1941 წლის 22 ივნისს გერმანია ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. 20 მილიონზე მეტი საბჭოთა მოქალაქე შეიწირა ამ ომმა. “საქართველო და მსოფლიო” სისტემატურად აქვეყნებს წერილებს სპეკულაციური პუბლიკაციების საწინააღმდეგოდ, რომლებშიც მედრობე “პუბლიცისტები” ცდილობენ, თავდაყირა დააყენონ ისტორიული სიმართლე ამ ომის შესახებ.
მოფარფატებდნენ ფურცლები ციდან
70 წლის წინათ, 1941 წლის 22 ივნისს, დღევანდელ დღეს დაიწყო დიდი სამამულო ომი.დილით ქუჩაში სათამაშოდ გამოსული ბავშვები მოულოდნელმა “ატრაქციონმა” გაგვახარა: ვერის უბანს დაბლა, ძალიან დაბლა გადაუფრინა მწვანე “უდვამ” (У-2) და ქაღალდის დასტები გადმოაბნია.
მოფარფატებდა პატარა ოთხკუთხა ფურცლები ციდან და ვცდილობდით ბავშვები, მიწაზე დაშვებამდე, ჰაერშივე რომ დაგვეჭირა.
სხვები ახერხებდნენ, მე არ გამომდიოდა, ჩრჩილის მოსაკლავად დადევნებასავით იყო _ ბოლო წამს განზე გასხლტებოდა, და დავრჩებოდი ხელცარიელი გივი სამსონაძეს, ჩემზე უფროს მეზობელს, ერთი ცალი რომ არ ებოძებინა.
ავარბენინე ჩვენს ერთოთახიან ბინაში, მშობლებს რომ წაეკითხათ ამ ბარათზე დაბეჭდილი რამდენიმე სტრიქონი: “ფაშისტური გერმანია მუხანათურად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს…”
70 წლის წინათ, 22 ივნისის, იმ საათსა და იმ წუთს დაიწყო “ომის თაობის ბავშვების” დღეების ათვლა.
70 წლის შემდეგ ჩვენი დემოკრატიული მთავრობა დაინტერესებული ძალების კარნახითა და მითითებით გვიწყობს “ატრაქციონს”, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აღზევებული და რომელიც ერთი მიზნისკენაა მიმართული: სამამულო ომი იყო მხოლოდ “ბრძოლები აღმოსავლეთის ფრონტზე”, ხოლო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება დასავლეთმა მოიპოვა… რომელშიც, “აგრეთვე, მონაწილეობდა საბჭოთა კავშირი”.
გამარჯვებას ართმევენ გმირ ხალხს.
“ცივი ომის” შემდეგ ძალამოკრებილი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი ჯვაროსნული ლაშქრობა სწორედ ამ ხალხის, უწინარეს ყოვლისა, მისი ახალთაობის ეროვნული თვითშეგნების და ისტორიული მეხსიერების წინააღმდეგ არის მიმართული.
როგორ დაგვაშარდა ნიკიტამ
ცნობილია, რომ სწორედ ომისწინა და ომის დაწყების პერიოდის დამახინჯებულად წარმოდგენა ნიკიტა ხრუშჩოვის ანტისტალინური კამპანიით დაიწყო. რა ბოღმაც აღრჩობდა ნიკიტას, ესეც ცნობილია. მაგრამ, ეგებ, ბევრმა არ იცის ის ამბავი, რომელსაც იხსენებს ბაკურ გულუა ცნობილი საზოგადო მოღვაწის დამიანე გოგოხიასადმი მიძღვნილ კრებულში:
“ერთხელ, როცა ნიკიტა გაგრა-ბიჭვინთის ზღაპრულ სანახებს ეწვია, მისი მანქანების ესკორტი ბიჭვინთის შესასვლელთან, მოულოდნელად, მკვეთრად გაჩერდა. ნიკიტას საქართველოში განსაკუთრებულად იცავდნენ: დაცვის მანქანების რაოდებობა ზოგჯერ რამდენიმე ათეულს აჭარბებდა. მკვეთრად დამუხრუჭებამ ავარიული სიტუაცია შექმნა, მაგრამ მაშინ ამის მიზეზს ვერავინ მიხვდა. მიხეილ ბღაჟბა (პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი) ნიკიტასთან ერთად იჯდა დაჯავშნული მრავალტონიანი “ЗИС”-ის სალონში, დამიანე გოგოხია _ მომდევნო მანქანაში იყო. რამდენიმე წუთში ესკორტი დაიძრა და, როცა ნიკიტა ლიძავაში სამთავრობო აგარაკზე დატოვეს, ბღაჟბამ დამიანეს გაუმხილა შეჩერების მიზეზი:
_ თქვენ არ იცით, რა კაციჭამიასთან და ანტიქართველთან გაქვთ საქმე, _ უთქვამს ბღაჟბას.
_ როცა ბინჭვინთის ლამაზი ფიჭვნარი გამოჩნდა, ნიკიტამ მძღოლის გვერდით მჯდომ დაცვის ოფიცერს უბრძანა, გაეჩერებინათ მანქანა. იმან წინააღმდეგობა გაუწია: _ მანქანები დიდი სიჩქარით მოგვყვება და ყველა ერთმანეთს დაეჯახებაო. მაშინ ნიკიტა დამუქრებია მძღოლსა და ოფიცერს, ახლავე მოგხსნით სამსახურიდანო.
გაჩერდა მანქანა. ნიკიტა გადავიდა ფიჭვნარში და მოშარდა. უკან მობრუნებულს კი გაკვირვებული ბღაჟბასთვის უთქვამს: _ არ გეგონოს, 3 წუთით ვერ შევიკავეო შარდი (დაახლოებით ეს დრო იყო საჭირო ლიძავამდე მისასვლელად), _ XI არმიის რიგებში, როგორც ჯარისკაცმა 1921 წელს გავიარე ეს ფიჭვნარი და მოვშარდე. ახლაც მომინდა, დამეფსა ქართული მიწისთვისო.
ასეთი ნაძირალა ებრძოდა სტალინს, მაგრამ სისტემა იყო ისეთი, რომ მას აჰყვნენ და მხარი აუბეს.
ახალს არაფერს ვამბობ.
იყო სტალინი დამნაშავე?
სტალინს დააბრალეს, რომ საბჭოთა შეიარაღებული ძალები, რომლებიც დასავლეთ საზღვართან იყო მობილიზებული, გაფრთხილებულიც არ იყო მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, რადგან სტალინი კატეგორიულად მოითხოვდა, არ წამოგებოდნენ გერმანელების პროვოკაციებს და მიზეზი არ მიეცათ საომარი მოქმედების დასაწყებად.
სტალინი, რა თქმა უნდა, აფრთხილებდა არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს, მაგრამ, ამასთან, სრული საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გაცემული იყო; დირექტივა _ დაგზავნილი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებში.
სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარმა კუზნეცოვმა, დირექტივის თანახმად, საბედისწერო საათამდე კარგა ხნით ადრე გასცა ბრძანება, სრული საომარი მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ. და როგორც კი 22 ივნისის ღამით 3 საათზე გერმანულმა თვითმფრინავებმა საბჭოთა საზღვარი გადაკვეთეს, დაუყოვნებლივ ამოქმედდა ბალტიისა და შავი ზღვის ფლოტების საზენიტო არტილერია.
გერმანელებმა ვერც ერთი სამხედრო ხომალდი ვერ ჩაძირეს. სამაგიეროდ, არაერთი სვასტიკიანი თვითმფრინავი ჩამოაგდეს იმ დღეს მეზენიტეებმა.
მაშ, რა მოხდა?
მოხდა ის, რასაც სახმელეთო ჯარების სარდლების უნიჭობა და სიჩლუნგე ჰქვია.
ღალატიც.
მაგალითად, დასავლეთის სამხედრო ოლქმა, რომელსაც გენერალი პავლოვი სარდლობდა, არ შეასრულა გენერალური შტაბის დირექტივა ჯარების გაშლისა და ომისთვის მათი სრული მზადყოფნის შესახებ. პავლოვი სულაც არ იყო “პარალიზებული პროვოკაციებზე არაყოლის” ბრძანებით. მან არ შეასრულა ბრძანება. გამოძიების დროს გამოაშკარავდება ამ საბჭოთა სარდლის გერმანოფილური მისწრაფება და პროგერმანული ორიენტაცია.
ამის შედეგი იყო, რომ პირველივე დღეებში ამ სამხედრო ოლქის მსროლელთა ორმა და ერთმა სატანკო დივიზიამ ისეთი დანაკარგები განიცადა, რომ “როგორც გაერთიანებებმა, არსებობა შეწყვიტა”.
არც ასეთი ფაქტებიც უნდა იყოს ინტერესმოკლებული: ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში საბჭოთა არმიის გენშტაბმა ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ჩაატარა იმ პერიოდისთვის ცოცხლად დარჩენილი გენერლების, რომლებიც დასავლეთის ფრონტზე ომის პირველივე დღიდან იბრძოდნენ.
შეკითხვა ასეთი იყო: როდის მიიღეს დირექტივა შენაერთების საომარ მდგომარეობაში მოსაყვანად?
გენერალი პოლუბიაროვი, ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის ავტოჯავშანსატანკო ნაწილების სარდალი: საბრძოლო მზადყოფნაში ჯარების მოსაყვანად დირექტივა 16 ივნისს მიიღო.
გენერალი სობენიკოვი, მერვე არმიის ყოფილი სარდალი: სამხედრო ნაწილების გაშლის ბრძანება ცხრამეტში მიიღო.
გენერალ შუმილოვს კი დაცვისთვის მზადყოფნა 18 ივნისს უბრძანეს.
გენერალმა პურკაევმა, 1941 წელს კიევის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსმა, მსროლელთა დივიზიების თავდაცვისთვის სრული მზადყოფნის შესახებ ბრძანება 14 ივნისს მიიღო.
გენერალი ბაგრამიანი იხსენებდა, რომ იმავე ოლქის ოპერატიულმა რეზერვებმა გაშლა ომამდე 5 დღით ადრე დაიწყო.
და ა.შ.
ასეთია ფაქტები: ბრძანება, დირექტივა იყო, მაგრამ ხრუშჩოვის ნიშანზე გენერლების ერთმა წყებამ ომის პირველ პერიოდში წითელი არმიის წარუმატებლობა სტალინს გადააბრალა და ამით თავი იმართლეს. ასე სჭირდებოდა “პიროვნების კულტის” საწინააღმდეგო კამპანიისთვის “ძვირფას ნიკიტა სერგეევიჩს”.
“ჯვაროსნული ლაშქრობა” _ ისტორიის წინააღმდეგ
ფსიქოლოგიური ლაშქრობის მედროშეებად, როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთის ლიდერები მოგვევლინენ. გამოიკვეთა მთავარი მიმართულება _ გამართლების მცდელობა იმათი, ვინც წამოიწყო ომი და სამხედრო დანაშაულებში აქტიურად მონაწილეობდა.
1985 წელს გერმანიის კანცლერმა კოლმა და აშშ-ის პრეზიდენტმა რეიგანმა დემონსტრაციულად მოინახულეს ქ. ბიტბურგის სასაფლაო, სადაც ესესელები არიან დამარხული. 1993 წელს გერმანიაში გაიხსნა მემორიალი ძეგლით “ომისა და ძალადობის მსხვერპლთა” და ესესელთა მიმართ თანაბრად პატივის მისაგებად. იმავე წელს კოლმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ელცინმა სტალინგრადის ბრძოლის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით გაცვალეს წერილები, სადაც ფაშისტი აგრესორებისა და სტალინგრადის დამცველთა ცნებები ჩანაცვლებულია ორივესთვის მისადაგებული “ომის მსხვერპლთა” ცნებით, რომლებიც სტალინგრადში დაეცნენ.
ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად იქცა “ოკუპაციის მუზეუმების” და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების შექმნა, რომლებიც “საბჭოთა გენოციდის” საკითხებს შეისწავლის. დღეისთვის ასეთი მუზეუმები გახსნილია პრაქტიკულად ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში.
ამ საეჭვო ერთსულოვნების უკან დგას დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული და დაფინანსებული ოპერაცია, რომლის მიზანია მეორე მსოფლიო ომის შეფასების დამკვიდრებულ წარმოდგენათა ძირფესვიანი შეცვლა ამერიკა-ინგლისის სასარგებლოდ.
ლიტვაში ფუნქციონირებს “გენოციდის მუზეუმი”, საქართველოში _ “ოკუპაციის მუზეუმი”, უკრაინაში _ “უკრაინის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი” და ა.შ.
1998 წლიდან პოლონეთში მუშაობს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი _ პოლონელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულობათა საგამომძიებლო კომისია. ასეთივე ინსტიტუტია სლოვაკეთში, რუმინეთში _ ტოტალიტარიზმის შემსწავლელი ეროვნული ინსტიტუტი და _ უამრავი ასეთი.
ყველაზე მრავალრიცხოვანი მსგავსი დაწესებულებები და სტრუქტურები ესტონეთშია თავმოყრილი.
აქტიურად უჭერენ მხარს ვაშინგტონისა და ეუთოს ნასროლ ლოზუნგს ომის გაჩაღების საქმეში “ორი ტოტალიტარული რეჟიმის” თანაბარი პასუხისმგებლობის შესახებ.
ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას იქცევს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ალექსანდრ ოკოროკოვის შენიშვნა. მეცნიერი იმოწმებს იერუსალიმის სიმონ ვიზენტალის ცენტრის დირექტორის ზუფორდის შენიშვნას, რომელიც აცხადებს, რომ ლიტველებმა, ლატვიელებმა და ესტონელებმა ჰიტლერელთა მხეცობა კომუნისტური რეჟიმების წარმომადგენელთა მოქმედებას რომ გაუთანაბრეს, ფაქტობრივად თავი იმართლეს იმ დანაშაულობებში, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში თავად ჩაიდინეს. ზუფორდის სიტყვებით, “ბალტიისპირეთის ქვეყნების მანევრი მიზნად ისახავს, კომუნისტური რეჟიმების მიერ განხორციელებული “გენოციდის” შესახებ ლაპარაკით ბალტიისპირელთა პასუხისმგებლობის გადაფარვას ებრაელი ხალხის ამოწყვეტის გამო ნაცისტური ოკუპაციის ჟამს”.
ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ქუთაისის დიდების მემორიალის აფეთქება, რომელსაც უდანაშაულო დედა-შვილი შეეწირა, აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ამასთან დაკავშირებით რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერმა-მუშაკმა ალექსანდრ კრილოვმა განაცხადა: “სააკაშვილს, შეიძლება, ასე არ გამოედო თავი, ამერიკელების მიერ მძლავრი მხარდაჭერა რომ არა. ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ მეორე მსოფლიო ომი მათ მოიგეს, და ნებისმიერ შეხსენებას იმის თაობაზე, რომ ფაშიზმი საბჭოთა კავშირმა დაამარცხა, ისინი ფრიად მტკივნეულად აღიქვამენ”.
ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის კიდევ ერთი მხარე.
ამერიკული “მანჰეტენის პროექტის” (ატომური ბომბის პროექტის შექმნის) ერთ-ერთი მამისა და მთავარი მონაწილის, უნგრელი ემიგრანტი ფიზიკოსის ლეო შილარდის აზრით, ჰიროსიმას და ნაგასაკის დაბომბვის გამო ამერიკელებმა ნიუნბერგის პროცესი და უმკაცრესი სასჯელი დაიმსახურეს. XXI საუკუნის დასაწყისისთვის კი იგივე ამერიკელები ლამის ღვთივ მოვლენილ კეთილისმყოფელებად იქცნენ… ტრაგედიის მთავარი დამნაშავე კი, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირია. ჰიროსიმას მუზეუმშიც კი მითითებულია, რომ “ატომური დაბომბვის შემდეგ სტალინი მუხანათურად თავს დაესხა იაპონიას, რის შედეგადაც იაპონიამ დაკარგა ძირძველი ტერიტორიები”. უფრო მეტიც, ჰიროსიმას პრესსამსახურის ცნობით, იაპონელი მოსწავლეების 25 პროცენტი ფიქრობს, რომ ატომური ბომბი მათ ქვეყანაზე საბჭოთა კავშირმა ჩამოაგდო…
ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ამის გამგონე ატომური აფეთქების მსხვერპლთა მასა რომ გადაბრუნდეს, ისე შეიძრევა ეს კუნძულოვანი ქვეყანა, რომ ამასწინანდელი მიწისძვრა მონაგონი იქნება!
“ფსიქოლოგიური ომი დიადი გამარჯვების წინააღმდეგ გრძელდება, ყოველგვარი “გადატვირთვის” მიუხედავად”, _ ასკვნიან ექსპერტები.
უნდა დავეთანხმოთ.
არმაზ სანებლიძე