Home რუბრიკები საზოგადოება დაულუქავი უსტარი დიად “კოაბიტატორსა” და #1 “მოქალაქეს” _ ბიძინა ივანიშვილს!

დაულუქავი უსტარი დიად “კოაბიტატორსა” და #1 “მოქალაქეს” _ ბიძინა ივანიშვილს!

სტომაქისტებო”, გაიღვიძეთ, დეპოში ვართ!

ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან

 ლენინი

ბატონო ბიძინა!

2011 წლის 7 ოქტომბერს თქვენ მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული სენსაციური განცხადება პოლიტიკაში ჩართვის შესახებ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი მოვლენა იყო. თქვენი ქველმოქმედების შესახებ ლეგენდები დადიოდა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა თქვენი ერთი ფრაზა: “დავინახე რა, რომ სამშობლოს ვკარგავდი, ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა. ამას დაემატა ისიც, რომ უტამ კატეგორიულად მომთხოვა ამ ნაბიჯის გადადგმა, თან მითხრა: შენ თუ არ გააკეთებ ამას, მე გავაკეთებო!”. ამის შემდეგ დაიწყო თქვენი ხშირი გამოსვლა ტელევიზიებში და არჩევნებისთვის ინტენსიური მზადება. განსაკუთრებით გამოვყოფ თქვენ მიერ 2012 წლის 27 მაისს ჩატარებულ ხალხმრავალ მიტინგს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც უშურველად გაეცით დაპირებები… მანამდე არ ჩანდით ჰორიზონტზე, მით უმეტეს _ სამების ტაძრის მშენებლობის პერიოდში, რაზეც ერთ-ერთი ქადაგებისას ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა: “მან, ვინც ამ ტაძრის მშენებლობას აფინანსებს, გვთხოვა, მის შესახებ რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია იქნას გაცემული”. მახსენდება დიდი ილიას სიტყვები: “ჭეშმარიტს ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა”. კეთილმა საქმეებმა უფრო აგამაღლათ ხალხის თვალში და ხალხმაც უფრო მეტი სითბოს გამომჟღავნება ისურვა თქვენდამი…

დაიწყეთ რა არჩევნებისთვის მზადება, კოალიციაში შეყარეთ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ყველა შემთხვევითი სუბიექტი, რომლებმაც კოალიციაში შეყვანამდე და კოალიციიდან გასვლის შემდეგაც არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი თქვენ ლანძღვაგინებაში გაატარეს.

და აი დადგა ნანატრი 2012 წლის 1 ოქტომბერი. ხალხმა არ დაინანა ხმები “ქართული ოცნებისთვის”. ხალხის მონდომების შედეგად “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა დიდი უპირატესობით “ნაცმოძრაობაზე” და დადგა მოლოდინის პერიოდი, როდესაც უნდა დაწყებულიყო დაპირებების შესრულება. გავიდა დღეები, კვირები, თვეები, მიილია ოთხი წელიც და ხალხი დარჩა პირში ჩალაგამოვლებული, სამართლიანობამ და მის აღდგენაზე ფიქრმა ჭირი მოგვჭამა. აქ საუბარია მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაზე, დაჩაგრული ადამიანების შელახული თავმოყვარეობის აღდგენაზე და სხვა არაფერზე! ზემოთ თქვენი ნათქვამი გავიხსენე სამშობლოს დაკარგვაზე და მინდა, გკითხოთ: გადარჩა თქვენი სამშობლო დაკარგვას? მე სამშობლო იუდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დავკარგე და დღემდე ვერ მიპოვნია იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ჯერჯერობით კაცი არ გამოჩნდა ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალი, ყველა, სამწუხაროდ, მხოლოდ თავის სტომაქზე ფიქრობს, ამიტომაც შევარქვი მათ სტომაქით მოფიქრალნი. ჩემი ეს ნათქვამი პირდაპირ ესადაგება სასმელი წყლის ყბადაღებულ თემას, რომელმაც საქართველო შეიძლება გაიყვანოს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ავანგარდში. ვიღაცების ხუშტურის გამო საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად კარგავს დიდ მატერიალურ სიმდიდრეს. სტომაქისტებო”, გაიღვიძეთ, დეპოში ვართ!

დავიწყებ თქვენი პრემიერობის პერიოდიდან. მინისტრთა კაბინეტი, რომელიც თქვენ შეადგინეთ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ჯერ დაგისახელებთ იმ მინისტრებს, რომლებიც ნამდვილად ამართლებენ დაკავებულ თანამდებობებს. ესენი არიან _ დავით სერგეენკო, ნოდარ ჯავახიშვილი, ქეთევან ციხელაშვილი, კახი კახიშვილი. დანარჩენები უქნარები იყვნენ და არიან, ტყუილად აცდენენ ადგილებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების სისტემა. ამ სისტემის განადგურებასა და გათახსირებაში ნაცებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს, მაგრამ თქვენმა ხელისუფლებამ ბოლო მოუღო _ სანამ პრეზიდენტად შემოგვაჩეჩებდით, თავისუფლების ინსტიტუტის ძუძუნაწოვ წინდების მქსოველ მარგველაშვილს, განათლების მინისტრად დაგვისვით, ხოლო მისი გაპრეზიდენტების შემდეგ მინისტრად დანიშნეთ უდიპლომო ბუღალტერი თამარ სანიკიძე. ბოლოს კი სამინისტროს სათავეში თქვენმა ქებულმა კვირიკაშვილმა ვიღაც კოღუაშვილივით უცნობი (ნეტავ სად პოულობს?), გაურკვეველი ბიოგრაფიისა და ამ თანამდებობისთვის წინამორბედებივით ყოვლად შეუფერებელი სუბიექტი ჯეჯელავა დასვა.

ბატონო ბიძინა, ქართულმა განათლებამ ნაცებთან ერთად თქვენც დაგიშავათ რამე? აბა, საღად მოაზროვნე ადამიანმა რა შეიძლება იფიქროს იმაზე, რასაც თქვენი ხელისუფლება აკეთებს? საქართველო სსრკ-ის პერიოდში ერთ-ერთი განათლებული და მკითხველი რესპუბლიკა იყო. 1944 წლიდან ქართული განათლების სათავეში იყვნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უყვარდათ საქართველო _ ვიქტორ კუპრაძე, გიორგი ჯიბლაძე, თამარ ლაშქარაშვილი, ოთარ ქინქლაძე, ნათელა ვასაძე, გურამ ენუქიძე, ელიზბარ ჯაველიძე, გუჩა კვარაცხელია. ჩამოთვლილი ადამიანები, მიუხედავად იმხანად არსებული რეჟიმისა, რომელიც განათლებასა და ქართულ ენას უხიაგად არასოდეს შეხებია (ერთხელ კი სცადა იუდა შევარდნაძემ, ქართული ენის ხარჯზე ესიამოვნებინა თავისი მოსკოველი პატრონებისათვის, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა), თავდაუზოგავად იღვწოდნენ განათლების სფეროს განვითარებისთვის. ქართულ სულს (მაშინაც კი) ყოველთვის ჰყავდა ჭეშმარიტი დამცველი. დღეს კი რა ხდება? _ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ (?) წოდებულ საქართველოს ელემენტარული პრობლემა ვერ მოუგვარებია. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ვერ შეცვალეთ ნაცების პარტიული დროშა; ვერ მოახერხეთ გერბზე წმინდა გიორგის გამოსახულების შემობრუნება; ვერ თუ არ დააბრუნეთ დიდი მერაბ ბერძენიშვილის ხელთუქმნელი შედევრი _ დავით აღმაშენებლის ძეგლი პირვანდელ ადგილზე; უცხო ქვეყნების ელჩების შიშით, ვერ შეასრულეთ დაპირება სტალინის ძეგლის კუთვნილ ადგილზე დაბრუნების შესახებ.

ეს ის სტალინია, რომელმაც თავისივე ბუნაგში გაანადგურა ყავისფერ ჭირად წოდებული გერმანული ფაშიზმი. და, საკითხავია, თქვენგან და თქვენს ფავორიტ კვირიკაშვილისგან უარყოფილი პიროვნება რომ არ მოვლენოდა მხსნელად კაცობრიობას, როგორ იცხოვრებდით ამ ქვეყანაში?!

ქუთაისში ნაცების მიერ აფეთქებული მერაბ ბერძენიშვილის შექმნილი გამარჯვების მემორიალის (რასაც შეეწირა უდანაშაულო დედა-შვილის სიცოცხლე) აღდგენაზე კი არც გიფიქრიათ. არ გიფიქრიათ ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე… და, რაც მთავარია, 2016 წელი იუნესკომ გენიალური შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, თქვენ კი ყურიც არ გააბარტყუნეთ იუბილის ჩასატარებლად, არადა, “საზიზღარი” კომუნისტების პერიოდში, 1966 წელს, საბჭოთა კავშირმა პროგრესულ მსოფლიოსთან ერთად, იუნესკოს ეგიდით, ზარ-ზეიმით აღნიშნა რუსთაველის იუბილე; ვერ თუ არ მოსთხოვეთ სათანადო პასუხი დავით ბაქრაძეს, თბილისში პარლამენტის შენობის (რომელიც ვერ იქნა და ვერ გადმოიტანეთ ქუთაისიდან თბილისში) დანგრევისა და ავეჯის განადგურებისთვის; არ თუ ვერ ჩამოართვით გიული ალასანიას, გიორგი პაპუაშვილსა და ბევრ სხვას სააკაშვილის მიერ უკანონოდ გადაცემული სახელმწიფო ქონება.

კვირიკაშვილზე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. ირაკლი ღარიბაშვილის, ამ თხემით ტერფამდე ქართველის, თანამდებობიდან იძულებით(!) გადადგომის შემდეგ მის მაგივრად მოიყვანეთ “მოქალაქეთა კავშირისა” და “ახალი მემარჯვენეების” სულიერი მემკვიდრე, რომელსაც, ეტყობა, გული, ქართულად კი არა, ევროპულად უძგერს, და ჩააბარეთ ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა. მოსვლისთანავე მანაც დაიწყო ლიბერასტი ქართველებივით ნატო-ევროკავშირის ძახილი.

ბატონო ბიძინა, მე და ჩემი თაობა (ცოტა უფროსები _ ცოტა უმცროსები), რომლებიც გავიზარდეთ კომუნისტურ ეპოქაში, თითქოს არ უნდა ვიყოთ (ზოგიერთის წარმოდგენით) სამშობლოსადმი სიყვარულით მოლაციცენი, მაგრამ ვართ. ჩვენ გავიზარდეთ დიდი გალაკტიონისა და ჭეშმარიტი ქართველი მწერლების ნამოღვაწარზე. ზოგიერთის გასაკვირად, ჩვენი ცხოვრებისეული მრწამსი იყო: ჰე, მამულო, გრძნობა შენი მოვლისა, მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია, სანამ გმირმა შენთვის სული დალია, თქვა: “სამშობლო უპირველეს ყოვლისა!”

კომუნისტური რეჟიმის პერიოდშიც კი გვქონდა სამშობლოსადმი მძაფრი სიყვარული. ალბათ, ამან განაპირობა 1992 წლის 14 აგვისტოს იუდა შევარდნაძის მიერ აფხაზეთში წამოწყებულ ძმათამკვლელ ომში მრავალი ადამიანის, მათ შორის, ჩემი ორი შვილის მონაწილეობაც. ამ ომმა დაახლოებით 10 ათასი სიცოცხლე შეიწირა იქითაც და აქეთაც, მათ შორის _ ჩემი შვილების სიცოცხლეც… ისმის კითხვა: რატომ?

აი რატომ არის საჭირო ყველა ჯურის დამნაშავის, განსაკუთრებით _ სამშობლოს წინაშე დამნაშავეების, სამართლებრივი დასჯა! აუცილებელია იუდა შევარდნაძის გასამართლება (სიკვდილის შემდეგ), რათა საქართველოში დაიწყოს სამართლის პატივისცემა!

ქვემოთ მოგახსენებთ, რას ფიქრობს დიდი ილია დამნაშავის დასჯა-არდასჯაზე.

ბატონო ბიძინა, 81 წელი გავასრულე და, უფლის შეწევნით, კიდევ ვაპირებ (იქნებ ქვეყანას რამეში გამოვადგე) ცხოვრებას…

კვირიკაშვილზე მოგახსენებდით. ამას წინათ, საარჩევნო ბატალიების მიმდინარეობისას, დიდი რიხით განაცხადა, ჩვენ უკან არ უნდა გავიხედოთ, მხოლოდ წინ უნდა ვიაროთო. კი, ბატონო, იარე, თუ გაქვს სამშობლოს უკეთესი მომავლის პერსპექტივა და არა _ ქვეყნის გამაუბედურებელი და დამღუპველი ნატო-ევროკავშირი. არ გინდა, უკან მოიხედო? რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ უკან რომ მოიხედო, იძულებული იქნები, დაიწყო ქვეყანაში სამართლიანობის ადგენა, რომელსაც, აგერ ოთხი წელიწადია, ელოდება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. ძალიან მაინტერესებს, რა პასუხს გასცემს კვირიკაშვილი გირგვლიანის, რობაქიძის, თეთრაძის, შავაძის, ცინდელიანის, ვაზაგაშვილების, შარაძის, კრიალაშვილის, აფრასიძეების, ადმირალ ირემაძის, მოლაშვილის და ბევრი სხვა უმიზეზოდ ნაწამებისა და დახვრეტილის, ქონებაწართმეულის, გაუპატიურებულის ოჯახებს.

თუ თქვენთვის სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია, ყმაწვილო?! სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით!

აი რას ბრძანებს ერის უგვირგვინო მეფე, დიდი ილია: “…ვის მოუვა ფიქრად, ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისისამე წყენის შიშითა, თუ არ დოყლაპია ლიბერალისა, საბუთიანს, მართალს მხილებას, თუნდა მთელი ერისას, გონიერი ერი მადლობით ეპყრობა და არა რისხვითა და შფოთითა. ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის გააქელვინო, ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საიმისოა ცხვირიდამაც ძმარი ადინო. ბაძით ქვეყანა წახდებაო, ნათქვამია. მსაჯავრდაუდებელი ბოროტიმაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს გულთბილი და ხასიათდაუდგრომელი კაცი. “უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბიძით მორცხვიც გაურცხვდება (ილია ჭავჭავაძე. “ქვათა ღაღადი”. გვ. 6.). ეს ბრწყინვალე სიტყვები ერის მამას 1899 წელს დაუწერია. და ისე ესადაგება საქართველოში ამჟამად არსებულ ვითარებას, თითქოს დღევანდელი დღისათვის დაწერა! ამაზეა ნათქვამი: “ვისაც ყურნი გასხიათ, ისმინეთ”.

ბატონო ბიძინა, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, დაპირების თანახმად, უნდა დაგეწყოთ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, მაგრამ ეს ყველაფერი გამოდგა ფარსი, ანუ აფერა, ხალხის თვალის ახვევა. ის, რასაც თქვენ და თქვენი ხელისუფლება აკეთებთ, არის წყლის ნაყვა. წერილის დასაწყისში ეპიგრაფად ლენინის ცნობილი სიტყვები შეგნებულად მოვიხმე, იცით, რატომ? იმიტომ, რომ 2012 წელს ხალხის თანადგომით საპარლამენტო არჩევნების მოგება იყო თქვენ მიერ გადადგმული ერთი ნაბიჯი წინ, ხოლო განვლილი ოთხი წლის ნამოღვაწარი უკან გადადგმული ორი ნაბიჯი! თუ ასე არ არის, მაშინ რა ვუწოდოთ თქვენ მიერ ხალხის ამწიოკებლების მოფერებას, გულში ჩახუტებას? რა შეიძლება ეწოდოს თქვენი ხელისუფლების მიერ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მოლოდინის ასე ჰაიჰარად უგულებელყოფას?! აი სად მიგვიყვანა დამნაშავეების დაუსჯელობამ. თქვენ მიმართ ნაცები, უკვე დიდი ხანია, აღარ მალავენ აგრესიას. მგონი, თქვენ იყავით ის ადამიანი, უშურველად რომ აფინანსებდა მათ და მათ ოჯახებს. ისევ და ისევ “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი”? ყველას გასაგონად მინდა გავიმეორო ერთი ქართული გამოქმა: “სიკვდილი ისეთი აქლემია, არავინ იცის, ვის კარებთან როდის დაიჩოქებს”! ეს ჭკვიანი ხალხის ნათქვამია…

დამთავრდა არჩევნები. იგი დამთავრდა საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის, ვიტყოდი, შეურაცხმყოფელი შედეგით, და ამაში ლომის წილი გარდა მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელმაც მათ (ნაცებს) ხმა მისცა, “ქართულ ოცნებას” აქვს ჩადებული. და ეს თქვენმა პარტიამ შეგნებულად გააკეთა, ვინაიდან ხელს არ გაძლევდათ სხვა ოპოზიციური პარტია პარლამენტში (ამას ლაპარაკობს ხალხი). ამას დაერთო თქვენი დიდი “ნაჩალნიკის”, ამერიკის ელჩის, სიტყვაშეუბრუნებული დავალება ნაცების მიმართ. ასე რომ, წილი ნაყარია. დღეიდან საქართველოში ვითარების ყველა გართულებაზე პასუხი მოგეთხოვებათ თქვენ და არა ამერიკის ელჩს! იფიქრეთ, დრო ცოტა გაქვთ, სანამ ხალხი ქუჩაში გამოსულა, მერე გვიანი იქნება. სასწრაფოდ დააბრუნეთ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე და ხელს ნუ შეუშლით!

ბატონო ბიძინა, დაწყებული 1953 წლის მარტის მოვლენებიდან არ დავკლებივარ არც ერთ მიტინგს, რომელიც კი ჩატარებულა თბილისში. ჩემს თავზე ერთდადერთი დოლაბის ქვა არ დატრიალებულა, დანარჩენი ყველა სიმწარე ვიწვნიე. ზემოთ მოგახსენეთ შვილებზე… ცხრა თვეში ორი შვილი დავასაფლავე. მიუხედავად ჩემი დიდი უბედურებისა, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არასოდეს მიფიქრია. დღეს, შეიძლება ითქვას, მატერიალურად (მეტ-ნაკლებად) უზრუნველყოფილი ვარ, ჩემი შვილების სიცოცხლის ხარჯზე (საქართველოს 12/27/2013 #1896 კანონი)!

 სათქმელი ბევრია, გასაკეთებელი _ უფრო მეტი! იფიქრეთ მხოლოდ საქართველოზე და სხვა არაფერზე! ერთი რჩევაც მინდა მოგცეთ, თუ მიიღებთ რასაკვირველია: ნურავინ ეცდებით ერეკლე მეორესა და ილია ჭავჭავაძეზე დიდ ქართველად თავის წარმოჩენას, უბრალოდ, ვერ შეწვდებით. აი რა ბრძანა ამ ბუმბერაზმა ქართველმა, ილია ჭავჭავაძემ 1899 წლის 26 ნოემბერს: ღონემიხდილმა და დაქანცულმა საქართველომ აიღო თავი და შეაფარა დიდ რუსეთის იმპერიას, მტერს არ დაჰნებდა და მეგობართაკენ პირი ჰქნმა და გული მიიბრუნა”.

მიჰყევით მის კეთილგონიერ რჩევებს და სასწრაფოდ დაიწყეთ რუსეთთან ვითარების მოგვარება, ისევ და ისევ საქართველოს საკეთილდღეოდ. ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყნები ესწრაფვიან მასთან მეგობრულ ურთიერთობას. კიდევ ერთი მეგობრული რჩევა: ხშირად იქონიეთ ურთიერთობა ჩვენს ბრძენ პატრიარქთან, იმ პატრიარქთან, რომელიც თქვენ, ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე გაგიკენწლავთ, რაც პატივსა და ღირსებას ნამდვილად არ გმატებთ. მისგან ბევრ რამეს ისწავლით საქართველოსთვის სასარგებლოს!

დავშთები მხოლოდ უფლის იმედად და საქართველოს უკეთესი მომავლის სურვილით.

გფარავდეთ მამაზეციერი და დედა ღვთისმშობელი საქართველოს სასიკეთოდ!

საქართველოს მოქალაქე, თხემით ტერფამდე მართლმადიდებელი ქართველი

ანზორი დანელია

P.S. გვეშველა! მგონი, გადავრჩით! ბოლოს და ბოლოს, დგება საქართველოში ვითარება, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ (შედარებით) მშვიდობის დამყარება და ხალხზე ზრუნვის ეპოქა! ბატონო ბიძინა, ახლა ხომ ვეღარ იტყვით, რომ პარლამენტში მუშაობაში ხელს გიშლით ოპოზიცია, ხომ დაგრჩათ ბურთი და მოედანი?! ახლა გამოჩნდება თეთრი და შავი, ანუ როგორ გამოიყენებთ ხალხის მიერ კიდევ ერთხელ ბოძებულ მანდატებს.

ამერიკის ელჩი არ არის საქართველოსხაზეინი”, ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და იმოქმედეთ ისე, როგორც ხალხს სურს.

 ნუ ითამაშებთ ხალხის ნერვებზე, ყველაფერს აქვს საზღვარი!

1 COMMENT

  1. ღმერთმა გაგინათლოთ სამშობლოს შეწირული შვილების სული, ბატონო ანზორ.
    შესანიშნავი წერილია! გამგებმა უნდა გაიგოს.
    მაკვირვებს თქვენი სიმხნევე, ამავე დროს ამ სიმხნევეშია თქვენი დიდი ვაჟკაცობა. დიდი მადლობა!

  2. ბატონო ანზორ, მხოლოდ სამშობლოს მოყვარული მამების შვილებს ძალუძთ სამშობლოსათვის თავის გაწირვა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. ყველაფერში გეთანხმებით, ერთის გარდა – ღარიბაშვილი არაა შესაქები. ის იყო კლანური მმართველობის გამგრძელებელი, ზონდერების მფარველი, ზოგიერთ უგვანოთა მინისტრად (და არა მარტო მინისტრად) დამწინაურებელი და მათი დანაშაულობების, კახპობის დამფარავი, არასერიოზული (სერიოზული კაცი ისე არ გადადგებოდა, ან უფრო ადრე გადადგებოდა, ან საერთოდ არ მოვიდოდა პრემიერ-მინისტრად მის ასაკში). ნეტა ვინმემ დაასახელოს მის მიერ გაკეთებული თუნდაც ერთი საქმე, რომელიც ჩვენ სამშობლოს წაადგა. 25 წელია მმართველ ელიტას, ოპოზიციასთან ერთად, ლაპარაკი კარგად გამოსდის, საქმის რა მოგახსენოთ.

  3. ბატონო ანზორ დიდი მადლობა მაგრამ, არ მგონია რამე შეიცვალოს. უბრალოდ თუ არ მოხდა მთავრობაში ძირეული ცვლილებები, დაწყებული პრემიერიდან და ქვევით, ისე არაფერი არ გამოვა. ძალიან ცუდ დღეში ვართ. არ მგონია ევროპასთან დაახლოების გამო დაუპირისპირდე დანარჩენ მსოფლიოს მაგრამ, ამას ბევრი ვერ გაიგებს, ქართველი ერი კარგავს თავის ქართველობას, მალე ალბათ უმცირესობაში ვიქნებით ტუ ასე წავიდა ყველაფერი და ასქართველოში დაიწყებემ ხმაურს პატარა ცინუკელები სააკაშვილის საყვარელი თურქები და სხვა. ვთხოვ ყველას გამოვფხიზლდეთ თორემ მერე გვიან იქნება.

  4. ბატონო ანზორ, ღმერთმა გაგიმარჯოთ ამ სიმართლისთვის! უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი ვაჟკაცების სულები, გმადლობთ!.

  5. ბევრი კი არა ყველაფერი სიმართლეა რასაც ბატონი ანზორი საუბრობს და მატ შორის მეც ველოდებოდი სამართლიანობის აღდგენას რომელიც ,, მაუდ კამვოლის ,, კომბინათს ეხება და რომლის მთელი ქონება პატარკაციშვილმა ხალხის მოტყუებით მიითვისა ვინაიდან ისინი დღეს დღეობით საპარტნიორო ფონდში არიან პასუხს არავინ სთხოვს ამას ეძახით სამართლიანობის აღდგენას? იქნებ გამცეს დღევანდელმა ხელისუფლებამ პასუხი

  6. დიდი მადლობა ბატონ ანზორს ყველა ჭეშმარიტი ქართველის სახელით, ამ შესანიშნავი წერილისთვის!
    ამ გაუსაძლისი 26 წლის მანზილზე დიდი გამოცდილება და სიბრძნე შეიძინა ქართველმა ერმა და მხოლოდ მისთვის ყურის გდებაა საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა დიდი ნაბიჯებით დაიძრას წინ და თავი დააღწიოს ჩიხურ მდგომარეობას. ნუთუ ასე ძნელია ყოველივე ეს და ნუთუ არ უნდა გვეღირსოს პიროვნება, რომელიც გაუძღვება ქვეყანას , საერთო მიზანს დაუმორჩილებს თითოეული ჩვენთაგანის გონებასა და ნებას?
    დიახ, დღეს სწორეთაც, რომ პიროვნებაა საჭირო და შემდეგ ის, რაც ასე კარგად და დახვეწილად მუშაობს წარმატებულ სახელმწიფოებში, საზოგადოებრივი ინსტიტუტების სახით.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: როინ ხვედელიანი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here