მთავარი პოლიტიკა 9 აპრილი და ახალგაზრდა კომუნისტი უსუფაშვილი

9 აპრილი და ახალგაზრდა კომუნისტი უსუფაშვილი

გააზიარეთ
დავით უსუფაშვილი

9 აპრილის წლისთავზე 1989 წლის მოვლენებს არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა. ავტორების უმრავლესობა დეტალურად აღწერს ტრაგედიას და მის პრელუდიას, თუმცა იმას, რაც მოხდა, შემდეგ ნაკლები ყურადღება ეთმობა, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდს 9 აპრილიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ერისთვის, რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უამრავი ტრავმა მიიღო, ძალზე მნიშვნელოვანია კითხვა: შეიძლებოდა თუ არა ომების, მსხვერპლის და თანმდევი უბედურების თავიდან აცილება? თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ 9 აპრილამდე სავსებით შესაძლებელი იყო, მოვლენები სხვა სცენარით განვითარებულიყო. ამის საპირისპიროდ, პერიოდს 1990 ოქტომბრის არჩევნებიდან “თბილისის ომის” დაწყებამდე ხშირად განიხილავენ, როგორც საერთო-ეროვნულ მარშს უფსკრულისკენ, რომლის დროს სხვა მიმართულებით გადახვევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რაც შეეხება მონაკვეთს 1989 წლის 9 აპრილიდან 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე, ანუ იმ წელიწადნახევარს, როდესაც საქართველოს (ფორმალურად მაინც) გივი გუმბარიძე მართავდა, ის, როგორც წესი, კომენტატორების ყურადღების მიღმა რჩება და განიხილება, როგორც ერთგვარი “ტრანზიტული ეპოქა”, რომელსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია. პოლიტიკური ანალიზისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული, ბუნდოვანი პერიოდია, ის ნაკლებად ტოვებს რეალობის შავ-თეთრი მოდელის ფარგლებში მოქცევის შესაძლებლობას და ამიტომ ავტორების ნაწილს ურჩევნია, არ შეეხოს მას. მით უფრო საინტერესოა კითხვა: ჰქონდა თუ არა მაშინ საქართველოს ალტერნატიული ვარიანტები?

9 აპრილის შემდეგ ეროვნული მოძრაობის რადიკალი ლიდერების გავლენა საზოგადოებაზე მკვეთრად გაიზარდა, ხოლო კომუნისტური ხელისუფლების ავტორიტეტი პრაქტიკულად განულდა. ფორმალურად კომუნისტები ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ, თუმცა “არაფორმალებმა” ისეთი საკითხების (მაგალითად, საკადრო) გადაწყვეტაში ჩარევის შესაძლებლობა მიიღეს, რომელსაც ადრე არავინ მიაკარებდა მათ. ამან ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა.

საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ამ პროცესს თვალს უკმაყოფილებით ადევნებდნენ. მათ დაინახეს ახალი, საკმაოდ წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელსაც არა მხოლოდ მმართველ ელიტაში შესვლის, არამედ ქვეყნის მართვაში გადამწყვეტი როლის შესრულების სურვილი გაუჩნდა. შიდაელიტური გადასახედიდან ეს იყო ბარბაროსების შემოსევის მსგავსი მოვლენა და, აქედან გამომდინარე, საბჭოთა საქართველოს ისტებლიშმენტის ნაწილი დასკვნამდე მივიდა, რომელიც შეიძლება დაახლოებით ასე ჩამოვაყალიბოთ: ) ედუარდ შევარდნაძე ყველაზე კარგად დაიცავს ძველი ელიტის ინტერესებს; ) “ეროვნულებისინტეგრირება მასში შესაძლებელია, მაგრამ ეს პროცესი კონტროლირებადი უნდა იყოს.

საქართველო ბალტიის რესპუბლიკებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ იქ არსებობდა ფართო კონსენსუსი, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის ურთულეს პერიოდში საჭიროა გარკვეული წესების დაცვა და ურთიერთგაგება, მაშინ, როდესაც საქართველოში ხელისუფლებისთვის ნამდვილი (განხილულ პერიოდში ჯერ კიდევ “ცივი”, მოგვიანებით კი “ცხელი”) სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ბალტიისპირეთში ეროვნული მოძრაობის ლიდერები კარგად აცნობიერებდნენ, რომ მართვის რეალური გამოცდილება მხოლოდ კომუნისტებს აქვთ, ხოლო “წითელი” და “ვარდისფერი” ინტელიგენციის დიდი ნაწილი კვლავინდებურად დიდი გავლენით სარგებლობს და მზადაა, დამოუკიდებლობისთვის აქტიურად იბრძოლოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ახალი სახელმწიფოს სოციალურ იერარქიაში მისთვის სათანადო ადგილი მოიძებნება. იქ დაიბადა პოლიტიკური კომპრომისის კულტურა და გარდამავალმა პერიოდმა შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა. საქართველოში ამ დროსეროვნული მოძრაობისრადიკალი ლიდერები ყველას, ვინც არ მოსწონდათ, “სუკის აგენტებსეძახდნენ და ქვეყნის სრულ გაკონტროლებაზე ფიქრობდნენ. ძველი ელიტა კი, თავის მხრივ, მათ ანიჰილაციაზე ოცნებობდა.

ამ სიტუაციაში საბჭოთა ნომენკლატურამ ყველაზე ლოგიკურ გამოსავლად არჩევნების გამართვა მიიჩნია, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდებოდა დისკრედიტებული “წითლების” მიერ ხელისუფლების გადაცემა (პირობითი) “ვარდისფერებისთვის” _ ეროვნული მოძრაობის ზომიერი ფრთისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებისთვის; აგრეთვე, რადიკალების გამოყვანა არაფორმალური გავლენის ჩრდილოვანი ზონიდან და მათი სრულფასოვანი ინტეგრირება პოლიტიკურ სისტემაში. არჩევნები 1990 წლის 25 მარტისთვის დაინიშნა.

ფორმალური თვალსაზრისით, ეს არ იყო მრავალპარტიული არჩევნები, რადგან ჯერ კიდევ მოქმედებდა საბჭოთა კონსტიტუციის მე-6 მუხლი, რომელიც კომუნისტური პარტიის განსაკუთრებულ როლზე მიუთითებდა, თუმცა ალტერნატიული კანდიდატების წამოყენება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეეძლო. იმ საარჩევნო კანონით, არჩევნების გამართვა, დიდი ალბათობით, დასრულდებოდა იმით, რომ ხელისუფლებაში “ვარდისფერთა” კოალიცია მოვიდოდა, ფლანგებზე კი განლაგდებოდნენ კომპარტია და (ასე ვთქვათ) “ნაციონალ-რადიკალები”. ეს არ იქნებოდა ძალიან მყარი კონსტრუქცია, შესაძლებელი გახდებოდა სხვადასხვა ჯგუფის მიერ ალიანსების შექმნა, დეპუტატების გადასვლა ერთი ფრაქციიდან მეორეში, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლებიც სსრკ-ის რღვევის პროცესში შეიქმნებოდა. თეორიულად ამ პარლამენტს შეეძლო, ქართული ელიტის კონსოლიდაცია უზრუნველეყო, ხოლო ქვეყანას სათავეში (დიდი ალბათობით, მალევე) ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგებოდა. ეს, ცხადია, არ იყო იდეალური ვარიანტი, მაგრამ საინტერესოა, დაიღვრებოდა თუ არა მისი რეალიზების შემდეგ ამდენი სისხლი?

ეროვნული მოძრაობის ლიდერები ამ არჩევნების ბოიკოტის გზას დაადგნენ. მათ გამოაცხადეს უზენაესი საბჭო კოლონიური მმართველობის არალეგიტიმურ ორგანოდ, შემდგომ კი დაიწყეს ზრუნვა ეროვნული კონგრესის არჩევნებზე, რომელიც მათ არაფორმალურ გავლენას დამატებით ლეგიტიმაციას შესძენდა. მარტივად რომ ვთქვათ, მათ ძველი ელიტის შემოთავაზება უარყვეს. ამის შემდეგ არჩევნებმა აზრი დაკარგა (იყო სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები, თუმცა ეს უმთავრესი გახლდათ).

შემდგომ მოვლენებში, თბილისის ომის ჩათვლით, ძველი ელიტა ზვიად გამსახურდიას შეურიგებელ მოწინააღმდეგედ მოგვევლინება და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მან 1990-ის დასაწყისში უარი თქვა შემოთავაზებულ გლობალურ კომპრომისზე და თამაშის წესების შეცვლა განიზრახა (არადა, ამისთვის საკმარისი რესურსი არ ჰქონდა).

ეროვნული კონგრესის შექმნის სტრატეგიამ აზრი მას შემდეგ დაკარგა, რაც გამსახურდიამ ბოიკოტის მიმართ პოზიცია შეცვალა და ოქტომბრის, ამჯერად მრავალპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება დააპირა. ამგვარად, გიორგი ჭანტურიასთან, ირაკლი წერეთელთან და სხვებთან მის კონფლიქტს (ისევე, როგორც ზემოთ აღწერილ შემთხვევაში) საფუძვლად დაედო თამაშის პროცესში მისი წესების შეცვლის სურვილი. იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებიც მან ამ ორი პრინციპული კონფლიქტის შედეგად გადაიმტერა, ტექნიკის საქმე იყო, შემდგომ მათ “მრგვალი მაგიდის” განაწყენებული წარმომადგებლებიც შეურთდნენ.

1990 წლის 25 იანვარს, გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტში” უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა დავით უსუფაშვილმა (როგორც ცნობილია, ის კომპარტიაში 9 აპრილის შემდეგ შევიდა, რაც თავისთავად უნიკალური შემთხვევაა) გამოაქვეყნა წერილი სათაურით უკანასკნელი შანსი და ბოიკოტის მომხრეებს, რომელთა შორის მთავარ როლს მაშინ ეროვნული მოძრაობის ლიდერები ასრულებდნენ, მოუწოდა, 25 მარტის არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. ეს ყველაფერი ძალების მაქსიმალურ დაძაბვასთან ერთად მანევრირებას და ზოგიერთ ზნეობრივ პრინციპზე (ოკუპანტის მიერ დაკანონებულ რეჟიმზე უარის თქმა და მისთანები) დროებით უარის თქმას მოითხოვს, პოლიტიკა ყოველთვის იყო, არის და დარჩება ყველაზე უფროუზნეოთამაშად და, გვსურს თუ არა ეს ჩვენ, სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის უმთავრესი პრინციპი იგივე რჩებაუფრო კეთილშობილური მიზანი ამართლებს ნაკლებად კეთილშობილურ საშუალებას”, _ წერდა უსუფაშვილი.

ზოგმა შეიძლება თქვას: “როგორიც იყო, ისეთივე დარჩა” და ეს ციტატა პრიმიტიული მაკიაველიზმის თვალსაჩინო ილუსტრაციად ჩათვალოს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ: უსუფაშვილი ღიად სთავაზობს ნაკლებად ზნეობრივი ნაბიჯის გადადგმას იმ ადამიანებს, რომელთა გავლენა საზოგადოებაზე 9 აპრილის შემდეგ 100%-ით მორალურ ავტორიტეტს ეფუძნება. ეს, პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, სრული უგუნურებაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოთავაზება სავსებით ლოგიკურია. თუმცა აქ საქმე შეიძლება სუფთა ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვქონდეს. თავად უსუფაშვილი 9 აპრილის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში შევიდა და გამორიცხულია ამ ნაბიჯს გარშემომყოფთა ნაწილის უკმაყოფილება არ გამოეწვია, რამაც ფიგურანტს, ალბათ, სულიერი ტრავმა მიაყენა, რომლის კომპენსირებას ის, სავარაუდოდ, ცდილობდა, როდესაც ღიად საუბრობდაზნეობრივ პრინციპზედროებით უარის თქმაზეროგორც სავსებით მისაღებ ნაბიჯზე. გაივლის წლები, სანამ ეს ნორჩი კარიერისტი ისწავლის “უზნეო თამაშის” მაღალზეობრივად წარმოჩენას.

არსებობდა თუ არა რეალური ალტერნატივა? მოხერხდებოდა თუ არა საქართველოში პოლიტიკური კომპრომისის კულტურის დამკვიდრება? შემდგომ განვითარებული მოვლენები უარყოფითი პასუხისკენ გვიბიძგებს, თუმცა გამორიცხული არაა, საპირისპირო მომხდარიყო. ფატალისტური კონსპიროლოგიური თეორიები იმის თაობაზე, რომ ყველაფერი თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ ყველა პოლიტიკოსი სპეცსამსახურების მარიონეტი გახლდათ, რომ ქართველებს არ შეუძლიათ გონივრულ კომპრომისზე წასვლა და ა.შ., არსებითად მხოლოდ საკუთარი სისუსტის გამართლებას ემსახურება. ალტერნატივა არსებობდა და, სხვათა შორის, დღესაც არსებობს.

დიმიტრი მონიავა

4 COMMENTS

  1. ჭკუა, სწორი გადაწყვეტილების მიღებაა, უსუფაშვილი “უტვინო” ყოფილა.

  2. დ.უსუფაშვილის კომუნისტობა არ მახსოვს! იმას კი ვნანობ და სიკვდილამდე ვინანებ, როცა “მრგვალი მაგიდა” შემოვხაზე რატომ ხელი არ მომტყდა! ჩემი დედამთილი მეუბნებოდა, ეს ნაგიჟარი დააქცევს საქართველოსო! ვერ მომინელებია ჩემი დანაშაული, რამე თუ ვერ დავიცავი სკკპ! ამ სინანულში ალბათ მარტო არ ვარ, რადგან საქართველოს ხალხის დღევანდელ მდგომარეობამდე მიყვანაში მრავალს გვაქვს შეტანილი ლომის წილი.

  3. ფულზე და კარიერაზე ორიენტირებული მხოლოდ, ამ შეფასებაზე ისიც კმარა, 9 აპრილის შემდეგ, იმ ხოცვა ჟლეტის შემდედ კომუნისტურ პარტიაში რომ შევა, მისი ცოლი ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის სადარაჯოზე მყოფ მამა ბასილის ეკლესიის ნგრევას რომ დადებითად შეაფასებს, ამის მერე, დღეს კიდევ რომ აქვთ შესაძლებლობები და ცდილობს, რაღაც ფორმით შედსგეს, და ისევ უცხო ქვეყნის მსახურებისთვის თვალებში გაგვეჩხიროს, ყალბი ექსპერტების შეფასებით, მის ყალბ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეობაზე წახალისებით, ეს უკვე ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა, ჩვენი ქართველი ერის შეურაცხყოფაა. ეხ, ჩემი სამშობლოს ბედის უკუღმართობავ, რა გითხრა, რით გაგახარო!… ამდენს ვერ უნდა გვიბედავდნენ, მაგრამ გვიბედავენ და რა ვქნათ?!…. ეხ, ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here