საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში დღესდღეობით ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ძალასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა. პირველი პირი ასევე გამოეხმაურა საკითხს იმის შესახებ, რომ მასთან დახურულ კარს მიღმა ხშირად ხედავენ „რესპუბლიკური პარტიისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს“: „ეს არის ნორმალური ფორმატი.
ჩვენ, პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა ვესაუბრებოდეთ, რომ ქვეყანაში შევქმნათ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, არა გამოგონილი დაპირისპირებები, არა გაბუტვები და გაქცევები, არამედ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და მე, ბუნებრივია, როდესაც არის შესაძლებლობა, ყველა პოლიტიკურ ძალას ვესაუბრები, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი არიან მთავარი მოთამაშეები პოლიტიკურ ცხოვრებაში და პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რა საკითხებზე შეიძლება პრეზიდენტი თანამშრომლობდეს ზემოაღნიშნულ სუბიექტებთან, რამდენად არიან ისინი მთავარი მოთამაშეები პოლიტიკურ ველზე და რამდენად მნიშვნელოვანია მათთან მუდმივი კომუნიკაცია, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის მოძრაობა „ეროვნულების” თავმჯდომარეს სანდრო ბრეგაძესა და არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს დაუკავშირდა.
სანდრო ბრეგაძე:- აქ არის ძალიან მარტივი ახსნა, – ერთნაირი მსოფლმხედველობის ადამიანები ერთმანეთს პოულობენ. მაგველაშვილი ნამდვილად ვერ იმეგობრებს ეროვნულად, ქართულად და პატრიოტულად მოაზროვნე ადამიანებთან, ის იმეგობრებს მოღალატე პოლიტიკურ ძალებთან, იმიტომ რომ თავადაც არის მოღალატე ავაზაკი. ეს არის, თავის პირველ ლედისთან ერთად, ამაზრზენი, გარყვნილი ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრობს. და საერთოდ, როცა მარგველაშვილზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ არა როგორც პრეზიდენტზე, არამედ როგორც პოლიტიკურ ხორცმეტზე, რადგან თუ კი ვინმე რამე მოღალატეობრივ და ანტიქართულ საქმიანობას ეწევა აქ პოლიტიკურ ასპარეზზე, მარგველაშვილი ყველასთან მეგობრობს. ეს არის ჩვეულებრივი გააზნაურებული ბოგანო, რომელმაც ყველა სურვილი აისრულა და ყველა ოცნება აიხდინა, რაც კი ცხოვრებაში ჰქონდა. მარტო ხუთდღიანი დასვენება მას რიო დეჟანეიროში, თავის მეუღლესთან ერთად, 300 ათასი ლარი დაუჯდა; უფრო სწორად, მას კი არ დაუჯდა, საქართველოს და ქართველ ხალხს დაუჯდა. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი პრეზიდენტი კი არ უნდა იყოს, უნდა გასამართლდეს და პასუხი უნდა აგოს კანონის სრული სიმკაცრით.
ნიკოლოზ მჟავანაძე:- მარგველაშვილის სწრაფვასა და პოლიტიკურ ლტოლვას ამ ორი პოლიტიკური პარტიისადმი მხოლოდ ერთი საფუძველი აქვს, – თავადც იმ იდეოლოგიის, იმ ფსევდოლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანია, რაც ამ პარტიების ლიდერებსა და სულის ჩამდგმელებს გააჩნიათ. ესენი არიან პარტიები, რომლებიც განსაკუთრებული ქართველთმოძულეობით გამოირჩეოდნენ და ზუსტად ასეთია მარგველაშვილიც. გაიხსენეთ თუნდაც ის ფაქტი, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთვა, გამოვიდა და განაცხადა, ჯერ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შევეკითხებითო. ეს არის კაცი, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მეხუთე თუ მეათე რიგში ჰყავს დაყენებული და მარტო იმაზე ფიქრობს, სად დაისვენოს თავის მეორე ნახევართან ერთად, რომ კარგი დრო გაატაროს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანი ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იყოს და ის არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ძალიან დიდი სირცხვილია და რაც უფრო მალე გაიწმინდება პოლიტიკური ველი მსგავსი ხალხისგან, ჩვენთვის იქნება უკეთესი.
orive simartles ambobs prezident giorgi ,,saakashvilze\\\”!