Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის სამშვიდობო ინიციატივები პოსტსაბჭოთა სივრცეზე

რუსეთის სამშვიდობო ინიციატივები პოსტსაბჭოთა სივრცეზე

საქართველოში გარკვეული წრეების მხრიდან რუსეთის მიმართ ხშირად ისმის პრეტენზია, რომ ეს სახელმწიფო არ იცავს დადებულ ხელშეკრულებებს და თითქოს არ გამოუჩენია სურვილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე მოეგვარებინა კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალში.

ბრალდების პირველი ნაწილი იწყება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით, რომელიც რუსეთმა თურმე დაარღვია, გრძელდება 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებით (რომელიც 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლით დაირღვა) და სრულდება 1990-იანი წლებით, როდესაც არ შესრულდა 1992 წლის 3 სექტემბრისა და 1993 წლის 27 ივლისის სამმხრივი შეთანხმებები აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რამაც გაგრისა და სოხუმის დაცემა გამოიწვია.

ამ ბრალდებებში ზოგი სერიოზულად განსახილველია, ზოგიც _ ნაკლებად, მაგრამ სრული აბსურდია, ვივარაუდოთ, რომ რუსულ სახელმწიფოს ახასიათებს ხელშეკრულებების დარღვევა და ეს მოვლენა რუსული პოლიტიკის ექსკლუზივია. საერთაშორისო ურთიერთობებში იურიდიულ ხელშეკრულებას დიდი ძალა აქვს, მაგრამ ცნობილია, რომ “რეალპოლიტიკის” ფარგლებში ნებისმიერი სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ცდილობს, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ესა თუ ის ხელშეკრულება ან, თუკი ვითარება იძლევა ამის საშუალებას, ცალმხრივად აუაროს გვერდი იურიდიულ ნორმებს და განახორციელოს თავისი ეროვნული ინტერესი, რომელიც უფრო მაღლა დგას, უფრო პრიორიტეტულია საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტის სახელმწიფოსთვის, ვიდრე ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტი.

ამის დამადასტურებელი მაგალითები ისტორიაშიც და თანამედროვეობაშიც ბევრი მოიპოვება რუსეთის გარეშეც. მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლებში რამდენჯერ დაარღვია გაეროს წესდება, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი?! _ ნატოელ მოკავშირეებთან ერთად დაბომბა და გაანადგურა იუგოსლავია, შეიჭრა ერაყში, ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული ჯგუფების გაძლიერებას და ვითარების არევასაშშმა, უმცროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის სახით, 2001 წელს პირდაპირ თქვა უარი სსრკთან 1972 და 1979 წლებში დადებულ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებაზე, ანტისარაკეტო სისტემათა შეზღუდვის თაობაზე (SALT-1 და SALT-2, რუსულად _ OCB-1 და OCB-2), რომელიც გამორიცხავდა ატომურ სახელმწიფოთა შორის ომს. ობამას ადმინისტრაცია კი პრაქტიკულად შეუდგა ევროპაში ახალი ანტისარაკეტო სისტემის შექმნას, ვითომ ირანულისაფრთხისგამო. ამასთანავე, ამერიკამ უარი თქვა, რუსეთისთვის მიეცა გარანტია, რომ აღნიშნული ქმედებები არ იქნება მიმართული რუსეთის საწინააღმდეგოდ (სამაგიეროდ, ვაშინგტონი თვალთმაქცობას განაგრძობს და სიტყვიერად ადასტურებს, რომ რუსეთი არ არის ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის მიზანი).

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ 2007 წელს მიუნხენში აღნიშნავდა, რომ დასავლეთმა რუსეთი მოატყუა და არ შეასრულა დანაპირები, რომ თავის რიგებში არ მიიღებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მაგალითად, ბალტიისპირეთის. ამასთანავე, როდესაც რუსეთს ბრალს სდებდნენ, რომ მას სატრანზიტო გაზსადენებისა და ნავთობსადენების ახალი მარშრუტები ენერგეტიკის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების მიზნით სჭირდება, პუტინმა ყველას შეახსენა, რომ საბჭოთა პერიოდიდან რუსეთს არც ერთი ხელშეკრულება არ დაურღვევია და ევროპა რუსული ენერგოშემცველებით შეუფერხებლად მარაგდებოდა და მარაგდება.

აქედან გამომდინარე, ძნელია, მხოლოდ რუსეთი დაადანაშაულო მისწრაფებაში, დაარღვიოს ან გვერდი აუაროს დადებულ ხელშეკრულებებს. ეს, ელემენტარულად, წამგებიანია რუსეთის ეროვნული ინტერესისთვის.

რაც შეეხება რუსეთის მიერ სამშვიდობო პროცესების ინიცირებას პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რუსეთი ამა თუ იმ ფორმით ჩართული იყო სამაჩაბლოს, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის შეიარაღებულ კონფლიქტებში (ყარაბაღის ომში მისი მონაწილეობის კვალი კიდევ უფრო სუსტია). რუსეთი არ ყოფილა არც ერთი ამ კონფლიქტის უშუალო მონაწილე მხარე, ეს არც ერთ საერთაშორისო იურიდიულ დოკუმენტში არ არის აღნიშნული. საქართველომ და მოლდოვამ თვითონ მიანიჭეს რუსეთსმშვიდობისმყოფელისსტატუსი აღნიშნულ რეგიონებში და რუსული სამხედრო შენაერთები იქ ლეგალურად განთავსდნენ სამშვიდობო მანდატით. ეს მდგომარეობა საქართველოში დაირღვა 2008 წელს, როდესაც გაჩაღდა საომარი მოქმედებები ცხინვალის რეგიონში და ამას რუსეთის არმიის მიერ საქართველოს საზღვრების გადმოკვეთა მოჰყვა ცნობილი შედეგებით. ყოველივე ამას აღვნიშნავ, როგორც ფაქტობრივ მხარეს, ყოველგვარი შეფასების ან მინიშნების გარეშე. რუსეთი დაინტერესებული იყო, არ დაეშვა კონფლიქტების გაღვივება და დე ფაქტო ვითარება, რომელიც არც საქართველოს და არც სეპარატისტულ რეგიონებს მაინცდამაინც ხელს არ აძლევდათ, დაკონსერვებული ყოფილიყო.

მაგრამ გამოავლინა კი რუსეთმა კონფლიქტების დარეგულირების სურვილი? კონსერვაცია ერთია (მაგალითად, დაგომისის 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმება გავიხსენოთ, რომლის ძალითაც ცეცხლი შეწყდა სამაჩაბლოში და ქართულ-ოსური კონფლიქტი დაკონსერვდა), მაგრამ სხვაა კონფლიქტის მოგვარება, საბოლოო შეთანხმების მიღწევა და შეიარაღებული შეტაკების თეორიული გამორიცხვა. ქართულ-ოსური დიალოგი 1990-იანების შუა ხანებში მიმდინარეობდა განსაკუთრებული წარმატების, მაგრამ, ასევე, დიდი პრობლემების გარეშე. გავიხსენოთ, რომ ცხინვალში შედარებით ლოიალური, ქართველებისადმი კეთილად განწყობილი ხალხი იყო ხელისუფლებაში ლუდვიგ ჩიბიროვის მეთაურობით. აქვე თემას გადავუხვევ და ვიტყვი, რომ, ოსებს გარდა, არ მეგულება სხვა ეთნოსი, რომელთანაც ქართველებს ამდენი შერეული ოჯახი ჰქონდეთ და ისტორიულად ასე მჭიდროდ ყოფილიყვნენ დაკავშირებულნი. ასეთ ხალხებს შორის კონფლიქტის წარმოშობა ორმაგი დანაშაულია…

რაც შეეხება აფხაზეთს, აფხაზების შედარებით უფრო ხისტი პოზიცია იმთავითვე ცნობილი იყო, მაგრამ საქართველომ მიაღწია იმას, რომ 1996 წლის იანვარში დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე საქართველოს ინიციატივითა და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის წინააღმდეგ შემოიღეს ეკონომიკური სანქციები. ამ სანქციებმა აფხაზები ურთულეს ვითარებაში ჩააგდო, აფხაზეთის ეკონომიკა რამდენიმე წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ვითარდებოდა. სეპარატისტული ხელისუფლება შეშფოთებული იყო საქართველოს გავლენის ზრდით. ამ ფონზე ისევ და ისევ რუსული დიპლომატიის დახმარებით მოხდა დადებითი რამ: 1997 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ბორის ელცინის დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი თბილისში ჩამოფრინდა აფხაზეთის იმჟამინდელ ლიდერ ვლადისლავ არძინბასთან ერთად. ეს იყო სენსაცია _ ომის დასრულებიდან, სულ რაღაც, 5 წლის შემდეგ (და ომის დაწყებიდან, 1992 წლის 14 აგვისტოდან, ზუსტად 6 წლის თავზე) საქართველოსა და აფხაზეთის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს და დაიწყეს მოლაპარაკებები. ამასთანავე, “პირველი ვიოლინოს” ფუნქციას სწორედ საქართველო ასრულებდა. არძინბა არ ყოფილა მიღებული, როგორც სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტი, მაგრამ აფხაზთა დელეგაცია იყო მეტად წარმომადგენლობითი, თვითონ არძინბა კი _ კონსტრუქციული. აფხაზთა ლიდერმა საქართველოს ტელევიზიის საშუალებით მიმართა ქართველ ხალხს, მისი სიტყვა იყო შემრიგებლური და კეთილგანწყობილი. განსაკუთრებით საინტერესოა, არძინბას მიერ გაკეთებული კომენტარი ქართულაფხაზური შეხვედრის შესახებ ხელმოწერილი განცხადების შემდეგ:

(ედუარდ შევარდნაძესთან პირისპირ მოლაპარაკება) ძალზე საჭირო იყო აფხაზთა და ქართველთა შორის ნდობის აღდგენის თვალსაზრისით, ჩვენ შორის გაიმართა პრობლემათა ნაყოფიერი განხილვა, რომელმაც უაღრესად კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. (…) ადრე თუ გვიან ჩვენ აუცილებლად მოვძებნით ყველა პრობლემის გასაღებს, მათ შორის, ომისგან დაზარალებული ადამიანებისთვის ნორმალური ცხოვრების აღდგენისა და მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას” (SIC!).

ევგენი პრიმაკოვი: “რუსეთი მიდის იმ კურსით, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. რუსეთს არავითარი სხვა მიზანი არ აქვს. (…) სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ყველა საკითხში შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მუდმივი კონტაქტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წინსვლას ამ შეთანხმებებისკენ”.

მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა დაუყოვნებლივ გამოუგზავნა წერილი ედუარდ შევარდნაძეს, რომელშიც მხარი დაუჭირა მის მცდელობებს, კონფლიქტი დაერეგულირებინა რუსეთის დახმარებით: გაერომ, რომელიც უნდა დაეყრდნოს რუსეთის შემდგომ ძალისხმევას, ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს სამშვიდობო პროცესში. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტ ელცინის 1 აგვისტოს განცხადება აფხაზეთის თაობაზე შეიცავს პრინციპებს, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, ჭეშმარიტი პროგრესის საფუძვლად გამოდგება”. ამასთანავე, კლინტონი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მოითხოვოს კონფლიქტის ზონიდან დსთ-ს სამშვიდობო ძალების გაყვანა, _ იუწყებოდა შევარდნაძის პრესსამსახური… ამ დროს კი თბილისში უკვე იმყოფებოდა ამერიკელი სენატორი მიჩ მაკკონელი, რომელიც ასევე მიიღო პრეზიდენტმა შევარდნაძემ. მაკკონელმა მოინახულა ზუგდიდი და “ამ რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებით დაინტერესდა”, _ იუწყებოდა 1997 წლის 16 აგვისტოს “საქართველოს რესპუბლიკა”. შემდეგ გაზეთი განაგრძობს: “ამერიკელი სენატორის განცხადებით, იგი მხარს უჭერს აფხაზეთში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგებას, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს. იმისათვის, რომ აფხაზეთში დსთ სამშვიდობო ძალებად წოდებული რუსეთის შენაერთები საერთაშორისო ძალებით შეიცვალოს, საჭიროა, საქართველოს პრეზიდენტმა ამ სურვილით აშშ-ის მთავრობას მიმართოს (SIC!), რომელიც, როგორც ირკვევა, მზად არის (SIC!), მხარი დაუჭიროს კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და მის ნაცვლად საერთაშორისო ძალების შემოყვანას”.

პოლიტიკურ ლექსიკონში ამგვარ რამეს პროვოკაცია ეწოდება. საბოლოოდ შევარდნაძე წამოეგო კიდეც, ამერიკელების პროვოკაციებს.

გულბაათ რცხილაძე

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მდა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here