Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი მდივანი: ნატოში შესვლა-არშესვლის საკითხზე რეფერენდუმი აუცილებლად უნდა ჩატარდეს

გიორგი მდივანი: ნატოში შესვლა-არშესვლის საკითხზე რეფერენდუმი აუცილებლად უნდა ჩატარდეს

917

ევროკომისიის მიერ 2 თებერვალს საქართველოსთვის ე.წ. ვიზალიბერალიზაციის მიცემას ქვეყნის პრემიერმინისტრმა “ისტორიული დღე” უწოდა და სახელდახელოდ შექმნილმა რეკლამებმაც ქვეყანა “ბედნიერების მორევში” გადაისროლა. ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მაქალაქეების გამარტივებული წესით გადაადგილებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. 

ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველომ და უკრაინამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა ჰქონდეთ. 2016 წლის დასაწყისში პარლამენტის საგარეო კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ამბობდა, რომ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და ეს გაზაფხულზე მოხდება. თუმცა გაზაფხულზე, ხელისუფლების გასაკვირად, უვიზო მიმოსვლის ნება არ დაგვრთეს და საკითხის განხილვა შემოდგომისთვის გადაიტანეს, შემდეგ _ კვლავ გაზაფხულისთვის. მერე უკვე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს დაელოდნენ და, კიდევ რამდენიმეცრუ მოძრაობისშემდეგ, როგორც იქნა, საკითხი დადებითად გადაწყდა. მუხედავად იმისა, რომ 2 თებერვალსისტორიული დღეუწოდეს, სრულგამარჯვებამდეკიდევ დარჩა გასავლელი რამდენიმე ეტაპი. რას მოუტანს შენგენის ქვეყნების საზღვრების გახსნა საქართველოს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ახალგაზრდა პოლიტოლოგი, მემარცხენე აქტივისტი გიორგი მდივანი გვესაუბრება.

_ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გვირაბის ბოლოსსინათლეგამოჩნდა და ქართველები .. ვიზალიბერალიზაციით დაგვაჯილდოვეს. საინტერესოა ახალგაზრდა კაცის მოსაზრება ამ ფაქტზე

_ ფაქტი, შესაძლოა, ცუდი არც არის, მაგრამ ჩემი აღშფოთება ხელისუფლების საქციელმა გამოიწვია. მათ შექმნეს ფუჭი მოლოდინი _ გამუდმებით გვეუბნებიან, რომ ვიზების ლიბერალიზაცია არის ქვეყნისთვის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატება. ეს მცდარი მოსაზრებაა. ცნობილი ამერიკელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე ნოამ ჩომსკი წერდა, როგორ ეწევიან საზოგადოების აზრის მანიპულაციას, ანუ როგორ იყენებს ხელისუფლება ტელევიზიის გავლენას. არსებობს ორი გავრცელებული ხერხი: ერთი ხელოვნური პრობლემის შექმნაა; მაგალითად, ისეთის, როგორიც სააკაშვილმა არა ერთხელ გააკეთა. გავიხსენოთ განმუხური _ ვითომ რუსების გაყრა და ავტობუსის აფეთქება. ის სასაზღვრო ზოლთან გამუდმებით რაღაცას აწყობდა. არსებობს კიდევ ასეთი ხერხი _ ნაკლებად მნიშვნელოვანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად გადაქცევა, რაც იყო ვიზალიბერალიზაციის მიღება.

ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან უარესდება და ეს დღეს არ დაწყებულა. იზრდება ეკონომიკური უთანასწორობა, საქართველო განიცდის სავაჭრო დეფიციტს, სასაქონლო უსაფრთხოება კატასტროფამდე მივიდა. ლარის გაუფასურება მოსახლეობის ჯიბეს ურტყამს.

ახლახან ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, ყოველი მესამე ოჯახი, ფაქტობრივად, მშიერია, ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილით იღუპება. ჯინის კოეფიციენტის (1912 წელს შემოიღო იტალიელმა სტატისტიკოსმა კორადო ჯინიმ. ეს ინდექსი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. ჯინის ინდექსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი. ქვეყნებს შორის ამ ინდექსის მიხედვით ყველაზე ნაკლები უთანაბრობა შვედეთშია (0.23), ხოლო ყველაზე მეტი _ ნამიბიაში (0.7) _ ე. ნ.) მიხედვით, ლიდერები ვართ, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ სრულიად პოსტსაბჭოთა სივრცეში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღება უმნიშვნელო მოვლენებზე გადააქვს.

ვიზების ლიბერალიზაცია ქვეყანას სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას ვერ მოუგვარებს. ჩვენ მანამდე ასოცირების ხელშეკრულებასაც მოვაწერეთ ხელი და არც მასში იგულისხმებოდა უცხოეთში ბიზნესის კეთების უფლება და არც ვიზების ლიბერალიზაცია გვაძლევს ამის საშუალებას. რეალურად არაფერი შეიცვლება, რადგან, ვისაც შეეძლო საზღვარგარეთ წასვლა, ისევ ისინი წავლენ _ მოსახლეობის 5-10%.

უარყოფითი, რაც ვიზების ლიბერალიზაციას შეუძლია მოგვიტანოს, არის ის, რომ, ვისაც ქვეყნიდან წასვლა ისედაც შეეძლო, ის უფრო ხშირად წავა. ეს კი გამოიწვევს ლარის ბრუნვის შემცირებას _ იყიდიან ევროს და დახარჯავენ უცხო ქვეყნებში. ჩვენც ხომ გვიხარია, როდესაც ტურისტები ჩვენს ქვეყანაში ფულს ხარჯავენ?

_ დადებითს ვერაფერს ხედავთ?

_ ევროსკეპტიკოსი ვარ, ამიტომ ევროინტეგრაციას არ მივიჩნევ ქვეყნისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად. მაგალითად, რუმინეთსა და ბულგარეთში, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრები გახდნენ, რეალურად არაფერი შეცვლილა. სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობა იგივე დარჩა. მოკლედ, ევროკავშირში სიკეთეს ვერ ვხედავ, თანაც, წევრობა კარგა ხანი არცგვემუქრება” _ მისი ბედი ისედაც ბეწვზე ჰკიდია.

ვფიქრობ, ვიზების ლიბერალიზაცია იმიტომ მოხდა, რომ საქართველოში ევროსკეპტიკოსების რაოდენობა არ გაზრდილიყო. დიდი ხანია, საუბრობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციაზე, რადგან ნატოში ინტეგრაცია გაიყინა. ხალხის უკმაყოფილების შეეშინდათ.

რაოდენობას ზუსტად ვერ დავასახელებ, მაგრამ ფაქტია, რომენდიაისგაყალბებულ კვლევებშიც კი ევროსკეპტიკოსთა რაოდენობა გაზრდილია. მოლდოვასაც ანალოგიური მიზეზით მიანიჭეს გამარტივებული წესით მიმოსვლა, რათა არ გაზრდილიყო ევროსკეპტიკოსთა რაოდენობა, მაგრამ ეკონომიკურად ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. ასე რომ, ესდადებითი მოვლენაარ არის.

_ უცხოეთში წასვლის მსურველთა რაოდენობა მოიმატებს. ამის გამო დემოგრაფიული პრობლემების მქონე საქართველო კიდევ უფრო ხომ არ დაიცლება?

_ იცით, ასე ვერ იტყვი, რადგან ზუსტად იმ საბუთებს ითხოვენ საბაჟოზე, რომლებსაც აქამდე ითხოვდნენ. გამკაცრდება რეგულაციებიც. ჩვენს მოქალაქეებს უცხოეთში დარჩენის საშუალება არ ექნებათ, მაგრამ, ამის მიუხედავად, წასვლა ვისაც სურს, ის, ალბათ, მაინც წავა.

_ ხელისუფლების მიერ წინასწარ მომზადებულ რეკლამებში საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის მინიჭებას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდეს, თუმცა ჯერ წინ გვაქვს გადამწყვეტი ეტაპები

_ შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, სააკაშვილი უარესს იზამდაო… საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ წინა ხელისუფლებასა და ამ ხელისუფლებას შორის დიდი სხვაობა არ არის. ორივე ერთნაირად იქცევა _ ქუჩაში გამოვიდნენ, ტორტი გაჭრეს… ერთი, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება არ აკეთებს, რუსეთს პირდაპირ არ აგინებს. რაც შეეხება მანიპულაციებს, ეს ამჟამინდელ ხელისუფლებასაც კარგად გამოსდის…

_ 2008 წელს ქვეყანაში ჩატარდა პლებისციტი, რომელზეც ხალხს თავისი ნება უნდა გამოეხატა _ გვინდა თუ არა ნატო. საკმაოდ დიდმა პროცენტმა ნატოში ინტეგრაციას დაუჭირა მხარი. როგორ ფიქრობთ, უნდა ჩატარდეს თუ არა მსგავსი პლებისციტი ან რეფერენდუმი დღეს?

_ ხელისუფლებას მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება არაფერში სჭირდება. 2008 წელს ჩატარებული პლებისციტი, ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნები, გაყალბდა, რადგან შედეგი 80%-მდე იყო…

ამას წინათ, ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, რომ ევროკავშირის იმდენი დროშა, რამდენიც საქართველოში ფრიალებს, ბრიუსელშიც კი არ არისო. მან ეს სერიოზულად თქვა და პლუსად ჩაგვითვალა, მაგრამ რეალურად ხომ დასაცინია?

რეფერენდუმი აუცილებლად უნდა ჩატარდეს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კონსტიტუციას ცვლიან და ნაცები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ჩვენი საგარეო კურსის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას არავინ შეგვეკითხება. ეს მეთოდი მსოფლიოშია აპრობირებული _ ხალხს არაფერს ეკითხებიან. ერთადერთი გამონაკლისი იყო “ბრექსიტი”. პოლიტიკური ელიტები ცდილობენ, პროცესებში მოსახლეობის ჩარევა მაქსიმალურად შეზღუდონ. რეფერენდუმის ჩატარება ბევრ რამეს შეცვლის ნატოს მიმართ.

ჩვენ ხომ სულ სუბიექტურ, მცდარ ინფორმაციას ვისმენთ. არავინ ლაპარაკობს, რამდენი ცუდი საქმე აქვს ჩადენილი ნატოს. არადა, უამრავი ევროპული გამოცემა წერს ნატოს უარყოფით საქმიანობაზე. რაც სერბეთში ჩაიდინეს, მხოლოდ საერთაშორისო ნორმების დაღვევა კი არა, თვით ნატოს წესდების დარღვევაც იყო. ნატოს წესდებაში შავით თეთრზე წერია, რომ ამ ალიანსს აქვს სამხედრო ძალის გამოყენების უფლება, თუ მის რომელიმე წევრ ქვეყანას საფრთხე ემუქრება. სერბეთში მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ ნატო ამ ქვეყანას 79 დღის განმავლობაში ბომბავდა.

საქართველოში არც ერთი ტელევიზია სიმართლეს არ ამბობს. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “სი-ენ-ენი” სიყალბის გავრცელებაში დაადანაშაულა, “ფეიკ-ნიუსი” უწოდა. ასე რომ, ტელევიზიების “ცოდვების” მაგალითის მოსაყვანად შორს წასვლა საჭირო არ არის.

_ ვიზების ლიბერალიზაციაზე ამდენი დროის, ფულისა და ნერვების ხარჯვას რისი გაკეთება სჯობდა?

_ სჯობდა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გაეტარებინათ: შეეზღუდათ საბანკო სექტორის ტერორისტული საქმიანობა; გაეუქმებინათ კახა ბენდუქუძისდროინდელი შეღავათები; შემოეღოთ პროგრესული საგადასახადო სისტემა, სამართლიანი სისტემა, როგორიც არის სკანდინავიის ქვეყნებში. უაზრობებზე ფულის დახარჯვას სჯობს, ხელი შეუწყონ ისეთ სფეროებს, რომლებსაც განვითარების პერსპექტივა აქვს. ახლა დონალდ ტრამპი სწორედ ამას აკეთებს. ასე განვითარდა ბევრი ქვეყანა. უნდა გაიზარდოს ტარიფი იმპორტზე და ფინანსები სახელმწიფო საწარმოების შექმნაზე დაიხარჯოს… სამწუხაროდ, ხელები შებოჭილი გვაქვს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მოთხოვნებით. გვეუბნებიან, არ შეიძლება, სახელმწიფოს წილი ჰქონდეს კომერციულ ბანკშიო, მაგრამ გერმანიის კომერციულ ბანკებში სახელმწიფო 25%-იან პაკეტს ფლობს. ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება და სჯობს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციონ, ის რეგულაციები გააუქმონ, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაზე.

ცუდია, როდესაც შენი ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს არ იცნობ და უცხოეთში ვიზიტებზე კოლოსალურ თანხებს ხარჯავ. საქართველოს პრეზიდენტის, ამ პოლიტიკური იმპოტენტის, მიერ დახარჯული თანხა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. არადა, ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმაა.

_ თუ არის იმის ალბათობა, რომ 1 მარტს, როცა საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი, უარი გვითხრან?

_ ევროკავშირისგან გამორიცხული არაფერია, იმ ევროკავშირისგან, რომლის ხელმძღვანელიც ხუთი წლის განმავლობაში მარტინ შულცი იყო. კაცი, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს. უდიპლომო ადამიანი მართავდა ამხელა გაერთიანებას. შულცი ახალგაზრდობაში ალკოჰოლიზმითაც იყო დაავადებული. ამ ფაქტს დიდხანს მალავდნენ.

სამწუხაროდ, ასეთი ევროპელები გვაძლევენ მითითებებს და ქვეყნის განვითარების გზებს გვიგეგმავენ, მაგრამ ლიბერალური დოქტრინის დრო სუიციდით დასრულდა. ტრენდი ინგლისიდან და ამერიკიდან წამოვიდა, ამიტომ მას ვეღარაფერი შეაჩერებს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here