Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ დგებუაძე: კარლო კალაძე ტელეფონიდან მიყვიროდა, _ თუ საქმეს არ ჩამოშორდები, იმ...

ზურაბ დგებუაძე: კარლო კალაძე ტელეფონიდან მიყვიროდა, _ თუ საქმეს არ ჩამოშორდები, იმ საფლავში დაგმარხავ, რომელსაც ასე თავგამოდებით ეძებო

1179

ბატონი ზურაბ დგებუაძე, შინაგან საქმეთა ექსმინისტრის _ ვანო მერაბიშვილის ყოფილი თანაშემწე და ლევან კალაძის გატაცების საქმეში კალაძეების ადვოკატი, 9 წლის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა პოლიტიკური დევნილის სტატუსით. ის პოლკოვნიკ ბათუ საღინაძის ინტერესებს იცავდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ცოტა ხნის წინათ კი ბატონი ზურაბი სამშობლოში დაბრუნდა

_ ბატონო ზურაბ, უცხოეთში გატარებული წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდით. რას განიცდით?

_ უცნაური განცდა დამეუფლა. არასდროს ვყოფილვარ ამდენ ხანს უცხოეთში. 9 წლის შემდეგ პირველად დავეშვი თბილისის აეროპორტში და თურქმა სტიუარდესამ მშობლიურ ენაზე მომილოცა მშვიდობიანი დაფრენა. თბილსსაც უფრო აღმოსავლური ელფერი დაჰკრავს. თუმცა ჩემი მშობლიური უნივერისტეტისა და უმაღლესი სასწავლებლების კედელებზე გამოკიდებული აბრებიდან შევიტყვე, რომ ახლა იქ ამერიკულ დიპლომსა და განათლებას იძლევიან. როგორ გგონიათ, კომუნისტების პერიოდში ვინმეს ანალოგიური საქციელი რომ ჩაედინა და ოდნავ შეცვლილი ტექსტით მიეწერათ, ცოდნის ტაძრებში რუსულ დიპლომსა და განათლებას ვიძლევითო, რა მოხდებოდა?

_ ალბათ, დიდი სტუდენტური მღელვარება აგორდებოდა.

_ ჰო, დიდი ამბავი ატყდებოდა, ახლა კი ვითომც არაფერი. ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ, მეორე მხრივ, სრულიად ლოგიკურიც. აღარ გვაქვს ლენინის ქუჩა, სამაგიეროდ, გვაქვს საქართველოს დიდი “მეგობრისა და დემოკრატის” _ ჯორჯ ბუშის ქუჩა. აღარ გვაქვს ლენინის ძეგლი, სამაგიეროდ, გვაქვს დიდი “მსახიობ-პოლიტკოსისა” და “ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი რაინდის” _ რონალდ რეიგანის ძეგლი. თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ სტალინის ძეგლი მისი მშობლიური ქალაქიდან ავიღეთ, ქუთაისში კი ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალი ავაფეთქეთ და უდანაშაულო დედა-შვილის სიცოცხლეც შევწირეთ, მაშინ ამერიკანიზაციას ჩვენში ღრმად გაუდგამს ფესვები.

_ როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ასეთი სწრაფი სახეცვლილების მიზეზი?

_ მონური ფისქოლოგია. სადაც ძალაა, იმ ორბიტაზე ტრიალებს სუსტიც… ალბათ, ვერც ერთი სხვა ერის შვილი ვერ შექმნიდა ისეთ გენიალურ ნაწარმოებს, როგორც არის “ყვარყვარე თუთაბერი”.

_ სხვა კიდევ რა გეცათ თვალში?

_ ჩემს მეხსიერებაში ახალგაზრდობის პერიოდიდან ჩარჩენილიდავარცხნილი”, მშვიდი თბილისური გარემოს ნაცვლად, ირგვლივ ქაოსი, კვამლი და ჭუჭყი დამხვდა. თვალში განსაკუთრებით მეცა ქალაქის ცენტრალურ უბნებში წამოჭიმული უგემოვნო და ერთმანეთზე მიტმასნილი მონსტრი ნაგებობები. ქუჩებსა და ტროტუარებზე, ტრამვაიტროლებუსის ნაცვლად, ხმაურიანი ყვითელი ავტობუსები და ძველი მანქანების ფახფახი.

_ და მაინც ის თქვენი სამშობლოა

_ და გიყვარს ისეთი, როგორიც არის _ კვამლიანი და ჭუჭყიანი. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ჩვენ, მკვიდრმა მოსახლეობამ, მალე სამშობლოშიც ემიგრანტებად ვიგრძნოთ თავი.

_ ასე საგანგაშოდ გვაქვს საქმე?

_ სამწუხაროდ, ამის ნიშნები აშკარაა. ჩვენებურები უცხოეთში გარბიან, ფულიანი უცხოელები აქ ჩამოდიან, დროსაც ატარებენ და ბიზნესსაც მართავენ. ავადსახსენებელსაბჭოთა სივრცეში ქართველებს საქმოსნებად გვიცნობდნენ, დასავლეთში კი კრიმინალების ან, უკეთეს შემთხვევაში, მოსამსახურეების იმიჯი გვაქვს. სხვა საგანგაშო ტენდენციაც შეიმჩნევა: გაჭირვებას გამოქცეული ქართველი ქალების არცთუ მცირე ნაწილი უცხოელებზე თხოვდება და ისედაც საგანგაშოდ შემცირებული ერის შვილები სხვა ჯიშს ვამრავლებთ. არ გეგონოთ, რომ პირწავარდნილი ნაციონალისტი ვარ, ყველას აქვს უფლება, თავის ბედი ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენლს დაუკავშიროს, ამაში დასაგმობი არაფერია. უბრალოდ, გააჩნია მოტივიაციას _ რატომ აკეთებ ამას და იმასაც, რომ ჩვენ, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მყოფი ერის შვილებს, ცოტა სხვაგვარი პოზიაცია უნდა გვქონდეს. დღეს ებრაელი ერი არ იარსებებდა, დემოგრაფიული საკითხებისადმი მკაცრი კოსერვატიული დამოკიდებულება რომ არ ჰქონოდა.

_ 9 წლის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდით და ამ ხნის განმავლობაში იქ წარმატებული ქართველები და ქართული ოჯახები არ შეგხვედრიათ?!

_ რა თქმა უნდა, გვყავს ისეთებიც, რომლებმაც თავიანთი ნიჭითა და შრომით ევპროპული განათლება მიიღეს, ქართული ოჯახიც შექმნეს და საუკეთესო სპეციალისტებიც არიან. მაგლითად, გერმანიის იმ ქალაქში, რომელშიც მე ვცხოვრობდი, ასეთი ქართველები მოვიძიე და ჩემს გერმანელ მეგობრებთან ერთად გერმანულ-ქართული ცენტრი დავაფუძნეთ. ამ ცენტრში არიან საუკეთესო პროგრამისტები, ინჟინრები, იურისტები. სწორედ ასეთ კვალიფიციურ სპეციალისტებზე დგას დღეს გერმანიის სახელმწიფო. ასეთი კადრები სახელმწიფოს უდიდესი კაპიტალია, ჩვენ კი ამ კაპიტალს არ ვუფრთხილდებით და ვფანტავთ.

_ და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

_ ჩვენ მიერ გერმანიაში დაფუძნებული გერმანულ-ქართული ცენტრის მიზანი, გარდა ქართულ-გერმანული კავშირების ხელშეწყობისა, ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებაა. აქცენტი სწორედ წარმატებული თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებაზე კეთდება. ამ თემაზე ჯერ კიდევ 3 წლის წინათ ვესაუბრე გერმანიაში საქართველოს ელჩს _ ბატონ ლადო ჭანტურიას. შევხვდი მაღალი რანგის გერმანელ პოლტიკოსებსაც. ჩემი პოზიაცია ბატონ ლადოსთან ასე ჩამოვაყალიბე: იქნებ ქართული სათვისტომოები და გერმანულ-ქართული ორგანიზაციები გაგვეერთიანებინა ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, კონტაქტი დაგვემყარებინა წარმატებულ თანამემულეებთან; შეგვექმნა უცხოეთში მოღვაწე ქართველების ერთიანი საინფორმაციო ბაზა, შემდეგ ერთობლივად გვეფიქრა, როგორ შეიძლება საქართველოში მათთვის სათანადო პირობების შექმნა და ქვეყნის სამსახურში ჩაყენება-მეთქი. ანალოგიურად ვიმოქმედებდით სხვა ქვეყნებშიც. თანამემულეების საზღვარგარეთიდან გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად დაბრუნებით კი სასიკეთოდ შევცვლიდით უმწვავეს დემოგრაფიულ მდგომაროებას.

_ მაგრამ გერმანიის სახელმწიფოს ხელს აძლევს, თუნდაც არაგერმანელი, მაგრამ მაღალკვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გადინება?

_ დღეს გერმანიასა და ევროპის სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ორი დიდი პრობლემა აქვთ: ერთი მხრივ, დაბალი შობადობის ფონზე წარმოქმნილი დემოგრაფიული პირამიდა აიძულებს გერმანელებს, უცხოელ მაღალკვალიფიციურ კადრებს გაუხსნას გზა და დაასაქმოს. მეორე მხრივ, მიგრაციის ტალღა უდიდეს პრობლმებს უქმნის მათ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ჯერ კიდევ 3 წლის წინათ ამ თემაზე ვესაუბრე გერმანიის ბუნდესტაგის, ანუ გერმანიის პარლამენტის გავლენიანი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს _ ქალბატონ კაროლა რაიმანს.

_ რომელ პარტიას წარმოადგენს ბუნდესტაგში ქალბატონი კაროლა რაიმანი?

_ კაროლა რაიმანი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა გერმანიის ბუნდესტაგში. გერმანიის ამჟამინდელ კოალიციურ მთავრობაში სოციალ-დემოკრატებს წამყვანი პოსტები უკავიათ. მაგალითად, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ზიგმარ გაბრიელი გერმანიის ვიცეკანცლერია, ამასთანავე _ ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრიც. სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს, ხოლო მარტინ შულცი ევროპალამენტის პრეზიდენტია. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი ძველი და გამორჩეული პარტიაა ევროპაში. მათ ჰყავდათ საქვეყნოდ ცნობილი ლიდერები: ფერდინანდ ბებელი, ვილი ბრანდტი, ჰელმუტ შმიდტი. საზოგადოდ, თუ გერმანიასა და ევროპაში ადამიანის უფლებები და სოციალური გარანტიები მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი, ამაში ლომის წილი სწორედ სოციალ-დემოკრატებს მიუძღვის.

_ ქალბატონ რაიმანთან რა საკითხებზე ისაუბრეთ?

_ შეხვედრის თემა ის საკითხები იყო, რომლებიც მტკივნეულია არა მხოლოდ ქართული რეალობისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ეს არის ემიგრაციით გამოწვეული სირთულეები. აქცენტი იმაზე გავაკეთე, რომ მიგრაციის ყოველდღიურად მზარდი და საშიში კერები სწორედ ის ქვეყნებია, რომლებშიც უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური გარემო არსებობს. გაუსაძლის ყოფას გამოქცეული მილიონობითი ადამიანი კი საიმედო ადგილს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ეძებს. მივუთითე იმაზეც, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა ორივე მხარის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თუ ევროკავშირსა და, კონკრეტულად, გერმანიას სურს, ევროპაში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობა გამოსწორდეს და არ დამძიმდეს, საჭიროა, სათანადო დახმარება აღმოუჩინონ პრობლემურ ქვეყნებს. სანამ კონკრეტულ საკითხზე გადავიდოდი, ქალბატონ რაიმანს განვუცხადე, თქვენთან სახელისუფლო ცვლილებებს პოლიტიკური მიწისძვრები არ მოსდევს, სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესები აქ მყარად არის დაცული-მეთქი.

_ რას ეფუძნება ეს დაცულობა?

_ პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით გამორჩეულ საჯარო მოხელეთა ინსტიტუტს. სწორედ მათზე დგას სახელმწიფო. მაგალითად, გერმანელ მოხელეს თავისი პოლიტიკური თვალსაზრისი, თუნდაც პოლიტიკური კუთვნილება, ხელს არ უშლის, დაკისრებული საქმე პირნათლად შეასრულოს, რადგან მას ხელშეუხებლობის გარანტია აქვს. ასე რომ, იქ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლა ვერც საჯარო მოხელის პირად ინტერესებს აზიანებს და ვერც სახელმწიფოს. ხელშეუხებლობისა და პროფესიონალიზმის საკითხი განსაკუთრებით საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის არის საჭირბოროტო. შემდეგ ქალბატონ რაიმანს ვუთხარი, ძალიან მომწონს გერმანული კანონმდებლობა საჯარო მოხელის შესახებ და კარგი იქნება, თუ მას საქართველოშიც დავამკვიდრებთ-მეთქი.

_ რა გიპასუხათ გერმანელმა პარლამენტარმა?

_ ჩემი მოსაზრება საინტერესოდ მიიჩნია და დამპირდა, რომ ამ შემოთავაზებას აუცილებლად განიხილავდა კოლეგებთან ერთად. იმაზეც შევთანხმდი, რომ იგი ჩვენს ელჩს _ ლადო ჭანტურიასაც შეხვდებოდა, რომელიც გამოცდილი იურისტია და ჩემს პოზიცებს იზიარებდა.

_ შედგა ბატონი ლადოსა და ქალბატონი რაიმანის შეხვედრა?

_ ეს შეხვედრა ჩემი ინიციატივით გაიმართა.

_ თქვენ წლების განმავლობაში იცავდით ჯერ კალაძეების ინტერესებს, შემდეგ _ პოლკოვნიკ ბათუ საღინაძის. მოგვიანებით ვანო მერაბიშვილის თანაშემწედ დაინიშნეთ და ამ სტატუსით განაგრძობდით ლევან კალაძის საქმეზე მუშაობას. რა შეგიძლიათ თქვათ ამ გახმაურებულ საქმეზე, ბოლომდე გახსნილია?

_ ეჭვი, რომ ლევან კალაძის გატაცების საქმე ბოლომდე არ არის გახსნილი, თვითონ კახა კალაძესაც აქვს. მაგალითად, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში მან განაცხადა: “დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს, ასე ვთქვათ, მასშტაბური საქმე მხოლოდ ოთხმა ადამიანმა გააკეთა. არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეში იმდროინდელი მაღალჩინოსნები ყოფილიყვნენ ჩართული”.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ მჯერა, რომ ლევან კალაძის გატაცების საქმეში ძალოვანი სტრუქტურების წამომადგენლები მონაწილეობდნენ და კალაძეების ყოველ ნაბიჯს გულდასმით აკონტროლებდნენ. უფრო მეტიც, სამწლიანი გამუდმებული მცდელობის შემდეგ ამ ჯგუფმა (ვგულისხმობ მაღალჩინოსნებსა და მათი დავალებით მოქმედ კრიმინალებს) მიზანს მიაღწია და კალაძეებს 200 000 დოლარი დასტყუა.

_ რა გაძლევთ ამ დასკვნის საფუძველს?

_ მოვლენების განვითარების ქრონოლოგია, საქმეში არსებული მასალები და ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაცია. დავიწყოთ ლევან კალაძის გატაცების ეპიზოდიდან.

არსებობს ჩვენება საავადმყოფოს დარაჯისა, რომელიც დეტალურად აღწერს 2001 წლის 23 მაისს ლევან კალაძის გატაცებას და გამტაცებლის გარეგნობას. არსებობს ჩვენებები ჯიხურის გამყიდველისა, რომელიც, ასევე, დეტალურად აღწერს იმ პიროვნების ფიზიკურ მონაცემებს, რომელმაც მისგან მოქალაქე ხოშტარიას პასპორტი წაიღო. უფრო მეტიც, ჯიხურის გამყიდველმა ამოიცნო კიდეც ის პიროვნება, რომელმაც მისგანგირაოდ ჩადებულიპასპორტიგაიტანა”. გამოძიების მიერ კი დადგენილია, რომ ხოშტარიას პასპორტით შეძენილი სიმბარათით დამნაშავეები კალაძეებს უკავშირდებოდნენ. დამნაშავეები კარლო კალაძესა და მისი ოჯახის წევრებს კატეგორიულად აფრთხილებდნენ, თავი დაენებებინათ პრეზიდენტთან და მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრებისთვის, რადგანმისი შვილის ბედი ფეხებზე ეკიდათ იმ ორგანოს და ჭკუის დამრიგებლებს, რომლებიც ამ საქმით იყვნენ დაინტერესებულნი”. უფრო მეტიც, დამნაშავეებმა კარლო კალაძეს პირდაპირ განუცხადეს: “მამა კარლო, იმოქმედე მხოლოდ შენი ტვინით. რაიმე სამწუხარო ფაქტი რომ არ მოხდეს, ჩვენი მითითებები უნაკლოდ უნდა შეასრულო, პატარა შეცდომის შემთხვევაში, შენს შვილს ვეღარ იხილავ. გიმეორებთ, კონტაქტზე გამოვდივართ საბოლოოდ, იცოდე, ფულის ამღებებმა შენი შვილის ადგილსამყოფელი არ იციან და რაიმე გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს, ჩათვალე, შვილი აღარ გეყოლება”.

აი ასეთი იყო დამნაშავეთა კატეგორიული მოთხოვნა და მუქარა. საქმეშია გატაცებული ახალგაზრდის გულისშემძვრელი წერილები და ვიდეოკასეტა. გატაცებული ბიჭი ოჯახსა და ახლობლებს ემუდარებოდა: “ჩემო საყვარელო ოჯახო, ძალიან გთხოვთ, გამათავისუფლოთ ამ მდგომარეობიდან, ვარ ძალიან ცუდად, მაწუხებს გული, ნაოპერაციებმაც შემაწუხა, გემუდარებით ყველას… სამი თვის ხელფასისთვის ნუ გამწირავ, საყვარელო ოჯახო, ჩემო საყვარელო ძამიკო, ძალიან შეუძლოდ ვარ, ჩქარა, ჩქარა გამათავისუფლეთ”. სამწუხაროდ, კალაძეებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს: კარლო კალაძე დანომრილი ფულითა და “ოპრატივნიკების არმიით” ხობში ფულის გადასაცემად წავიდა და ოპერაციაც ჩაიშალა.

_ რატომ?

_ წინასწარ “დამუშავებული” ფულის გადაცემა და საქმის გახსნა არც შემსრულებლებს აძლევდა ხელს, არც ორგანიზატორებს და არც ამ საქმით დაინტერესებულ მაღალჩინოსნებს.

_ გამოდის, სიცოცხლის გადასარჩენად გამტაცებლის ყველა პირობა უნდა შევასრულოთ და მის ნებას დავყვეთ. ეს ხომ დანაშაულის წახალისებაა?

_ გეთანხმებით, მაგრამ ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რა ხდება ჩვენ გარშემო?

_ რა გაქვთ მხედველობაში?

_ როცა მაფიოზური მეტასტაზები საზოგადოებას ახრჩობს, ხელისუფლება გახლეჩილია და ძალაუფლებისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს, როცა თვითონ პოლიციის მაღალჩინოსნები დეპუტატებს არათუ მუქარას უთვლიან, არამედ იტაცებენ, ცემენ და ამ გახმაურებული საქმეების გამო არავინ ისჯება, როცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ისედაც მიზერულ ხელფასს თვეობით ვერ იღებენ, დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები კი ბიზნესში ცხვირს ყოფენ და საქმეებს არჩევენ, ასეთ დროს მეტი სიფრთხილე გმართებს და შვილის სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო.

_ თქვენს ინტერვიუებში ხშირად უსვამდით ხაზს, რომ ლევან კალაძის გატაცება მხოლოდ კრიმინალური აქტი არ ყოფილა და ამ დანაშაულს პოლიტიკური მოტივიც ჰქონდა.

_ ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ამაზე დაუფარავად საუბრობენ ექსპერტები და მაღალი დონის პროფესიონალები, თუმცა, ჩემი აზრით, ზოგიერთი შეფასება აშკარად ტენდენციურია. ავიღოთ თუნდაც კავკასიის საკითხებში ცნობილი ექსპერტის _ მამუკა არეშიძის პოზიცია. აი, რას წერს ბატონი მამუკა ამ საკითხზე: “იმ ტოტალურ გატაცებებს, რომლებიც ხდებოდა, პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. სერიოზულად მუშაობდა “ფე-ეს-ბე” და რუსეთის სხვა სპეცსამსახურები. მათ საქმიანობას რამდენიმე მიზეზი ედო საფუძვლად. რუსეთი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ტერორისტულ იმიჯს უქმნიდა; ქმნიდა ფონს, რომ საქართველოში უცხოელი ბიზნესმენებისთვის საშიში გარემო იყო. და მესამე _ ეს იყო ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ჩეჩნების, რომელთა დაცვასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებდნენ, ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის წამყვან წევრებად გამოცხადება. ამ დიდი პოლიტიკური ინტერესების განხორციელებაში ქართველი მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. მუშაობდა კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში, სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენელთა გარდა, ხელისუფლების გაცილებით მაღალი ეშელონის ჩინოსნებიც იყვნენ”.

_ რატომ მიგაჩნიათ მამუკა არეშიძის ეს პოზიცია ტენდენციურად?

_ სამწუხაროდ, საქართველო მხოლოდ ერთი ქვეყნის სპეცსამსახურების პოლიგონი არ არის. საერთოდ, პროფესიონალებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს დასასუსტებლად და იქ სასურველი მარიონეტული ხელისუფლების დასასმელად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები შეგნებულად ქმნიან რევოლუციურ სიტუაციებს. რევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა კი სწორედ კრიმინალური ბუმის ხელოვნურად გამოწვევაა. თუ თვალს გადავავლებთ 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე გაჩაღებულ ფერად რევოლუციებს, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ აქ რუსეთის როლი უმნიშვნელოა. ჩემს პოზიციასთან ახლოს არის თუნდაც ისეთი მაღალი დონის პროფესიონალისა და გამოცდილი ოპერატიული თანამშრომლის განცხადება, როგორიც არის ვიცეპოლკოვნიკი დავით გაგნიძე. ის ლევან კალაძის გატაცების საქმეზე იმ ჯგუფში მუშაობდა, რომელთანაც შს მინისტრის თანაშემწედ ჩემი მუშაობის მოკლე პერიოდში მქონდა შეხება. სხვათა შორის, ჩემ შემდეგ მასაც სერიოზული პრობლემები შეექმნა და ეს პრობლემაც კალაძის საქმეზე მოპოვებულ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციასა და მტკიცებულებებს უკავშირდება. ბატონი დავითის პოზიცია კი საქართველოში გატაცებების ბუმის თაობაზე ასეთია: “რეზონანსული გატაცებები ძირითადად დაიწყო და მას შემდეგ იმატა, რაც ვანო მერაბიშვილმა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა ვაშინგტონში… ვანო მერაბიშვილის მიერ აშშ-ში გაკეთებული განცხადება ერთგვარი სიგნალი იყო. ამის შემდეგ გაიტაცეს ესპანელი ბიზნესმენები, შემდეგ გაიტაცეს ხალილოვი, 2001 წლის 23 მაისს გაიტაცეს ლევან კალაძე, 2002 წელს გაიტაცეს არასრულწლოვანი მარიამ გოგინაშვილი, ამ პერიოდში მოხდა პიტერ შოუსა და “წითელი ჯვრის” წარმომადგენლის _ პროკოფიევას გატაცება. უკვე უცხოელებსაც იტაცებდნენ. ყველაფერი კი შევარდნაძის დისკრედიტაციისთვის კეთდებოდა და მიაღწიეს შედეგსაც, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველა იმაზე საუბრობდა, რომ შევარდნაძეს ქვეყნის მართვა აღარ შეეძლო”.

_ და ეს ყველაფერივარდების რევოლუციითდასრულდა.

_ ფაქტია. “ვარდების რევოლუციას” მოჰყვა “ნარინჯისფერი რევოლუცია” უკრაინაში და რევოლუციის ჩირაღდანმა არაბულ სამყაროშიც გადაინაცვლა.

_ ისევ კალაძის საქმეს დავუბრუნდეთ, როგორ განვითარდა მოვლენები?

_ სამწუხაროდ, ამ საშიშ დინებაში მოქცეული ახალგაზრდა კაცის ბედი ტრაგიკულად დასრულდა. ლევან კალაძის გატაცებიდან 17 დღეში, 2001 წლის 11 ივნისს, მარცხისთვის განწირული ხობის ოპერაცია ჩაიშალა. 2001 წლის 4 ივლისს კი ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, ხევში, ლევან კალაძის გვამი იპოვეს. ჩემი ღრმა რწმენით, შემთხვევის ადგილზე მისულმა პროკურატურის გამომძიებელმა და სხვა სამართალდამცავებმა წინასწარგანზრახვით მიიჩნიეს ახალგაზრდა კაცის ცხედარი დაუდგენელ პიროვნებად და მუხათგვერდის სასაფლაოზე დამარხეს.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ეს გვამი ჩვეულებრივი არ იყო და მისგან კიდევ შეიძლებოდა დიდი ფულის გაკეთება. აბა, სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის, რომ ვაზისუბნის ხევში ნაპოვნი პიროვნების გვამი შემოსილი იყო ძვირფასი ტანსაცმლით, ის კი ჩვეულებრივ “ბომჟად” აღიქვეს?! როგორ, სამართალდამცავებს არ უნდა შეემოწმებინათ, ხომ არ იყო მიცვალებული რომელიმე გახმაურებული საქმის მსხვერპლი?! ეს ხომ მათი ვალდებულებაა?!

_ თქვენხმამაღალგანცხადებას აკეთებთ, ალბათ, ამ საქმეში კონკრეტული დამნაშავეებიც გეცოდინებათ.

_ ლევან კალაძის გატაცების საქმეზე 2006 წლიდან დღემდე გაზეთებში: “ასავალ-დასავალში”, “რეზონანსში”, “საქართველო და მსოფლიოში”, “ყველა სიახლეში” ჩემი არაერთი ვრცელი და დეტალური ინტერვიუა გამოქვეყნებული. თითქმის ყველა კონკრეტული პირი დავასახელე, მაგრამ…

_ მაგრამ გამოძიება ამ მიმართულებით არ იძვრის?

_ 2006 წლიდან ამ საქმეს ჩამომაშორეს და შემდეგ როგორ წარიმართა გამოძიება, ვერაფერს გეტყვით.

_ ცნობილია, რომ პოლკოვნიკ ბათუ საღინაძეს, რომელიც ლევან კალაძის გატაცების საქმეს იძიებდა, დიდი პრობლემები შეექმნა. სააკაშვილის რეჟიმმა 67 წლის დამსახურებული სამართალდამცველი ჯერ უკანონოდ გამოასახლა ოჯახთან ერთად სახლიდან, შემდეგ დაიჭირა და 7-წლიანი სასჯელიც მოახდევინა. თქვენ იძულებული შეიქენით, ქვეყანა დაგეტოვებინათ და გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოგეთხოვათ. როგორი რეაქცია ჰქონდათ ამ ყველაფერზე კალაძეებს, თუ შეეცადეთ ამ ხნის განმავლობაში მათთან კონტაქტის დამყარებას?

_ კახა კალაძეს, წინასწარი შეთანხმებით, 2007 წლის აპრილში ჩავაკითხე მილანში, მაგრამ იქ არ დამხვდა. ვფიქრობ, შეხვედრას თავი აარიდა. მეორედ, 9 წლის შემდეგ, 2015 წლის 17 სექტემბერს, ვცადე, შევხვედროდი გამინისტრებულ ყოფილ ფეხბურთელს და სამსახურში მივაკითხე. მითხრეს, ბატონი მინისტრი დაკავებულია და ვერ მიგიღებთო. არადა, ძალიან მინდოდა, კახა კალაძისთვის მეკითხა, ამ ხნის განმავლობაში რატომ არ დაინტერსდა იმ ადამიანების ბედით, რომლებსაც მისი ოჯახური ტრაგედიის გამო ამდენი უსიამოვნება შეემთხვათ. ნაცვლად თანადგომისა, რატომ მემუქრებოდა მამამისი კარლო კალაძე და რატომ ითხოვდა დაჟინებით, ამ საქმეს ჩამოვშორებოდი. წარმოიდგინეთ, პოლკოვნიკი ბათუ საღინაძის მიმართ ხელისუფლება გაუგონარ უკანონობას სჩადის, მე კი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწეს, ვანო მერაბიშვილის დანაშაულებრივი გარემოცვა მემუქრება და კარლო კალაძე მათთან უნისონში ტელეფონიდან მიყვირის, _ თუ საქმეს არ ჩამოშორდები, იმ საფლავში დაგმარხავ, რომელსაც ასე თავგამოდებით ეძებო.

ესაუბრა

თემურ ბერიძე

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here