Home რუბრიკები ისტორია ფესტოსის დისკო კოლხურ ოქროდამწერლობას ასხივებს

ფესტოსის დისკო კოლხურ ოქროდამწერლობას ასხივებს

ენიგმატური ფესტოსის დისკო ჩვ.წ.აღ-მდე მეორე ათასწლეულით თარიღდება და 1908 წელს დოქტორმა ლუიჯი პერნიემ კუნძულ კრეტაზე, ფესტოსის სასახლეში აღმოაჩინა. დისკოს უდიდეს მნიშვნელობაზე მიანიშნებს ის გარემოება, რომ აღმოჩენიდან 100 წლის შემდეგაც იგი ვრცელ ღია დისკუსიებს იწვევს აკადემიურ წრეებში. მეცნიერები უკვე ერთი საუკუნეა, ეძებენ უნივერსალურ გასაღებს, რომელიც დისკოს საიდუმლოს ამოხსნის.

ქართველი მათემატიკოსის გია კვაშილავას მეცნიერული აღმოჩენა – ლონდონის კონფერენციის გვირგვინი
ამჯერადაც ასე მოხდა. 2008 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ლონდონის სიძველეთა შემსწავლელ საზოგადოებაში ჟურნალ «მინევრას» (დიდი ბრიტანეთი) დაფინანსებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე მეცნიერებმა კიდევ ერთხელ სცადეს ფესტოსის დისკოს საიდუმლოს ამოხსნა და ერთმანეთს იმ კვლევების შედეგებიც გაუზიარეს, წლების მანძილზე რომ ეწეოდნენ. ისინი მრავალი წლის მანძილზე შეისწავლიდნენ ფესტოსის დისკოს, აანალიზებდნენ მისი შესრულების ტექნიკას, ადგენდნენ ტექსტის წაკითხვის მიმართულებას, არკვევდნენ მის ავთენტურობას. ასე რომ, ერთობ სოლიდური სამეცნიერო თავყრილობა არა მარტო ორგანიზაციულობით, არამედ, უპირველესად, გაწეული სამეცნიერო ღვაწლის წარმოჩენითაც გამოირჩეოდა.

ჩვენი პუბლიკაციის მიზანი ამ კონფერენციის ვრცლად გაშუქება არ არის, თუმცა, ვიდრე მთავარ საკითხზე გადავიდოდეთ, რამდენიმე მომხსენებლის მოსაზრებას გაგაცნობთ, რათა მეტ-ნაკლები წარმოდგენა გქონდეთ, თუ რა დიდი მნიშვნელობის აღმოჩენით გაამდიდრა მსოფლიო მეცნიერება ქართველმა მათემატიკოსმა გია კვაშილავამ. იგი ამ კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო და იმ მეცნიერთა აღფრთოვანება გამოიწვია, რომლებმაც მთელი ცხოვრება ფესტოსის დისკოს კვლევას მიუძღვნეს.

გერმანელი მეცნიერი ტორსტენ ტიმი (დრეზდენი) დისკოს სტრუქტურული ანალიზის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დისკოს ორივე მხარე ერთმანეთთან შეუსაბამოა, ზოგიერთი სიმბოლო განსხვავებული სიხშირით გამოიყენება დისკოს მხარეებზე. სტრუქტურული ანალიზის შედეგად დოქტორი ტიმი დასაშვებად მიიჩნევს კავშირს A-ხაზოვან დამწერლობასა და ლინგვისტურ მოდელს შორის. ასევე გერმანელი მეცნიერის, დოქტორ დიტერ ა. რუმპელის (დიუსელდორფი) აზრით კი, ტექსტი დიდი ალბათობით დაწერილია ღია მარცვლებით ჰომოფონებისა და იდეოგრამების გარეშე. მან დისკოს შესაძლო გრამატიკული სტრუქტურაც გააანალიზა.

ბრიტანელმა დოქტორმა ჯონ კოლემანმა (ოქსფორდი) შესაფერისი სამეცნიერო ყურადღებით შეისწავლა კავშირი A-ხაზოვან დამწერლობასა და კრეტულ იეროგლიფებს შორის. მისი აზრით, პიქტოგრაფიული კავშირი დისკოს ბევრი ნიშნისა კრეტულ იეროგლიფსა და «მონუმენტურ» A-ხაზოვანს შორის აშკარაა. იგი იშველიებს ამერიკელი დოქტორის ჯერომ აიზენბერგის (ნიუ-იორკი) მოსაზრებასაც, რომ «კრეტის იეროგლიფების გაგრძელება A/B-ხაზოვან დამწერლობებში, როგორც ჩანს, უზრუნველყოფს დისკოსის 12 ნიშნის ახსნას და, ალბათ, სხვა ათისაც».

სხვათა შორის, მეცნიერებს დიდი თავისტკივილი გაუჩინა ფესტოსის დისკოს ტექსტის გაყალბების შესაძლებლობამაც, თუმცა ამერიკელი დოქტორი ტომ პალაიმა (ოსტინი, ტეხასი) აცხადებს, რომ «თუ ფესტოსის დისკო ყალბია, მაშინ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, რა ჰქონდა განზრახული მის გამყალბებელს XX საუკუნის დასაწყისში და რა იცოდა პრეისტორიული ეგეოსური კულტურისა და ენის შესახებ».

ბერძენი დოქტორი გერეთ ოუენსის (ჰერაკლიონი, კრეტა) აზრით, შესაძლებელია ფესტოსის დისკოს «წაკითხვა» გარკვეულ დონეზე მაინც, სამუშაო ჰიპოთეზად მისი წარმოდგენა A და B-ხაზოვანი დამწერლობების ფონეტიკური ბგერების მნიშვნელობათა გამოყენებით, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ შეუძლებელია დისკოს «გაგება». მისივე მოსაზრებით, «ეპიგრაფიკულად დისკო მინოსური წარწერაა, ლინგვისტურად კი – მინოსური ენა ინდო-ევროპულად არის მიჩნეული».

ბრიტანელი მეცნიერი ნიკოლას რიდი (ფოუკსტონი, კენტი) შეუძლებლად მიიჩნევს ფესტოსის დისკოს გაყალბებას. არგუმენტად კი ის ფაქტი მოჰყავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამ შემთხვევაში გამყალბებელს ამდენი (ანუ 16) შესწორება შეეტანა დისკოს ბეჭდვის დროს. იგი ასევე ასაბუთებს, რომ დისკოს A და B მხარის შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავებულია. მაგალითად, ერთი ღმერთია განდიდებული პირველ მხარეზე და სხვა, განსხვავებული ღმერთი – მეორეზე.

ბერძენი მეცნიერი პანაიოტის გრეგორიადისი (ათენი) კატეგორიულია. იგი ფესტოსის დისკოს მინოსური ფლოტის მიერ გამოყენებულ უძველეს პორტატულ წლიურ კალენდრად წარმოგვიდგენს. მისი აზრით, ეს კალენდარი თანხმობაშია მინოსურ კალენდრულ აბაკუსთან, რომელიც მუშაობს ყოველგვარი მოძრავი ნაწილის გარეშე.

(ფესტოსის დისკოს A და B მხარეები)

პოლონელი დოქტორი იან ბიგაი (უსტშიკი-დოლნე) ფესტოსის დისკოს ნიშნების ფონეტიკურ მნიშვნელობას კვიპროსულ მარცვლოვან დამწერლობასთან მიმართებაში განიხილავს და სამ პრინციპს ითვალისწინებს: ფესტოსის დისკო აკროფონური ტიპის სილაბური დამწერლობაა; ბერძნულია, დიდი ალბათობით, თავად წარწერისა და ხაზოვანი სიმბოლოების ენა; ასევე ბერძნულია კლასიკური კვიპროსული დამწერლობის ენა, რომელიც დისკოს სურათების ადეკვატურია. იგი ამტკიცებს, რომ კვიპროსული მარცვლოვანი დამწერლობა ფესტოსის დისკოს გაგრძელებაა. მათგან პირველი მეორის განვითარებას უნდა წარმოადგენდეს და, სავარაუდოდ, კვიპროსელ გადამწერებს მათი მიზნებისთვის მოურგიათ და გაუმარტივებიათ იგი.

ბრიტანელ მეცნიერს უილიამ ჰ. კონსიდინს (დასავლეთ ესექსი) მიაჩნია, რომ დისკო საქმიანი ბიზნეს-დოკუმენტია და სიმბოლოები ვაჭრობასთან დაკავშირებული ობიექტები, ანუ იმდროინდელი ვაჭრობის დარგებისა და საქონლის ამომწურავი ამონათვალი უნდა იყოს.

რაკი სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მოსაზრებებს უკვე გავეცანით (აქვე იმასაც დავძენ, რომ ყველას შემოთავაზება ვერ შევძელით) ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ლონდონის სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენების წაკითხვის სურვილი გამოთქვეს ასევე ავსტრიელმა, შვეიცარიელმა, ბრიტანელმა, ამერიკელმა და ლუქსემბურგელმა მეცნიერებმა. ამდენად, მეორე კონფერენცია უკვე საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გაიმართება. სწორედ იქ, სადაც ფესტოსის დისკოს პირველად ხელი შეახეს 100 წლის წინათ.

ფესტოსის დისკოს შესახებ მეცნიერთა მოსაზრებების ასე ვრცლად წარმოდგენის შემდეგ თავადაც დარწმუნდებით, თუ რა ფურორს მოახდენდა ქართველი მკვლევარის გია კვაშილავას მოხსენება ლონდონის კონფერენციაზე. «ფესტოსის დისკოს – კოლხური ოქროდამწერლობის ნიმუშის – გაშიფვრა», – ასე დაასათაურა მან თავისი მოხსენება, რომელშიც აღნიშნა, რომ

«გაშიფვრის საფუძველს წარმოადგენს მატრიცების ბრუნვა. ზოგი ერთი და იგივე ნიშანი ერთზე მეტ პოზიციაშია დისკოზე წარმოდგენილი. A, რომლებიც მარჯვნივ «იყურება», არის ორმარცვლიანი ლოგოგრამები, ხოლო A, რომლებიც მარცხნივ «იყურება», ისიც ლოგოგრამებია, ოღონდ მარცვალთა შებრუნებული რიგით. A ლოგოგრამის მხოლოდ პირველი მარცვალი იკითხება ზედა მხარეს მოქცეულ ნიშნებში; A ლოგოგრამის მხოლოდ მეორე მარცვალი იკითხება ქვემოთ მოქცეულ ნიშნებში».

გია კვაშილავა დისკოს ტექსტს თარგმნის, როგორც დიდი დედისა და ღმერთქალის, ნენანას (რეა-კიბელე) საგალობელს.

გია კვაშილავამ ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშანთა წაკითხვისათვის შექმნა ალგორითმი, რომელიც ბუნებრივად ეყრდნობა თვით მასალის გრაფიკულ მონაცემებს და მოიცავს არა მარტო დისკოს ტექსტს, არამედ ვრცელდება იმ სამ წარწერაზეც, სადაც გამოყენებულია ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშნები. კერძოდ, არქალოხორის ცულზე, მალიის ქვის ბლოკზე და ფესტოსის ლარნაკზე.

ფესტოსის დისკოს კოლხურ (პროტო-ქართველურ) ენაზე წაკითხვას მტკიცედ უჭერს მხარს უმნიშვნელოვანესი ლინგვისტური მასალა, რომელიც მიღებულია აკადემიკოს თამაზ გამყრელიძისა და პროფესორი გივი მაჭავარიანის მიერ შედარებითი მეთოდებით პროტო-ქართველური (კოლხური) ენის აღდგენისას და მთელი ეს მასალა ადეკვატურად არის ასახული დისკოს წარწერაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფესტოსის დისკო ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულით თარიღდება, ამ დროისათვის კი საერთო-ქართველური ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი ერთი მხრივ, მეგრულ-ჭანურ, ხოლო მეორე მხრივ, ქართულ განშტოებებად.

აღსანიშნავია, რომ გია კვაშილავამ შეძლო ცალცალკე ნახატ-ნიშნების მორფოლოგიური ღირებულების მარცვლოვანი წაკითხვა და შეაჯამა დისკოს ორივე მხარის შინაარსი.

ქართველი მკვლევარის ამ აღმოჩენამ თავდაყირა დააყენა მთელი 100 წლის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ნაღვაწი.

ეს ის შემთხვევაა, როცა ივანე ჯავახიშვილის სიტყვები, – ისტორიულ მასალებზე მუშაობისას, შეიძლება ისეთი რამ აღმოჩნდეს, რომელიც მთელ კვლევას ააყირავებსო, – აქსიომატურ ჭეშმარიტებად იქცა. ამასთან შეგუება ბევრ მეცნიერს უჭირს. ალბათ, ამიტომაც, ყველა ერთხმად აღიარებს გია კვაშილავას აღმოჩენის უპირატესობას, მაგრამ აცხადებენ, რომ ერთბაშად ასეთი მასალის ათვისება ძნელია. გია კვაშილავას კი სამიოდ წელიწადს მოთმინებას ურჩევენ, ვიდრე მთელი მსოფლიო მისი აღმოჩენის უპირატესობაში დარწმუნდება.

უცხოელმა მეცნიერებმა კარგად იციან, რომ ფესტოსის დისკო სამ წელიწადს ვერ «მოიცდის». ისიც იციან, რომ ეს სამი წელიწადი მათ სჭირდებათ ამ აღმოჩენასთან შესაგუებლად, თორემ მსოფლიო უკვე აღიარებს ამ მიგნების უნიკალურობას.

გაოგნებულ მეცნიერებს (ვუწოდოთ მათ «ფესტოლოგები» ან, თუ გნებავთ, «დისკოლოგები») გულმა ვერ მოუთმინათ და თავიანთ სამშობლოში დაბრუნებულებმა ქართველ მკვლევარს შთაბეჭდილებები წერილობით გაუზიარეს.

ამერიკელი დოქტორი ჯერომ აიზენბერგი «სრულიად განსაცვიფრებელს» უწოდებს გია კვაშილავას აღმოჩენას. გერმანელი დოქტორი დიტერ რუმფელი კი ქართველ მათემატიკოსს სწერს: «ძალიან ვაფასებთ თქვენს სამეცნიერო თვალსაზრისს, ცოდნასა და ძალისხმევას. რამდენადაც ვიცი, თქვენ დისკოს ერთადერთი მკვლევარი ხართ, რომელმაც გაბედა და თავის დაბეჭდილ გამოკვლევაში ჩართო მითოლოგიის პერსონაჟები»…

ავსტრიელი იოხენ ციგენფუსი გია კვაშილავას ამშვიდებს: «თქვენ, ცხადია, გმართებთ მოთმინება და სიმტკიცე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სწორ გზას ადგახართ და საბოლოოდ გაღიარებენ». იგი ასევე დარწმუნებით აცხადებს, რომ გია კვაშილავას «კვლევა და აღმოჩენები დრამატულად შეცვლის მრავალ ადრინდელ შეხედულებას ისტორიაზე».

ამერიკელი რ. სპროუტი კი განსაკუთრებით საინტერესოდ მიიჩნევს ქართველი მეცნიერის ანალიზს «ნიშანთა როტაციაზე, რომელსაც განმასხვავებელი ფუნქცია აქვს… არც ერთ «ორგანულ» სისტემას არ ვიცნობ, რომელსაც ეს თვისება ახასიათებს. ამითაც, თუ ეს დისკოს სისტემის დამახასიათებელი ნიშანია, დისკოს წარწერა კიდევ უფრო უჩვეულო აღმოჩნდა, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა».

გია კვაშილავას მიგნებამ ბერძენი კოლეგების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა გამოაქვეყნა პროფესორ ტასოს კაფანტარისის სტატია, რომელშიც იგი წერს მისი ადრინდელი ვარაუდის შესახებ, იმის თაობაზე, რომ ფესტოსის დისკოს წარწერა ეკუთვნოდა მოსახლეობას, რომელიც დომინირებდა ეგეოსის რეგიონში მინოსურზე უფრო ადრე. სავარაუდო იყო, რომ რომელიღაც უძველესმა ენამ იქონია ძლიერი გავლენა ამ რეგიონის ენობრივ გადანაწილებაზე. ბერძენი მეცნიერი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს მისი ვარაუდი განმტკიცდა მას შემდეგ, რაც იგი გაეცნო ქართველი გია კვაშილავას მოხსენებას ლონდონის კონფერენციაზე.

«კვაშილავას გამოკვლევამ, რომელმაც ბიძგი მისცა ჰერბერტ ძებიშის გამოკვლევებმა, არა მხოლოდ აჩვენა, რომ დისკოს ენა იმდროინდელი ქართული – კოლხურია, არამედ მან კრეტას დაუკავშირა კორიბანტები და მათი კირბები, ერთმანეთთან დააკავშირა კრეტელი, ლემნოსელი და სამოთრაკიელი კორიბანტები; ენაზე, რომელზეც ისინი ლაპარაკობდნენ, აგრეთვე, საუბრობდნენ მინოსის კოლხი მეუღლე პასიფაე, კოლხეთის მეფე აიეტი, მისი ქალიშვილი მედეა და ოდისევსის მომაჯადოებელი კირკე… კრეტელებს შეუძლიათ, იოცნებონ იმ დროზე, როდესაც ისინი მსოფლიოს ლიდერები იყვნენ», – წერს ბერძენი მეცნიერი.

ავსტრიელმა მკვლევარმა, დოქტორმა ჰერბერტ ძებიშმა, ვის შესახებაც აღნიშნავს პროფესორი კაფანტარისი, პირველმა დაუკავშირა ფესტოსის დისკო კოლხურ-იბერიულ ენას, რომელსაც რამდენიმე წიგნი მიუძღვნა. ფესტოსის დისკოს პროტო-ქართველურ ენაზე წაკითხვის თაობაზე მან პირველად ბუდაპეშტის EIRENE-ს საერთაშორისო კონგრესზე (1988 წელი) ისაუბრა, ხოლო 1991 წელს იგივე ვარაუდი გამოთქვა ჯერ კუნძულ კრეტაზე გამართულ კრეტოლოგთა კონგრესზე, შემდეგ კი – რომში, მიკენოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე. დოქტორი ძებიში საქართველოშიც იმყოფებოდა და ვანის საგანძურსაც გაეცნო.

ჰერბერტ ძებიშმა შექმნა კომპიუტერული პროგრამა (Pჩ), რომელშიც შეეძლო ნებისმიერი ენის ჩასმა და ამ ენების მასალის შედარება დისკოს ნიშანთა განაწილებისათვის. მისი მცდელობა «უპასუხოდ» დატოვა ბიბლიის ებრაულმა, ძველმა სლავურმა, აღმოსავლურმა და სხვა ენებმა. მოგვიანებით კი, როცა პროგრამაში პროტო-ქართველური ჩასვა, მისი პროგრამა ამოქმედდა. დოქტორმა ძებიშმა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები ძველი ქართულის შესწავლას მოანდომა. იგი 1993 წელს გარდაიცვალა.

უდიდესმა ავსტრიელმა მეცნიერმა თავისი ვარაუდის დამტკიცება ვერ მოასწრო. მომავალი მკვლევარი გია კვაშილავა კი იმ დროს მხოლოდ 16 წლისა იყო. ჰერბერტ ძებიშის ვარაუდმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა და შედეგი თვალნათლივ იხილეს ლონდონის სიძველეთა შემსწავლელ საზოგადოებაში გამართული ენიგმატური ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა. როგორც უკვე ვთქვით, მათი გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია ქართველი მკვლევარის აღმოჩენამ.

ფაქტია, რომ ბატონმა გია კვაშილავამ ჩაატარა ძალზე მნიშვნელოვანი და შრომატევადი სამუშაო ფესტოსის დისკოს – მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტის – დეშიფრირების ისტორიის, პრობლემების შესწავლისა და კრიტიკული ანალიზის მიმართულებით. მან მიაღწია დისკოზე ამოტვიფრულ ნახატ-ნიშანთა ამეტყველებას კოლხურ ენაზე და დაადგინა, რომ ეს ნახატ-ნიშნები «კოლხური ოქროდამწერლობაა» (ბერძნულად – «ხრისოგრაფია»).

გია კვაშილავას მიერ თითქმის ოთხი ათასწლეულის სიძველის უნიკალური ტექსტის ამოკითხვამ შესაძლოა, სამანი დაუდოს მეცნიერთა დავას საქართველოს სახელმწიფოებრიობის განსაზღვრის შესახებ. ამ მიგნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოს კულტურისა და რელიგიისა, აგრეთვე მისი ისტორიისთვის, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ახალი აღმოჩენებისკენ უბიძგებს. გამორიცხული არ არის კიდევ არაერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის მოწმენი გახდეთ, თუ რა უდიდეს გავლენას ახდენდა პროტო-ქართველური კულტურა ევროპული კულტურის ფორმირებაზე.

დაბოლოს, ლონდონში გამართულ კონფერენციას ესწრებოდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ნანა შენგელაია, რომელსაც მადლობას ვუხდით პუბლიკაციის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის. სწორედ მისი შეფასებით მინდა დავამთავრო ეს წერილი: «თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბატონი გია კვაშილავას მოხსენება იმ დიდებული, ისტორიული, საერთაშორისო კონფერენციის გვირგვინი იყო».

P.S. თუ ამ წერილმა ვერ დააკმაყოფილა თქვენი ინტერესი ფესტოსის დისკოსადმი და მკვლევარ გია კვაშილავას უნიკალური აღმოჩენისადმი, შეგიძლიათ, ესტუმროთ ვებსაიტს  www.kvashilava-gia.com და სწორედ იქ მოძებნით პასუხს კითხვაზე – რატომ გამოიჭედა ფესტოსის დისკოსადმი მიძღვნილი ლონდონური კონფერენციის გვირგვინი მაინც და მაინც საქართველოში.

 

ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here