Home რუბრიკები ისტორია ომარ გოცაძე: ყოჩაღ, ბიჭებო, მკვდართან მაგრები ხართ!

ომარ გოცაძე: ყოჩაღ, ბიჭებო, მკვდართან მაგრები ხართ!

GEWORLD.GE:
2011 წლის 26 თებერვალს საზოგადოებრივ არხზე ვუყურე ბ-ნ სანაიას გადაცემას «ჰიტლერი» და «მუსოლინი». ამ გადაცემის მსვლელობისას ნათლად დავრწმუნდი, თუ როგორი აღმავლობით მიმდინარეობს საქართველოში ტვინის გამორეცხვისა და ხალხის გამოთაყვანების პროცესი. აქამდე თუ შეპარვით და მინიშნებებით ლაპარაკობდნენ ბოლშევიზმისა და ფაშიზმის მსგავსებაზე, ახლა უკვე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, პირდაპირ აცხადებენ და ბოლშევიზმს ფაშიზმთან, ხოლო კომუნისტებს ფაშისტებთან აიგივებენ. იმ ხალხს კი, ვინც ომის დროს ტყვედ ჩაბარდა (და არა _ ჩავარდა) და ჰიტლერის მხარეს იბრძოდა, გმირებად და ქვეყნის პატრიოტებად წარმოგვიჩენენ. პირდაპირ სამარცხვინოა ყველაფერი ეს. ეს ხალხი ან ისტორიის ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევიან, ანდა, უბრალოდ, დემაგოგიას ეწევიან.

მივესალმები გადაცემაში მონაწილე ბ-ნ კუდავას და მის გამომცემლობას ამ წიგნების ქართულ ენაზე გამოცემისთვის. ისინი აუცილებლად უნდა წაიკითხო, რომ მართლაც ნათელი წარმოდგენა შეგექმნას გრიგოლ რობაქიძეზე. ორი აზრი არ არსებობს და არც სადავოა, რომ ბატონი რობაქიძე ნიჭიერი კაცი და კარგი მწერალი იყო. ამასთან, საკმაოდ შორსმჭვრეტელი და წინასწარმეტყველიც აღმოჩნდა, რასაც მისი გებელსთან საუბარიც ადასტურებს. როგორც ამბობენ, საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებაზე საიდუმლო ინფორმაციამ გაჟონა და ის რობაქიძის ყურამდეც მივიდა. ამიტომ მან, როგორც ჰიტლერის მრჩეველმა კავკასიის საკითხებში, თავი ვალდებულად  ჩათვალა, აღნიშნულის შესახებ თავისი აზრი ჰიტლერისთვის მიეწოდებინა. ამის გამო იგი შეხვდა გებელსს და მათ შორის ასეთი საუბარი გაიმართა: «ბატონო იოზეფ, ჭორის დონეზე ჩემამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ ფიურერი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყებას აპირებს. და თუ ეს ასეა, გადაეცით ფიურერს, რომ იგი მომაკვდინებელ და გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს, და ამით გერმანელი ხალხისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს». გებელსი მოულოდნელობისგან შეცბა, რადგან ომის დაწყების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ჰიტლერთან დაახლოებულმა ძალიან ვიწრო წრემ იცოდა. რობაქიძისგან ამის მოსმენა მისთვის მოულოდნელი და გამაოგნებელი იყო. მცირე შეყოვნების შემდეგ მან აზრი მოიკრიფა, გონება დაძაბა და ძალზე უდარდელი ტონით, ვითომ არაფერი მომხდარაო, უპასუხა: «კი მაგრამ, საიდან მოიტანეთ ასეთი ჭორი და სიცრუე, რომლის მსგავსი ბუნებაში არ არსებობს? ჩვენ ახლახან საბჭოთა კავშირთან დავდეთ თავდაუსხმელობისა და ურთიერთთანამშრომლობის პაქტი, რომელსაც კეთილსინდისიერად ვასრულებთ. და რომელ ომზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებსაც უნდათ, რომ საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის ურთიერთობა დაიძაბოს». ნაძალადევი სიმშვიდით დაასრულა თავისი სათქმელი გებელსმა. მიუხედავად ამისა, გებელსი ამ ინფორმაციამ ძალიან დააფიქრა, ათასი აზრი უტრიალებდა თავში, ფიქრობდა, ეს კავკასიელი რობაქიძე სტალინის თანამემამულეა და შემოგზავნილი აგენტი ხომ არ არისო. მაგრამ ბოლოს მაინც ცნობისმოყვარეობამ სძლია და საკმაოდ გულგრილად ჰკითხა: «მართალია, ამის მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ დავუშვათ და ფიურერი მართლა აპირებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყებას, რატომ თვლით, რომ ის მომაკვდინებელ შეცდომას უშვებს?». დაამთავრა შეკითხვა გებელსმა და გამომცდელად ჩახედა რობაქიძეს თვალებში. რობაქიძემ მისთვის ჩვეული დამაჯერებლობით უპასუხა: «მე კავკასიელი გახლავარ, საქართველოდან, ბრწყინვალედ ვიცნობ ჩემი სამშობლოს, საქართველოს ისტორიას, ასევე ძალიან კარგად ვიცნობ რუსეთის ისტორიასაც, რის საფუძველზეც შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ საქართველო მტერთან ბრძოლაში მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ოდითგანვე განიცდიდა ცოცხალი ძალების ნაკლებობას, სამაგიეროდ ყოველთვის ჭარბად ჰყავდა დიდი და ძლიერი მხედართმთავრები. რუსეთს კი პირიქით, ოდითგან ჭარბად ჰყავდა ცოცხალი ძალა, მაგრამ არ ჰყოფნიდა დიდი და ძლიერი მხედართმთავრები. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია, ვინაიდან ქართველი სტალინის სახით რუსეთს ჰყავს დიდი და ძლიერი ქვეყნის მმართველი და მხედართმთავარი, ხოლო ცოცხალი ძალა _ ჭარბად, ამიტომ მე არ ვურჩევ ფიურერს მის წინააღმდეგ ომის დაწყებას. არ იფიქროთ, რომ მე სტალინის სიყვარული მალაპარაკებს. არა, მე მას ვერ ვიტან, ჭირივით მეზიზღება, მძულს, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია და მას ანგარიში უნდა გავუწიოთ», _ დაამთავრა თავისი სათქმელი ბატონმა რობაქიძემ». ისე აგიხდათ ყოველივე კარგი, როგორც ეს ჰიტლერს აუხდა. ამიტომ ასეთი დონის მწერალს და შორსმჭვრეტელ კაცს უფრო მკაცრად მოეკითხება მის მიერ შექმნილ ნებისმიერ ნაწარმოებზე თუ პუბლიცისტურ წერილებზე.
ჩემი აზრით, ბ-ნი რობაქიძე, როგორც მწერალი, ნამდვილად დიდია, მაგრამ როგორც პიროვნება იგი პატარა, სუსტი და უნებისყოფო ადამიანი აღმოჩნდა, რასაც იგი თავისივე შემოქმედებით ამტკიცებს.
ამის დასადასტურებლად მისი «სტალინის ჰოროსკოპი» და «ჰიტლერი»-ც კმარა. კაცი, რომელიც «სტალინის ჰოროსკოპს» წერს და ამავე დროს ჰიტლერს ხოტბას ასხამს, ეს ჩემთვის და, ალბათ, ყველა საღად მოაზროვნე ქართველისთვის მიუღებელი და გაუგებარია. რაც შეეხება ბატონ რობაქიძის გერმანიაში ცოდნის გასაღრმავებლად წასვლას და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ამ ცოდნისა და გამოცდილების საკუთარი ხალხისთვის მოხმარებას, ეს სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.
ბატონმა გრიგოლმა მეუღლესთან ერთად ავადმყოფობის მომიზეზებით გერმანიაში სამკურნალოდ წასვლაზე დახმარებისთვის ორჯონიკიძეს მიმართა. ამ უკანასკნელმა თავის თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა და უშუამდგომლა მას გერმანიაში წასვლის თაობაზე, საიდანაც ის აღარ დაბრუნებულა. ყველაფერი ეს მან, წინასწარ განზრახვით, შეგნებულად და მიზანმიმართულად გააკეთა, რათა ემიგრაციაში წასულიყო და სამუდამოდ იქ დარჩენილიყო, რითაც მან, ფაქტობრივად, თავის სამშობლოსა და ხალხს უღალატა.
გასაგებია, რომ სტალინი და კომუნისტები არ მოწონდა, არ უნდოდა მათთან ერთად ცხოვრება და ამიტომ  გაცლა და ემიგრაციაში ყოფნა ამჯობინა, მაგრამ ქვეყნის ღალატს და ჰიტლერის მხარში დგომას ვინ აიძულებდა, ვერაფრით გამიგია. იმ პერიოდში ძალიან ბევრი ქართველი იმყოფებოდა ემიგრაციაში, მაგრამ ჰიტლერთან ერთად თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი საკმაოდ მცირე ნაწილი თუ მონაწილეობდა.
არც ბაქრაძის მეხოტბე ვარ და მითუმეტეს _ ლადარიასი, მაგრამ მინდა ვაღიარო, რომ ლადარიასაც კი ეყო ვაჟკაცობა და შეპარვით, ვითომ რედაქციას ეს ნაწარმოები ცალკე არ უნდა დაებეჭდა და მის ტომეულებში უნდა შესულიყო ამ ქვეტექსტით, ფაქტობრივად, გააკრიტიკა რობაქიძე თავისი «ჰიტლერით». ბ-ნ ლაშასაც ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც ნაძალადევი ობიექტურობით შეაფასა მისი «ჰიტლერი». რაც შეეხება იმ ქართველების გმირად გამოყვანას, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ და შემდეგ ვითომ ჰიტლერის ხელმძღვანელობით თავიანთი სამშობლოს, საქართველოს განთავისუფლებისთვის ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ, ეს უბრალო დემაგოგია და წმინდა წყლის მარაზმია. ისინი მხდალი, ლაჩარი და თავისი ტყავის გადარჩენისთვის მებრძოლი ქვეყნის მოღალატეები იყვნენ.
ის, რაც ჰიტლერმა და მისმა ხროვამ საბჭოთა კავშირის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინეს, თუ მათ კიდევ მისი სჯეროდათ, ისინი, უბრალოდ, სულელები ყოფილან და მეტი არაფერი. მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ისეთი სისასტიკე, რასაც ჰიტლერი სჩადიოდა, ამას თვით ტყის ნადირებიც კი არ აკეთებდნენ. ყოველივე ამის შემდეგ თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ჰიტლერი იმისათვის იკლავდა თავს, რომ მათთვის სამშობლო გაეთავისუფლებინა, ძალიან ცდება. მისი დაუოკებელი სურვილი მსოფლიოზე ბატონობა იყო და, რომ არა სტალინი, წინ არაფერი დაუდგებოდა და მიაღწევდა კიდეც მიზანს. საინტერესოა, ნეტავ, როდის ესაუბრა მათ ჰიტლერი და როდის მისცა იმის პირობა, რომ, აბა, ბიჭებო, თქვენ ყოჩაღად მოიქეცით, კარგად იბრძოლეთ თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მე კი სამშობლოს გაგითავისუფლებთ და ხელისუფლებას თქვენ ჩაგაბარებთო. არ მგონია, ეს ლაჩარი და სამშობლოს მოღალატე ქართველები ისეთი სულელებიც ყოფილიყვნენ, რომ ეს ყველაფერი დაეჯერებინათ.
ახლა, როცა კავკასიის მიმართ ჰიტლერის ყველა განზრახვა გამომზეურებული და გაშიფრულია, ამ «გმირი ქართველების» ქმედება, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია და მეტი არაფერი. საქართველოში ხომ მხოლოდ ერთი-ერთნახევარ მილიონ ადამიანამდე უნდა დარჩენილიყო მომსახურე პერსონალის სახით, ხოლო დანარჩენების ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო. ამ ფონზე სასაცილოდ გამოიყურება ზოგიერთების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჰიტლერი თითქოს საქართველოს განთავისუფლებაზე ზრუნავდა. ფაქტია, რომ მის გეგმაში შედიოდა დიდი კავკასიის შექმნა, სადაც აჭარა არ შედიოდა, რუკაზე იგი დაშტრიხულია და თურქეთის შემადგენლობაში უნდა გადასულიყო.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც სერიოზულად ამტკიცებენ ან ვინმეს საამებლად ამბობენ, რომ თურმე გერმანელი ჰიტლერი უფრო კეთილად იყო განწყობილი საქართველოს მიმართ, ვიდრე ქართველი სტალინი. უბრალოდ, სამარცხვინოა ასეთი მსჯელობა. ამ შემთხვევაში, ძალზე საცოდავად გამოიყურება ისტორიკოსი გელა სულაძე, რომელიც ხოტბას ასხამდა და გმირებად წარმოგვიჩენდა ჰიტლერის სამსახურში ჩამდგარ იმ 30 ათას ქართველ მებრძოლს, რომლებიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ვითომდა საქართველოს განთავისუფლებისთვის. ისინი საქართველოს განთავისუფლებისთვის კი არა, თავიანთი გვამების გადასარჩენად იბრძოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ამისათვის.
ბატონი გელა დანანებით აღნიშნავს, რომ ვერმახტის სარდლობა ამ «საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველებისგან» დივერსიულ ჯგუფებს ქმნიდა და შემდგომ დესანტის სახით კავკასიაში ჩამოსხამდაო. მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი ასეთი ჩამოსხმა წარმატებით არ დამთავრებულა, ვინაიდან საბჭოთა სარდლობამ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური მებრძოლი ჯგუფები შექმნაო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი სისასტიკით უსწორდებოდნენ ისინი ამ ქართველებისგან შემდგარ სადესანტო ჯგუფებსო. ზოგიერთს მიწაზე დაშვებასაც არ აცლიდნენ და პირდაპირ ჰაერში ავტომატის ჯერით ცელავდნენო. ამიტომ ზოგიერთი მათგანი ხეზე ჩამოკიდებული რჩებოდა და გვამი ისე იხრწნებოდა, არც კი მარხავდნენო. ამას ისეთი გულის წუხილით ამბობდა ბატონი გელა, რომ თითქოს ისინი ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად კი არა, დედა ტერეზას მიერ ჰუმანური მისიით იყვნენ გამოგზავნილი კავკასიაში ჩვენი მებრძოლების დასახმარებლად. ისე, ბატონო გელა, რაც მართალია, მართალია, დაუმარხავი ნამდვილად არ უნდა დაეტოვებინათ. ეს კი არა, პატარ-პატარა ობელისკებიც უნდა დაედგათ წარწერით: «აქ განისვენებენ ჰიტლერის მიერ გამოგზავნილი, საქართველოს განთავისუფლებისთვის, ბრძოლაში დაღუპული ქართველი ვაჟკაცები». თანაც, თუ წლისთავი არა, 40 მაინც უნდა გადაეხადათ. სწორედ ამას შეესაბამება ზემო იმერეთის ერთ მშვენიერ ქალაქში მცხოვრები ერთი კოლორიტი ურიკინე მოპოეტო კაცის გამონათქვამი: «ხეს გამოუსხამს კვირტები, მოდი და ნუ გაკვირდები».
როცა სტალინს ჰიტლერს ადარებენ და ამას შეგნებულად აკეთებენ, ისინი უბრალოდ მეცოდება, მაგრამ ბევრი ამით რაღაც მოგებას ნახულობს და ამას ანგარებით აკეთებს. ზოგიერთი კი ტელევიზიაში გაჩაღებული ანტისტალინური პოლიტიკის ზეგავლენით ამ ფარსს მექანიკურად იმეორებს და ამ პროპაგანდის მსხვერპლი ხდება.
ტელევიზიის გავლენით ზოგი ისეა დაბრმავებული, რომ მართლა სჯერა, სტალინი ჰიტლერზე უარესიაო. ეს პროპაგანდა განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე მოქმედებს, რომლებიც არც სტალინის დროს მოსწრებია და არც მის შემოქმედებას იცნობს. ცნობილი ფაქტია, რომ სტალინი, როგორც მსოფლიო დონის უდიდესი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი, მსოფლიოში ერთ-ერთი სოციალურად ყველაზე დაცული და სამართლიანი სახელმწიფოს შემქმნელი, დასავლეთს ყელში აქვს გაჩხერილი და ვერაფერს უხერხებს. ამიტომაა, რომ ყველანაირ ბინძურ მეთოდებს მიმართავს მისი დაკნინებისა და ისტორიიდან წაშლისთვის, რასაც აკეთებს კიდეც და თანაც _ ქართველების ხელით.
ბუჰენვალდისა და ოსვენციმის შემქმნელი ჰიტლერი თურმე საქართველოს განთავისუფლებისთვის იბრძოდა, ხოლო ქართველი სტალინი _ საქართველოს ოკუპაციისთვის. როდის იყო ოკუპანტი ოკუპირებულ ქვეყანას ტერიტორიებს უმატებდა, ოპერის თეატრსა და კონსერვატორიის შენობას ურემონტებდა, ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნავდა, მეცნიერებათა აკადემიას უხსნიდა, მათი განათლებისა და კულტურის განვითარებისთვის იღვწოდა. ქვეყნიდან გატანილ ეროვნულ განძს უბრუნებდა, დეკადებს ატარებინებდა და ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებაზე ზრუნავდა. ანდა, როგორ შეიძლებოდა ოკუპანტს «ვარდს გაეფურჩქნა კოკორი» დაეწერა?! უბრალოდ, მკრეხელობად მიმაჩნია სტალინის დამცველის როლში მოვლინება, მას დაცვა არ ჭირდება, ის ჯერ კიდევ აქეთ გვიცავს. რომ არა მისი ძეგლი, 2008 წლის აგვისტოში გორს მიწასთან გაასწორებდნენ, მაგრამ ამის დანახვა არავის უნდა. მის მშობლიურ ქალაქში ერთადერთი შემორჩენილი ძეგლი, რომლის მოხსნა თვით ხრუშჩოვმაც ვერ გარისკა, ქართველებმა აიღეს. ყოჩაღ, ბიჭებო, მკვდართან მაგრები ხართ. ის ისეთი ბუმბერაზი პიროვნებაა, მასზე უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ მე აღარ გავაგრძელებ და წერილს პიკასოს სიტყვებით დავამთავრებ: «თუკი მსოფლიო ისტორიას სამი-ოთხი პიროვნება შემორჩება, ერთ-ერთი უეჭველად სტალინი იქნება».
დანართი: წერილი დამთავრებული მქონდა, როცა საზოგადოებრივ ტელევიზიაში მიმდინარე წლის 26 მაისს იმავე სანაიას გადაცემაში, რომლის უცვლელი სცენარისტი ბატონი შოთა მალაშხიაა, სტალინი ჰიტლერთან თანამშრომლობასა და პოლონეთის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში დაადანაშაულეს. რომ მან ჰიტლერთან ერთად ნახევარი პოლონეთის ოკუპაცია მოახდინა და იგი უკრაინასა და ბელორუსიას მიუერთაო, ხოლო ოკუპირებული მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაასახლა, ნაწილი კი, ძირითადად ინტელიგენცია, დახვრიტაო. ამასთან, ბატონ მალაშხიას ავიწყდება ამავე გადაცემის წინა ნაწილში მოხსენიებული ჰიტლერის დირექტივა, რომლითაც მან თავის გენერლებსა და ჯარისკაცებს მიმართა, პოლონეთი მარტო კი არ უნდა დავიპყროთ, უნდა გავანადგუროთ, დაივიწყეთ, რომ გული გაქვთ, მათ უგულოდ უნდა მოექცეთ და პირისაგან მიწისა აღგავოთო.
გაიხსენეთ ან, უბრალოდ, ისტორიას გადაავლეთ თვალი და დარწმუნდებით, თუ რა ბარბაროსობას სჩადიოდნენ ჰიტლერელები პოლონელი ხალხის მიმართ. ჰიტლერმა სად გახსნა პირველი საკონცენტრაციო ბანაკი და სად ამოხოცა პოლონეთის ასი ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა. სტალინმა კი თითქმის ნახევარი პოლონეთი იხსნა იმ ველურობისგან, რასაც იქ მხეცი ფაშისტები სჩადიოდნენ. სტალინს ადანაშაულებენ, რომ ვარშავის 1944 წლის ცნობილ აჯანყებაში აჯანყებულებს არ დაეხმარა, თუმცა ვარშავიდან რამდენიმე კილომეტრში იდგა საბჭოთა შენაერთები, რომლებმაც შეტევა შეწყვიტეს და ხელი არ გაანძრიეს განსაცდელში ჩავარდნილი პოლონელების საშველადო. ამასთან, ავიწყდებათ ან შეგნებულად არ ამბობენ, რომ სტალინმა აჯანყების პირველსავე დღეს აჯანყებულებს დახმარება შესთავაზა და მაშველი ხელი გაუწოდა, მაგრამ აჯანყების ხელმძღვანელმა, უფრო სწორად ჩერჩილის მხარდაჭერით გაგულისებულმა და მისმა მაპროვოცირებელმა პოლონეთის ემიგრირებულმა მთავრობამ, რომლებიც აჯანყებას ინგლისიდან ხელმძღვანელობდნენ და შორიდან უყურებდნენ თავიანთი თანამემამულეების უსასტიკეს ხოცვა-ჟლეტას, სტალინის დახმარება იუკადრისეს და შეთავაზებულ წინადადებაზე უარი უთხრეს. ამის შემდეგ არც ერთი თავმოყვარე ადამიანი მათ დახმარების ხელს აღარ გაუწვდიდა. აი, მათი ასეთი ამპარტავნული კაპრიზის შედეგი იყო ის, რომ ისედაც დამარცხებისგან გამწარებულმა ფაშისტებმა ჯავრი პოლონელებზე იყარეს და მიწასთან გაასწორეს ვარშავა, ხოლო მისი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ამოხოცეს. ყოველივე ამის შემდეგ ისე, რომ სინდისი არ აწუხებს, ჩერჩილის მხარდაჭერითა და მისივე დაჟინებული მოთხოვნით, პოლონეთის ემიგრირებული მთავრობა პრეტენზიას აცხადებდა ომისშემდგომი პოლონეთის ხელმძღვანელობაზე, რასაც სტალინის კატეგორიული პროტესტი მოჰყვა და ჩერჩილი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. როგორც ჩანს, ბატონ მალახშიას ან ისტორიის ცოდნის დიაპაზონი უშლის ხელს, ან შეგნებულად არაფერს ამბობს, თორემ მშვენიერი პარალელის გავლება შეიძლებოდა 1920 წ. ტუხაჩევსკის მიერ პოლონეთზე გალაშქრებასთან დაკავშირებით, რისი სასტიკი წინააღმდეგი იყო სტალინი. მაგრამ მაშინ ყველაფერს ტროცკი წყვეტდა და მას არავინ დაუჯერა. ასე რომ, ეს ლაშქრობა ტუხაჩევსკიმ ტროცკთან შეთანხმებით, ერთპიროვნულად გადაწყვიტა და კაი ჩიტიც დაიჭირა. პოლონელებთან სასტიკად დამარცხების შემდეგ ის სტალინს დახმარებას სთხოვს, მაგრამ იგი პრინციპულად არ ეხმარება და სასტიკად დამარცხებული ჩვენი სასიქადულო ტუხაჩევსკი კუდამოძუებული გარბის ბრძოლის ველიდან. მისი და ტროცკის ამ ახირებულობას კი ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა და კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა რუსეთის ისტორიაში. ამის შესახებ რატომ არაფერს ამბობს ბატონი მალაშხია? რომ სტალინი ღირსეულად მოიქცა, პოლონელების მხარე დაიჭირა და ტუხაჩევსკის არ დაეხმარა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბატონ მალაშხიას, საითაც უნდა, ქოთანს იქ აბამს ყურს. რა ენაღვლება, თიხა მაგის ხელშია და სატრიალო დაზგა, რასაც უნდა იმას აკეთებს. მალე, ალბათ, ქოთანს ყურებს შუა ცხვირსაც გამოაბამს და ასეთ ცხვირიან ქოთანს გვაჩვენებენ ტელევიზიით. ისტორიის ფალსიფიკაცია არავის შერჩენია და არც თქვენ შეგრჩებათ, ბატონებო. ასე ეგონა ხრუშჩოვსაც, მაგრამ სულ რაღაც 11 წელი დასჭირდა მისი ავანტურის გამჟღავნებას და ნიღაბის ჩამოხსნას, რითაც ისტორიამ მას საკადრისი მიუზღო და თავისი შესაფერისი ადგილი მიუჩინა პოლიტიკურ სანაგვეზე. სიმართლე, მართალია, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ თავის გზას მაინც პოულობს, გეშინოდეთ მისი.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here