მთავარი პოლიტიკა ჭიაბერაშვილი: წულუკიანს თავნებობა ივანიშვილის საქართველოში გასდის და სტრასბურგში არ გაუვიდა

ჭიაბერაშვილი: წულუკიანს თავნებობა ივანიშვილის საქართველოში გასდის და სტრასბურგში არ გაუვიდა

489
გააზიარეთ

ევროსასამართლოში ქართული მხარის მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნის საკითხს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სიის დაწუნება ხდება მაშინ, როდესაც სტრასბურგს ეჭვი ეპარება იმაში, რომ იქ შესაძლოა ხელისუფლების ხელი ურევია და რომ პროცესები გაუმჭვირვალედ წარიმართა.

,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური ქვეკომიტეტის მიერ რომელიმე ქვეყნიდან წარგზავნილი მოსამართლეების მთლიანი სიის დაწუნება მაშინ ხდება, როდესაც სტრასბურგს ეჭვი ეპარება იმაში, რომ სია არასათანადო, გაუმჭვირვალე პროცედურებით იყო წარდგენილი და აქ ხელისუფლების ხელი არასასურველად ურევია. ქალბატონი წულუკიანი ცდილობდა საკუთარი პროტეჟეები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დაენიშნა. მას ეს თავნებობა ბიძინა ივანიშვილის საქართველოში გასდის, რომელიც სტრასბურგში რა თქმა უნდა არ გაუვიდა. ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის კიდევ ერთხელ შელახვა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უგუნური ქმედებების გამო, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია იმ თვალსაზრისით, რომ მათ ვერ მოახერხეს პირადი მოსამართლეების გაყვანა. ქვეყანამ მიიღო კიდევ ერთი დარტყმა, რაც დასტურია იმისა, თუ როგორ აღიქვამენ დღეს ჩვენს ქვეყანას სტრასბურგში. საქართველოს აღიქვამენ ქვეყანას, სადაც ჰყავთ პოლიტპატიმრები შერჩევითი სამართლის პირობებში, სადაც ხელისუფლება არ იცავს მაღალ სტანდარტებს.’’- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ კანდიდატთა სია საქართველოს დაბრუნდებოდა:

”მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ”ნაციონალური მოძრაობა”, უფრო სწორად მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. ეს არ არის გასაკვირი. ისინი ყოველთვის მუშობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ მხარი ამ სიისთვის. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ევა გოცირიძის ფოტოებით და მუქარით, რომ იშიმშილებდნენ, ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა სამწუხაროდ იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოს გუშინ ეს სია უკან დაბრუნებოდა.

ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ დავგეგმავთ მომავალ პროცედურას. დაველოდებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას ევროსაბჭოსგან და შემდეგ – იქნება ეს მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი… იმის მიხედვით მოხდება, როგორ მოიცლის მთავრობა. როგორ მოვიცლით ჩვენ, კომისიის წევრები, რათა ახალი კონკურსი გამოვაცხადოთ, ალბათ წლის განმავლობაში შედგება ახალი სია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here