Home რუბრიკები პოლიტიკა ნატოს საკითხი მიუნხენის კონფერენციის შუქზე

ნატოს საკითხი მიუნხენის კონფერენციის შუქზე

512

ქართული მედია მოვლენებს ისე აშუქებს, თითქოს აშშის საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა და საქართველო იყო და არის ნატოს წევრობის რეალური კანდიდატი

ქართული მედიასაშუალებების დიდი ნაწილი განაგრძობს საზოგადოების ცალმხრივ ინფორმირებას და მკითხველისა თუ მსმენელის შეცდომაში შეყვანას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. მოვლენები ისე შუქდება, თითქოს აშშის საგარეო პოლიტიკაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა და საქართველო იყო და არის ნატოს წევრობის რეალური კანდიდატი.

ისედაც ეფემერული პერსპექტივა, რომ საქართველო მოიპოვებს ნატოს სრულუფლებიან წევრობას, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ საერთოდ გაქრა. ამას არ იმჩნევს საქართველოს პროდასავლური ხელისუფლება, ოპოზიცია თუ მასმედია, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება.

ამჯერად იმოწმებენ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის გამოსვლას მიუნხენის უშიშროების ყოველწლიურ კონფერენციაზე, სადაც მან განაცხადა, რომ “აშშ იყო თქვენი (ე.ი. ევროპელი მოკავშირეების _ გ. რ.) პირველი მოკავშირე, და ეს მუდამ ასე იქნება”. მეტიც, პენსმა თავისი ახალგაზრდობა გაიხსენა, როდესაც დასავლეთ ბერლინში მოუწია ჩასვლა, იქიდან კი სოციალისტურ აღმოსავლეთ ბერლინში გაემგზავრა. “ნაცრისფერ” აღმოსავლეთ ბერლინს “ჭრელი” დასავლეთის ფონზე მაიკ პენსს ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვებია… ამ მოგონებას, ისევე, როგორც ამერიკის მოკავშირეობაში დარწმუნებას, ევროპელი პარტნიორები უნდა დაემშვიდებინა. როგორც დარბაზში მყოფი უცხოელი ჟურნალისტები წერენ, საზოგადოება ამერიკის ვიცეპრეზიდენტს დიდი ყურადღებით უსმენდა და მან თავშეკავებული ტაშიც დაიმსახურა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, “ტრანსატლანტიკური პარტნიორობის” მომხრეები ვერ დაამშვიდა.

საქმე ის არის, რომ პენსის მიერ დასმული აქცენტები არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს ამერიკას, შეზღუდოს თავისი ინტერესების სასიკეთო მოქმედება, მათ შორის, რუსეთთან ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. ეს ცენტრალური საკითხია. აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას უარი არ უთქვამს რუსეთთან ორმხრივ დიალოგზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დიალოგის უპირველესი მომხრე, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში _ მაიკ ფლინი უკვე ემსხვერპლა გლობალისტთა ხრიკებს _ ფლინმა სამი კვირაც ვერ გაძლო თანამდებობაზე, ისე გადადგა, მაგრამ ვიმეორებთ:, ოფიციალური ვაშინგტონი, მოცემულ ეტაპზე კვლავაც ინარჩუნებს მოქმედების შეუზღუდველობის უფლებას. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებაც, რომელიც მიუნხენამდე ოდნავ ადრე, ნატოს მინისტერიალზე გაკეთდა. ტრამპის კაბინეტში რუსეთისადმი ყველაზე უფრო კრიტიკულად განწყობილმა თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა აღნიშნა, რომ აშშ ნატოს ფარგლებში თავისი ვალდებულებების ერთგული კი რჩება, მაგრამ, ამასთანავე, კატეგორიულად მოითხოვს, რომ წევრმასახელმწიფოებმა თავიანთი წლიური მშპის 2 პროცენტზე მეტი მოახმარონ ამ ორგანიზაციას, რისგანაც ისინი ჯერ კიდევ შორს არიან. “თუკი თქვენს ქვეყნებს არ სურთ, იხილონ, როგორ ამცირებს აშშ თავის წვლილს ალიანსში, ყოველი თქვენგანის დედაქალაქმა უნდა მოახდინოს ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მხარდაჭერა”, _ განაცხადა ჯეიმს მეტისმა.

აშშ არასოდეს ყოფილა ასეთი მომთხოვნი ნატოს დაფინანსების თაობაზე. შეგახსენებთ: ნატოს მშპ-ს 2 პროცენტსა და მეტს, აშშ თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი და ესტონეთი ახმარენ. აშშის მიერ ნატოს დასაფინანსებლად გაღებული თანხების მთლიანი რაოდენობა კი გაცილებით აღემატება ყველა სხვა დანარჩენი წევრის მიერ შეტანილ წვლილს, ერთად აღებულს. ამიტომ აშშის თავდაცვის მინისტრის მუქარა ძალზე მნიშვნელოვანი და რეალურია. რაც უნდაუღრინოსთავდაცვის მინისტრმა მეტისმა რუსეთს, ამ ქვეყანას აშშ ვერაფერს დააკლებს, მაგრამ აი ნატოსთვის ამერიკის ოფიციოზს უფრო დიდი ზიანის მიყენება შეუძლია და სწორედ ამას განიცდიან ბრიუსელში. პრეზიდენტ ტრამპთან ყველაზე უფრო დაახლოებული მრჩეველი, ლიბერალური მასმედიისთვის მთავარი მტრის ხატი სტივენ ბენონი თავის თავზე ამბობს, რომ იგი არის არა “თეთრკანიანი ნაციონალისტი” (ე.ი. რასისტი ან ეთნო-ნაციონალისტი), არამედ “ეკონომიკური ნაციონალისტი”. ეს ნიშნავს, რომ ტრამპის პოლიტიკური გუნდის მთავარი წევრი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამერიკის ხარჯები, თუნდაც მოკავშირეების სასიკეთოდ, შემცირდეს და რაციონალურ ფარგლებში მოექცეს. დღეს ამერიკა ისევეა გადატვირთული სამხედრო ხარჯებით, როგორც საბჭოთა კავშირი იყო 1980-იან წლებში. ორი ათეული ტრილიონი დოლარის საგარეო ვალის მქონე შეერთებულ შტატებს აღარ ძალუძს ეკონომიკურ ეგოიზმზე უარის თქმა თუნდაც სამხედროსამოკავშირეო საქმეების მიმართ. ტრანსატლანტიკური ბიუროკრატია ამ მიდგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და, ვინაიდან დოლარის ემისია ისევ და ისევ ვაშინგტონის პრეროგატივაა, სწორედ ამერიკისგან მოითხოვენ ძველი პოლიტიკის გაგრძელებას, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს მცდელობები ჯერჯერობით წარუმატებელია.

მიუნხენის კონფერენციაზე ვიცეპრეზიდენტმა პენსმა კიდევ ერთი ისეთი ფრაზა ისროლა, რომელმაც იქ მყოფი ჟურნალისტები დააფიქრა. გერმანული “შპიგელი” აღნიშნავს, რომ პენსის სიტყვები შენიღბულ დიპლომატიურ მუქარას ჰგავს, კერძოდ: ჩვენ ისეთივე ერთგულნი ვიქნებით თქვენ მიმართ, როგორც თქვენ _ ჩვენ მიმართ პრეზიდენტ ტრამპის პირობებში”. მართლაც, ამ სიტყვების აღქმა მუქარად სავსებით ლოგიკურია, მათი პერიფრაზირება ასე შეიძლება: ვინც აშშ ხელისუფლების ერთგული არ არის, იგი ნუ იქნება აშშის ერთგულების იმედად”. არადა, ყველამ მშვენივრად იცის, როგორც “უყვართ” ევროპაში და, მათ შორის, ნატოს სტრუქტურებში პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, ამიტომ ამერიკელთაგან ყველაზე მქუხარე ტაში მიუნხენში ისევ ახირებულმა ბერიკაცმა, ჩვენი ნაცების მარადიულმა იმედმა და გახარებამ, სენატორმა მაკეინმა დაიმსახურა. მისი შემართული სპიჩი მალამოსავით მოეცხო დამსწრე საზოგადოების გულს. მაგრამ ეს საზოგადოება. ქართული პოლიტელიტისა და მასმედიის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, არც ისეთი ბრიყვია, რომ მაკეინის იმედად დარჩეს. ევროპა, ნატო თავიანთ გზას, ასე თუ ისე, ალბათ, მოძებნის, მაგრამ საქართველო, ზევით ნახსენები “ელიტების” ხელში, მათი აკვიატებული იდეებისა და არაპროფესიონალიზმის გამო, აღელვებულ ზღვაში უნიჩბოდ დარჩენილ ნავს უფრო ჰგავს, ვიდრე პერსპექტიულ სახელმწიფოს.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here