Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს საგარეო ვალი 15,3 მილიარდია, თითოეული მოქალაქის კი _ 4146 დოლარი

საქართველოს საგარეო ვალი 15,3 მილიარდია, თითოეული მოქალაქის კი _ 4146 დოლარი

საქართველოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ნათლად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. 2012 წელს “ქართული ოცნების” თავკაცების რიხიანი დაპირების მიუხედავად, კეთილდღეობისა და აყვავების წლები (განსაკუთრებით კარგი უნდა ყოფილიყო მეოთხე წელიწადი), სამართლიანობის აღდგენა და მსოფლიოში საუკეთესო დემოკრატია გელოდებათო, ქვეყანა უკან მიდის _ გაუფასურდა ლარი, გაძვირდა საწვავი, შესაბამისად _ პროდუქტები და აუცილებელი სამომხმარებლო საგნები, ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილი მიხეილ სააკაშვილი და მისი “ნაცმოძრაობა” კი იმის ნაცვლად, რომ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის (მოქალაქეების დახვრეტა ქუჩაში, ბიზნესის წართმევა და გადაფორმება, განათლების სისტემის ნგრევა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის _ კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად სამაჩაბლოსა და კოდორის ხეობის დაკარგვა და ასობით დაღუპული ქართველი ჯარისკაცი) პასუხი ეგოთ, უტიფრად უტევენ “ქართულ ოცნებას”, _ გაიძახით, რომ დანაშაულები გვაქვს ჩადენილი, ამიტომ, თუ ერთი ადგილი გაქვთ, გამოიძიეთ და დაგვიჭირეთო(?!). მაგრამ ეს მართლა უნიათო “ქართული ოცნება”, რომელიც ამერიკელი პატრონების მითითების გარეშე, დამნაშავე ნაციონალების დაპატიმრებას კი არა, კრინტსაც ვერ ძრავს.

სამაგიეროდ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, “ქამრების შემოჭერის” ნაცვლად, პრემიებსა და სახელფასო დანამატებს არ იკლებენ, არც _ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. მაგალითად, 2016 წლის აგვისტოში რიო დე ჟანეიროში გამართულ ოლიმპიმპიურ თამაშებზე პრეზიდენტ მარგველაშვილისა და მისი მეუღლის, აგრეთვე, მათი თანმხლები პირების 4-დღიანი ვიზიტი 173 269 ლარი დაჯდა, აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ მხოლოდ სასტუმროში 15 952 ლარი დახარჯა, სულ _ 27,7 ათასი ლარი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა (იმჟამად მოადგილემ) სოფიო ჯაჯანაშვილმა _ სულ 12,4 ათასი ლარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა _ სულ 16,1 ათასი ლარი და ა.შ.

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 23,1%, ანუ 854 700 კაცი, მათ შორის, პენსიონერების 15% და ბავშვების 21,7% ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (ზოგადი სიღარიბის ზღვარია თვეში 155,1 ლარი ერთ პირზე გაანგარიშებით), უკიდურეს სიღარიბეში კი (77,6 ლარი თვეში) _ მოსახლეობის 2,1%. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს (166,3 ლ), ამ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 13% ცხოვრობს.

ამ მონაცემების გათვალისწინებით, გამაოგნებელია ციფრები, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე (www.nbg.gov.ge): 2016 წლის 20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 15 342 239 800 აშშ დოლარი შეადგინა, თხუთმეტი მილიარდ სამასორმოცდაორი მილიონ ორასოცდაცხრამეტი ათას რვაასი დოლარი! და ეს ვალი, ეროვნული ბანკის მიერსაქართველო და მსოფლიოსთვისმოწოდებული ინფორმაციით, 2017 წელს კიდევ 550 მლნით შეიძლება გაიზარდოს.

საქართველოს ხელისუფლებამ პირველი საგარეო სესხი 1999 წელს აიღო _ 2,2 მლრდ. 2003 წლის დასაწყისში საქართველოს დაუგროვდა საგარეო ვალის საკმაოდ სოლიდური თანხა _ 1774,64 მლნ დოლარი. 2003-2007 წლებში საქართველოს ვალების დაფარვის საშუალება არ ჰქონდა და კრედიტორებთან აწარმოა მოლაპარაკება ვალების რესტრუქტურიზაციაზე, შედეგად, მოკლევადიანი ვალები გრძელვადიან ვალებად იქცა. ამ პერიოდიდან ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ვალების პროცენტებს იხდიდა.

იმჟამინდელი ხელისუფლება _ “ნაციონალურ მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, იმის მაგივრად, რომ ვალების დასაფარავად რადიკალური ზომები მიეღო, ახალ-ახალ ვალებს იღებდა. 2007 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ახალი სესხები აიღო გერმანიისგან, იაპონიისგან, ნიდერლანდებისგან, საფრანგეთისგან, ჩინეთისა და ქუვეითისგან, აგრეთვე, მსოფლიო ბანკისა (343 მლნ დოლარი) და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდისგან.

2008 წელს კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციამ ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე საქართველოს გამოუყვეს 4,5 მლრდ-ზე მეტი კრედიტი და გრანტი. საერთო ჯამში, 2009 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 7,667 მლრდ დოლარი შეადგინა, 2012 წლის სექტემბერში კი, “ნაციონალური მოძრაობის” ზეობის დასასრულს _ 13,169 მლრდ. 2012 წლის ბოლოდან, ანუ ხელისუფლების სათავეშიქართული ოცნებისმოსვლის დღიდან საქართველოს არ შეუწყვეტია ვალის აღება, პირიქით _ ძველ ვალს კიდევ 2,1 მლრდ დაუმატა და ახლა ჩვენი ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 15,342 მლრდ დოლარს შეადგენს. და თუ ამ თანხას საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე (3,7 მლნ კაცი) გავყოფთ, გამოდის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვილ ბავშვსაც და ხანდაზმულსაც _ 4146 დოლარის ოდენობის ვალი აქვს, უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების.

დიახ, სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაისტუმრონ ეს თანხა _ 15,3 მლრდ დოლარი, რომელიც, კაცმა არ იცის, რისთვის დაიხარჯა. ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არაფერი დასტყობია. სამაგიეროდ, ხელისუფლებაში სხედან მილიონერები _ წინა მოწვევის პარლამენტში 10 მილიონერი დეპუტატი იყო _ დავით ბეჟაშვილი, კობა ნაყოფია, გოგი თოფაძე, გოგი ლიპარტელიანი, ვალერი გელაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გოდერძი ბუკია, ზურაბ ტყემალაძე, გოჩა ენუქიძე, ნაული ჯანაშია, გიორგი ფეიქრიშვილი, კახა კალაძე. ამჟამინდელ ხელისუფლებაშიც საკმარისად არიან მდიდართა ფენის წარმომადგენლები _ კობა ნაყოფია, გოჩა ენუქიძე, კახაბერ ოქრიაშვილი, კახა კალაძე, ნატო ჩხეიძე, იოსებ მაკრახიძე, შოთა შალელაშვილი

ხელისუფლება მილიონერებით არის გაძეძგილი, ხალხის მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, რადგან ქართველ პოლიტიკოსებს ფეხებზე ჰკიდიათ მოსახლეობის პრობლემები. სახელისუფლო სკამებზე მოსაკალათებლად რას არ ჰპირდებიან მოსახლეობას, მაგრამ, როგორც კი თბილ სავარძლებში ჩასხდებიან, ყველაფერი ავიწყდებათ.

სამი თვის წინათ, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელსაც ხალხმა “ბღუჯა მინისტრი” შეარქვა, მოსახლეობას მოუწოდა, დანაზოგი ლარში შეენახათ (გახსოვთ, ალბათ, მისი ნათქვამი _ სიამოვნებისგან ტანში გამაჟრჟოლა, როდესაც ქალბატონმა ჯიბიდან ბღუჯა-ბღუჯა ლარი ამოიღოო), არადა, როგორც მისი 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, თვითონ დანაზოგი დოლარებსა და ევროებში აქვს. “ბღუჯა მინისტრი” მევახშეობასაც ეწევა _ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო ექსპრესში” აქვს თამასუქები, რომელთა მეშვეობითაც დივიდენდებს იღებს. ფინანსთა მინისტრს არ ჩამორჩნენ საქართველოს პარლამენტის წევრები “ქართული ოცნებიდან”: რევაზ არველაძე, რომელსაც “რიკოში” 190 ათასისა და 127 ათასის ნომინალის თამასუქები აქვს; დავით სონღულაშვილი, რომელმაც 2016 წელს 56 300 დოლარი გაასესხა და უკვე მიიღო სარგებელი _ 11 899 ლარი. ბექა ოდიშარია, რომელმაც 2016 წლის თებერვალში გაასესხა 170 ათასი დოლარი, სარგებელი კი 22 724 დოლარი მიიღო, ხოლო 2017 წლის იანვარში ორი წლის ვადით გაასესხა 270 ათასი დოლარი. ამას გარდა, აღსანიშნავია დეპუტატატ ბექა ოდიშარიას სიყვარული (როგორც “ქართული ოცნების” თავკაც ბიძინა ივანიშვილს) ხელოვნების ნიმუშებისადმი _ მის კოლექციაში ინახება 40-ზე მეტი ფერწერული ტილო, რომელთა ფასი (თითოეულის) 1000-დან 4200 ლარამდე მერყეობს. თუმცა რა გასაკვირია დეპუტატების მევახშეობა, როცა თვითონ პოლიტიკოსებს აქვთ “ქართული ოცნების” თავკაცის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ვალი და შესაბამისად, მათზე ზემოქმედების ბერკეტები. მაგალითად, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს “ბანკი ქართუდან” 173 500 დოლარის ოდენობის ჰიპოთეკური სესხი აქვს აღებული 2030 წლამდე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს 2 სესხი: ერთი _ 1,7 მლნ-ის, მეორე _ 110 ათასი დოლარის ოდენობით (დიმიტრი ქუმსიშვილსაც ჰქონდა იპოთეკური სესხი “ბანკი ქართუში” და დაფარა). “ბანკი ქართუდან” სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს (30 ათასი), პარლამენტარებს ქართული ოცნებიდან _ ენძელა მაჭავარიანს _ 38 ათასი, შალვა კიკნაველიძეს _ 68,9 ათასი.

15,3 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი _ ეს არის საქართველოს ხალხზე “მზრუნველი” ხელისუფლების “ნამოღვაწარი”, რომელიც მხრებზე აწევს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და დააწვება მომავალ თაობებსაც, რადგან ხელისუფლება კიდევ აპირებს ვალის აღებას.

რა თქმა უნდა, თუ სახელმწიფოს სჭირდება, ხელისუფლებამ ვალიც უნდა აიღოს და ინვესტიციებიც მოიზიდოს, მთავარია, ეს თანხები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოხმარდეს, მაგრამ, კოლოსალური ვალის მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშანწყალი არ შეიმჩნევა _ გაუფასურდა ლარი, გაძვირდა საწვავი, პროდუქტები, არ აშენებულა არც ერთი მნიშვნელოვანი საწარმო, რომლებშიც ადამიანები დასაქმდებოდნენ. მიუხედავად მცდელობისა, არაფერი ეშველა სოფლის მეურნეობას _ ხახვი, ბადრიჯანი, პომიდორი, ვაშლი და ყურძენიც (!) კი უცხოეთიდან შემოგვაქვს, _ 2016 წელს იმპორტსა და ექსპორტს შორის დაახლოებით 4-მილიარდიანი უარყოფითი სალდო აღინიშნა, _ საშინელ დღეშია ქართული სპორტი, კულტურა, განათლების სისტემა, ნებისმიერი სფერო, რომლებიც ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ახლახან კი თავდაცვის სამინისტროდან .. ოპტიმიზაციის საბაბით 2250-მდე სამხედრო დაითხოვეს და ამ ადამიანების ოჯახები ულუკმაპუროდ დატოვეს

საქართველოში მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ხარობენ და კიდევ _ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ხალხი კი… ხალხი პოლიტიკოსებს მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც არჩევნები მოახლოვდება, მერე კი ისევ იწყება დაპირებები, საგარეო ვალის აღება, რომელიც უკვე ძალიან მძიმედ აწევს ქვეყანას და, რომელიც არა ხელისუფლებამ, არამედ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის ცრუდაპირებებით პირში ჩალაგამოვლებულმა ბანკებისა და მევახშე ორგანიზაციების ვალებში ჩაფლულმა მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს.

დღეს საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი 15,3 მლრდ დოლარია, დაახლოებით 40 მილიარდი ლარი, ანუ ქვეყნის თითქმის 4 წლის ბიუჯეტი, და ეს თანხა თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა უნდა გადაიხადონ _ თითოეულმა 4146 დოლარი. ეს _ ჯერჯერობით, თუ მეტ ვალს აღარ აიღებს ხელისუფლება…

ნიკა კორინთელი

P.S. კონკრეტულად, რას მოხმარდა, რისთვის დაიხარჯა ეს უზარმაზარი თანხა _ 15,3 მლრდ დოლარი? _ ამ კითხვით მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს. პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: avtors Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here