Home რუბრიკები ისტორია უნივერსიტეტის პირველი პროფესორები

უნივერსიტეტის პირველი პროფესორები

ალექსანდრე დიდებულიძე

როგორც ცნობილია, საქართველოს დედაუნივერსიტეტი ერთადერთი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტით გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე თბილისში იყვნენ პროფესორები ანდრია ბენაშვილი (გეოდეზიისა და ვარსკვლავთმრიცხველეობის დარგში) და ანდრია რაზმაძე (უმაღლესი მათემატიკის სპეციალისტი), იმის გამო, რომ ქართველთა შორის არ აღმოჩნდა ფიზიკოსი, ფიზიკამათემატიკის ფაკულტეტის გახსნა ერთი სემესტრით შეჩერდა. ანდრია რაზმაძემ დრო ითხოვა, რათა მომზადებულიყო ექსპერიმენტული ფიზიკის (ზოგადი ფიზიკის) კურსის წასაკითხად. ფიზიკის კათედრის შესაქმნელად ოდესიდან მოიწვიეს დოცენტი ალექსანდრე დიდებულიძე, ხოლო ბერლინიდან _ დოქტორი ერენფესტი.

ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის დოცენტი ალექსანდრე დიდებულიძე თბილისში 1919 წლის მარტში ჩამოვიდა. იგი არჩეულ იქნა ფიზიკის კათედრის გამგედ და პროფესორად. 1919 წლის ოქტომბრიდან ა. დიდებულიძე შეუდგა ლექციების კითხვას ფიზიკაში რუსულ ენაზე.

ალექსანდრე იოსების ძე დიდებულიძე დაიბადა 1882 წლის 4(16) დეკემბერს ქ. თბილისში. მამამისი სამხედრო პირი იყო, ხოლო დედა _ მართა ალექსანდრეს ასული _ სიმღერის მასწავლებელი. იგი იყო ცნობილი ქართველი კომპოზიტორის _ ალექსანდრე სულხანიშვილის ოჯახიდან.

ა. დიდებულიძესაც შესანიშნავი მუსიკალური ნიჭი გამოჰყვა. 1907-1909 წლებში იგი ქ. რიგაში მუსიკალურ საზოგადოებას თავმჯდომარეობდა.

ალექსანდრეს ოჯახი მოწინავე და განათლებულ ოჯახად ითვლებოდა.

პირველდაწყებითი განათლება მეცნიერმა შინ მიიღო. 1894 წლის სექტემბერში იგი შეიყვანეს თბილისის რეალური სასწავლებლის პირველ კლასში, რომლის სრული კურსი 1903 წლის მაისში დაამთავრა. იმავე წლის ოქტომბერში უმაღლესი განათლების მისაღებად რიგაში გაემგზავრა. იქ იგი რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკურ განყოფილებაზე შევიდა. ინსტიტუტში სწავლის დროს ა. დიდებულიძემ დიდი ნიჭი გამოამჟღავნა და საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა. 1910 წლის მაისში ალექსანდრემ წარჩინებით დაამთავრა რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკური განყოფილების სრული კურსი და მიიღო ინჟენერტექნოლოგის წოდება ჰიდროელექტრობის სპეციალობაში.

1907 წელს ა. დიდებულიძე დაქორწინდა ოლღა ნიკოლოზის ასულ ჰაუზენზე (გერმანელ ქალზე). ალექსანდრესა და ოლღას შორის მტკიცე მეგობრული დამოკიდებულება დამყარდა.

ა. დიდებულიძის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 1909 წლიდან, როდესაც იგი, ჯერ კიდევ დიპლომატი, დანიშნეს დამხმარე ასისტენტად რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ლაბორატორიაში.

სამეცნიერო-პედაგოგიურ ასპარეზზე ალექსანდრე წინ სწრაფად მიიწევდა. 1910 წლის 6 ივნისს რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო კომიტეტმა იგი ელექტროტექნიკის კათედრაზე შტატის ასისტენტად აირჩია. ალ. დიდებულიძე 1914 წლის 1 ივლისიდან რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დავალებით შეთავსებით კითხულობდა ლექციებს რადიოტელეგრაფიასა და ტელეფონიაში.

1915 წლის 10 ნოემბერს მას მიანიჭეს დოცენტის წოდება, ხოლო 1916 წლის ნოემბერში აირჩიეს სახელმწიფო გამოცდების ჩამტარებელი კომისიის წევრად. პარალელურად იგი მუშაობდა მასწავლებლად საშუალო სასწავლებელში. სახელდობრ, 1912 წლის სექტემბრიდან 1915 წლის ივლისამდე ასწავლიდა ფიზიკას, კოსმოგრაფიასა და მათემატიკას რიგის რეალურ სასწავლებელში. 1911 წლის სექტემბერში ა. დიდებულიძე მიწვეულ იქნა მასწავლებლად რიგის სახელოსნო სასწავლებელში. 1916 წლის იანვრიდან დაინიშნა იმავე სასწავლებლის ინსპექტორად.

რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ევაკუაციის შემდეგ, 1915 წელს, დიდებულიძე გაემგზავრა მოსკოვში. მოსკოვის სამრეწველო სასწავლებელში და შანიავსკის სახელობის სახალხო უნივერსიტეტში ალ. დიდებულიძე კითხულობდა ლექციებს ელექტროტექნიკაში. ამასთან ერთად, ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკურ ლაბორატორიას მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში.

1916 წლის დამლევს ალ. დიდებულიძე მოსკოვიდან ოდესაში გაემგზავრა. იქ იგი უაღრესად სასარგებლო მუშაობას ეწეოდა. ალ. დიდებულიძე იყო ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთერთი დამაარსებელი.

დიდია, აგრეთვე, დიდებულიძის დამსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის კათედრისა და პოლიტექნიკური ფაკულტეტის მოწყობის საქმეში.

ალ. დიდებულიძე ლაბორატორიების მოწყობის სურვილით იმდენად იყო გატაცებული, რომ არ ერიდებოდა არავითარ სამუშაოს. ხშირად მთელ დღეს ატარებდა ფიზიკის ლაბორატორიაში და ხელმძღვანელობდა ახალი იარაღების შექმნისა და ძველთა შეკეთების საქმეს. მან თავისი ხელით შეღება ლაბორატორიის ავეჯი, მოაწყო ელექტროსადგური უნივერსიტეტის შენობის გასანათებლად (მაშინ ზაჰესი არ მუშაობდა). დააარსა უნივერსიტეტის აფთიაქი, მოაწყო პატარა ლითოგრაფია, სადაც იბეჭდებოდა უნივერსიტეტის პროგრამები, სასწავლო გეგმები და ლექციების კონსპექტები ქართულ ენაზე. შემდეგში მოხერხდა ორი ლითოგრაფიული დაზგის შოვნა, რომლებმაც კიდევ უფრო გააფართოვეს ბეჭდვის საქმე უნივერსიტეტში.

ლექციებს ალ. დიდებულიძე იმ დროს რუსულ ენაზე კითხულობდა, რადგან ქართულ ენას სრულყოფილად ვერ ფლობდა. ამავე დროს იგი ინტენსიურად მუშაობდა ქართული ენის სათანადოდ შესწავლაზე. ალ. დიდებულიძის ლექციები თავისი მდიდარი შინაარსითა და საინტერესო დემონსტრაციებით ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებდა მსმენელებზე.

აღსანიშნავია დიდებულიძის მოღვაწეობა თბილისის რუსულ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც გაიხსნა 1917 წლის სექტემბერში ერთადერთი სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტით. 1919 წ. 20 ოქტომბერს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ ალ. დიდებულიძე აირჩია ორდინარულ პროფესორად ფიზიკისა და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრაზე. როგორც ამ ინსტიტუტის პროფესორს, დიდებულიძეს დაევალა ტექნიკური ფაკულტეტების ორგანიზაცია. სპეციალურ საგნებში პროფესორებისა და დოცენტების ნაკლებობის გამო 1919 წ. მოხერხდა მხოლოდ მექანიკური და ელექტროტექნიკური ფაკულტეტების გახსნა, 1920 წ. კი გაიხსნა საამშენებლო ფაკულტეტიც. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლება წარმოებდა რუსულ ენაზე. 1920 წ. 6 აპრილს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ორდინარული პროფ. ალ. დიდებულიძე. იმ დროს ინსტიტუტში მუშაობდნენ პროფესორები: ა. დიდებულიძე, ა. რაზმაძე, პ. მელიქიშვილი, ა. ბენაშვილი…

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების წელსვე ინსტიტუტის დირექტორმა სახკომსაბჭოდან მიიღო განკარგულება _ გაეხსნათ პარალელურად ქართული სექტორიც. ამის შემდეგ პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა გაშალა ნამდვილი შემოქმედებითი მუშაობა, როგორც ინსტიტუტის შიგნით, ისე გარეთაც.

1921 წლის 23 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ უფრო მეტად დატვირთვის გამო დიდებულიძე განთავისუფლებული იქნა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობისაგან, ხოლო 1924 წ. 7/I გამოვიდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საბჭოს შემადგენლობიდან.

. მელიქიშვილს და ალ. დიდებულიძეს ერთდროულად დაევალათ უნივერსიტეტთან აგრონომიული ფაკულტეტის ჩამოყალიბება, რომელიც გაიხსნა 1921 წლის ბოლოს. მისი პირველი დეკანი იყო პროფ. . მელიქიშვილი, ხოლო . დიდებულიძეს დაევალა ლექციების წაკითხვა ფიზიკაში.

პროფ. დიდებულიძის უდიდესი დამსახურებაა უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის ჩამოყალიბება და ორგანიზაცია.

1921 წლისათვის უნივერსიტეტში არსებობდა პედაგოგიური, სამკურნალო და აგრონომიული ფაკულტეტები. სახალხო მეურნეობის შემდგომი განვითარების ინტერესები კი თანდათან აქტუალურს ხდიდა უნივერსიტეტთან სხვა სპეციალობათა ფაკულტეტების შექმნის საკითხს, უპირველესად _ პოლიტექნიკური ფაკულტეტისას. ქართველ ინჟინერ-ტექნიკოსთა წრეში ეს საკითხი სულ უფრო და უფრო ხშირად ისმოდა.

1921 წლის შემოდგომაზე განათლების სახალხო კომისარიატის წინადადებით უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ საგანგებო კომისია გამოყო პოლიტექნიკური ფაკულტეტის ორგანიზაციის პროექტის შესადგენად. კომისიაში შედიოდნენ: პროფ. ნიკო მუსხელიშვილი, პროფ. ალ. დიდებულიძე, პროფ. ანდრია რაზმაძე, პროფ. ანდრია ბენაშვილი, დოც. გიორგი ნიკოლაძე, დოც. არჩილ ხარაძე და საქართველოს ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენელნი, პროფესორები: დ. დიასამიძე, ივანე ყიფშიძე და სხვ. ამ კომისიის თავმჯდომარედ. ა. დიდებულიძე აირჩიეს. მასვე დაევალა მოხსენების პროექტის შედგენა. სახელმწიფო უნივერსიტეტთან უმაღლესი ტექნიკური ფაკულტეტის დამაარსებელი კომისიის მესამე სხდომაზე მოისმინეს დიდებულიძის მოხსენება. მისი აზრით, ადგილობრივი ძალების დახმარებით შეიძლებოდა გახსნილიყო პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამი განყოფილებით: მექანიკური, საინჟენერო-სააღმშენებლო და სამთო-სამეტალურგიოთი. მაგრამ კომისიის წევრებმა გეგმა ფართოდ სცნეს და მხოლოდ ორი უკანასკნელის გახსნა ჩათვალეს შესაძლებლად. ითვალისწინებდა რა მექანიკოსთა აუცილებლობას ჩვენი ქვეყნისათვის, დიდებულიძე არ დაეთანხმა ამას და გამოთქვა შემდეგი აზრი: “კომისიამ დაადგინა, რომ მექანიკური ფაკულტეტი არ გაიხსნას. ჩემის აზრით, ამგვარი დადგენილება აიხსნება იმით, რომ კომისიის წევრებს (არა ინჟენრებს) საკმაოდ ვერ გაუთვალისწინებიათ ამ განყოფილების მნიშვნელობა. მექანიკურ განყოფილებაზე ორი დარგია: ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური. ამჟამად და უმეტესად კი მომავალში ჰიდროელექტრულ სადგურებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოს რესპუბლიკისათვის. ჰიდროელექტრული სადგურების აშენება-მოწყობა და მათი გამგებლბოა უსათუოდ უნდა დაეკისროს ინჟენერ-მექანიკოსს. მექანიკური განყოფილების მნიშვნელობა ქვეყნისათვის დიდია, რაც იმითაც მტკიცდება, რომ ყველა სახელმწიფოს ტექნოლოგიურ და პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში მექანიკური განყოფილება სავალდებულოა და ძირითად განყოფილებად ითვლება. ამგვარად, საქართველს ინჟენერ-მექანიკოსები უფრო მეტი დასჭირდება, ვიდრე სხვა ყველა სპეციალობის ინჟინერი”.

1921 წლის 16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სხდომამ დაადგინა უნივერსიტეტთან პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნა. ეს დადგენილება კიდევ უფრო განმტკიცდა დიდებულიძის გამოსვლებით შემდგომ სხდომებზე. აი, რას ამბობდა იგი: “ჩვენი ქვეყნის მეურნეობის განვითარებისათვის და ეკონომიური დამოუკიდებლობისათვის პოლიტექნიკური ფაკულტეტი საჭიროა ისევე, როგორც აგრონომიული ფაკულტეტი. სოფლის მეურნეობის წარმატება მოითხოვს, რომ ამ ასპარეზზე მოღვაწე გაცნობილი იყოს ადგილობრივ პირობებს _ ნიადაგს, ამინდს და სხვ. საქართველოში გაზრდილი მეურნე-აგრონომი სწავლის დროსვე შეისწავლის ყველა ამას და, დაამთავრებს თუ არა სწავლას, მაშინვე შეუდგება მუშაობას. უცხოეთში მომზადებულმა კი მუშაობის დროს უნდა შეისწავლოს აქაური პირობები და ეს შეაფერხებს მუშაობას. იგივე ითქმის ინჟენერ-ტექნიკოსთა მიმართაც. პოლიტექნიკური ფაკულტეტი უნდა აკმაყოფილებდეს თავისი მოწყობილობით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მოთხოვნილებებს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ბუნების სიმდიდრენი, მდინარეების ძალა და ავაგოთ ჰიდრო-ელექტრო სადგურები”.

ვახტანგ პარკაძე,1955 .

ისტორიული მემკვიდრეობა”,

#11, 2016 . დასასრული

შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here