Home რუბრიკები საზოგადოება ტყვედ ყოფნა თუ _ “დღეს სტუმარია ეგ ჩემი”?

ტყვედ ყოფნა თუ _ “დღეს სტუმარია ეგ ჩემი”?

759

“სტუმარო, მოხვედ მშვიდობით”

ბატონ დავით სალარიძესთან ინტერვიუ, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში გამოქვეყნდა (იხ. #30, “24 წლის შემდეგ მოყოლილი ამბავი”) მთავრდებოდა ასე: გაგოშიძეების ლტოლვილი ოჯახის დედ-მამა ჩავიდა გალში და ნახეს, რომ მათი სახლ-კარისთვის ხელი არავის უხლია, მეზობელს შეუნახავს, აფხაზებს არ გადაუწვიათ”.

* * *

ჰოდა, ბატონ დავითის მიწვევით ჩავედით ნორიოში, სალარიძის ნაჩუქარ სახლში, სადაც დროებით (იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს!) გაგოშიძეების ოჯახი ცხოვრობს.

საინტერესო გვარია გაგოშიძეთა: ბატონი მურმანი (ოჯახის თავკაცი) ბაბუებს იხსენებს პირველად _ პეტრესა და ბაგრატს:

_ პეტრე იყო ნოე ჟორდანიას “პოვარი”, სულ გარე-გარე დადიოდა. ბაგრატი იყო მუშა კაცი, უყვარდა შრომა.

შრომის სიყვარული წინაპრებიდან გამოჰყვა ბატონ მურმანს, რომელიც ახლა 84 წლისაა, იმ ასაკისა, როცა “ბებერი ხარის რქებიცა ხნავენ”.

_ ხის ოდა-სახლებს ვაწყობდი, ისეთს, რომ გაგიხარია. ჩემი გაკეთებული კარ-ფანჯარა რომ ნახო, ჭკუაზე გადავა კაცი.

გალში ჩასვლა ახალგაზრდა მურმანს ბიძაშვილმა ურჩია: აქ საქმე ბევრია და არ მოცდებიო. ჩავიდა და დარჩა. ამაზე პირველ პუბლიკაციაში უკვე ვთქვით (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #30).

_ რატომ მოიყვანეს მაინცდამაინც თქვენს სახლში მძევლები _ სალარიძე და ხაზალია?

_ ჩემმა სიძემ მოიყვანა (ეს კაციც ვახსენეთ წინა პუბლიკაციაში: ტრაგიკულად რომ დაამთავრა სიცოცხლე _ ააფეთქეს). კარგი ოჯახი გვინდაო, სმა და ჭამა. რომ მოგვიყვანეს, კაცო, იმას სმა და ჭამა არ უნდა?

_ არ გაგიჭირდათ?

_ არ გამიჭირდა: მე ვმუშაობდი. ყანა მქონდა გალში, იმისთანა სიმინდი მოდიოდა, რომ… ქალს უთხარით (ჰკითხეთო) და ის გეტყვით.

_ რატომ წამოხვედით გალიდან?

_ ომმა გვაიძულა. გზები დაკეტილი იყო, ღამე წყლით (ენგურით) წამოვიდა ხალხი. გამოვყევით. კინაღამ დავიხრჩე. ბიჭები მომეხმარნენ. ასე გადავრჩი.

(ზუგდიდში ჩავიდნენ. იქიდან _ თბილისში).

_ კამო ჯავახიძე კაი კაცი იყო. ჩემი ბიძაშვილები და მამიდაშვილები _ ყველანი თბილისში იყვნენ… მერე დათო მოვიდა. მოგვნახა თვითონ _ იცოდა ჩემი ბიძაშვილების სახლ-კარი. სახლი მაქვსო სოფელში და გაჩუქებთო.

_ გაჩუქათ კიდეც.

_ აბა, კაცო! აბა, კაცო!..

ბლიცინტერვიუ ბატონ მურმანთან აქ მთავრდება.

შევდივართ სახლში, მომცრო მაგიდაზე სუფრაა გაშლილი, გულით მორთმეული, რაც კი გააჩნდათ, ყველაფერი, და საუბრის სადავეებს ხელში იღებს ქალბატონი მერი _ ოჯახის დედა და მთავარი დიასახლისი.

 _ კეთილი ფეხით შემოსულიყავით ამ ოჯახში, _ ილოცება ქალბატონი მერი, _ საჭმელი და სასმელი ჯერ კიდევ გვაქვს, მადლობა ღმერთს!

ცეცხლზე დგას ელარჯი.

_ ამას უნდა ჩქარა ჭამა! _ ამბობს და თეფშებზე გადმოაქვს ღმერთების კერძი, _ მიირთვით.

_ ქალბატონო მერი, თქვენთვის მოულოდნელი იყო, ორი ადამიანი ოჯახში რომ შემოგიყვანეს, როგორც ტყვეები?

_ რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო! სად ჩვენ, სად ტყვეები. მაგრამ ოჯახში ფეხი რომ შემოდგეს, ისინი ჩვენთვის უძვირფასესი სტუმრები გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდა. მაგრამ დღეს სტუმარია ეგ ჩემი” ბუნებრივად გვქონდა გათავისებული. ამიტომ იყო, რომ, როცა ჩვენგან მიჰყავდათ, მე და ჩემი მოხუცებული დედა წინ აღვუდექით მოძალადეებს: ვეუბნებოდით, თუ აქ სადმე ვინმესთან მიგყავთ, ბარემ ჩვენთან დატოვეთ-მეთქი. და ისე იცოცხლოს ჩემმა ოთხმა შვილმა, როგორც შვილს გასტირებენ, ისე ვტიროდით ყველა. მაშინ თქვა ბატონმა დავითმა, თუ ცოცხალი ჩავედი თბილისში, ჩვენი ურთიერთობა იქნება ლეგენდარულიო. თქვა და შეასრულა კიდეც. აბა, ლეგენდებსა და მითებში სხვა არაფერია მოთხრობილი…

_ იმ გაჭირვებულ დროში როგორ ახერხებდით ღირსეულ მასპინძლობას?

_ ვახერხებდით. მეზობელთან არც ერთხელ არ გავსულვარ და არაფერი მითხოვია. როცა გული გულობს, ყველაფრის გაკეთება ყოფილა შესაძლებელი. გვქონდა, არ გვქონდა, ესენიც ჯერდებოდნენ და მშივრებიც არ ვყოფილვართ.

ბატონ დავითს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ სირცხვილისგან სიმწრის ოფლი მდიოდა _ სტუმარს ასე არ ხვდებიან, კიდევ უკეთესად მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი… ბაზარშიც არავის არაფერი არ გამოჰქონდა მაშინ…

(_ ახლა კი ამ ელარჯს ნუ გააცივებთ, ბატონო, მიირთვით, თორემ გემო დაეკარგება, _ დროდადრო ჩაურთავდა ქალბატონი მერი. კი, რესპონდენტის როლშია, მაგრამ მასპინძელია, უწინარეს ყოვლისა, და, მაშასადამე, სხვა, უფრო დიდი მოვალეობა აკისრია, ვიდრე მხოლოდ პასუხების გაცემა შეკითხვებზე).

_ ის იყო ბედნიერი დღე, დათომ რომ შემოაბიჯა ჩვენს ოჯახში.

_ მიუხედავად იმ არანორმალური მდგომარეობის, რომლის ორომტრიალში თქვენც იყავით ჩათრეული?

_ დიახ, სწორედ იმ დროს მე და მურმანს დათოს სახით მეხუთე შვილი შეგვეძინა _ პატრონი და დამხმარე.

აქ საუბარში ერთვება დავით სალარიძე: _ ძალიან გთხოვთ, ჩემგან ხელისშეწყობაზე, მხარში ამოდგომაზე ნუ ილაპარაკებთ. არ მოუხდება ეს ჩვენს ახლობლობას, ამ 26 წლის განმავლობაში ნათესაობად ჩამოყალიბებულ ურთიერთობას. იქნებ ჯობდეს, იმაზე ილაპარაკონ (ამას მე მეუბნება), დღეს როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ, რა ულხინთ, როგორ არ ეპუებიან ცხოვრების სიძნელეებს. მეტ ყურადღებას იმსახურებენ, ჩემი აზრით, ხელისუფლებისგან.

_ კი, ბატონო, _ და ვცვლით საუბრის მიმართულებას.

_ რამ გაიძულათ, აყრილიყავით გალიდან? ამბობენ, რომ აფხაზები ამოწყვეტით გემუქრებოდნენ.

_ ასეთი ლაპარაკი ცხელ გულზე ყოველთვის იყო და იქნება, _ ეს ქალბატონი მერია, _ აფხაზებზე მეტი გალში სხვა რჯულის ხალხი იყო შემოსული, _ ჩეჩნები, სომხები… აფხაზებთან არც მაშინ გვქონდა ცუდი ურთიერთობა, არც ახლა გვაქვს. ცოტა ხნის წინათ გალში რომ დავბრუნდით, დავრწმუნდით, რომ ასეა.

_ მაგრამ სხვა მომენტებია ისეთი, საეჭვოს რომ ხდის ჩვენს დაბრუნებას, ამ ეტაპზე მაინც. ოფიციალურ პოლიტიკაში სეპარატისტულ-ნაციონალისტური განწყობილებები მძლავრობს, _ ამატებს ქალბატონი მანანა გაგოშიძე, თვითონაც ოჯახის დედა, აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი.

_ აქ როგორ ცხოვრობთ?

_ ნორმალურად, _ ამბობს ქალბატონი მერი, _ დღეს ყველა ჩემი შვილი მუშაობს: მანანა, მანონი, ბადრი და მაია. ბადრიმ ახლახან დაიწყო ქორეოგრაფად მუშაობა სვანეთში.

_ მითხრეს, რომ მღერით ყველანი, ვინც ჩამოთვალეთ, პლუს თქვენ და ბატონი მურმანი.

_ ოჰ! (იუხერხულებს) კარგად ვმღეროდით, იწერდნენ კიდეც ჩვენს ოჯახურ გუნდს, მურმანს კარგი ბანი აქვს, მაგრამ (ეცინება) ახლა ვერ “ქაჩავს” (“აკრიტიკებს” სიყვარულით).

ეტყობა, გათვალა, რომ სტუმრები აუცილებლად ვთხოვდით, ემღერათ, იმღერებენ კიდეც, რადგან ვთხოვეთ, და ეს პასუხი მობოდიშებასავით იყო, ნუ დაგვძრახავთ, თუ ისე არ გამოგვივა, როგორც ეკადრება ქართულ ღვთაებრივ მელოდიურობასო.

_ ქალბატონ მერის რა ლექსები აქვს დაწერილი, ის უნდა მოისმინოს კაცმა, _ კვლავ რეპლიკით ერთვება დავით სალარიძე.

მოვისმენთ, აბა, რა იქნება!

მოვისმენთ იმ ლექსსაც, რომელიც დავითს ეძღვნება, მიუხედავად იმისა, რომ სალარიძე წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება.

_ ჩემი გულიდან რაც მოდის, იმას ვერც დათო შეაჩერებს, ვერც ჩემი ოთხი შვილი და ვერც ვერავინ. მეთქმის და ვამბობ! _ მტკიცე ხასიათი აქვს ქალბატონ მერის, _ ამ კაცმა იმდენი რამ გააკეთა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ლტოლვილი ადამიანებისთვის საერთოდ, შვილი რომ ვერ გაუკეთებს მშობელს, იმდენი.

გვარებს ასახელებს _ ეს ექიმიაო, ის _ სამხედროო და ა.შ. მათ დანაბარებს გადასცემს ადრესატს, მადლობის სიტყვებს…

ყველას ვერ იხსენებს დავით სალარიძე, რადგან არც დაუთვლია, ვის, სად და რით დაეხმარა.

უშურველად დახმარებია და იმიტომ.

კითხულობს ქალბატონი მერი (პოეტებთან ბოდიშიც მაქვს მოხდილიო, ჩემი ამ გატაცების გამო, _ გვეტყვის წინასწარ):

ცხოვრების სიმკაცრემ რამდენჯერ წაგვაქცია,
იმდენჯერ წინ დამხვდა საშველად ხელი,
მადლობის გადახდა გავუბედო როგორ,
იმას, ვინც მოგვიძღვნა ცხოვრება მთელი.
ისევ შენ მოგმართავ, დედაო ღვთისმშობელო,
მადლით შემოსილი მათქმევინე სიტყვა,
ჟამმა არ წაშალოს და თაობებს გადასწვდეს,
რადგან ყოველივე ღმრთის ნებით ითქვა…

ვერ ამთავრებს, რადგან დავითი საპროტესტო გამოსვლას გაააქტიურებს:

_ ახლა რა გამოდის, _ ზის სალარიძე და ისმენს მიძღვნილ ოდებს…

და ამ კატეგორიული პროტესტის ფონზე მთავრდება სახელდახელო “პოეზიის ხუთი წუთი”:

შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ,
ჩვენ კი _ შენი ბედისწერა…

_ ასე იდილიურია თქვენი ცხოვრება, ქალბატონო მერი?

_ რა გითხრათ… რაც აქ ვცხოვრობთ, 12 ძროხა მოგვპარეს. პირველად _ 2005 წელს _ ოთხი და სულ ცარიელზე დავრჩით. დათო იმხანად მოსკოვში იყო. მამიდაშვილს ჩააბარა ჩვენი თავი. იმან მოგვხედა, ცოტას ბერებიც დაგვეხმარნენ და თვალში გამოვიხედეთ.

_ ქურდები იპოვეს?

_ ვინ იპოვიდა?! არ ვიცი, სადაურები იყვნენ _ ნორიოელები, მარტყოფლები, ლილოელები? თითო უგვანი ყველგან გამოერევა. ბოლოს, 2009 წელს, 1 მაისი თენდებოდა, როცა დაბმული ძროხა წაიყვანეს. მაშინ ვუთხარი მეზობელს, არსად წამოგცდეს ეს ამბავი, მრცხვენია-მეთქი უკვე.

ვშიფრავ დიქტოფონზე ქალბატონ მერის ნაუბარის ჩანაწერს და მახსენდება მისი ლექსის ერთი შეგონება:

თუ საკუთარ თავს სიცოცხლეშივე
შენივე ხელით ძეგლი დაუდგი,
თუ კაცმა კაცზე კარგი არა თქვა,
ცუდზე როგორ თქვას მაშინ აუგი?!

ვერ ამბობს აუგს, ვერც იმ ქურდბაცაცებზე, ვერც ცხოვრებაზე წამოსცდება მწარე სიტყვა ამდენ ჭირგადატანილ ქალბატონს.

ტკბილი სიტყვა?

გაგიხარია!

_ ქალბატონო მერი, ზვიად გამსახურდიას მომხრეობა ხელს ხომ არ გიშლით დღევანდელ საქართველოში?

_ ახლა ის დრო არ არის, ზვიადისტობისთვის ვინმემ პასუხი რომ მოგთხოვოს. მე ეს სიყვარული მაქვს და გრიშა ონიანი, მგონია, სტალინის დასაცავად ტყვიას მკერდს მიუშვერს. ასეა!

მე ჩემი სამშობლო მტკივა,
ჩემი კუთხე _ სამეგრელო:
კიდევ ერთხელ მოისმინეთ
ჩემი გულის ჩივილი:
მომეძალა ნოსტალგია _
სამეგრელოს ტკივილი.
ლამის სხეულს ტოვებსსული,
მიქრის თავაწყვეტილი,
ნუთუ აღარავის ესმის
ჩემი მოთქმა, ტირილი?
გადაივლის უღელტეხილს,
მიადგება მზიანეთს,
ეგებება სამეგრელო,
მის დარდს გაიზიარებს.
ეტყვის: “ნანა, გოლუაფირო,
მე მოგირჩენ იარებს.
ცოტა კიდევ გაუძელი,
დრო არც ისე შორია,
მანამდე კი მხრებით ზიდე
სამშობლოს ისტორია.
ყურს ნუ უგდებ მითქმა-მოთქმას,
ყველა მონაჭორია.
სადაც ცხოვრობ, იქ ილოცე,
ნუ აჰყვები ცდუნებას,
უსაზღვროა უფლის ნება _
შეძლებს თქვენ დაბრუნებას”.
ჩემი სულის ტაძარი ხარ,
ვერა გტოვებ წამითაც,
აქ დაგინთებ სანთელს, ჩემო,
და ვიცოცხლებ ამითაც,
მაგრამ სევდას მე რა ვუყო,
რამაც ხელი დამრია,
შენ უშველე ჩემს ქვეყანას,
ღვთისმშობელო მარიამ!

_ ამ ადამიანების სული ვერაფერმა გატეხა, ეჭიდავენ ცხოვრებას, მაგრად დაუდგნენ ლტოლვილობას, _ ამბობს დავით სალარიძე, _ ეს ლექსიც ამის დასტურია: უფლის ნებით შევძლებთო დაბრუნებას!

თუმცა გულისტკივილი არ აკლიათ. ქალბატონი მერის დედა, გვარად ჩაკაბერია, გალელი ქალი, აქ გარდაიცვალა და აქაურ სასაფლაოზე მარხია. ერთი ფიქრი აქვთ ამათ _ მშობლიურ მიწას მიაბარონ ის სათნო ქალბატონი.

ამღერდებიან იმ დღის მიწურულს გალიდან ლტოლვილი ოჯახის წევრები. სიმღერა იქნება სევდიანი და თბილი, როგორც თბილი და რბილია მეგრული ნაუბარი, მომფერებელი, როგორც ზურგზე დედის ხელის მოთათუნება.

მზე შუბის ტარზე იდგა, მკვდრის მზეს რომ ეძახიან, ისე. მაგრამ ისიც ხომ უეჭველია, რომ:

“ხვალ მზე ამოვა უფრო დიდი ჩახჩახა!” (გოგლა).

არმაზ სანებლიძე

P.S. ბატონი დავით სალარიძე გასული საუკუნის 90-იან წლებში ისეთ სახელმწიფო სამსახურში იყო ჩამდგარი, რომ უშუალოდ უწევდა მონაწილეობა მაშინდელი გარდამავალი პერიოდის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებაში.
ბევრი რამ ამ კულისებს მიღმეთიდან ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, ამდენად _ საინტერესოც.
ვთხოვე, დამპირდა, რომ, თუ მშვიდობა იქნება, “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს მოუთხრობს იმდროინდელ გაუსაჯაროებელ ამბებს.

1 COMMENT

  1. ალბათ ძალიან საინტერესო იქნება გაუსაჯაროებული ამბების გაგება დაველოდოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here