Home რუბრიკები ისტორია ილია ჭავჭავაძე: დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის. ეს ზოგი...

ილია ჭავჭავაძე: დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის. ეს ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი _ გარემოებისა. საქმე კაი დედაკაცობაა

ილია ჭავჭავაძე

ილიას ეპოქაში ევროპასა და რუსეთშიც გაცხარებული კამათი მიმდინარეობდა ქალთა ემანსიპაციის საკითხზე: ქალი მამაკაცის მონა და ტყვე არის და ამდენად, მისი, როგორც თავისუფალი ადამიანის, უფლებები ილახებაო.

დაჩაგრულთა ქომაგნი მოითხოვდნენ ქალებისათვის იმავე უფლებების მინიჭებას, რომლებიც მამაკაცებს ჰქონდათ. ილია ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ იმ ეპოქაში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა ზოგი ისეთი უფლება, რომლებიც უსათუოდ ქალსაც უნდა ჰქონოდა, მაგრამ ხაზს უსვამდა იმასაც, რომ მამაკაცს უწევდა ცხოვრების ყველაზე მძიმე ტვირთის ზიდვა, რომელსაც ქალი ვერ იტვირთებდა. მხოლოდ იმის ძახილი, უფლებები მოგვეცით, სამართლიანი ემანსიპაციის მოსაპოვებლად საკმარისი არ არის, მთავარია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა გარჯით, შრომითა და ჭკუაგონებითო.

დედათა საქმის გამო

I

რაც გინდ დიდ გაჭირვებაში ჩავარდეს კაცი, ერთადერთი გზა ხსნისა კაცის საკუთარი მხნეობა და გამრჯელობაა. მართალია, შესაძლოა, სხვა გარემოებამაც ხელი შეუწყოს კაცს გაჭირვებისაგან დახსნისათვის, მაგრამ თავიდათავი მომქმედი ძალი მთა-კლდის გასარღვევად მაინც კაცის საკუთარი მხნეობაა, საკუთარი თვითმოქმედებაა. უამისოდ სხვისით საქმის წარმართვა, სხვისით ხსნა, სხვისაგან მოლოდინი შველისა და ხსნისა უფრო მიძინებაა მხნეობისა, თვითმოქმედებისა და თავისთავის შველისა, ვიდრე საქმის გაჩარხვა, კეთება და წარმატება.

კაცი, როცა მარტო სხვის ხელს შეჰყურებს, _ აცა, როდის რას მომაწვდისო, როცა მარტო სხვის გულს შეჰკნავის, ღვთის გულისათვის მიშველე რამეო, იგი მთხოვარაა უქმი და არა მომქმედი და გამრჯელი. ამისთანა კაცმა დღეს რომ საქმე გაისწოროს, ხვალ ისევ იმავ დღეში ჩავარდება, რა დღეშიაც სამადლოდ გამოხსნამდე იყო, იმიტომ, რომ თითონ უქმია და მოედანი ცხოვრებისა კი იმისია, ვინც თითონ მხნეობს და ირჯება თავის-თავის საშველად. საზოგადოებას აიღებთ, თუ ცალკე კაცს, ყველგან ერთს და იმავე უცვალებელს ბედისწერასა ჰხედავთ, რომ მარტო საკუთარს თვითმოქმედებას, მხნეობას, გამრჯელობას წარუმართნია საქმე როგორც საზოგადოებისა, ისეც ცალკე კაცისა. რომელი საზოგადოებაც, თუ ცალკე კაცი, სხვაზედ დანდობილა და თითონ გულხელი დაუკრებია, იმას ამ ქვეყანაში პური არსობისა ვერ გამოუცხვია და საცა ეგ პური არ არის, იქ არც სიცოცხლეა, იქ მკვდარი მკვდარზეა აკიდებული, საფლავამდე წასაღებად.

ჩვენ ეს საუბარი ჩამოგვაგდებინა ერთმა წერილმა, რომელიც 4-ს მარტს ჩვენს გაზეთში იყო დაბეჭდილი ამ სათაურით: “საზოგადოების საყურადღებოდ”. ჩვენდა სასიხარულოდ, ამ წერილში ის ვიპოვეთ, რასაც არაერთხელ ვნატრულობდით ეგრეტ წოდებულ “დედაკაცთა საქმის” ჭეშმარიტს გზაზედ დასაყენებლად და, მაშასადამე, წარსამატებლად. ამ წერილში არ არის ის უკბილო საყვედური და უქმი ჩივილი, რომ აი, თქვე გულქვაო კაცებო, რატომ თქვენს უფლებას ჩვენც არ გაგვინაწილებთო? რატომ იმისთანა თავისუფლებას ჩვენც არ გვაძლევთ, რომელიც თქვენ ასე ტკბილად გატარებინებთ თქვენს სიცოცხლესაო და სხვა ამისთანა? არც ის უთავბოლო ფრაზებია იმაზედ თუ, _ დედაკაცს ქვეყანაზედ მარტო სამი “უწმინდაესი, უსამღვთოესი დანიშნულება” აქვსო: დედობა, ცოლობა და დობა, თითქო ყველაზედ უწინარეს იგი იმავე ადამიანად არ იყოს გაჩენილი, როგორც მამაკაცი და, მაშასადამე, მინამ დედობას, ცოლობას, დობას იკისრებდეს, ყველაზედ უწინარეს იგივე ადამიანობა არ მოეთხოვებოდეს, როგორც მამაკაცს. დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის. ეს ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი გარემოებისა. საქმე კაი დედაკაცობაა, კაი ადამიანობაა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, კაი კაცობაა და მერე დედობა, მამობა, ქმრობა, ცოლობა და სხვ. კაცს, დედობის, ქმრობის და სხვა ამისთანის გარდა, კიდევ სხვა ბევრი მოვალეობა აწევს საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე და ყველაზედ უწინარეს ამ მოვალეობას უნდა გაუძღვეს, მამაკაცია თუ დედაკაცი. ამას მარტო კაი-კაცობა შესძლებს. ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმედ, იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური, მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოება არ არის.

ჩვენ ეს, ამხანად მოკლედ გამოთქმული, აზრი იქნება ოდესმე უფრო ვრცლად გავარკვიოთ, ეხლა-კი ისევ ზემოხსენებულ წერილს დავუბრუნდეთ. პატივცემული ავტორი ქალი გვაუწყებს, რომ ჩვენს ქალებს უთავნიათ, ღონე მოიპოვონ და სკოლა გაჰმართონ ქალების გასაზრდელად და თვით გაზრდა შეუფერონ ჩვენის დღევანდელის დღის საჭიროებასა.

“უთუოდ მეტყვით, მკითხველო, _ ამბობს ავტორი, _ რომ ამგვარ სკოლას დიდძალი ფული მოუნდება. მაგრამ, ბატონებო, თქვენის დახმარებით და ჩვენის მეცადინეობით იქნება ეს აზრი საქმედ ვაქციოთ. უეჭველია, საქართველოს ყველა კუთხითგან გამოგვეხმაურებიან, ხელს მოგვაწვდენენ, აღმოგვიჩენენ შემწეობას და ამითი გაგვამხნევებენ და შეგვისუბუქებენ იმ ტვირთს, რომელიც ჩვენ ვიდეთ კისრად”.

ჩვენ ამ წერილისა ის მოგვწონს და ის გვიხარიან, რომ ჩვენს ქალებს თავისთავის შველა მოუწადინებიათ და სათავედ დაუდვიათ საკუთარი მხნეობა, საკუთარი მეცადინეობა. უკეთესს სახსარს, უკეთესს ღონეს სხვას ვერას იპოვნიან, თუ მართლა ჰსურთ საქმის გაკეთება და არა ტყუილუბრალო წივილკივილი. ჩვენ ეს ამბავი სიხარულით შეგვაქვს ჩვენს მატიანეში და მივულოცავთ ჩვენს ქალებს, რომ ჭეშმარიტს გზას დასდგომიან თავიანთ სვე-ბედის გასასწორებლად. მალე შეუსრულდებათ ეს კეთილი განზრახვა თუ გვიან, _ დღეს საქმე იმაში არ არის. საქმე იმაშია, რომ თავიანთი საკუთარი მხნეობა, საკუთარი გამრჯელობა დაუდვიათ სათავედ თავიანთ მოქმედებისათვის და შესდგომიან, რომ თავის საკუთარის ხელითა და გარჯით გაიტანონ ცხოვრების მოედნიდამ თავიანთ სვე-ბედის ბურთი. რაც გინდ ბევრი დაბრკოლება აღმოუჩნდეს პირველ ხანებში ამ ქალებისაგან განზრახულს საქმეს, ბოლო მაინც გამარჯვებაა და გამარჯვება, რადგანაც იშვიათი ამბავია, რომ დაუღალავს მხნეობასა და საქმის ბოლომდე მედგრად მიყოლას თავი არ გაეტანოს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს ქალებს წესად მიუღიათ, რომ”თუ თვით არ ვიღვწით, ვერ ვპოვებთკეთილსა შესაკრებელსა”.

ტფილისი, 6 მარტი, 1889 .

II

…დედათა უფლების საქმე” ჩვენში დღესაც იმ საბუთებზე ჰტრიალებს, რა საბუთებითაც ამ ოცისა თუ ოცდაათის წლის წინათ თავი იჩინა და მოედანზედ გამოვიდა. თითქო კაცობრიობას საზოგადოდ და რუსულ ლიტერატურას ცალკე მას აქეთ ეს საქმე წინ არ წაეწიოს, უფრო ფართოდ არ გადეშალოს, არ დაეყენებინოს და უფრო საბუთიანს საფუძველზედ არ ამოეყვანოს.

თუმცა ეს საქმე დიდად შესანიშნავი რამ არის და ჩვენთვისაც ისე საჭიროა, როგორც სხვისთვის, მაგრამ ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ვსთქვათ, რომ იგი ჩვენის თაოსნობით არ არის დღეს ჩვენში ფეხზედ დამდგარი. ამ საქმეს და მის საჭიროებას კვლავ იმავ რუსულმა ლიტერატურამ მიგვახვედრა და დღეს-აქამომდე იმ საბუთებითა და იმ აზრებით იკვებება, რომელნიც _ როგორცა ვთქვით _ ხელზედ დახვეული ჰქონდათ ამ საქმის მომხრეთა ამ ოცისა და ოცდაათის წლის წინათ. აბა, გადასინჯეთ ყოველი, რაც ამ საგანზედ ჩვენში წერებულა და იწერება დღეს, თუ უწინდელებრ მარტო სახელითა “დედობისათა, ცოლობისათა და დობისათა” არ ითხოვდნენ ამ საქმის ასე თუ ისე წარმართვას. ასე იყო დასაბუთებული ღაღადი დედათა უბედობის თაობაზედ ამ ოცისა თუ ოცდაათის წლის წინათ რუსულ ლიტერატურაში, თითქო დაავიწყდათო, რომ დედაც კაცია, ადამიანია… დედათა უფლების საქმე უნდა ჰღაღადებდეს და თხოულობდეს თვის წარმართვასა. ამ ფართო გზაზედ ჰდგას ეს საქმე ევროპაში დღეს და გვგონია, ვერაფერს სამსახურს უწევენ ქალებს ისინი, ვინც ამ საქმეს მოკლე ფარგალით უზომავენ ადგილს და დედაკაცი ადამიანობიდამ ჩამოჰყავთ, რომ მარტო დედობისა, ცოლობისა და დობის უღელი გააწევინონ, ესე იგი ბევრისაგან ცოტა უწყალობონ.

…რასაკვირველია, სასაცილოა ის სურვილი, რომ მამაკაცი ვამზადოთ მარტო საკარგ-ქმროდ და საკარგ-მამოდ. განა ამავე აზრით არ უნდა მივმართოთ ქალების სწავლა-განათლების საქმეს? განა ქალიც არ უნდა გამოვზარდოთ იმის შესაფერად, რასაც სიტყვა ადამიანი ჰნიშნავს მამაკაცის შესახებ? განა საჭირო არ არის ყოველი ჩვენი მეცადინეობა მივაქციოთ იმაზედ, რომ ქალს გონება გავუხსნათ ჭეშმარიტის აზრებისათვის, აღუფრთოვანოთ გულისტკივილი კაცობრიულის და მოქალაქეობრივის ინტერესებისათვის, გავაგებინოთ იგი ვალი, იგი თანამდებობა, რომელიც ამ ინტერესებს თან მოსდევს? ესეთის აზრებით, რწმენით და თვალთამხედველობით დედაკაცი გაუთანასწორდება მამაკაცსა და მისებრივ ადვილად გაიგებს, ადვილად მიხვდება მოვალეობას კაი ცოლობისას, კაი დედობისას, და უკვე განათლებული ჭკუითა და გულით ადვილად შეიძენს იმ განსაკუთრებულს ცოდნასაც, რომელიც ოჯახში ასე თუ ისე მისთვის საჭირო იქნება.

აი დღეს დედათა საქმე რა გზაზედ და რა ფართოდ არის დაყენებული რუსულ ლიტერატურაში და ჩვენი პატივცემული ქალი-ავტორი ამაოდა ჰცდილობს გამოვლილ გზაზედ უკანვე დაბრუნებას. ამ ახალს მოძღვრებას დედათა საქმის შესახებ ვერავინ გაემკლავება, რადგანაც დღევანდელი ბურთი და მოედანი უფრო მეტის ცნობიერებით, უფრო მეტის სიმართლით და საბუთით ამ მოძღვრებას დაუჭერია არამცთუ მარტო რუსეთში, სხვაგანაც. დღეის ამას იქით აგრე სამართლიანად განდიდებულს და გაფართოებულს საქმეს ვეღარავინ გამოჰკვებავს წინანდელის ნამცეცებითა. ჩვენ ამასაც ვიტყვით, რომ მარტო ამ მოძღვრებას შეუძლიან თავი გაატანინოს დედათა საქმეს ყოველთა სასიხარულოდ და სასიქადულოდ და, ვისაც დედათა საქმის სიდიადე გულწრფელად და გაგებულად გულში სდებია, არა გვგონია, ამ გზაზედ საქმის დაყენება მიიჩნიოს გზის გამრუდებად და არა გასწორებად.

ტფილისი, 15 მარტი, 1889 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here