Home რუბრიკები ისტორია მთაქართლის ფიქრები

მთაქართლის ფიქრები

დევის ნამუხლევის გამოქვაბულებიდან კარსნამდე ჩაკეცილ ხევხუვებს ბრძოლის ყიჟინამ გადაუარა. მშვილდისრიანი და ხმალამოწვდილი მეომრები ერთმანეთს ებრძვიან: ხან ერკინებიან და ხანაც უჩინარდებიან. ქარაფზე ბაგირია გაჭიმული, რომელზეც მზვერავი მიცოცავს მტრის ზურგში მოსაქცევად. მეომრებს არც აბჯარი მოსავთ, არც მუზარადი, არც წუღამესტი. მათი აბჯარი დახეული პერანგია, მუზარადი – ყაბალახად ქცეული მაისური, ხამლი – გაცვეთილი კედები, ხრმალი და ოროლი – აქვე, ტყეში მოჭრილი შვინდაწალა.

…ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი ომობანას სურათია.
საკუთარი ფესვის ძიებაში გალეული ნახევარი საუკუნის შემდეგ, კვლავ ავაკითხე ამ ნაცნობ ადგილებს. მთაქართლის სერს მივუყვები და უეცრად აღმოვაჩენ, რომ დროის გრადაციის ჩვენეული მეთოდი მცდარია: თურმე, რა დროც ჩემს ბავშვობასთან მაცილებს, იმაზე მეტი დროით არც ჩემი ბავშვობაა დაცილებული ჩემი უშორესი წინაპრიდან – ე.ი. რა ჩემი ბავშვობა და რა მთაქართლის პირველი მკვიდრი!..

აღმართში სწორედ ჩემი ყრმობისა და თმადათოვლილი უძველესი ქართლოსიანის აჩრდილები ამედევნენ.

წარსულში აღმოვჩნდი…

სანამ კარსანში ავალთ, ქვაფენილიანი გზისა და მცირე ხევის გადაღმა ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია დგას. ახლახან შეკეთებული ტაძარი IX-X საუკუნეებს გვახსენებს. აქედან აღმოსავლეთით, დაახლოებით 1,5 კილომეტრში, იმ დროს თბილისის საამიროს საზღვარი გადიოდა, მაგრამ ჩვენი წინაპარი არ შეშინებულა – რწმენა კედლად უქცევია, ქვა და კედელი – სალოცავად. ტაძრის დასავლეთ კედელში “მერცხლის კუდით” გადაბმული რამდენიმე თლილი ლოდი ჩანს. ო… ეს უკვე ანტიკური ხანის სუნთქვაა. მერცხლისკუდა ქვები, მგონი, არმაზციხიდან მოუტანიათ IX საუკუნის მშენებლებს და ქრისტიანული ტაძრის კედლებში ჩაუყოლებიათ.

ზევით მივიწევ. სოფელ კარსანს გავცდი, ტყე გავიარე და მთაქართლს თხემზე მოვექეცი. აქაც ახალაღდგენილი ეკლესიაა, ოღონდ უფრო ძველი, ვიდრე ღვთისმშობელია – VI-VII საუკუნეებისა… საქართველოში ბაგრატოვნები ამოდიან და კუროპალატობის ინ­სტიტუტი ამოაქვთ. ფარნავაზიან-გორგასლიანთა მეფობა დასრულებულია, მათი შთამომავლები კახეთს აფარებენ თავს. საქართველოში მეფე აღარ ზის, ერისმთავრები განაგებენ. მართალია, “მას ჟამსა მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღეშენებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალა განდიდდებოდა”, მაგრამ, ამასთანავე, მცხეთაში ჯვარი იგებოდა.

ვდგავარ ახალაღდგენილ წმიდა ნინოსთან და ღრუბლებიდან დავცქერი სოფლებს, გზებს, მტკვარსა და არაგვს, მთებზე შემოდგმულ ეკლესიებს…

მთაქართლის ზუსტად ამ ადგილიდან იწყება ანტიკური გალავნის ნაშთები, რომლებიც არმაზის ხევის მიმართულებით გრძელდება. აქა-იქ, ბუჩქნარში გოდოლ-კოშკების მოხაზულობაც იკითხება – ძვ. წ-ის III საუკუნე… მაგრამ ეს მხოლოდ გუშინდელი დღეა იმ ეპოქასთან შედარებით, როცა ქართველთა ლეგენდარული მამამთავარი – ქართლოსი აღსაყდრდა აქ.

წლების ქრონომეტრი სწრაფად ბრუნავს უკან – კიდევ უფრო შორეული წარსულისაკენ:

საიდან მოვიდა მამამთავარი და ეთნარქი ქართლოსიანთა?.. ეულად, საკუთარი ტაძრეულით მოვიდა თუ მთელი ხალხით?.. – ალბათ, ოდენ ტაძრეულით, ალბათ, ოდენ სატახტო ალაგი მოინაცვლა.

წინაპრის ხმაც ჩამჩურჩულებს და ხანგრძლივი მეცნიერული კვლევებიც ადასტურებენ, რომ ჩვენი მოდგმა ქალამ-ქვეყნის უკიდეგანო მიწის მკვიდრი იყო, ამ ქალამის ხატების მატარებელი ქალდელი (და არა ქალდეველი) გახლდათ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით იცნობდნენ ჩვენს სხვადასხვა ტომს, მაგრამ ფუძესახელი მხოლოდ ქართლოსმა შეინარჩუნა და ამოიტანა: ქალდქართ… და ქმნა მან ესე, სავარაუდოდ, ადრებრინჯაოს ეპოქის ბოლოს. კავკასიონიდან სამხრეთით და დასავლეთით უსამანოდ განფენილი ჩვენი პრეისტორიული ოჯახი გამორჩეული მიწათმოქმედი, მეტალურგი, ვარსკვლავთმცოდნე და უფლის მეჩანგე ყოფილა. “შესაქმეთა წიგნით”, ეს, თითქოს, ბიბლიური ლამექის ოჯახია, რომელიც შემდგომში იაფეტურ და სემიტურ ჯგუფებში გააერთიანეს. მაქსიმე აღმსარებელი (VI-VII სს) და გიორგი ამარტოლი (IX ს.) ხალხთა დაყოფის სქემებში ქართველურ ტომთა ერთ ნაწილს სემის შტოს მიაწერენ, მეორეს – იაფეტისას, მაგრამ არქეოლოგიურმა და ლინგვისტურმა კვლევებმა წინააზიის სურათი უფრო მკაფიოდ დახატა – პროტოქართველები, ანუ წინააზიის უძველესი მიწათმოქმედნი, ენობრივად არც სემიტებს და, მითუმეტეს, არც გვიან მოსულ ინდოევროპელებს მიეკუთვნებიან. ასეთი დასკვნა მოგვცა როგორც მკვდარი შუმერული, ხათური და ხურიული ენების, ისე ცოცხალი კავკასიურ-იბერიული ენების შესწავლამ, მათმა შეჯერებამ და საკმაო მსგავსებამ. წინააზიის და აღმოსავლეთ ანატოლიის მიწათმოქმედი ტომების მატერიალური კულტურებიც რომ თანხვედრია, ამას ცნობილმა არქეოლოგებმა დ. მელოუნმა, ჯ. მელარტმა, ლ. ვულმა, ე. აკურგალმა, გ. ლეიერმა, ს. ლოიდმა, ო. ჯაფარიძემ და სხვებმა მიაკვლიეს. დადგინდა, რომ ანატოლიაში, სამხრეთ კავკასიასა და მთელ შუამდინარეთში სწორედ ერთმანეთის მონათესავე მიწათმოქმედებმა ჩაუყარეს საფუძველი უძველეს ცივილიზაციას ძვ. წ-ის X ათასწლეულიდან. ამ კულტურათა ცენტრები პერმანენტულად წინაურდებოდა და იცვლებოდა: ხან ერთი რეგიონი გამოანათებდა, ხან – მეორე: ჩაიენუ, ჩათალ-ჰიუკი, ალაჯა-ჰიუკი, ტეპე-სოხრაბი, ჯარმო, ჰასუნა, სამარა, ხალაფა, უბეიდი, ერიდუ (დღევანდელი თურქეთი, სირია, ერაყი, ირანი), ნახჩევანი, შულავერი, იმირის გორა, დანგრეული გორა (სამხრეთ კავკასია). დიდი ზეგავლენა მოახდინა მტკვარ-არაქსის კულტურამაც, რომელიც უზარმაზარ არეალში გავრცელდა. (იხ. რუკა)

დიდად საეჭვო არ უნდა იყოს, რომ მცირე აზიასა და მთელ შუამდინარეთში ძვ. წ-ის III ათასწლეულის პირველ ნახევარშიც კი ერთი ფუძეენისა და ცნობიერების მიწათმოქმედი ტომები სახლობდნენ, მათგან სამხრეთ-აღმოსავლეთით კი ნომადი ხალხები – იგივე სემიტები იყვნენ განსახლებულნი. მაშინ ხსენებულ მიწებზე ინდოევროპელების და მათ შორის ნესიტური არმენების ჭაჭანებაც არ იყო.

ძალიან საინტერესოა სახელგანთქმული არქეოლოგის სეტონ ლოიდის მოსაზრება შუმერის თაობაზე: “სპარსეთის ყურის სანაპირომდე და ტიგროსის სანახებამდე გავრცელდა ხალაფას ხალხი, რომლის ცხოვრების წესი და დახვეწილი ოსტატობა ჩამოყალიბდა სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის მთებში. მან იქ (შუმერის ტერიტორიაზე – გ.ქ.) შთანთქა უფრო ადრინდელი ხალხი, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, ასევე ჩრდილოეთიდან, ნეოლითის ხანაში ჩამოსახლებული მოდგმის შთამომავალი იყო”.

გავყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს: თავის მხრივ, ხალაფის თავდაპირველი კულტურული არეალი მოქცეული იყო სწორედ შუამდინარეთის ჩრდილოეთში, ევფრატის ზემო დინების ორი შენაკადის – ხაბურისა და ბელიხის ხეობებში, ვანის ტბიდან სამხრეთ-დასავლეთით. ეს კი ის ადგილებია, რომლის მოსახლეობამაც მოგვიანებით ხურიტების პირველი გაერთიანება ჩამოაყალიბა. მაშინ გამოჩნდა პირველად აქაურთა სახელი “ხური” თუ “ხარი” (“ჰური” თუ “ჰარი”). ირკვევა, რომ შუმერის მთლად უძველესი უბეიდის და ერიდუს კულტურული საზოგადოება სწორედ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაძრულმა პროტოხურიტებმა, ანუ, როგორც მალე დავრწმუნდებით, პროტოქართველებმა ჩამოაყალიბეს.

როგორ?..

უძველესი შუმერული წერილობითი წყაროები ამ ადგილებში მცხოვრებ ხალხს არა “ხურიტების” არამედ “სუბარების” სახელით ამოწმებენ. “სუბარტუ” და “სუბარი” – ასე მოიხსენიებდნენ ჩრდილოეთის მთებში მოსახლე ხალხსა და მათ ქვეყანას ლაგაშის (შუმერი) ენსი ენანათუმი (ძვ. წ-ის XXVI ს.) და აქადის ხელმწიფე ნარამსინი (ძვ. წ-ის XXIII ს.). ჩნდება საფუძველი, რომ სწორედ “სუბარების” ბერძნულად ტრანსფორმირებული ფორმაა მსოფლიო ისტორიის მამის ჰეროდოტეს მიერ ნახსენები “სასპიერები” (და, ალბათ, უფრო გვიანდელი “იბერებიც”).

პროტოქართველები რომ სუბარულ-ხურიული კულტურის ძირითადი შემოქმედნი უნდა ყოფილიყვნენ, ამას გვიკარნახებს ჩვენთვის უკვე ცნობილი ს. ლოიდის მოსაზრებისა და ტ. მარგელაშვილის მიერ 1937 წელს ბერლინში გამოცემული ნაშრომიც (“Der kaukasus und dez alte Orient”) შეჯერება.

ამ უკანასკნელის მტკიცებით ენეოლითის ხანაში (ცივად დამუშავებული, ბუნებრივი სპილენძის უძველესი ნიმუში ძვ. წ-ის VII ათასწლეულის დასაწყისისაა – ჩაიენუ), წინააზიაში ჩრდილოეთიდან, კონკრეტულად კი კავკასიიდან, წამოსულმა ხალხმა შეიტანა პროგრესი. და არა მხოლოდ წინააზიაში, არამედ ამის შემდგომ – ევროპაში და შორეულ აღმოსავლეთშიც კი. ავტორი ამ რასას ზაგროს-პონტოურ-იაფეტურს, ანუ ქართველურს უწოდებს (!..) მისი სიტყვით, პროტოქართველებს ყველაზე მკაფიოდ შუმერზე მოუხდენიათ ზეგავლენა.

როგორც ივარაუდება, კავკასიონიდან სპარსეთის ყურემდე პერმანენტულად გაბმული მრავალათასწლოვანი კულტურული ჯაჭვის შუა რგოლი მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილი და შუამდინარეთის სათავეებია. ამიტომ, ჩვენ ისევ ამ შუა რგოლს – სუბარიხურის ქვეყანას დავუბრუნდეთ.

ინდოევროპულ ტომთა გამოჩენით და თანამონაწილეობით სწორედ ხურიტების კულტურული მემკვიდრეობის საფუძველზე შეიქმნა ჯერ მითანის უძლიერესი სახელმწიფო, შემდეგ კი ურარტუ – ე.ი. უძველეს მიწათმოქმედთა ცენტრებმა ისევ ჩრდილოეთში გადმო­ინაცვლა შუმერის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ “ურარტუ”-ც ჰურისა და ჰარის კომპოზიტია. ამასთანავე, ძვ. წ-ის VII საუკუნემდე ურარტუს ქართველური მოდგმის მეფეები მართავდნენ (იხ. მ. თამარაშვილი).

კვლავ ვნახოთ, რას წერენ ხური-ხარიტების შესახებ საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერები: მცირე ჯგუფის მოსაზრებით ხურიტები ერთ-ერთი სუბარული ტომია და იგი ზაგროსის მთებიდან მოვიდა; მეორე, დიდ ჯგუფს (ჰუდი, ბიორნი, ფორერე, კლინგე, მელარტი, ბრონდშტეინი, ლენორმანი, ლანგი და სხვ.) მიაჩნია, რომ ხურიტები კავკასიიდან არიან ჩასული სამხრეთით; მესამე ჯგუფი (ივ. ჯავახიშვილი, მ. წერეთელი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, ი. დუნაევსკი, ბ. კუფტინი და სხვ.) ფიქრობს, რომ ხურიტული ტომები მცირეაზიის მკვიდრნი იყვნენ იმთავითვე და პირიქით – აქედან ავიდნენ კავკასიაში. გ. მელიქიშვილი სწორედ ხურიტების და ხათების ამიერკავკასიაში ყოფნას თუ ასვლას უკავშირებს მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებას. გ. გიორგაძე, ი. მაჭავარიანი, ნ. ნოზაძე და სხვანი წერენ, რომ მკვდარ ხურიტულ ენაში ნახურ-დაღესტნურთან, ქართულთან და ზანურთან ტიპოლოგიური მსგავსებანი დასტურდება. უფრო მკვეთრია ტ. ჩუბინაშვილის დასკვნა: “საყოველთაოდ მიღებულია მოსაზრება, რომ ქართველთა წინაპრები ჰურიტებიც იყვნენ და რომ ამ ტომების სამშობლო ჰურის ქვეყანა უნდა ყოფილიყო. ჰურიტები თავდაპირველად ურმიის ტბის მიდამოებამდე აღწევდნენ და გარკვეულ ურთიერთობაში იყვნენ ზაგროსის მთებში მცხოვრებ სხვა ტომებთან”. გ. გიოტცეს მოსაზრებით, “დიაუხის”, ანუ იგივე ტაოხების სახელწოდებაში პირდაპირ არის შემონახული ხურიული ონომასტიკა “დაი” (დიაუხის მეორენაირი სახელია “დაიანე” – გ.ქ.).

…ლეონტი მროველი “ქართლოსის” უფროს ძმად “ჰაოსს” ასახელებს, თუმცა, მოსე ხორენელის ზეგავლენით, მასში ჰაიკ-არმენებს ხედავს. ლეონტის დიდ ბოდიშს ვუხდით, მაგრამ, როგორც ირკვევა, ქართლოსის უფროსი ძმის სახელი “ჰაროსი” (“ჰუროსი”) ყოფილა და არა “ჰაოსი”, ისევე, როგორც უმცროსი ძმაა “ჰეროსი” და არა “ჰეოსი”.

ძვ. ქართულ სიმღერებში შემორჩენილი შეძახილები გავიხსენოთ: “ხარ-ალალო და ვარ-ხარ-ალო”; “ჰარი-ჰარალი-ჰარალე”; “ჰარალი-ჰარი-ჰარალო”… ეს ხომ ძველი ქვეყნის – ჰარის წარმართული ლოცვაა!..

ჰოდა, ახლა, მთაქართლიდან არმაზციხისაკენ რომ ვეშვები, ამ “ჰარი-ჰარალოს” ღიღინით მივუყვები ბილიკს.

ეჰეე!.. რანი ვყოფილვართ!..

…გაქრა ბავშვობისდროინდელი ომის ყიჟინა, ჩემი ყრმობისა და თმადათოვილი მთაქართლელის აჩრდილელები, მაგრამ მხოლოდ დროებით – ჩვენი დაშორება როგორ იქნება!.. არმაზციხემდე!..

 

გელა ქოქიაშვილი

ავტორის ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here