Home რუბრიკები ისტორია როგორ დაუკანონა სტალინმა კერძო საკუთრება გიორგი მარშანიას

როგორ დაუკანონა სტალინმა კერძო საკუთრება გიორგი მარშანიას

იოსებ სტალინის შესახებ იმდენი ლეგენდა თუ მოარული ამბავია ცნობილი, რომ ახალი და გაუგონარი თითქოს აღარაფერი დარჩა, მაგრამ, თურმე ასე არ არის. ჯაბა კუბლაშვილი, მშენებელი კაცი, რომელსაც დიდი და მნიშვნელოვანი ცხოვრების გზა აქვს გავლილი, მოღვაწეობდა საქართველოში ხელმძღ­ვანელ თანამდებობებზე, რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრადაც მუშაობდა ერთი პერიოდი, იყო რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხნის დირექტორი, აშენებდა ალუმინის წარმოების უზარმაზარ კომპლექსს თურქეთში – ანატოლიაში, ამჟამად სააქციო საზოგადოება “მონტაჟსპეცმშენის” ვიცეპრეზიდენტი, საინტერესო ამბავს მოგვითხრობს თავისი პაპის სტალინთან ურთიერთობის შესახებ.- ბაბუაჩემი, გიორგი ათანასეს ძე მარშანია, – იწყებს ბატონი ჯაბა, – გურიის სოფელ ზემო ხეთიდან გახლდათ. გლეხი მარშანიები იყვნენ, აფხაზ მარშანიებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ, ბაბუას, ყოველ შემთხვევაში.გასული საუკუნის დასაწყისში დუხჭირი ცხოვრება იყო გურიაში საერთოდ და ზემო ხეთიც გაჭირვებული სოფელი იყო. ამიტომ გადაწყვიტა 18 წლის ბიჭმა თბილისში წასულიყო საარსებო სახსარის საშოვნელად.1903 თუ 1904 წელია.
იმ დროს გურულები ვორონცოვის მოედანზე იკრიბებოდნენ, ამბებს იგებდნენ, გაჭირვებას იზიარებდნენ, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ კიდეც ერთმანეთს კრიტიკულ სიტუაციებში.ბაბუაც, ცხადია, იქ გამოცხადდა. გურულებმა დააკვალიანეს, ურჩიეს მისულიყო კნიაზ ილია ჭავჭავაძის სახლში, რომელიც იქვე, ჩერქეზოვზე ცხოვრობდა და იმ მომენტში მოჯამაგირეს ეძებდა.  გასამრჯელოდ ექვს აბაზზე ნაკლებს არ დათანხმდეო.მივიდა. გამოხედა, როგორც თვითონ ყვებოდა, დაბალი ტანის, ბურთივით მრგვალმა, სასიამოვნო გამომეტყველების ქალბატონმა (ოლღა გურამიშვილი იყო) და ჰკითხა, რა გინდაო?- მოჯამაგირეს ეძებთ, ქალბატონო?- კი, ვეძებთ. იმერელი ხარ?- არა, გურულიო, – უპასუხია ბაბუას.- არა, იმერელიო, – დაუჩემებია დიასახლისს. საქმე ის იყო, რომ მაშინ თბილისი სავსე იყო გაჭირვებული იმერელი ბიჭებით, რომლებიც მოჯამაგირეებად უდგებოდნენ თბილისელ მოქალაქეებს.ამასობაში ილიაც გამოსულა. მერე უთხრეს ბაბუაჩემს, რომ ილია იქნებოდა, ჭავჭავაძე, თორემ, აბა, სად უნდა ენახა გლეხის ბიჭს ეს შესანიშნავი ადამიანი?!- ხუთ აბაზს მოგცემო, – შეუთავაზებია ილიას.- ექვსიო, – გაჯიუტებულა მარშანიების ბიჭი.ილიამ რეალური ფასი შესთავაზა, ბაბუაჩემი გურულების რჩევით ხელმძღვანელობდა – ნაკლებზე არ დათანხმდეო, იმათ სიტყვას სახარებასავით ენდობოდა.ვერ მორიგებულან.დაბრუნდა ბაბუაჩემი გურულებთან იმედგაცრუებული. იმათ კი ახალი ვარიანტი შეუთავაზებიათ: თბილისის სემინარიაში ღამის დარაჯი სჭირდებათო.წავიდა. მიუღიათ. დაუწყია მუშაობა. იქვე ცხოვრობდა. ერთხელ, ღამით, სრულ პანსიონზე მყოფმა სემინარიელებმა რომ დაიძინეს, ბაბუასთან ორი ახალგაზრდა კაცი მივიდა. ერთმა შავულვაშამ და გრუზათმიანმა მეორე წარუდგინა – რუსია, მიხეილი ჰქვიაო (შემდგომში ცნობილი რევოლუციონერი და სახელმწიფო მოღვაწე, საკავშირო მამასახლისად ცნობილი მიხეილ კალინინი, რომელიც იმ დროს თბილისის რკინიგზის სახელოსნოებში მუშად მუშაობდა).შავულვაშა, რომელსაც ყელზე კუბოკრული კაშნე ჰქონდა შემოხვეული, კობად გაეცნო:- ჩვენ მოწინავე ახალგაზრდები ვართ, ვისაც საქართველოს სიკეთე გვინდა, – უთქვამს მას, – თქვენი მოსწავლეები უნდა გავარკვიოთ, რა დღეშიცაა ჩვენი სამშობლო, გავანათლოთ და დავრაზმოთ უკეთესი მერმისისთვის საბრძოლველადო. ღამის 2-3 საათზე მოვალთ ხოლმე, შენ გთხოვთ, ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი გააღვიძო. ჩვენ შევხვდებით და ვისაუბრებთო.დაუჯერა ბაბუაჩემმა ამ ახალგაზრდა კაცს, რატომღაც ვირწმუნეო მისი სიტყვების სიმართლე. ვიქცეოდი ისე, როგორც მთხოვესო. იმათ საუბრებსაც ესწრებოდა. ყველაფერს ვერ ვიგებდი, რაზეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ უსამართლობის წინააღმდეგ რომ იყვნენ ამხედრებული და მუშათა და გლეხთა სახელმწი­ფოს შექმნაზე რომ საუბრობდნენ, ძალიან მომწონდა და ვეთანხმებოდიო.ასე გავიდა სამი თვე.ბაბუას სხვა სამსახური შესთავაზეს და ისიც თბილისის კონკაზე კონდუქტორად გადავიდა, რომელიც იმ დროს ბელგიელების საკუთრება იყო.ერთხელ უყურადღებობით ჩამოვარდა კონკიდან და ფეხი მოიტეხა. დაუწვენიათ საავადმყოფოში, უმკურნალიათ. ამ დროს მასთან ვიღაც ნაცნობი მისულა და ურჩევია, დაეწერა საჩივარი – ბელგიელები კომპენსაციას გადაგიხდიანო.უარი უთქვამს გიორგი მარშანიას, ჩემი სიგლახით დავშავდი და ვერავის ვერ ვუჩივლებო.რამდენიმე კვირის შემდეგ ორი ბელგიელი თარჯიმნის თანხლებით დადგომია თავზე და სამჯერ იმაზე მეტი ფული მიუტანიათ, რაც კომპენსაციით ერგებოდა, თანაც ოქროთი: ეს შენი პატიოსნებისთვისო.აუღია ეს ფული და კარგადაც დაუმალავს.ამ დროს მოხდა გასაბჭოება. დაიწყო შეძლებული ოჯახების მიგრაცია. უძრავი ქონება კაპიკებად იყიდებოდა. ბაბუამაც გადაწყვიტა სახლის შეძენა და, მეგობრის რჩევით, ნაძალადევის გარეუბანში, ხუდადოვის ტყის პირას, ბუფერის ქუჩაზე (ამჟამად ლალიონის #4) ორსართულიანი სახლის 18 ოთახი, თითო – 16 კვადრატული მეტრის ფართის, თავ-თავისი აივნებით შეიძინა ბელგიელების მიცემული ოქროთი.ეს შენობა ახლაც დგას და მარშანიების სახლის სახელითაა ცნობილი.ბაბუა ავტორიტეტული კაცი იყო უბანში, ბევრნი მოდიოდნენ მასთან რჩევის მისაღებად და ჭკუის საკითხავად. გარეგნულად ნოე ჟორდანიას ჰგავდა და ვიღაც რეგვენმა ჩეკისტებმა ამის გამო დააპატიმრეს კიდეც, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლეს.ოციანი წლების ბოლოს ქალაქებში კერძო მეპატრონეებისთვის სახლების ჩამორთმევა დაიწყეს. მიადგნენ მარშანიასაც. მაშინ ბებიამ – ანასტასია თევზაძემ კატეგორიულად განუცხადა ბაბუაჩემს, სტალინთან ნაცნობობით რომ ტრაბახობ, მისწერე და გიშველოსო.დათანხმდა ბაბუა. დაწერა წერილი და ფოსტაშიც მიიტანა, მაგრამ არ გააგზავნა: კრემლში გასაგზავნად 5 მანეთის მარკების ყიდვა მომთხოვეს, ამდენ ფულს სათუო საქმეში ვერ დავკარგავდიო.ბებია ამ არგუმენტს არ დაეთანხმა:- სახლს კარგავ და ხუთი მანეთის დაკარგვას ჩივიო?და ბაბუაც იძულებული გახდა, დათანხმებულიყო.ანასტასია თევზაძეს არავითარი განათლება არ ჰქონდა მიღებული. ის კი არა, რიცხვების ცნობაც არ შეეძლო. როცა ვეკითხებოდით, კი მაგრამ, როგორ იგებ, რომელი ნომერი ტრამვაი გჭირდებაო, გვიპასუხებდა – გუმანით ვგრძნობო.არც ამჯერად უღალატია გუმანს ბებიასთვის: ორი თვის შემდეგ მარშანიების კარს მოაკაკუნა ერთმა პაკეტიანმა კაცმა, რომელსაც მეორე მოჰყვა, როგორც ჩანდა, – ჩეკისტი. პაკეტი ბაბუას გადასცეს. ერთად გავხსნათო, უთხოვია ოჯახის უფროსს. გახსნეს და წაიკითხეს: ბაბუას განცხადებაზე სტალინს წაეწერა ასეთი რეზოლუცია: “Ни в коем случае не трогать имущество Георгия Маршания. И. Сталин”.ასე გადაუხადა მადლობა სტალინმა გიორგი მარშანიას იატაკქვეშა მუშაობის პერიოდში აღმოჩენილი თანადგომისთვის.ეს ამბავი მაშინვე ელვის სისწრაფით გავარდა უბანში და იმის იქითაც. მას შემდეგ მარშანიებს ფინგანი და მისთანანი ახლოსაც არ გაჰკარებია…1953 წელს, მარტში სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ბაბუამ შეგვკრიბა და გვითხრა: ახლა ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და მოსალოდნელია, რომ სტალინს შეუტიონო. მე, მაშინ 15 წლის ბიჭი ვიყავით და, რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ დავეთანხმე. ბაბუამ მომისმინა, მწარედ ჩაიღიმა და გამოგ­ვიცხადა, რომ თავის 18 ოთახს გადაგვიფორმებდა სამ შვილსა და სამ შვილიშვილს. თვითონაც დაიტოვებდა საცხოვრებლად რამდენიმეს.ასეც გაკეთდა. ქვეყანა სტალინის შემდეგ მართლაც აირია მედროვე და უვიცი ნიკიტა ხრუშჩოვის წყალობით – ბაბუამ სწორად გათვალა. მისი გადაწყვეტილებაც სწორი აღმოჩნდა: სტალინის დაკანონებული კერძო საკუთრება მარშანიების შთამომავლებს დაგვრჩა.

საუბარი ჩაიწერა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here