ადამიანთა უმრავლესობისთვის იდეა _ დაღეჭოს მუხლუხი ან შეახრამუნოს ტარანტულა, რბილად რომ ვთქვათ, მიმზიდველი ნამდვილად არ იქნება. მაგრამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი რეგულარულად იყენებს საკვებად ცხოველებს და რატომ არ შეიძლება მწერებიც იყოს საკვების სერიოზული წყარო?!
ამ საკითხით დაინტერესებული მეცნიერები გაემგზავრნენ დასავლეთ აფრიკაში, ბურკინ-ფასოში, სადაც მუხლუხის წვნიანს ადგილობრივთა რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. იქ ბავშვების 30 პროცენტზე მეტი განიცდის ქრონიკულ შიმშილს, ხოლო 2,7 მილიონი ადამიანი სურსათის ნაკლებობის საფრთხის ქვეშაა.
შარლოტა პეინმა _ კემბრიჯის უნივერსიტეტის ასპირანტმა, რომელიც ამჟამად მუშაობს მუხლუხის სასიცოცხლო ციკლის კვლევაზე, ბი-ბი-სისთან ინტერვიუში განაცხადა: “მუხლუხის წვნიანი დაეხმარება ადამიანებს, ამოვიდნენ გაჭირვებიდან”. მეცნიერს აქვს საკუთარი ფერმა ბურკინ-ფასოს დასავლეთში, სოფელ სუმუსოში.
ამჟამად ეს მუხლუხები წელიწადში ხელმისაწვდომია მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ ის იმდენად ბევრ ცილასა და მიკროელემენტს შეიცავს (როგორიცაა რკინა და თუთია), რომ შეუძლია შეუტიოს “ფარულ შიმშილს” (როგორც ზოგჯერ უწოდებენ ორგანიზმში მიკროელემენტების დეფიციტს) და შეცვალოს ყველაზე ღარიბი ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, მდგომარეობა დასავლეთ აფრიკაში.