიდებლურ გარემოში აღიზარდოს. ამისთვის კი, ვფიქრობ, ყველაზე შესაფერისი გარემო რუის-ურბნისის ეპარქიაა. სწორედ მეუფე იობს უნდა დააკისროს ერმა ეს დიდი მისია _ მემკვიდრის აღზრდა.
«წმინდა გიორგის სადროშოს» სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს მონარქის დაბადებას და მონარქიის აღდგენას. მონარქია ჩემთვის უკვე აღდენილია, რადგან ეს პრეზიდენტი ჩემთვის ლეგიტიმური არ არის და არამარტო ჩემთვის… სხვათა შორის, თავად ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემაც აღიარა ამ ცოტა ხნის წინათ, «ეხო მოსკვისთვის» მიცემულ ინტერვიუში, რომ 2008 წლის არჩევნები გაყალბდაო. ის მაშინ, მოგეხსენებათ, პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა და კარგად იცის, რაც მოხდა.
_ მამაო ელიზბარ, მონარქიის კრიტიკოსებს აქვთ საკმაოდ სერიოზული არგუმენტი, რომ ქვეყანას არ სჭირდება მეფე, რომლის შენახვაც კისერზე დააწვება გაჭირვებულ ხალხს და საქართველოს ბიუჯეტს.
_ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს იქნება მეფე, რომელიც ტახტზე წამოწვება, _ კი, მაგრამ ასე არ იქნება.
_ სად არის გარანტია, რომ ასე არ იქნება?
_ მომავალი მონარქის აღზრდა იქნება ამის გარანტია. უნდა აღდგეს კონსტიტუციური მონარქია. მეფე უნდა იყოს ქმედითი და არა ფორმალური. მონარქიულ ქვეყნებშიც შრომობენ მონარქები, არავინ არაა მხარ-თეძოზე წამოწოლილი.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი
Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი: საპატრიარქოსა და ხელისუფლების იმგვარ ერთიანობას, რაც დღეს გვაქვს, ერისთვის მხოლოდ...