Home რუბრიკები საზოგადოება კივის მოვლა-მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია

კივის მოვლა-მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია

4050

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი

კივი (Actinidia sinensis) ერთ-ერთი ორიგინალური და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხილია. სოფლის მეურნეობის განვითარების ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მაგალითები, როცა ისეთი ეგზოტიკური მცენარე, როგორიც აქტინიდიაა, მოკლე დროში მსოფლიო მასშტაბით ასე ფართოდ გავრცელებულიყოს.

საქართველო მდიდარია, როგორც ველური, ისე ხეხილ-კენკროვან მცენარეთა ძვირფასი ჯიშებით (ვაშლი, მსხალი, ატამი, კომში, ციტრუსოვნები და სხვ.), რომლებიც ფართოდაა გავრცელებული თითქმის ყველა რეგიონში. ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მათ სხვა ხილი კონკურენციას გაუწევდა, მაგრამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მსოფლიო მეხილეობაში ფართოდ გავრცელებულმა ჩინურმა აქტინიდიამ (კივი) თავისი გემოვნებითია და ძვირფასი ქიმიური შემადგენლობით ჩვენთანაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია აქტინიდიის მსხვილნაყოფა კულტურული ჯიში ჰაივარდი, რომელიც გამოიყვანეს ახალ ზელანდიაში 30-წლიანი სელექციური მუშაობის შედეგად. ამჟამად ის მსოფლიოშია გავრცელებული. აქტინიდიის ნაყოფის მაღალმა არომატულობამ, მდიდარმა ქიმიურმა შემადგენლობამ (C, P, B, B1, B2, A) და მინერალური მარილების უხვმა შემცველობამ განაპირობა ჩვენში მისი სამრეწველო ჯიშების შემოტანა. ნაყოფი გამოიყენება, როგორც ნედლი სახით, ისე გადასამუშავებლადაც _ სხვადასხვა სასმელისა და პროდუქტის დასამზადებლად. კივი ძვირფასი საშუალებაა კიბოსა და იოდის ნაკლებობით გამოწვეული იმუნური დაავადებების სამკურნალოდ თუ პროფილიქტიკისთვის.

აქედან გამომდინარე, საქართველოში შემოტანილი აქტინიდიის ჯიშების სამეურნეო თვისებების შესწავლა ცალკეული ეკოლოგიური პირობების შესაბამისად აქტუალურია.

აქტინიდიის გამრავლება

აქტინიდია ერთ-ერთი ადვილად გასამრავლებელი მცენარეა. მისი სარგავი მასალის მიღება, ძირითადად, მწვანე, ნახევრად გახევებული და გახევებული ტოტების დაფესვიანებითა და თესლიდან მიღებული ნერგებით ხდება. ზოგიერთ ქვეყანაში აქტინიდიას მაღალი ჯიშური თვისებების მქონე სარგავ მასალას ქსოვილთა სელექციის გზითაც იღებენ.

* აქტინიდია, როგორც სხვა ხეხილოვანი კულტურები, მრავლდება გენერაციულად _ თესლით და ვეგეტატიურად _ გადაწვენით, მყნობითა და დაკალმებით.

* აქტინიდიას ვეგეტაციური გამრავლება ძირითადად ხდება:

1. მომწიფებული ყლორტების კალმით; 2. მოუმწიფებელი ყლორტების კალმით; 3. გადაწიდვით (ზამთრის) კალმით გამრავლებას საკმაო საწარმოო მნიშვნელობა აქვს. სარგავი კალმების დამზადება ხდება აქტინიდიის ზრდის შეწყვეტის შემდეგ, შემოდგომით ფოთოლცვენის დაწყებიდან, გაზაფხულზე წვენის მოძრაობის დაწყებამდე. ამ დროს მერქანი მომწიფებულია და საზრდო ნივთიერებათა უდიდეს მარაგს შეიცავს.

* სარგავი კალამი ისე უნდა ავიღოთ, რომ გამოყენებული იქნეს ყლორტის ერთი კვირტთშორისი ერთი ცალი კვირტით ან რამდენიმე კვირტთშორისი ერთი ან ორი კვირტით.

პლანტაციის გაშენება და განოყიერება

კივის პლანტაციის გასაშენებლად უპირველეს და ძირითად სამუშაოს წარმოადგენს ნიადაგის პირველადი დამუშავება, რომლის სწორად და გულმოდგინედ ჩატარებაზე დიდადაა დამოკიდებული ნარგაობის წარმადობა, გახარება და ზრდა-განვითარება. ნიადაგის დამუშავების მიზანია მცენარის ფესვთა სისტემის სითბოთი, ჰაერით, ტენითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა. მთავარია მისი სტრუქტურის გაუმჯობესება, სარეველა მცენარეების მოცილება, წყლის მარაგის შენარჩუნება, ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გაუმჯობესება.

პლანტაციის დაგეგმვისთანავე წარმოებს 40-50 სმ დიამეტრისა და ასეთივე სიღრმის ორმოების ამოღება. დარგვამდე ორმოში ყრიან ჰუმუსით მდიდარ მიწას.

პოლიეთილენის პარკებში გამოყვანილი აქტინიდიის ნერგები ირგვება წინასწარ მომზადებულ ორმოებში. ტერასაზე მცენარესა და მცენარეს შორის მანძილი უნდა იყოს ოთხი მეტრი; ვაკე ადგილებში რიგებს შორის _ ხუთი მეტრი, მცენარეებს შორის კი _ ოთხი მეტრი. ამ შემთხვევაში ერთ ჰექტარზე თავსდება 500 მცენარე.

კივის დარგვის საუკეთესო ვადად ითვლება შემოდგომაზე ოქტომბერ-ნოემბერი, გაზაფხულზე კი _ მარტი, წვენის მოძრაობის დაწყებამდე. იმის გამო, რომ აქტინიდია ორსახლიანი მცენარეა, დარგვისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მდედრობითი და მამრობითი მცენარეების თანაფარდობა დამტვერიანების პროცესის მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით. ყველაზე უკეთეს შეფარდებად შეიძლება ჩაითვალოს 6-7 მდედრობით მცენარეზე 1 მამრობითი.

კივის კულტურის განოყიერების აგროტექნიკურ კომპლექსში დიდი მნიშვნელობა აქვს სასუქების სწორ გამოყენებას, დოზების შერჩევას, შეტანის ვადებს, მინერალური და ორგანული სასუქების შეთანაწყობას, .. იმის განსაზღვრას, თუ რომელი სასუქები უნდა იყოს კივის ნარგაობაში გამოყენებული და ..; სასუქების შეტანის ტექნიკა და შეტანის ვადები დამოკიდებულია მათ ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ თვისებებზე, მცენარის კვების მოთხოვნილებაზე.

კივის მწარმოებელ ქვეყნებში, ნიადაგის მდგომარეობის მიხედვით, ყოველ 1000 მ ფართობზე მოქმედი ნივთიერებებიდან სასუქების შემდეგი დოზებია რეკომენდებული: ფოსფორიანი სასუქები – 20-30 კგ, კალიუმიანი სასუქები _ 15-20 კგ, ხოლო ორგანული სასუქი (ტორფი, ნაკელი, ტყის ნეშომპალა) _ 4-6 ტონის ოდენობით.

ჯიშებისა და ფორმების დახასიათება. აქტინიდიის მრავალი ჯიშია ცნობილი, რომელთა უმრავლესობა ხასიათდება ნაყოფის მაღალი ბიოქიმიური მაჩვენებლებით, ნაყოფის სიდიდითა და ყინვაგამძლეობით. სამწუხაროდ, აქტინიდიის ჯიშები ნაკლებადაა შესწავლილი და აღწერილი, როგორც ჩვენში გავრცელებული, ასევე მსოფლიოში წარმოდგენილი.

ჰაივარდი მიღებულია ახალ ზელანდიაში, არის მხვიარა ძლიერ მზარდი მცენარე, მსხმოიარობაში შედის III-IV წელს, ერთწლიანი ნაზარდები მწვანე-ყავისფერია; ფოთლები, ძირითადად, მრგვალი ფორმისაა, წაწვეტებული, ზოგჯერ ბლაგვი ბოლოთი; ყვავილები ხშირად შეკრებილია თანაყვავილედად (2-3), ზოგჯერ ერთეულია. ნაყოფი მრგვალია, მომრგვალო ელიფსოიდური ფორმის, დაფარულია ნაზი ბუსუსებით. ნაყოფის საშუალო წონაა 90 გ, რბილეული ფხვიერია, კრიალა ღია ფერის, ტკბილი-მომჟავო გემოსი. სხვა ჯიშებთან შედარებით ნაყოფი ინახება დიდხანს. ადვილად მრავლდება კალმით, მავნებელ-დაავადებათა მიმართ შედარებით გამძლეა.

ბრუნო მიღებულია ახალ ზელანდიაში, მხვიარაა, ერთწლიანი ნაზარდები მუქი ყავისფერია. საშუალო ზრდის მცენარეა. მსხმოიარობაში შედის III-IV წელს, შედარებით ფერტილურია, გააჩნია ინტენსიური მწვანე ფოთლები, გვალვის მიმართ შედარებით გამძლეა. ყვავილები თეთრი, კრემისფერი შეფერვისაა. ნაყოფები საშუალო ზომისაა (საშუალოდ 65 გ), ცილინდრული ფორმის, კანი მოწითალო მწვანე ფერისაა, კრიალა; წვნიანი, მომჟავო-მოტკბო გემოსი. მწიფდება ოქტომბრის ბოლოს, შენახვისუნარიანობა საშუალოა.

მონტი მიღებულია ახალ ზელანდიაში 1950 წელს, ძლიერ მხვიარაა, ერთწლიანი ნაზარდები უფრო ღია ფერისაა, ვიდრე სხვა ჯიშებისა. ფოთლები ჩვეულებრივ მომრგვალო ფორმისაა, წამახვილებული ან ბლაგვი წვეროთი. ყვავილები თეთრი, კრემისფერია, ხშირად შეკრებილია თანაყვავილედად (2-3), ზოგჯერ ერთეულია. ნაყოფი საშუალო ზომისაა (65 გ), ელიფსური ფორმის, კანი ღია ყავისფერია, დაფარულია უხეში ბუსუსებით. რბილობი მოწითალო-მწვანე ფერისაა, მომჟავო-მოტკბო გემოსი. მწიფდება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში.

ლიტერატურაში ასევე აღნიშნულია ჯიშები: გრინსილი, გრეისი, ჯონსი და სხვ.; ასევე საქართველოში გამოყვანილი სხვადასხვა ჯიში და ფორმა.

გასხვლის ვადები. იმის გამო, რომ აქტინიდიას ადრე გაზაფხულზე ახასიათებს წვენის ინტენსიური მოძრაობა, მძიმე მაფორმირებელი გასხვლები, უმჯობესია, ჩატარდეს მცენარის მოსვენების პერიოდში. თბილ რეგიონებში (აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლი) შესაძლებელია გასხვლები ჩატარდეს ნაყოფის აღების შემდეგ, ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის პირველ ნახევარში; ცივ ზონებში კი _ ადრე გაზაფხულზე (თებერვალ-მარტში). რეკომენდებულია აქტინიდიის მწვანე გასხვლების ჩატარება სავეგეტაციო პერიოდში 2-3-ჯერ, მცენარის ზრდა-განვითარების თავისებურებებიდან და მიკროეკოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე.

მსხმოიარე მცენარის პირველი მწვანე გასხვლა უნდა ჩატარდეს ივნისივლისში; მეორე _ 40-50 დღის შემდეგ. მწვანე გასხვლებისას საჭიროა გამოვიყენოთ ბაღის მაკრატლები, რადგან ხელით ყლორტების გადატეხას თან სდევს მსხმოიარე ყლორტების დაჟეჟვა, დახლეჩა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ნასხლავი მწვანე მასა უნდა დაიჭრას 20-25 სმ სიგრძის ღეროებად და გამოყენებულ იქნეს მულჩად.

კრეფის ვადა. კრეფის ვადები დიდადაა დამოკიდებული ნაყოფის სიმწიფის ხარისხზე. განასხვავებენ ასაღებ, ტექნიკურ (ტექნოლოგიურ), სამომხმარებლო და ფიზიოლოგიურ სიმწიფეს. ზოგჯერ სამომხმარებლო და ტექნიკური სიმწიფე ერთმანეთს ემთხვევა.

კივის ნაყოფი იკრიფება არა სამომხმარებლო, არამედ ტექნიკური სიმწიფის პერიოდში. ჰექტარზე შესაძლებელია დამზადდეს 20-25 ტონა ნაყოფი. საქართველოს სუბტროპიკული ზონის სხვადასხვა მიკროეკოლოგიური ზონის მიხედვით, მოსავლიანობა შესაძლებელია მერყეობდეს ჰექტარზე 10-20 ტონის ფარგლებში.

მსოფლიოს კივის მწარმოებელი ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება და რეკომენდაციები აყენებს აღნიშნული კულტურის სამრეწველო დანიშნულების პლანტაციების გაშენების აუცილებლობას და მიზანშეწონილობას, რაც მეურნეობის რენტაბელობისა და მათი ეკონომიკურად გაძლიერების რეალურ წყაროს წარმოადგენს. კივის პლანტაციების რენტაბელურობა იზრდება, აგრეთვე, მათ საბურველქვეშ სათოხნი სასოფლო-სამეურნეო, ბაღჩეული კულტურების თესვა-მოყვანის შესაძლებლობებით და ასევე მეფუტკრეობის განვითარებით.

რეზო ჯაბნიძე,

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here