ამას წინათ ადამიანის უფლებებზე გულდათუთქულმა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სისი ლოუნი” დისკრიმინაციულ ქმედებაში დაადანაშაულა. ატყდა განგაში და კრუნჩხვებში ჩავარდნილმა ლიბერალურმა სამგლეთმა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის თავზე, რომ იტყვიან, წისქვილის ქვა დაატრიალა.
უკმაყოფილების მიზეზი იყო ერთ–ერთი სარეკლამო რგოლი, რომელშიც წარმოდგენილია სცენა, როგორ ეწევიან ადამიანები პროსტიტუციას. რეკლამაში მთავარ პერსონაჟ მამაკაცს აცვია კაბა და ახურავს პარიკი, რაც თურმე ტრანსგენდერების უფლებების უხეში დარღვევაა. ომბუდსმენის აზრით, კომპანიამ ეს რეკლამა ეთერიდან სასწრაფოდ უნდა მოხსნას და მომავალში სარეკლამო რგოლების მომზადებისას პატივი უნდა სცეს ადამიანის ღირსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად შესაბამისი რეგულაციები ამოქმედდება და საერთაშორისო ნორმების დამრღვევთ კანონის რისხვა დაატყდებათ თავს.
მოგვიანებით ომბუდსმენის სამიზნე ვაკის საცურაო აუზი გახდა და მიზეზი აქაც ადამიანის უფლებებზე გაშმაგებული ზრუნვა იყო _ აუზის ტერიტორიაზე გაკრულია წარწერა: “ძვირფასო ქალბატონებო, კრიტიკულ დღეებში აუზში ჩასვლა აკრძალულია.” განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა, ნათქვამია, რომ ეს წარწერა სექსისტური შინაარსისაა: “მენსტრუალური ციკლი არის უნიკალური მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის არის დამახასიათებელი და შესაბამისად “ვაკის საცურაო აუზს” მივმართავთ წინადადებით, რომ, ჰიგიენური ნორმების დაცვის საჭოროების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ამკრძალავი წარწერა გენდერულად ნეიტრალური ფორმით ჩამოყალიბდეს.”
მოკლედ, საკმარისია, ქუჩაში გამოკრული რომელიმე სარეკლამო ბილბორდი ან სატელევიზიო რგოლი რომელიმე არასამთავრობო შიბაქს არაპოლიტკორექტულად მოეჩვენოს, ბრიფინგი ბრიფინგს მოსდევს და საჩივარი _ საჩივარს. პოლიტკორექტულობაში ღრმად განსწავლული ლიბერალები ერთი და იმავე ტერმინებით პირში მოგახლიან სოროსის მიერ დაფინანსებულ “ტრეინინგზე” ნასწავლ აზრს, რომ “შენი” ქმედება ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს უხეშად არღვევს, რომ მსგავსი რიტორიკა “ბნელი საბჭოთა” გადმონაშთია და ამ ყველაფერს ისევ იმ წარსულში მივყავართ.
სად გადის ზღვარი ადამიანის ჭეშმარიტ თავისუფლებასა და დასავლური “ნეოლიბეალური” ტერორის მიერ თავსმოხვეულ პოლიტკორექტულობას შორის, რა მიზანს ემსახურება რეალურად სახალხო დამცველის აპარატი და კონკრეტულად რა ძალების მითითებით მოქმედებს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
_ ბატონო დიმიტრი, ბოლო პერიოდში კვირა ისე არ გავა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ამა თუ იმ რეკლამას სექსისტური არ უწოდოს, საგანგებო ბრიფინგი არ მოაწყოს და განცხადება არ გაავრცელოს. ყოველ სიტყვასა და წინადადებაში დისკრიმინაციას ხედავენ. თქვენ, როგორც უფლებადამცველი, როგორ ფიქრობთ, რა არის რეალურად ადამიანის უფლებები და რა შეიძლება მივიჩნიოთ დისკრიმინაციად გენდერული ან რამე სხვა ნიშნით?
_ ჯერ გავიხსენოთ, როგორ და რა ვითარებაში მოხდა უჩა ნანუაშვილის არჩევა ომბუდსმენად. 2012 წლის სექტემბერში გამოცხადდა ღია დებატები საჯარო სივრცეში სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატებს შორის, რომლებიც წარდგენილნი იყვნენ ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ან საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ და ყველას გვახსოვს, ვინ მონაწილეობდა ამ დებატებში. ესენი იყვნენ: ქალბატონი ნინა ხატისკაცი _ დღეს ვიცემერი, თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია, ნათია იმნაძე, ბატონი გელა ნიკოლაიშვილი და თქვენი მონა-მორჩილი. ჩვენ შორის გაიმართა საკმაოდ მწვავე დისკუსიები და ამას ფართოდ აშუქებდა თითქმის ყველა მედიასაშუალება. ასეთ რეჟიმში ვიყავით სამი თვე და ამ ხნის განმავლობაში უჩა ნანუაშვილის სახელი არათუ ნახსენები იყო, საერთოდ, პრეტენდენტთა შორის არ განიხილებოდა. დეკემბერში მივიღე ქალბატონი მანანა კობახიძის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომ პარლამენტს სურს, მოისმინოს ჩემი, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატის, საანგარიშო მოხსენება. მეორე დღესვე ჩავედი ქუთაისში, იქ იყვნენ სხვა კანდიდატებიც და საკმაოდ საინტერესო დისკუსია გამოვიდა. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ყველა ელოდა, რომ ომბუდსმენს აირჩევდნენ სწორედ ამ კანდიდატებიდან, მაგრამ მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ _ პარლამენტში ჩვენი გამოსვლიდან მესამე დღეს სახალხო დამცველად დასახელდა უჩა ნანუაშვილი, რომელიც ამ პროცესში არ მონაწილეობდა. შემდეგ ბატონი ნანუაშვილისგან მოვისმინეთ არაერთი განცხადება თუ ინიციატივა, რომლებიც დაკავშირებული იყო ულტრალიბერალური ფრთის ინტერესებთან. ტრანსგენდერებისთვის სქესის გამოცვლის პროცედურების საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მიღებას ნანუაშვილი სასწრაფოდ ითხოვდა. არადა, კრინტი არ დაუძრავს იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის დეკემბერში ცნო პოლიტპატიმრებად და რომელთა საქმეებიც დღემდე არ არის გადახედილი…
ჩნდება შეკითხვა _ რატომ არ ინტერესდება პოლიტპატიმრების მდგომარეობით სახალხო დამცველი? რატომ არ ინტერესდება იმ ფაქტით, რომ მათი სამოქალაქო უფლებები დღემდე არის შეზღუდული, რომ მათი ქონებები ისევ დაყადაღებულია და მესამე წელია, განიცდიან დისკრიმინაციას უკვე ახალი ხელისუფლებისგან. არაფერს ვამბობ იმ რეალობაზე, რომ საარსებო მინიმუმით გათვალისწინებული თანხების გაანგარიშების წესის არარსებობის პირობებში 834 ათასი მოქალაქე სოციალური ნიშნით დისკრიმინაციას ექვემდებარება; არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათ მიერ მიღებული საპენსიო თანხა _180 ლარი, მესამედიც კი არ არის იმ თანხისა, რომელიც შეესაბამება ჩვენს საარსებო ნორმებს. აი, ეს თემებია მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული და არა ის, რომ რომელიღაც ბილბორდის წარწერა თურმე ვიღაცის უფლებებს არღვევს. ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი თემები და სასაცილოა, როცა სახალხო დამცველი თითიდან გამოწოვილ თემებზე იმხელა ხმაურს ტეხს, რომ ლამის მსოფლიო შეძრას…
_ სახალხო დამცველად ნანუაშვილის არჩევა ბევრისთვის აღმოჩნდა მოულოდნელობა. როგორ ფიქრობთ, პარლამენტში ვინ ლობირებდა მის დანიშვნას?
_ ხელისუფლება დასავლეთის კარნახით, თავდაპირველად თამარ გურჩიანის დანიშვნას აპირებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ კანდიდატის მიმართ საზოგადოება მკვეთრად უარყოფითად განწყობილი იყო. მერე გადაერთნენ მეორე ფავორიტზე _ ნინა ხატისკაცზე, რომელსაც ასევე ლობირებდნენ დასავლური ძალები და იმჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული ნაწილი. თუმცა აქაც იგივე მოხდა _ მწვავე დებატებისა და დისკუსიის პროცესში ცხადი შეიქნა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ხატისკაციც მიუღებელი იყო. ბოლოს პარლამენტი წავიდა არაორდინალური გზით _ უარი თქვა ყველა კანდიდატზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საჯარო დისკუსიებში და დანიშნეს სულ სხვა პიროვნება. დღეს შეკითხვა რომ დაუსვათ იმჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობის ნებისმიერ წევრს, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობდნენ, რატომ დაუჭირეთ მხარი უჩა ნანუაშვილსო, პასუხს ვერც ერთი ვერ გაგცემთ. მეტსაც გეტყვით, უჩა ნანუაშვილი საერთოდ უცნობი იყო ქართველი საზოგადოებისთვის და მის მიმართ არანაირი ნდობა–არნდობის საკითხი არ დადგებოდა, რომ არა უმრავლესობის ლიდერებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის ღია მხარდაჭერა.
რაც შეეხება იმას, რომ დღეს ჩვენი ე.წ. ნეოლიბერალები ყველა სიტყვასა და ფრაზაში დისკრიმინაციას ხედავენ, ეს არის დასავლეთის მიერ თავსმოხვეული პოლიტკორექტულობა, რომელიც, დიდი ხანია, სრულ აბსურდამდე მივიდა. ეს აბსურდი ახლა გამოიყურება ძალიან კომიკურად და დასავლეთში მიმდინარე ძირეული პოლიტიკური გარდაქმნები ცხადყოფს, რომ მალე ეს ყველაფერი კრახით დასრულდება.
_ ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ პოლიტკორექტულობის კრიტიკით დაიწყო. ამის გამო მას დასავლური პოლიტელიტა მწვავედ აკრიტიკებდა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ტრამპმა გაიმარჯვა. რას შეცვლის საქართველოსთვის, იდეოლოგიური თვალსაზრისით, ტრამპის გამარჯვება? გაუჩნდებათ თუ არა ხელისუფლების სათავეში მოსვლის შანსი იმ სუბიექტებს, რომლებიც ნეოლიბერალური ძალების მიერ არ იქნებიან მხარდაჭერილნი?
_ თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ემყარება კონსერვატიულ იდეებს და ამის ნათელი დადასტურება იყო ჯონ კენედის მიერ 1963 წლის ნოემბერში წარმოთქმული ისტორიული ფრაზა, რომლითაც, ფაქტობრივად, ამხილა საიდუმლო ორგანიზაციები თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულებაში. ამ ისტორიული ფრაზის წარმოთქმიდან ზუსტად ათ დღეში კენედი სიცოცხლეს გამოასალმეს, მაგრამ მისი იდეები უკვდავი დარჩა.
რაც შეეხება ტრამპის გამარჯვებას, ვფიქრობ, ეს არჩევნები ჩვენთვის უნდა იყოს მაგალითი და იქნებ ახლა მაინც ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა, რომლითაც რეალურად დავუპირისპირდებით თავსმოხვეულ ე.წ. ნეოლიბერალურ ღირებულებებს. წინ თვითმმართველობის არჩევნებია, მერე _ საპრეზიდენტო და აი, აქ უნდა გაერთიანდეს საზოგადოება, აქ უნდა იყოს ხალხი ფხიზლად, რომ ისევ იმავე ძალებმა არ ჩაიგდონ ხელთ ძალაუფლება…
_ აშკარაა, რომ ევროპაში ნაციონალისტური ძალები ძლიერდებიან და ემზადებიან ხელისუფლებაში მოსასვლელად. საქართველოში თუ ხედავთ ეროვნულ ძალას, რომელსაც ქვეყნის სათავეში მოსვლის რეალური შანსი შეიძლება გაუჩნდეს?
_ მსგავს ძალას დღევანდელ ხელისუფლებაში ნამდვილად ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება კლინტონის გამარჯვებას ელოდებოდა. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ამერიკაში “ნეოლიბერალური” ძალებისგან ისმის ძალიან აგრესიული განცხადებები და ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ისინი ემზადებიან რევანშისთვის. საქართველოშიც ანალოგიური რამ ხდება _ სხვადასხვა “უფლებადამცველი” ორგანიზაცია, იქნება ეს ქალთა მოძრაობა თუ ფემინისტები, იდაყვებს იგლეჯენ. ვფიქრობ, 2017 წლის 17 მაისი იქნება მათი აქტიურობის კულმინაცია და ყველანაირად შეეცდებიან, პროვოკაციაზე წამოიკიდონ კონსერვატიული განწყობის მქონე საზოგადოება.
ეროვნულ ძალებზე რომ მკითხეთ, ასეთ ძალებს პოლიტიკურ სპექტრში ნაკლებად ვხედავ, მაგრამ საზოგადოების წიაღში ნამდვილად არიან. უბრალოდ, საჭიროა მათი კონსოლიდირება და ერთ ძლიერ ბირთვად ჩამოყალიბება. კიდევ ვიმეორებ: საქართველოში “ნეოლიბერალების” ტრიუმფი დამთავრებულია და დღეს ისინი აგონიაში არიან. ახლა საჭიროა, ეს აგონიაში მყოფი ჯგუფი მოვაშოროთ სადავეებს და გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. მისი ადგილი კი დაიკავოს ძალამ, რომელიც ქვეყანას სწორი და ჯანსაღი განვითარების გზით წაიყვანს.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
დადებითად ვაფასებ გუბაზ სანიკიძის შესვლა ნინო ბურჯანაძის პარტიაში.დავით ლორთქიფანიძის ანალიზი მისაღებია საზოგადოებისთვის,იმედია ყველაფერი გამოვა,მოვიცილებთ ნეოლიბერალებს,რომლებიც ბოლშევიკებისგან არაფრით განსხვავდებიან