Home რუბრიკები ბლოგი “The New York Times” : მართლმადიდებელი საქართველო პაპ ფრანცისკესათვის „ქვიანი ადგილი“ აღმოჩნდა

“The New York Times” : მართლმადიდებელი საქართველო პაპ ფრანცისკესათვის „ქვიანი ადგილი“ აღმოჩნდა

გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს ამ სტატიიდან: „რომის პაპი ფრანცისკთავის საზღვარგარეთულ ტურნეებში მიჩვეულია ადამიანებთან დიდ და მასობრივ შეხვედრებს და ამ მხრივ, საქართველოში ორდღიანი ვიზიტი მისთვის  ალბათ, სრულიად სხვაგვარია, – ამბობს დავით ისაკაძე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ანტიპაპისტი მღვდელი.

როცა ფრანცისკი და მისი კორტეჟი თბილისის აეროპორტიდან გამოვიდნენ, მას გზაზე დავით ისაკაძე და საპროტესტო აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დახვდნენ, რომლებსაც ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ – „პაპი – ერეტიკოსი“, „პაპი – ანტიქრისტე“.

როცა პაპმა კათოლიკური ეკლესია მოინახულა, მისი ვიზიტის მოწინააღმდეგეებმა იქაც საპროტესტო აქცია გაუმართეს. შაბათს ფრანცისკმა თბილისის სტადიონზე მესა გამართა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო. ეს საკმაოდ მოულოდნელი ფაქტია, ისეთი ქვეყნისთვისაც კი, სადაც მცირე რაოდენობის კათოლიკე ცხოვრობს. ვატიკანს იმედი ჰქონდა, რომ მესაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებიც დაესწრებოდნენ (კეთილი ნების ჟესტით), მაგრამ მათგან სტადიონზე არავინ მისულა. მართლმადიდებლებმა ეს დოქტრინალური განსხვავებით ახსნეს. საქართველოში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში ვიზიტის დროს რომის პაპი რთული გეოპოლიტიკური და რელიგიური სიტუაციის მოწმე გახდა. ეს კავკასიური პოსტსაბჭოთა სახელმწიფო დღეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ოდესღაც ვატიკანისადმი მტრულად იყო განწყობილი, ამჟამად ქართველების ეროვნული იდენტურობის დამცველის როლში გამოდის და მას პატივისცემით ეკიდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კონსერვატორი რელიგიის მსახური მოსკოვისაკენ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისაკენ იყურება და მის მოკავშირეებად გამოდიან დასავლურ ფასეულობებთან ბრძოლაში.

ოფიციალურ დონეზე პაპი ფრანცისკი თბილად მიიღეს, განსაკუთრებით საქართველოს მთავრობამ, რომელიც იმედოვნებს, რომ პაპის ვიზიტი კიდევ ერთხელ შეახსენებს მსოფლიოს, რომ ქვეყნის ერთი მეხუთედი – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მოსკოვისაგან ფინასდება 2008 წლის ომის შედეგად.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ილია მეორე, მიუხედავად ავადმყოფობისა, მიესალმა ფრანცისკეს და მას „ჩემი ძვირფასი ძმა“ უწოდა. ილია მეორემ იმავდროულად აღნიშნა, რომ იგი გმობს იმ მღვდლების მოქმედებას, რომლებიც რომის პაპს აკრიტიკებენ.     

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ინტერვიუში განაცხადა, რომ რომის პაპი ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა – „საქართველო, ევროპასა და საერთოდ, დასავლეთს კიდევ უფრო დაუახლოვდა“. მისი თქმით, ის ვერ ხედავს იმ მიზეზებს, რის გამოც ვინმე ნაწყენი შეიძლება იყოს პაპის ვიზიტით: „ჩვენ სტუმართმოყვარენი უნდა ვიყოთ. მე ვიზიტის გამო წყენის მიზეზს ვერ ვხედავ… ევროპა ჩვენი სახლია ისტორიულად და კულტურულადაც“.

ზოგიერთი კრიტიკულად განწყობილი კონსერვატორის განცხადების საპასუხოდ („დასავლეთთან ინტეგრაციის გამო საქართველო იძულებული იქნება აღიაროს ერთსქესიანთა ქორწინებებიო“), გიორგი კვირიკაშვილის მთავრობამ წინადადება შეიტანა კონსტიტუცია შეცვლილიყო (ტრადიციული ოჯახის დაკანონების მიზნით), თუმცა ინიციატივა უარყოფილი იქნა. პრემიერ-მინისტრმა ეს პოლიტიკურ და მარკეტინგულ პრობლემად მიიჩნია და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ეს ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში აისახება.

ფრანცისკემ კარგად იცოდა, რომ საქართველოში ვიზიტი შეიძლება რთული ყოფილიყო. ალბათ, გაიხსენებდა იოანე პავლე მეორის ვიზიტსაც საქართველოში 1999 წელს, როცა მას საკმაოდ ცივი მიღება მოუწყეს. მაგრამ ამჯერად ფრანცისკე თბილისში უფრო ფართო მიზნებით ჩავიდა – მას სურს, რომ შერიგებისა და მშვიდობის იდეები მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორისაც გაავრცელოს არამარტო საქართველოში, არამედ სირიასა და ერაყში, აზერბაიჯანში, სადაც მუსულმანები ცხოვრობენ. საქართველოს მთავრობას სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს.   ახალგაზრდა თაობა უკვე საკმაოდ ევროპიზირებულია და არ სურთ რუსეთის ორბიტაში ჩათრევა. თბილისიდან 40 კილომეტრში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსული ტანკები დგანან. გარდა ამისა, სეპარატისტული რეგიონებიდან საქართველოს 250 ათასამდე ლტოლვილი და დევნილი ჰყავს. (პაპ ფრანცისკეს განცხადებები საკმაოდ შენიღბულ-შერბილებული იყო). მან, ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერის მიზნით, აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოსო, თუმცა კონკრეტულად რუსეთის ოკუპაციის ფაქტი არ უხსენებია.

პაპმა ისიც თქვა, რომ ლტოლვილების უფლება მშობლიურ კერაზე დაბრუნების საკითხში უზრუნველყოფილი უნდა იყოსო. ფრანცისკე ფრთხილად არჩევდა სიტყვებს და ცდილობდა არ წარმოეთქვა ტერმინი „ოკუპაცია“ და რუსეთისათვის „აგრესორი“ არ ეწოდებინა. საქართველოში ერთ კვირაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. არიან პარტიები, რომლებიც გაურკვეველი წყაროებით ფინანსდებიან და რუსეთისაკენ ისწრაფვიან. მათ მოსკოვთან ინტეგრაცია სურთ და აცხადებენ, რომ აშშ და ევროკავშირი ქართულ ტრადიციული ცხოვრების წესს, მორალს და ზნეობას საფრთხეს უმზადებენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვისაგან დამოუკიდებელია და ქვეყნის მოსახლეობაში უდიდესი ავტორიტეტი აქვს.   

ქართველები მართლმადიდებლობაში საკუთარ იდენტურობას ხედავენ. ქართველ და რუს მართლმადიდებლებს ჰომოსექსუალიზმი სძულთ და დასავლეთს ცოდვების წყაროდ მიიჩნევენ. ერთ-ერთმა ქართველმა სასულიერო მსახურმა კი რუსული ტანკები, რომლებიც საქართველოში 2008 წელს შეიჭრნენ, „უფლის ნებად“ შეაფასა, რომლის შედეგად საქართველოს დასავლური ინტეგრაცია დამუხრუჭდა. აქვე ვიტყვით, რომ მის განცხადებას უმრავლესობა არ იზიარებს. მაგრამ თვით პატრიარქი ილია მეორეც კი, რომელიც თავის კოლეგებთან შედარებით უფრო პროდასავლელად ითვლება, 2013 წელს მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს „ბრძენი ლიდერი“ უწოდა და რუსეთ-საქართველოს „ძმობის“ დამრღვევ 2008 წელს მომხდარ ომში მესამე მხარე დაადანაშაულა.

ქართული ეკლესიის დამოკიდებულება რუსეთისადმი მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს მთავრობის პოლიტიკისაგან, რომელმაც ჩრდილოელ მეზობელთან ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა. ამაში ჩანს მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული ტენდენციაც, რომლის თანახმად, ბევრი ეკლესია დასავლეთ ემიჯნება იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი მთავრობები დასავლეთთან ინტეგრირებას ცდილობენ. „მართლმადიდებლურ სამყაროში დაძაბულობა სრულიად რეალურად იგრძნობა, – ამბობს არისტოტელ პაპანიკოლაუსი, აშშ-ის ფორდჰემის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკში) მართლმადიდებლური კვლევების ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, იმ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ბულგარეთი, რუმინეთი და საბერძნეთი, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან, ეკლესიების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის აზრით, ანტიპაპისტები უმცირესობაში არიან და ისინი ქართული ეკლესიის ან მთავრობის პოზიციას არ ასახავენ. „საქართველოს სურს ნამდვილი ევროპული სახელმწიფო გახდეს“, – თქვა მინისტრმა.

პაპის ვიზიტამდე ილია მეორემ განაცხადა, რომ სრულიად მიუღებელია, ვინმემ ხელი შეუშალოსო პაპის ჩამოსვლას, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიაში მე-11 საუკუნეში მომხდარი განხეთქილების აღმოფხვრას, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების შერიგებას ცდილობს.

აშკარაა, რომ დავით ისაკაძემ და სხვა პროტესტანტებმა ილია მეორის მოწოდება არ შეისმინეს. დავით ისაკაძემ, რომელიც რვა შვილის მამაა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერიც გახლავთ, განაცხადა, რომ მართლმადიდებლებმა კათოლიკეებისაგან თავი შორს უნდა დაიჭირონ, რადგან კათოლიციზმი ექსპანსიისაკენ მიისწრაფვისო. მისი თქმით, პაპი ფრანცისკე ძალიან რბილად ეკიდება ჰომოსექსუალიზმს და ლიბერალიზმს ამჟღავნებსო. თუმცა, ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ შაბათს, პირველ ოქტომბერს, კათოლიკე მღვდელმსახურებთან შეხვედრისას, პაპმა გაიმეორა თავისი პოზიცია ქალისა და მამაკაცის ტრადიციული ქორწინების დაცვის შესახებ და განაცხადა, რომ „დღეს ქორწინების დასანგრევად გლობალური ომი მიმდინარეობს“. მან ისიც თქვა, რომ მართლმადიდებლები და კათოლიკეები ქრისტიანი ძმები არიან და კათოლიკეები მათ გადაბირებას არ უნდა ეცადნონო. „არასდროს არ შეეცადოთ მართლმადიდებლის კათოლიკედ მოქცევას“, – ხაზი გაუსვა პაპმა.

პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მოამზადა                 

კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here