რამდენიმე დღის წინათ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი _ 2017” დიდი ზარ–ზეიმით, ტაშისკვრის ფონზე საქართველოში ამერიკული სამხედროების შემოყვანით დაიწყო.
როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, “სწავლება მიზნად ისახავს სტაბილურობის გაზრდას, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების უნარ–ჩვევების ამაღლებას, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას და მასში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას”. მოგვიანებით წვრთნის თაობაზე განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ სწავლება მიმართული არ არის რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ვაშინგტონი ამით კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს, როგორც პარტნიორი სახელმწიფოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
კარდინალურად განსხვავებული იყო ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთა განცხადებები. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობის წევრების აზრით, რუსეთი თურმე უკიდურესად შეშფოთებული და თავზარდაცემულია ვაზიანში მიმდინარე სამხედრო სწავლებით. მეტიც, დეპუტატ რომან გოცირიძის შეფასებით, ამერიკელი სამხედროების ყოფნა საქართველოში და ვიცეპრეზიდენტ პენსის ვიზიტი მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის, რომ “მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატოს გაფართოების საკითხებზე”. გოცირიძის აზრით, ამ ორ მოვლენას, განსაკუთრებით _ პენსის ვიზიტს თბილისში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების თვალსაზრისით.
რას ნიშნავს რეალურად საქართველოსთვის ვაზიანში მიმდინარე ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რა გზავნილია ის რუსეთისთვის და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მომავალში ამ ყველაფერს? ამ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” ექსპერტი ვალერი კვარაცხელია ესაუბრება.
_ ბატონო ვალერი, მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნა “ღირსეული პარტნიორი 2017”-ზე პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ თამამი განცხადებები და შეფასებები კეთდება. ამ შეფასებების თანახმად, “თეთრი სახლი” ოფიციალურ მოსკოვს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ ნატოს გაფართოების საკითხი მისი საქმე არ არის. ხომ არ გაგონებთ ეს ვითარება 2008 წლის ომის წინა პერიოდს, როცა დაახლოებით ამგვარი ქმედებით ხდებოდა რუსეთთან კონფრონტაციის გამოწვევა?
_ ამ ყველაფერს ორ რამეს ვადარებ: მეფისტოფელის ხარხარს, რომელიც ბოროტების ზეიმია, მაგრამ ძალა აქვს და ჭინკების ხორხოცს, რომლის უკანაც არანაკლები ბოროტებაა, მაგრამ უძლური. საქართველოში, უკვე ათეული წლებია, სწორედ ეს ხორხოცი ისმის და დასასრული არ უჩანს. ახლა _ სად ჩანს ეს ყველაფერი: უწინარესად, ამერიკულ მედიასაშუალებებში. ე.წ. პროდასავლური პოლიტიკოსები, უგუნურთა, უწიგნურთა, რეგვენთა, ხეპრეთა, ბრიყვთა, გამყიდველთა და სამშობლოს მოძულეთა საიდანღაც მოვარდნილი მასა, რომლებიც მიეტმასნენ ამ ყალბ პოლიტიკას, წლებია, ანგრევენ, აჩანაგებენ სახელმწიფოს…
რაც შეეხება კონკრეტულად ამერიკული სამხედრო ტექნიკის შემოყვანასა და სწავლებას, ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია ამერიკელების მხრიდან და, რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდანაც. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ არის ეს პროვოკაცია გაფორმებული. ესენი ისე ზეიმობენ და ხარობენ, გეგონება, ამ მამაძაღლებმა რუსეთს რამე წაართვეს. მიჩნდება კითხვა: კი მაგრამ, გუშინ აქ რამდენიმე ამერიკული ტანკის შემოხრიგინების მეტი ვერაფერი დაინახეს?! რუსეთმა საზღვაო ფლოტის როგორი წვრთნები ჩაატარა და ეს არაფერია?!
_ რას გულისხმობთ?
_ რას და ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძნელი დასაკავშირებელია?! ან რა ჰგონიათ: შემოვიდა რამდენიმე ამერიკული ტანკი, ჩაატარებენ ერთ-ორკვირიან სწავლებას და საქართველო გამთლიანდება?! პირიქითაა _ ეს ყველაფერი იქით მიგვაქანებს, რომ სამუდამოდ დაიკარგება არათუ ის ტერიტორიები, რომლებსაც დღეს ვერ ვაკონტროლებთ, კიდევ სხვა ტერიტორიებიც მიჰყვება მას. აი, ამისთვისაა ეს ყველაფერი გამიზნული და რა ახორხოცებთ ამ ქართველ ჭინკებს, რა უხარიათ და რას ზეიმობენ, გაუგებარია.
_ რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება და შეიძლება, რომ საქართველო ამ ორი ქვეყნის დაპირისპირების, თუნდაც ეკონომიკური ჭიდილისა და კონფრონტაციის, ეპიცენტრში მოექცეს?
_ რა თქმა უნდა, ეს საფრთხე ძალიან რეალურია, მაგრამ არ ვიცი, ჩვენი პოლიტელიტა რა პრინციპებით ხელმძღვანელობს, როგორ გამოაქვს დასკვნები. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ ვლადიმერ პუტინმა სანქციების მიმართ ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებაზე განაცხადა, რომ ეს გზა ჩიხისკენ მიდის და რომ ეს ყველაფერი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს საბოლოოდ გართულებს და გააფუჭებს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ, მართალია, მან იმედი გამოთქვა, ბოლოს მაინც გონიერება გაიმარჯვებს იმ უგუნურებაზე, რომელსაც ამერიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სჩადისო, მაგრამ ცხადია _ თუ ეს დაპირისპირება გამწვავდა და უფრო რთულ ფორმებში გადავიდა, საქართველოს დაანგრევს. თქვენ მართებულად გაავლეთ პარალელი, როცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების წინა პერიოდი გაიხსენეთ და დღევანდელ ვითარებას შეადარეთ. დიახ, ჰგავს ისინი ერთმანეთს. როგორც კი მწვავდება ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორის, მაშინვე წამოყოფენ თავს ეს ბნელეთის მოციქულები და ცდილობენ, როგორმე ამ მოვლენების მიღმა არ დარჩნენ. ასე ხდება ხოლმე საქართველოს ჩათრევა ორი ზესახელმწიფოს სამკვდრო–სასიცოცხლო დაპირისპირებაში, რომლებთან შედარებით ჩვენი ქვეყანა არის ჭიანჭველა…
_ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ თუ ეს ყველაფერი, უბრალოდ, პროდასავლური პოლიტიკის უნებლიე შედეგად უნდა მივიჩნიოთ?
_ პოლიტიკაში უნებლიეთ არაფერი ხდება და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი გარკვეული ძალების კონკრეტული გათვლა, კონკრეტული ამოცანა დგას. კიდევ ვიმეორებ: ღმერთმა ნუ ქნას, რუსეთ–ამერიკას შორის სამკვდრო–სასიცოცხლო დაპირისპირება მოხდეს, თორემ ეს იქნება პლანეტის კატასტროფა.
რაც შეეხება იმ ქართველ ვაიპოლიტიკოსებს, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, თავიანთი უგუნურებით საქართველოს აყენებენ რუსულ-ამერიკული კონფლიქტის ეპიცენტში და სახელმწიფოს, ფაქტობრივად, აღსასრულს უმზადებენ, ისინი დაქირავებული ლაქიები არიან, ნესტოებდაბერილი მეძებრები, რომლებიც ენაგადმოგდებული დასდევენ ფულს და იმის იქით ვერაფერს ხედავენ. მათი საქციელი გასაგებია, მაგრამ ხალხმა, საზოგადოებამ ხომ უნდა გამოიღვიძოს, ხომ უნდა დაინახოს და მიხვდეს, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, არ შეიძლება ამ პროვოკაციაზე წამოგება და საქართველოს ჩართვა დიდ სახელმწიფოთა კონფლიქტში, რომელიც საბოლოოდ დაანგრევს ამ ისედაც დანგრეულ–გაუბედურებულ ქვეყანას.
_ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ გააჩინა მოლოდინი, რომ ამერიკის და გარკვეულწილად ევროპის პოლიტიკაც მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა. ამის ნაცვლად ჩვენ იმავე პოლიტიკას ვხედავთ, ფაქტობრივად, ვისმენთ იმავე განცხადებებსა და რიტორიკას. ვიცეპრეზიდენტ პენსის ვიზიტიც ამის დასტურია. რა არის ამის მიზეზი?
_ მოლოდინი, რომ ტრამპი მოკლე პერიოდში ძირფესვიანად შეცვლიდა ამერიკას და მთლიანად დასავლეთს, იმთავითვე უსაფუძვლო იყო. სხვათა შორის, ამის თაობაზე პუტინმა სწორად შენიშნა, რომ ამერიკას პრეზიდენტი კი არა, მართავენ შავჰალსტუხიანი, შავპიჯაკიანი და კეისიანი ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მიდიან “თეთრ სახლში” პირველ პირთან და ეუბნებიან, რა, როგორ, რანაირად უნდა გაკეთდეს. აი ეს არის რეალურად ამერიკის პოლიტიკა და იმ შავი პიჯაკის, ჰალსტუხისა თუ კეისის მიღმა დგას სისტემა, რომელიც უჩინრად მართავს ყველაფერს. ამის ფონზე ტრამპის განცხადებები და დაპირებები, ცხადია, იმთავითვე განწირული იყო. ასე რომ, ცვლილებებს იქ განახორციელებს არა რომელიმე პრეზიდენტი, არამედ კრიზისი, რომელიც გადავა სხვა ფაზაში; ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიზისი რომ ყოველდღიურად მწვავდება, ცხადია.
_ კონკრეტულად სად ჩანს ამ კრიზისის ნიშნები?
_ ეს კრიზისი მოიცავს პოლიტიკასაც, ეკონომიკასაც, სამხედრო სფეროსაც და იდეოლოგიასაც. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დგას იდეოლოგიური კრიზისის წინაშე, რომლის გამწვავებითაც უნდა ველოდოთ იქ ძირფესვიან ცვლილებებს. სანამ ეს მომენტი დამდგარა, რამდენი პრეზიდენტიც უნდა შეიცვალოს და რა დაპირებებიც უნდა მოვისმინოთ მისგან, რეალურად არაფერი შეიცვლება, ეს ქვეყანა ისევ დარჩება იმ ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომელიც, ერთი მხრივ, სხვა რეგიონებში ქმნის ტერორისტულ ბუდეებს და, მეორე მხრივ, თავს აცხადებს მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ პირველ ძალად.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
ramdenadac miugebeli ikos hventvis valeri kvaracxeliass mier gaketebuli analizi, es realuria da ambobs simartles, 2008 welshic igive iko da daigupa saqartvelos axalgazrdoba da davkarget teritoriebi…amerika sheshpotda… shedegi uares mdgomareobashi kopna….simartles shevxedot tvalebshi