თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ სათაურში არ ვგულისხმობ იმ მხატვრულ ფილმს, რომელიც მისი წაკითხვისთანავე, უდავოდ, მოაგონა ყველა მკითხველს. არა, ბატონო! შტეროკრატია, თავისი არსით, გაცილებით ღრმა და ყოვლისმომცველი მოვლენაა, ვიდრე ერთი რომელიმე კონკრეტული კინო შეიძლება იყოს, მიუხედავად იმისა, რაგინდ ხელოვნური სიმძაფრით, ფსიქოლოგიური სიმძიმითა თუ ბანალურად მკვეთრი რეჟისორული ხერხებით იყოს იგი გადაღებული.
მოკლედ, “ჰეროკრატიას” არავითარი შანსი არ აქვს, რაიმე შთაბეჭდილება ან გავლენა მოახდინოს იმ საზოგადოებაზე, რომელიც, აგერ უკვე 3 ათეული წელია, მძიმე შტეროკრატიაში ცხოვრობს და ეს შტეროკრატია ყოველწლიურად კიდევ უფრო მძიმდება.
ფილმ “ჰეროკრატიის” ეკრანებზე გამოსვლა კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო იმისა, რა დონის შტეროკრატიაში ვცხოვრობთ სინამდვილეში. კამათს აპირებთ? გინდათ, დამიწყოთ მტკიცება, რომ ნაცების მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ფილმი აუცილებლად უნდა არსებობდეს და ის უნდა შემოვუნახოთ მომავალ თაობებს?
კი, ბატონო! მაგრამ მანამდე მიპასუხეთ: ვინ და ვისი დაფინანსებით გადაიღო ეს ფილმი? ვისი ეგიდით მიეწოდება დღეს იგი მაყურებელს? ანუ ვინ გვეუბნება და გვიკიჟინებს ჩვენ _ რიგით ადამიანებს, რომ თურმე 2003 წლიდან 2012 წლამდე ჩვენს ქვეყანას მანიაკები, შეურაცხადები, არაადამიანები, ბოროტები და სისხლისმსმელები მართავდნენ?
ვინ მეუბნება ამას?
ის ხომ არა, ვინც ამ საარჩევნოდ მაჟორიტარ კანდიდატებად არაერთი ის “ბიზნესმენი” თუ “საზოგადო მოღვაწე” შემომთავაზა საქართველოს პარლამენტში ასარჩევად, რომლებიც თავის დროზე მთელ ამ მანიაკიზმს აფინანსებდნენ და მხარს უჭერდნენ? სწორედ ის ხელისუფლება ხომ არ ცდილობს, “შეგვახსენოს”, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში, რომელი ხელისუფლებაც მაღალ თანამდებობეზე აწინაურებს სწორედ ფილმში წარმოდგენილ მანიაკებსა თუ მათ დამქაშ დამცველებს?
ალბათ, ძალიან მარტივი მისახვედრია, რის თქმაც მინდა… უფრო სწორად, რის თქმაც არ მინდოდა.. ან კიდევ უფრო ზუსტად _ რის თქმაც არ უნდა გამხდარიყო, წესით, საჭირო და რის თქმაც ასე აუცილებელია დღეს, სამწუხაროდ!
ვინც არ მეთანხმება, მაშინ გამეცით პასუხი _ აბა, რას ემსახურება ეს ფილმი? რა უნდა დაგვანახვოს მან? ერთადერთი, რაც ამ ფილმმა დამანახვა, არის ის, როგორ ადამიანებს უწოდებს ხოლმე ბიძინა ივანიშვილი “რეჟიმის მძევლებსა” თუ “სისტემის მსხვერპლს”.
რაო, ბატონო ბიძინა, ნუთუ ეს გულქვა, მანიაკი, სადისტი, მწვალებელი არაადამიანები “სისტემის მსხვერპლნი” და “რეჟიმის მძევლები” იყვნენ? ნუთუ მათზე ბრძანეთ ორიოდე წლის წინათ _ “ჩვენ უნდა შევძლოთ მიტევება და ამ ადამიანებთან ერთად, ერთ საზოგადოებად ცხობრება”-ო?
აჰ, არა? მათზე არ გითქვამთ? ანუ გოგა ხაინდრავას რეჟისორობით გადაღებულ თქვენს ფილმში “სხვა ნაციონალებზეა” საუბარი და თქვენ კი “სულ სხვა ნაციონალებზე” საუბრობდით, ხო?
კი მაგრამ, ვინ მოგანიჭათ ასეთი ექსკლუზიური უფლება, პირადად თქვენ, ერთპიროვნულად დაახარისხოთ “ასეთი” და “ისეთი” ნაციონალები?
ან, ჯანდაბას, თუკი მიგაჩნიათ, რომ ეს უფლება თვითონ დიადმა ნიცშემ თუ ზარათუშტრამ გიბოძათ, მაშინ იქნებ გაგვანდოთ, რა კრიტერიუმით აკეთებთ ამას, ანუ თქვენდამი დაქვემდებარებულ “პოლიტიკურ განსაწმენდელში” რა მეთოდებით ხდება გარჩევა “ცოდვილი” და “უცოდველი” ნაცებისა?
მეხსიერების უკიდურესი დაძაბვის შედეგადაც კი, სანუგეშოდ და საჩვენებლად ერთ შემთხვევასაც ვერ ვიხსენებ, რომელიმე ყოფილ ნაცს საჯაროდ ეთხოვოს პატიება ხალხისთვის ან პირადად თქვენთვის მაინც _ მომიტევეთ, ცუდი ბიჭი (გოგო) ვიყავი, სისტემის მძევალი და რეჟიმის მსხვერპლი ვარ და მაპატიეთ, ვგრძნობ ჩემი დანაშაულის სრულ სიმძიმეს და გთხოვთ, საზოგადოების სრულფასოვან წევრად მიმიღეთ, არასოდეს მსგავს დანაშაულს აღარ ჩავიდენ ან არასოდეს გავამართლებ და არასოდეს მხარს არ დავუჭერ სხვების მიერ ჩადენილ ასეთ საქციელსო.
ისე, რომ იცოდეთ, “პოლიტიკური განსაწმენდელის მეუფევ”, ასეთ შემთხვევაშიც კი, მიტევება და პატიება იმას ნიშნავს, რომ მიტევებულმა და ნაპატიებმა მცირე ხანი მაინც უნდა დაჰყოს, მონასტერში თუ არა, საკუთარ კეთილმოწყობილ ოთახში, გულით ჩაუფიქრდეს თავის საქციელს _ უშუალოდ ახორციელებდა “ჰეროკრატიულ” მანიაკობებს თუ სხვა ფორმით თანაუგრძნობდა, აფინანსებდა ან მედიამხარდაჭერას უკეთებდა მას _ ეს სულერთია! ასეთმა ადამიანებმა, მაშინაც კი, თუკი შეიგნეს რამე და პატიებას ითხოვენ, საზოგადოებისგან იზოლირებულად გარკვეული დრო მაინც უნდა გაატარონ და მხოლოდ ამის შემდეგ ნელ-ნელა უნდა შეეცადონ, კვლავ დაუბრუნდნენ სრუყოფილად საზოგადოებას.
აი, ჩვენს, ანუ საქართველოს რეალობის შემთხვევაში კი, “მონანიე ნაცის” ერთი მაგალითიც კი არავის მოეძევება წამლად, საშველად სამაგალითოდ! სამაგიეროდ ოხრად გვყავს “ბიძინას ნაცები”, ანუ ივანიშვილის მიერ რაღაც ზესაიდუმლო კრიტერიუმებით “მიტევებული ნაცები”, რომლებიც, “ჰეროკრატიის” დროს რომ ეკავათ, იმაზე მაღალ თანამდებობებს იკავებენ დღეს სახელმწიფო უწყებებში.
როგორც ჩანს, “ნაცის განწმენდის” ერთადერთი მეთოდი და საშუალება “ბიძინას კულტის” აღიარებაა და სხვა არაფერი, ანუ ნაცი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს კვლავაც ოლიგარქს, რუსეთუმეს, კრიმინალების მფარველს ეძახის, არის ბოროტი ნაცი(!); ხოლო ნაცი, რომელიც “დიადი ბიძინას” ქველმოქმედებას, სიკეთეს, სიქველეს, ინტელექტსა და ნიჭიერებას აღიარებს, არის “გამოსწორებული ნაცი”, ანუ, როგორც თავად დიადი ბიძინა იტყოდა, “რეჟიმის მსხვერპლი” და “სისტემის მძევალი”.
აი, სულ ესაა.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რას ეტყვის ხალხს ეს “ყოფილი ნაცი”, როგორ იმოქმედებს იგი საზოგადოების წინაშე, მთავარია, მისი უდიდებულესობა ბიძინას წინაშე მოიხაროს ქედი და “პოლიტიკური განწმენდა” გარანტირებული აქვს.
აი მათ კი, იმ ნაცებს, რომლებიც ბიძინას ჯერაც არ ეთაყვანებიან, ეძღვნება ეს “სკანდალური”, “სულისშემძვრელი”, “გულისამაჩუყებელი”, თუ როგორიც გნებავთ, კინო “ჰეროკრატია”.
დიახ, იგი მხოლოდ “ცუდ ნაცებს”, ანუ “ოცნებაში” ჯერაც არ გადმოპორტირებულ და ბიძინას უკანალზე ჯერაც არმთხვეულ ნაცებს ეძღვნება მხოლოდ! და არამც და არამც არ ეხება ეს ფილმი იმ პატიოსან, წყნარ, ცხვარ, სისტემის მხვერპლ, რეჟიმის მძევალ, უცოდველ, უკეთილშობილეს, უწყინარ და გულუბრყვილო საყვარელ ნაცებს, რომლებმაც უკვე იგემეს დიადი ბიძინას უკანალის ანდაც, გნებავთ, ბიძინას დიადი უკანალის გემო საკუთარ “მიტევებულ” ტუჩებზე.
ზედმეტია ირონია? _ არა! ეს მართლაც უკიდეგანო იდიოტიზმი, რაც დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სინამდვილეში ამ ფილმის გადაღებით ყველაზე მკვეთრად გამოიხატა, კიდევ უფრო მეტ ირონიასა და დაცინვას იმსახურებს.
ყველაზე ღიმილისმომგვრელი კი საზოგადოების ე.წ. ოცნებისტი წევრების უსუსური მცდელობებია _ რამენაირად გაამართლონ ამ კინოს გამოსვლა და არსებობა ქართულ ტელესივრცეში.
_ რატომ არ მოგწონთ “ჰეროკრატია”? მერე რა, რომ იქ სასტიკი სცენებია და საზოგადოების დასტრესვას იწვევს? ნუთუ არ იცით, რომ ფაშისტური გერმანიის დანაშაულთა შესახებ არაერთი ფილმი არსებობს და ამ ფილმებს მსოფლიოში დღესაც უჩვენებენ დიდსა და პატარას?
ეს საჭიროა იმისთვის, რომ ისტორიას, მომავალ თაობებს შემორჩეთ სიმართლე და მომავალში ვეღარავინ გაბედოს მსგავსი საქციელის ჩადენა! _ ისე გვიხსნიან “ჰეროკრატიის” მომხრეები, გეგონება, მართლაც მათ აღმოაჩინეს ფაშისტების, თუნდაც ინკვიზიტორებისა და მსოფლიო მასშტაბის სხვა სადისტების შესახებ გადაღებული ფილმები…
მაგრამ, ბატონო ჭკუის დამრიგებლებო! ნუთუ არ იცით, რომ ინკვიზიტორების, ფაშისტების თუ კიდევ სხვა საშინელებათა წინააღმდეგ ბრძოლაში კაცობრიობა მხოლოდ ფილმების გადაღებით არ შემოფარგლულა? ნუთუ არ იცით, რომ “ნიურნბერგის პროცესმა” ყველა ფაშისტი, რომელსაც კი მისწვდა, ან ჩამოკიდა, ან დახვრიტა, ან დააპატიმრა, ან კიდევ სამუდამოდ აუკრძალა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, მათ მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულობების სიმძიმიდან გამომდინარე?
ან იქნებ გგონიათ, ფაშისტებზე ნაკლები ჩაიდინეს მიშისტებმა? კარგით, თუ ასე გგონიათ, მაშინ ამ სასტიკ კინოებს რატომღა იღებთ? გვეკაიფებით? და თუ თქვენც ფაშისტთა დანაშაულის გვერდით აყენებთ მიშისტების დანაშაულს, მაშინ სად არის ქართული “ნიურნბერგის პროცესი”?
რა გამოდის, “ნიურნბერგის პროცესის” გასამართი ერთ ადგილი არ გაქვთ და მხოლოდ კინოს გადაღება შეგიძლიათ? იცით, რას გეტყვით? თუ გატეხვა არ ძალგიძს, მაშინ არც უნდა გაბზარო!
თუ არ გაქვთ იმის უკანალი, რომ მაგ კინოს მთავარი მოქმედი პირების, მათი მხარდამჭერების, მათი “გამპრავებელი” ჟურნალისტების სამაგალითოდ შერცხვენის რეალური პროცესი ანახვოთ ხალხს, მაშინ იმას მაინც ნუ გვანახვებთ _ აი, ნახეთ, როგორი უსაჯდომოები ვართ, აი, ასეთ საშინელებები ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში მთელი 9 წელიწადი და ჩვენ კიდევ ამის გამკეთებლებს ფეხებიც ვერ მოვჭამეთ და ახლა აგერ მაჟორიტარებად “ჩამოგირიგებთო”!
სირცხვილია! უზნეობაა! უთავმოყვარეობაა! საკუთარ თავზე დაკუკებაა! არაკაცურია! არასწორია! არასამართლიანია! ტეხავს!…
არ ვიცი, კიდევ როგორ გითხრათ!
ასეთი მონდომებით რომ იხსენებთ და ცდილობთ, ანალოგია გააკეთოთ ფაშისტური დანაშაულების შესახებ გადაღებულ ფილმებთან, იქნებ სცადოთ და ისიც გაიხსენოთ, უინსტონ ჩერჩილს სადმე ეთქვას, _ გებელსი ცუდი ფაშისტი იყო, ხოლო რიბენტროპი _ კეთილი კაცი, მაგრამ სისტემის მსხვერპლიო.
ან წაგიკითხავთ სადმე, მარშალ სტალინისგან თქმული, რომ კეიტელი იყო ბოროტი, ხოლო გუდერიანი, უბრალოდ, შეცდა და უნდა ვაპატიოთო?
როგორ გგონიათ, რა თვალით შეხედავდა მსოფლიო გინდ ჩერჩილს და გინდ სტალინს, ასეთი ტუტუცობები რომ დაეწყოთ და გუდერიანის, რიბენტროპის ან რომელიმე ფაშისტის “გაპრავების” შემდეგ შეეთავაზებინათ მსოფლიოსთვის კინოები ფაშისტთა არაადამიანური და მანიაკური ქმედებების შესახებ? როგორ მიიღებდა ასეთ კინოს ხალხი, მას შემდეგ, რაც სტალინი გუდერიანს ან ჩერჩილი რიბენტროპს რომელიმე მაღალ თანამდებობაზე დანიშნავდა ანდა სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე მოიწვევდა?
წარმოდიგინეთ, როგორ ტუტუცებად აღიქვამდა მათ მსოფლიოს საზოგადოებრიობა! ჰოდა, აი, ზუსტად ეგეთი თვალით უყურებს დღეს ბიძინას ქართული საზოგადოებრიობა და ეს სრულიად სწორი და სამართლიანია!
რაო? ცოტა არ იყოს, ზედმეტი მომივიდა?.. ეს ხომ თქვენ დაიწყეთ ბატონებო?!
ასე რომ, ვიდრე ბელადის დასაცავად რაიმე ისტორიული შედარებების მოყვანას დააპირებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით.
ასევე კარგად დაფიქრდით მანამდეც, ვიდრე ფილმების გადაღებას დაიწყებდეთ და ვიდრე საერთოდ ხმას ამოიღებდეთ, საზოგადოდ, “9 წელზე”!
თქვენ აღარ გაქვთ ამის არავითარი მორალური უფლება და თქვენ მიერ საზოგადოებისთვის შეთავზებული ნებისმიერი აქტივობა ამ თემაზე (იქნება ეს ფილმი, საჯარო გამოსვლა, ფეისბუქპოსტი თუ კიდევ სხვა რამ) მხოლოდ და მხოლოდ ირონიას თუ გამოიწვევს და შეგახსენებთ, თუ ვისთან გააჩაღეთ გულმხურვალე კოჰაბიტაცია.
არც იმის განწირული კივილი გიშველით _ რა ვქნათ, აბა, ისინიც ხომ ქართველები არიან, თანაც, ახლა ოცდამეერთე საუკუნეა და ხალხს ხომ არ დავხვრეტთო?!
ეს “ოპერაც” დიდი ხნის ნამღერია და, უკვე 4 წელიწადია, პასუხებიც მიღებული გაქვთ ასეთ დემაგოგიურ კითხვებზე.
თუმცა დაუზარებლად გაგიმეორებთ:
არავინ არავის დახვრეტას არ გთხოვთ, მაგრამ, თუკი რეჟიმის შემქნელებს და მათ ხელშემწყობებს იმითაც კი არ სჯი, რითაც საზოგადოებამ ფაშისტების თანამოაზრე გენიალური რეჟისორი ქალი _ ლენი რიფენშტალი და ასევე გენიალური ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი _ კნუტ ჰამსუნი დასაჯა, მაშინ მათზე სულისშემძვრელი კინოების გადაღება და მსგავსი “ცირკებიც” არ უნდა დაიწყო!
და, თუ იღებ ასეთ კინოებს, მაშინ გამოიყვანე საჯაროდ შენი ახლანდელი ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ჟურნალისტი ნინო შუბლაძე და მომასმენინე მისი ოფიციალური აზრი ამ კინოს შესახებ.
დაე, მან უთხრას საზოგადოებას, სად იყო და რას აკეთებდა მაშინ, როდესაც კინო რეალობაში მიმდინარეობდა. ქვეყნის “ნომერ პირველი” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ყურმოკვრით მაინც არ ფლობდა ინფორმაციას ციხეებში, ქუჩებში, ოჯახებში შევარდნილი მანიაკების შესახებ? ვინმეს გახსოვთ მისი თუნდაც ერთი სიტყვა, ოდნავი პროტესტი?
თუკი ის დუმდა, მაშ, რატომ იკავებს დღეს მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობას? ამ დანაშაულებრივი დუმილის გამო? მით უფრო, რომ ის კი არ დუმდა, არამედ სწორედ მისი, როგორც “სიცრუის მანქანის” ერთ-ერთი მთვარი მმართველის, უშუალო მითითებებით მზადდებოდა და ეთერში გადიოდა წამებების, მკვლელობების, საშინელებების “გამპრავებელი” სიუჟეტები.
და, თუკი თქვენ გამართლებულად მიგაჩნიათ ასეთი ადამიანების ყოფნა თანამდებობებზე დღესაც, მაშინ რისთვის, ვიღასთვის იღებთ ამ ფილმებს და ამ ტრაგიკომიკურ ცირკებს ვისთვის აწყობთ, ბატონებო?
და, როდესაც ვისმენ “არგუმენტეტებს” ხსენებული ტელევიზიის მუშაკთა ვითომდა “პროფესიონალობის” შესახებ, ისევ მახსენდება მართლაც გენიალური რეჟისორი ქალი ლენი რიფენშტალი, რომელსაც ადოლფ ჰიტლერთან თანამშრომლობის გამო, 1945 წლის შემდეგ არსად ამუშავებდნენ და ერთდერთი ფილმი დიდი წვალების შემდეგ მხოლოდ 1954 წელს გადაიღო. ამ ფილმსაც ბევრმა ადამიანმა სწორედ იმიტომ არ უყურა, რომ იგი ფაშისტური რეჟიმის მომხრე რეჟისორის გადაღებული იყო.
მახსენდება გენიალური მწერალი კნუტ ჰამსუნი, როლიც მშობლიურ ნორვეგიაში დააპატიმრეს კიდეც ფაშისტური რეჟიმის გულშემატკივრობისთვის…
და არ მახსენდება არც ერთი ქართველი ნაცრეჟიმის თაყვანისმცემელი, რომელიც არათუ დასაჯეს რაიმენაირად, არამედ ოდნავ მაინც შეაფერხეს არათუ კერძო, არამედ სახელმწიფო თანამდებობაზე…
მგონი, ყველაფერი ვთქვი, მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, რომ თქმას აზრი არ აქვს!
და სწორედ ამიტომ არაფერს ვამბობ უშუალოდ ფილმზე, კინოზე, მის შემოქმედებით ჯგუფზე…
შტეროკრატია _ ეს სიტყვა, სამწუხაროდ, კინოს კი არა, სწორედ იმ საშინელ მდგომარეობას ასახავს, რომელშიც დღეს ჩემი ქვეყანა რეალურად იმყოფება.
“ვინც წარმატებულია საქმეში, ხოლო ჩამორჩენილია ზნეობაში, ის უფრო უფრო ჩამორჩენილად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე წარმატებულად!” _ ეს ისე, უბრალოდ. ძველი ლათინური გამოთქმაა ასეთი…
ბაკურ სვანიძე
კვლავაც მაკვირვებს ,,ოცნება,,თავისი უსახურობით თავისი იდიოტიზმით თავისი უნამუსობით. კარზე მომდგარი ,,ოცნების,, ნაყიდი შნირი მაფიცებს, რომ ნაცი არ ავირჩიო ჩემი ხმა კვლავაც მათ მივცე. მე ნაცს ცხრა წელი ვებრძოდი ვწირავდი თავსაც ,ოჯახსაც, ახლა კვლავ მასზე მაქეზებ და თავად უმღერი ოსანას? ხაეროკრატიას მაჩვენებ,–მახსენებ ნაცთა ,,გმირობებს,, თავად კი უქმნი პლაცდარმებს და სათათბურე პირობებს? მე ვიცი ნაცი რაც იყო,საპყარი მისგან ვიქენი,– ამ შავბნელ უ ღვთო ძალასთან, კოაბიტობა ვით ქენი? ჯალათებსა და მათ მსხვერპლებს ყოფ და ასხვავებ რა შკალით? როცა დიდი თუ პატარა უკან დამსდევდა სამსალით? თავად პარტია გაავსე ნაცშპანა–მიდრეკილებით , მე კი უტიფრად მიცხადებ დავდგე იქ ,სადაც ვიდექი? დასავლეთური მზის მადლით ანტიქართულს რომ აკერპებ, მართლა დებილი გგონივარ და ვერ ვხვდები საით არეკებ? დიახ მე კვლავაც იქ ვდგავარ, სადაც ვიდექი აქამდე, გრინგოს მონათლულ მოძმეებს გაგითხრით საძმო საფლავებს.
no comment!!!
ბატონო ბაკურ, ნიჭიერი, სამართლიანი და დიდად პატრიოტი კაცი ხარ და მართლაც შიგ კაკალგულში ურტყამ!
ვალერი
ბაკურ , როპგორი სიზუსტიტ აკეტებ ანალიზს და კარტველტა გარკვეული, საღად მოაზროვნეტა ნაწილის აზრს გამოხატავ. ვიდრე ბევრი არ გავხდებიტ ისეტივე გულანტებული, სამშობლოზე უზადოდ შეყვარებული და მისი მომავლიტ შეზუხებულნი, არაპერი ეშველება საკარტველოს და და მის მომავსლ—ახალ ტაობებს. ასეტ წუმპეში როდემდე, ტეტრი მელა, სააკაშვილი , ივანიშვილი , ბურQUლაძე…აი ნახეტ როგორ ყოველტვის სხვებს ესხმიან ტავს–აბა ამატ კვეყანა არ აინტერესებტ, ტავისი ჯიობე და არ დაიწყოტ ეხლა მილიონერ-მილიარდელებს რაღად უნდატ მეტიო—:-) სწორედაც რომ მაგატი გული და კუჭი ვერ ძღება უსასრულოდ! მატყუარები , გაცვეტილი კოსმოპოლები–მაგატ არც ეროვნულობა შერჩენიატ და არც კვეყნის და ხალხის სიყვარული!
ყველაფერს სიმართლეს ამბობ,ბაკურ, გაიხარე.