Home რუბრიკები ისტორია შევარდნაძე-სააკაშვილის ნახელავი

შევარდნაძე-სააკაშვილის ნახელავი

სოხუმი

27 სექტემბერს საქართველომ სოხუმის დაცემა გაიხსენა და გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინებით შეამკო. 24 წელი გავიდა იმ ავადსახსენებელი დღიდან, ქართულმა პოლიტიკამ რომ არგუნა ხალხს. 27 სექტემბერს ომში დაღუპულთა მემორიალთან მივიდაქართული ოცნება” _ საქართველოს სახელისუფლო პარტია, რომლის წარმომადგენელთა უმრავლესობას 5 წლის წინათ სულაც არ ახსენდებოდა 27 სექტემბერი. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც არ გაახსენდება.

24 წლის წინათ საქართველოს “გონიერმა” ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა წრემ (“პატრიოტული” შემართებით გაჟღენთილმა ხალხის ნაწილმა) გადადგა ნაბიჯი საკუთარი ხალხის, ქვეყნის წინააღმდეგ და ჯარი მიაყენა სოხუმს, სრულიად აფხაზეთს “წესრიგის აღსადგენად”.

შედეგი _ ქართველთათვის დაკარგული აფხაზეთი. ლტოლვილები, მრავალი წლის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრება უსახლკაროდ, ლუკმაპურის საშოვნელად თბილისისა და სხვა ქალაქების ბაზრებში ხეტიალი.

24 წლის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ლტოლვილთა ბინით დაკმაყოფილება, დასაქმება, მათთვის ელემენტარული პირობების შექმნა.

აფხაზეთის ომმა 10 000-ზე მეტი ქართველი შეიწირა, 3000-ზე მეტი აფხაზი _ ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, დაჭრილდასახიჩრებულებს ვინ მოთვლის.

ოფიციალური თბილისის სავალალო გადაწყვეტილებამ _ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე წესრიგის ვითომ დამყარების სურვილმა _ გამოიწვია საქართველოს დაყოფა საქართველოდ და აფხაზეთად ჩვენს გონებასა და გულში და, რაც უნდა ვიძახოთ, “ჩვენ ერთნი ვართ, ძმები, დები და ნათესავები”, არაფერი გამოვა, ვინაიდან თვითონვე გადავდგით ერთმანეთის დასაშორებელი საბედისწერო ნაბიჯი.

ჩვენ თვითონვე მივუშვით ტანკები, სხვა სამხედრო ტექნიკა აფხაზეთზე _ საქართველოს ძირძველ მიწაზე, ანუ საქართველოზე, იმ აფხაზზე, ქართველზე, სომეხზე, სხვაზე, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ ამ მხარეში. 60 000 აფხაზი და 350 000 ქართველი ერთმანეთს დავატაკეთ. ამ უთანასწორო ბრძოლაში უმცირესობამ იძალა, _ შეიგნო რა მამულის დაცვის აუცილებლობა. 350 000-მა ქართველმა საკუთარ მამულად დანარჩენი საქართველო ჩათვალა და ფეხით, წამებით, მსხვერპლით მოაშურა თბილისს. მას შემდეგ ისინი აქ არიან. არიან სხვაგანაც, საერთო ფერხულიდან, თუ ამას ფერხული ჰქვია, განცალკევებით მყოფნი.

რაც შევარდნაძის ხელისუფლებამ მოახერხა ლტოლვილებისთვის, იყო სამინისტროების შექმნა აფხაზეთის “შემოსარიგებლად”, თბილისში აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ჩამოყალიბება და ა.შ. ის, რაც აფხაზეთის ომის მთავარმა შემოქმედმა შევარდნაძემ მოახერხა, იყო ხალხის დარწმუნება თავის “უმანკოებასა” და სხვის დანაშაულში. ეს იყო სხვა რუსეთი, რომელმაც ჩაითრია საქართველო მზაკვრულ გეგმაში და ომიც დააწყებინა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

ამ ვერსიას საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება რეგულარულად გაიძახოდა, რაც ბრიყვული თავის მართლება იყო. ვინ დაიჯერებს, აფხაზთა ძალებზე ათჯერ მეტი ქართული სამხედრო ძალისა და შეიარაღების სავალალო დამარცხებას? თუ ამას დავუმატებთ აფხაზეთის ავტონომიაში მცხოვრებ 350 000 ქართველს, 60 000 აფხაზის გამარჯვება, მართლაც, დაუჯერებელია.

მაგრამ ისტორიაში არც ისე იშვიათად ნახავთ ცნობას მცირე სამხედრო ძალის ძლიერსა და მრავალრიცხოვანზე გამარჯვების შესახებ. ქართველთა მარცხი ობიექტური მოსაზრებით რომ ყოფილიყო განმტკიცებული, უმალ რუსეთი გაიხსენეს. ხან რა ითქვა და ხან რა: აფხაზთა მხარეს რუსეთის რეგულარული არმიის ბრძოლა, ჩრდილოკავკასიელთა დახმარება, დაქირავებული რუსიბოევიკებიდა ..

აფხაზეთის ომში რუსი დაქირავებული მეომრებისა და ჩრდილოკავკასიელთა მონაწილეობა გაკვირვებას არ იწვევს. დღეს სირიაში ტერორისტების მხარეს რუსეთის, დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები რომ იბრძვიან, გასაკვირია? მიუხედავად იმისა, რომ აფხაზთა მხარეს ათობით და ასობით რუსი თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლი იბრძოდა, ქართული მხარე, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად, გაცილებით მეტი იყო, მაგრამ…

გასული საუკუნის 90-იანი წლების “გმირი” ხელისუფლება ცოცხალი აღარ არის. არის დაკარგული აფხაზეთი და კიდევ სამხრეთ ოსეთი _ შევარდნაძისა და მისი ხელისუფლების პოლიტიკის გამგრძელებელი სააკაშვილის ნახელავი.

საქართველოს ხელისუფლება, პარტიული ელიტა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც წარსული საბედისწერო შეცდომებიდან დასკვნები არ გამოაქვს. ანალოგიური შეცდომა და გაცილებით მძიმე შედეგი _ მძინარე ცხინვალზე შეტევა, მარცხი და 24 წლის წინათ დე ფაქტოდ დაკარგულის დე იურედ აღიარება.

1992 წლის აფხაზეთის ომიდან 2008 წლის ცხინვალის ომამდე არაერთი წელიწადია, არაერთი განსჯა, ფიქრი, ჩატეხილი ხიდის ვითომ აღდგენის მცდელობა, საქართველოში შემავალი ავტონომიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ციკლი, ლაპარაკი (ჩვენი მხრიდან) ძმობასა და მეგობრობაზე… და ისევ ომი, ისევ მარცხი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება, რუსეთის აგრესორად, ოკუპანტად, მტრად შერაცხვა და განუწყვეტელი ლანძღვა-გინება.

1992 წლის ომით დაწყებული, სოხუმის დაცემით დამთავრებული და 2008 წლის მარცხით გაგრძელებული ანტირუსულ რიტორიკას არც ფორმა და არც შინაარსი არ შეცვლია. ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო სარბიელზე ბევრი რამ მოხდა საყურადღებო, აღსანიშნავი, მისაბაძი, ჩვენთვის საინტერესო, მაგრამ ჩვენ უცვლელი ვართ, ერთ ადგილას მყარად მდგომი, რუსეთის მყარად მაგინებელი.

ჩნდება კითხვა: როდესაც ევროკავშირის სპეცკომისიამ 2008 წლის ომის დაწყებისა და მძინარე ცხინვალზეგრადებისდაყრის გამო სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აგრესორად გამოაცხადა, რატომ არის რუსეთი აგრესორი?

როგორც იქნა, უკვე ჩვენშიც ამბობენ, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და, მიუხედავად ამისა, ალოგიკურად საუბრობენ რუსულ აგრესიაზე. თუ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთმა გვიპასუხა, ამას სხვა შეფასება უნდა ჰქონდეს.

ისევე, როგორც 1992 წლის ომის შემდეგ, 2008 წელსაც გაისმა რუსეთის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მითი. ამჩათრევამსკოლის წლები გამახსენა და იმხნად გავრცელებული მოსაზრება _ უფროსკლასელთა მიერ უმცროსკლასელებისცუდსაქმეში ჩათრევა. სსრკ კპ ცკის პოლიტბიუროს ყოფილი წევრისა და საგარეო საქმეთა მინისტრ შევარდნაძისუმცროსკლასელობაისეთივე დაუჯერებელი ამბავია, როგორც მისიჩათრევაავანტიურაში.

გარდა ამისა, არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკოსის (სააკაშვილის) ძუძუმწოვარად და “ჩათრეულად” გამოცხადება საკუთარი თავის შეურაცხყოფაა, მაგრამ რა გაეწყობა, ასეთები ვართ _ შეუცვლელი, ჯიუტად ერთ ადგილზე მდგომი დიდყურა ცხოველივით.

24 წელია, ვლანძღავთ რუსეთს, თავსლაფს ვასხამთ მსოფლიოში. ანალოგიურად ვიქცევით ყოფილი ავტონომიების მიმართ _ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს მოვიხსენიებთ სეპარატისტებად, ადამიანის უფლებების უხეშ დამრღვევებად, ტრეფიკინგის ნაკრძალად, სეპარატისტების მიერ არჩევნების გზით არჩეულ ხელისუფლებას _ უკანონოდ, ეგრეთ წოდებულად, ორი ყოფილი ავტონომიის ხელისუფლებას _ კანონიერად. რომელს “დაამშვენებდა” ე.წ. ისედაც ნათელია. იქაური ე.წ. მართავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. აქაური?

24 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ხელისუფლება დასავლეთის გულის მოგებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემით, რუსულ აგრესიაზე ყვირილით ცდილობდა და, აქედან გამომდინარე, ფინანსური დახმარების მიღებას.

ობიექტურიდასავლეთი ყოველთვის ცდილობდა გონგამოცლილი ქართველი პოლიტიკოსების დაყვავებას, თავზე ხელის გადასმას და მეტი ანტირუსული პოლიტიკისთვის გამოყენებას. ქართული პოლიტიკა ან ვერ ხედავს, ან დანახვა არ უნდა, რომ დასავლეთს, აშშის ჩათვლით, ფეხებზე ჰკიდია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და, დასამშვიდებელი ფრაზების თქმის გარდა, არაფერს აკეთებს ან რა უნდა გააკეთოს, როდესაც საქართველოს ყველა ხელისუფლებას, დღევანდელის ჩათვლით, ტერიტორიების დაკარგვით გამოწვეული ტრაგედია თავის ბედნიერებად აქვს გადაქცეული.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ის მსუყე სატყუარაა, საკუთარი ხალხისთვის მიწოდებული, რომელიც უცხოეთში მოგზაურობის, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრების, მსოფლიოს მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრების შესაძლებლობას იძლევა. ტერიტორიული მთლიანობის თემა დასავლელ პოლიტიკოსებსაც ხიბლავთ, ვინაიდან საქართველოს დასახმარებლად სხვადასხვა კონსულტაციაში შესაშურ დაფინანსებას იღებენ.

ორივე მხარე კმაყოფილია _ იქითაც და აქეთაც, უკმაყოფილო არის ის, ვის თავზეც ეს ფარსი ტრიალებს _ საქართველო. ესოდენ ერთსულოვან ფერხულში ვინ ისურვებს საქმის დასრულებას? _ არავინ. სწორედ ამიტომ 24 წლის განმავლობაში ვიხსენებთ სოხუმის დაცემას და კიდევ არაერთი 24 წლის განმავლობაში გავიხსენებთ. გავიხსენებთ ზერელედ, ზედაპირულად, ცინიკურად. გავიმეორებ: ა.წ. 27 სექტემბერს წინა და იმის წინა ხელისუფლების რომელმა წარმომადგენელმა მიაკითხა გმირთა მემორიალს?

24 წლის განმავლობაში არც ერთმა ხელისუფლებამ არ იფიქრა საკითხის მოსაგავრებლად სერიოზული ნაბიჯის გადადგმაზე, არც გმირთა მოედნიდან ყველაზე გადატვირთული გზაჯვარედინიდან გმირთა მემორიალის შესაბამის ადგილზე გადატანაზე. არც ერთ ხელისუფლებას სირცხვილის განცდა არ გასჩენია მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების მემორიალთან მიყვანისას.

საქართველოს ხელისუფლებას ხელს აძლევს ყოფილ ავტონომიებთან შექმნილი სტატუს კვო. მას არ სურს პირდაპირი, ორმხრივი მოლაპარაკება რუსეთთან. ქართულ პოლიტიკას სირცხვილი არ აწუხებს, როდესაც აცხადებს, რომ რუსეთთან მარტო საქართველოს მოლაპარაკება არ შეიძლება, ვინაიდან საქართველო წააგებს, საქართველომ რუსეთთან მხოლოდ დასავლელი “პარტნიორების” თანხლებით უნდა გამართოს მოლაპარაკებაო. ასეთი ქვეყნის სუვერენიტეტი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა განა არ დგება ეჭვის ქვეშ?

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მხოლოდ საქმიანი პოლიტიკური ძალისხმევით შეიძლება გადაიჭრას და არა უსაგნო ლაქლაქით _ “რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია”, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებები _ “ეგრეთ წოდებულები” და სეპარატისტები. ამას გავყვირით, 24 წელიწადია, წარუმატებლად, იქნებ წარმატებულადაც ხელისუფლებისთვის, და ასეც განვაგრძობთ მომავალშიც, თუ გონს არ მოვეგებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here