გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მივმართავ თხოვნით, გამომიქვეყნოს ეს შენიშვნა, ვინაიდან დღევანდელ ქართულ (უფრო სწორად, ვითომ ქართულ) მასმედიაში შეუძლებელია გადაფარო ანტირუსული ისტერიით შეპყრობილ ნაგიჟართა გნიასი: “რუსეთი ოკუპანტია!”.
საქართველოში საჯარო პირების “პოლიტიკური ტესტირების” ორიგინალური მეთოდი დაინერგა. დასმულ შეკითხვაზე: “რუსეთი ოკუპანტია?” რესპონდენტმა დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს “კი” ან “არა”. თუ, დაგიფაროს ღმერთმა, სხაპასხუპით არ იტყვი “კი”-ს და დაიწყებ რაიმე ახსნა-განმარტებას საკითხის დასაზუსტებლად, შენ უკვე ხარ არა მხოლოდ საქართველოს და ქართველი ხალხის, არამედ ცივილიზებული სამყაროს მტერი, რუსეთის ჯაშუში და ა.შ.
განვიხილოთ პასუხის ვარიანტი “დიახ, რუსეთი ოკუპანტია!”
დიახ, რუსეთის საჯარისო დანაყოფები ნამდვილად იმყოფებიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დიახ, ამ ტერიტორიებზე ისინი ნამდვილად ასრულებენ ერთობლივ თავდაცვით ფუნქციას. დიახ, რუსეთმა არა მხოლოდ ცნო ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, არამედ რეალურად ეხმარება მათ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. გასაოცარი ამაში არაფერია, რადგან რუსეთი იცავს თავის სახელმწიფო ინტერესებს, იძენს რა მოკავშირეებს ნატოს ბუფერულ ზონად ქცეული საქართველოს სიახლოვეს.
გასაოცარია სხვა რამ: საერთაშორისო სამართლის არც ერთ ნორმას რუსეთი, როგორც “ოკუპანტი”, არ აკმაყოფილებს, ვინაიდან, ჯერ ერთი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები არ არის რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ; და მეორე: თუ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, მაშინ ოკუპაციის ქვეშ იმყოფებიან ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანები (და არა მხოლოდ აფხაზები და ოსები), თუმცა მათ, ალბათ, არ იციან, რომ ოკუპირებულები არიან და იქნებ სწორედ ამიტომ არ აპროტესტებენ ამ ფაქტს?
კიდევ ერთი უცნაური ვითარება: დავუშვათ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას დიდად არ ადარდებს, როგორ იწოდებიან ისინი საქართველოში, მაგრამ გასაკვირია, ამ ქვეყნების ხელისუფალნი რატომ არ აპროტესტებენ ოკუპაციის ფაქტს. ამის ნაცვლად, ეს “ოკუპირებულები” საქართველოსგან ითხოვენ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას და, ამასთანავე, “ოკუპანტისგან” იღებენ ყველანაირ შესაძლო დახმარებას, თუმცა არ ექომაგებიან რუსეთს, როცა საქართველო მას ოკუპაციის განხორციელებაში ადანაშაულებს. გაუგებარია, რატომ არ შეუძლიათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ამ საკითხის წამოწევა თუნდაც ჟენევის მოლაპარაკებებზე. სხვა თუ არაფერი, ამ საკითხის დაყენება ცოტათი მაინც გამოაცოცხლებდა ძილქუშში მყოფ ამ უაზრო და არაფრისმომცემ “მოლაპარაკებებს”, დამატებითი შემოსავლის წყაროდ რომ გადაქცეულა თბილისის კაბინეტებში განაბული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოგონილი მთავრობების წურბელა მოხელეებისთვის…
მკითხველისთვის, ალბათ, გასაგებია, რომ პასუხის ვარიანტი “არა, რუსეთი არ არის ოკუპანტი” ერთხანს დაბლოკილი იქნება ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო.
შევეცდებით, აქ, ამ ფორმატში მაინც მოვხსნათ ტაბუ ამ საკითხს.
ამისათვის მოკლედ მაინც უნდა განვიხილოთ თურქეთის, როგორც ანექსიატორის, როლი საქართველოს ისტორიაში.
ისტორიულ წიაღსვლებს არ მოვყვები და მივმართავ მხოლოდ ფაქტებს: დაახლოებით ორი საუკუნის წინათ თურქეთმა მიისაკუთრა ქართული მიწები: კარნიფორი, ბასიანი, ძველი დიაოხის ცენტრი _ ქალაქი კარნუ და არზრუმის მხარე. მანვე, არც ისე შორეულ წარსულში, 1921 წელს, მოახდინა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია და ანექსია, მიითვისა რა არტაანი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, ტაო, ოლთისი, თორთომი, პარხალი, სპერი, ლაზეთი, სადაც ქართული წარმოშობის ბევრი მუსლიმი ცხოვრობდა. თურქეთში, კერძოდ კი, ლაზეთში, შავშეთსა და კლარჯეთში დღესაც ცხოვრობს რამდენიმე მილიონი ქართული წარმოშობის ადამიანი.
თურქეთი არა მხოლოდ ისტორიულ წარსულში, არამედ დღესაც განაგრძობს ანექსიის პოლიტიკას საქართველოში და არა ომით, არამედ მშვიდობიანად, კორუფციაში ჩაფლული ქართველი სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვის გზით, ნაბიჯ-ნაბიჯ ისაკუთრებს მიწებს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ თბილისში, სადაც უკვე ათასობით თურქული ოჯახი დამკვიდრდა და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევითა და ხელშეწყობით ეს უკვე წესად იქცა. ის კი არა, თურმე, ნუ იტყვით და, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, “თურქეთი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობარი”(!) ყოფილა…
საქართველოში აშშ-ის კოლონიზატორული პოლიტიკის თაობაზე ბევრის მოყოლა შეიძლება, თუმცა ეს დიდ დროს წაიღებს და, მეორე მხრივ, საჭიროა კი ამ აშკარა ფაქტის კიდევ ერთხელ დადასტურება? მით უმეტეს, როცა კოლონიური ყოფის ერთი ძირითადი ნიშანი ნათლად ჩანს: აშშ-ის სახელმწიფო სიმბოლოები, ევროკავშირის სიმბოლოებთან ერთად, იმდენი, რამდენიც საქართველოშია გამოფენილი, თვით ამერიკასა და ევროკავშირშიც არ არის, ხოლო აშშ-ისა და ევროკავშირის დროშები, დიდი ხანია, საქართველოს ეროვნული სიმბოლო და საუკეთესო “ქართული” სუვენირია…
თუმცა თავმოყვარეობა დაკარგული ხალხისთვის ეს რა საუხერხულოა?!
ცალკე შეიძლება განვიხილოთ არამეზობელი, არაბული თუ უფრო შორეული აზიური ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს კოლონიზაცია (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სიტყვა “კოლონია” ლათინური “კოლერე”-დან მომდინარეობს, რაც “განაშენიანებას” და “მიწის დამუშავებას” ნიშნავს). ქართველ საზოგადოებას ეხამუშება, ეგზოტიკური ქვეყნების ამდენ წარმომადგენელს რომ ხვდება ყოველ ნაბიჯზე, მით უმეტეს, ჩვენს მიწაზე დამკვიდრებულს რომ ხედავს. ჩვენი შუა საუკუნეების ისტორია ასეთი “საამური ეგზოტიკისაგან” შედგებოდა, სანამ აქ რუსეთი არ შემოვიდა და შეცვალა ვითარება. ახლა კი რუსეთის გარეშე ვუბრუნდებით ჩვენს “ბუნებრივ” მდგომარეობას _ ფორმალურად “დამოუკიდებელნი”, გავკივით რუსულ ოკუპაციაზე, სახელმწიფო დაწესებულებებში ვაფრიალებთ ევროკავშირის დროშებს და, ფაქტობრივად, ვართ ამერიკის კოლონია, თურქულ-არაბული ანექსია-კოლონიზაციის სერიოზული ნიშნებით.
დავით ფურცხვანიძე,
ანალიტიკური სააგენტო “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელი
დავით ფურცხვანიძე_ თავიანთ მიწიდან გამოყრილ მაცხოვრებლები სახლები რომ გადაუწვეს _ ისინი არ არსებობენ! მე კიდე ვცდებოდი და მაგენი ადამიანები მეგონა, რომლებიც გამოყარეს საკუთარი მიწიდან, გოჭები ყოფილან. ან არც ყოფილან.
Martals brdzanebt batono davit. sakartvelo okupirebuli da damonebuli ara rusetisgan(dges-dgeobit da arasodes kopila ase sashinlad damonebuli rusetisgan) aramed dasavleti tu aziis kveknebisgan! es aris dgebandeli realoba, romelsac xels uckobs pulse gagijebuli kartuli mtavroba!!!!!!!!!
საქართველო ხელისუფლებისაგან, ამერიკისაგან, ევროპისაგან, ირანისაგან, ინდოელებისაგან, არაბებისაგან, და ჩინელებისაგან, არის ოკუპირებული.დაასახელეთ ქვეყანა, სადაც რუსეთმა ოკუპირება მოახდინა რუსეთი ხელს უშლის ამერიკას ქვეყნების ოკუპირებისაგან მაგალითი ვიეტნამი. კუბა. იუგოსლავია.სირირია და მრავალი სხვა რუსეთი იცავს მის ახლომახლო ტერიტორიებს, რომ არ მიუახლოვდეს დამბყრობელი ნატოს ბლოკი და რუსეთი ამისათვის იცავს, მის ქვეყანას. რუსეთი არ არის ოკუპანტი.