მთავარი პოლიტიკა დემურ გიორხელიძე: ვიზალიბერალიზაცია რომ შველოდეს საქმეს, მაშინ არაფერი გვინდა, ავშენდებით და ქვეყანა...

დემურ გიორხელიძე: ვიზალიბერალიზაცია რომ შველოდეს საქმეს, მაშინ არაფერი გვინდა, ავშენდებით და ქვეყანა წინ წავა…

597
გააზიარეთ

დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შემოღებას უყრიან კენჭს. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული შეფასებები უკვე გაკეთდა. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ზემოაღნიშნული პროცედურა ჩვენთვის დადებითი შედეგით დასრულდება. მისი თქმით, დღესდღეობით ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი მტკიცედ და ერთსულოვნად უჭერს მხარს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

რას , მოუტანს სახელმწიფოს რეალურად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება, როგორ აისახება ეს ყველაფერი ეკონომიკაზე და სოციალურ მდგომარეობაზე, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ეკონომიკის ექსპერტს დემურ გიორხელიძეს დაუკავშირდა.

დემურ გიორხელიძე:- სარგებელი ერთადერთი ის იქნება, რომ ვიზის მიღების პროცესში დღეს არსებული კორუფციული სქემები დაინგრევა და მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ტანჯვა-წამება. სხვა სარგებელს მე ვერ ვხედავ.

რაც შეეხება ბიზნესს და ეკონომიკას, ქართველ ბიზნესმენს, თუ კი ვინმეს რამის გაკეთება უნდოდა ევროპაში, ისედაც თავისუფლად მიდიოდა და არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდა; ამდენად რას შეცვლის ეს ლიბერალიზაცია ჩვენთვის ეკონომიკური თვალსაზრისით, არ მესმის. ჩემი აზრით, მთელი ის მოლოდინები, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით არსებობს, არის გადაჭარბებული და რბილად რომ ვთქვათ, რეალობას მოკლებული. ეს არავითარ შემთხვევაში ჩვენ საშინაო პოლიტიკას არ გვიცვლის და არც ეკონომიკურ პოლიტიკაზე იქონიებს დიდ გავლენას. ვიზალიბერალიზაცია რომ შველოდეს საქმეს, მაშინ არაფერი გვინდა, ავშენდებით და ქვეყანა წინ წავა. არაფერი არ წავა წინ, აგერ ვარ მე, არსად გავრბივარ და არავითარ ეკონომიკაზე ამას გავლენა არ ექნება…

_ და რას ფიქრობთ იმ შეფასებებზე, რომ დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა?

_ ეს არის უკვე თემის პოლიტიკური შეფუთვა, როცა ვიღაცას უნდა, არც თუ ისე მნიშვნელოვან მოვლენას მისცეს განსაკუთრებული ჟღერადობა. ერთის მხივ ეს ყველაფერი გასაგებიცაა, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყნის ავტორიტეტი გაიზარდოს, ეს საკმარისი არაა. ქვეყნის ავტორიტეტი გაიზრდება მაშინ, როცა რეალურად წარმატებულ, განვითარების გზაზე მდგარ სახელმწიფოდ ვიქცევით, თუმცა ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არის, სოციალური ფონი ძალიან მძიმეა, სიღარიბე სულ უფრო მატულობს და ბუნებრივია, ამ სიტუაციაში ქვეყნის ავტორიტეტი მაღალი ვერ იქნება…  

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. სამწუხარო რეალობა, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა…..რას გვაბრმავებენ საინტერესოა….ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა, ქვეყანაში არსებულ უამრავ პრობლემას სამწუხაროდ ვერ შეცვლის. ამას ჩვენი ძვირფასი ხელისუფლება, მგონი ჩვენზე უკეთ ხვდება.მიხედეთ ქვეყანას შველა სხვა მხრიდან სჭირდება, სანამ კიდევ სული უდგას!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here