Home რუბრიკები საზოგადოება პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს, პარლამენტარებს: გიორგი ვოლსკის, თამაზ მეჭიაურს, გოგი თოფაძესა...

პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს, პარლამენტარებს: გიორგი ვოლსკის, თამაზ მეჭიაურს, გოგი თოფაძესა და სხვებს

545

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს ახალ პარლამენტს და 20 დღის განმავლობაში გაიმართება მისი პირველი სხდომა, რომელზეც ახალარჩეულმა დეპუტატებმა უნდა დადონ ფიცი პასუხისმგებლობის (ვალდებულების) დასაკისრებლად და უფლებამოსილების მისაღებად, როგორც ეს მრავალი დემოკრატიუჰლი ქვეყნის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

ჩვენთან კი ფიცის ტექსტი და მისი დადების აუცილებლობა ძირითადი კანონით არ არის გათვალისწინებული; არ არის განსაზღვრული, აგრეთვე, მისი დადების რიტუალიც.

2012 წლის 21 ოქტომბერს ცეესკოს თავმჯდომარემ კი წაუკითხა პარლამენტარებს .. ფიცის ტექსტი, მაგრამ ეს რა ფიცია, რომელშიც სიტყვავფიცავარ არის ნახსენები და იგი ჩანაცვლებულია სიტყვითვაცხადებ”, პრეზიდენტის ფიცის მსგავსად.

შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმური იყო, რადგან პარლამენტარებს ფიცი არ დაუდიათ და სიტყვავფიცავარ წარმოუთქვამთ.

და, ვინაიდან მოქმედ პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად დრო აღარ რჩება და, ტვინი ფიქრით რომ არ გადავღალოთ, ხომ არ გაგვეთვალისწინებინა სხვა სახელმწიფოების კონსტიტუციები (მაგ., ისრაელის სახელმწიფოს) და მათ მიხედვით ჩვენი ჩამოგვეყალიბებინა?

ისრაელის დეპუტატისთვის ფიცის ტექსტი და მისი დადების პროცედურა ისრაელის არაკოდიფიცირებულ კონსტიტუციაში ასეა გათვალისწინებული.

“ვდებ ფიცს, რომ დავიცავ ისრაელის სახელმწიფოსადმი ერთგულებას და კეთილსინდისიერად შევასრულებ ქნესეთის წევრის მოვალეობას”.

სხდომის თავმჯდომარის მიერ ფიცის დადების შემდეგ ის ხელახლა უკითხავს ფიცის ტექსტს ქნესეთის წევრებს და ქნესეთის ყველა წევრი თანმიმდევრობით დგება და ამბობს: “ვფიცავ”. ქნესეთი გადაწყვეტილებას იღებს კნეჭისყრაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

ჩვენთან დეპუტატის ფიცი, როგორც ვარიანტი, შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ვფიცავ, რომ ვიქნები ქართული სახელმწიფოს ერთგული, დავიცავ საქართველოს კანონმდებლობას, კეთილსინდისიერად შევასრულებ პარლამენტის წევრის მოვალეობებს. დავემორჩილები მხოლოდ საკუთარ სინდისს”.

ამის შემდეგ ხელს მოაწერს ფიცის ტექსტს.

პარლამენტის წევრი იძენს ხალხის წარმომადგენლის ყველა უფლებას მხოლოდ მის მიერ პარლამენტში საქართველოსადმი ერთგულების ფიცის დადების შემდეგ (გავიხსენოთ დეპუტატ დავით საყვარელიძის მაგალითი).

შეიძლება განვიხილოთ ფიცის დადების მეორე ვარიანტიც.

სხდომის თავმჯდომარის მიერ ფიცის დადების შემდეგ ყველა დეპუტატი თანმიმდევრულად დგება და ინდივიდუალურად კითხულობს ფიცის ტექსტს, შემდეგ კი ხელს აწერს მას.

ეს ვარიანტი დიდ დროს მოითხოვს, სამაგიეროდ, სერიოზულობას იძენს, საზეიმო ვითარებას ქმნის და, ამასთანავე, ითვალისწინებს ლიტვის კონსტიტუციის მოთხოვნას სეიმის წევრის მიმართ, რომელიც ასეთია:

“სეიმის წევრი, რომელიც არ დადებს ფიცს კანონის შესაბამისად ან ფიცს პირობითად დადებს, კარგავს სეიმის წევრის მანდატს”.

იმ ქვეყნებში, რომლეშიც დეპუტატები ფიცს დებენ, პარლამენტარებს მხოლოდ ფიცის დადების შემდეგ ეძლევათ უფლება, განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებანი.

მე რაღაც არ მსმენია, დადეს თუ არა პარლამენტარის .. ფიცი ახალარჩეულმა დეპუტატებმა: გიორგი კახიანმა, თამარ კორძაიამ, თამარ ხიდაშელმა და მარტვილის დეპუტატებმა.

და თუ არ დაუდიათ, მაშინ რის საფუძველზე მონაწილეობდნენ ისინი პარლამენტის მუშაობაში? 147 დეპუტატმა 21 ოქტომბერს ხომ დადო “ფიცი”.

თუ მოქმედი საკანონმდებლო ორგანო სექტემბერშიც ვერ მიიღებს ფიცის დადების კანონს, მაშინ ძნელი იქნება ახალარჩეული პარლამენტის ლეგიტიმურად ცნობა, ვინაიდან გაურკვეველი დარჩება, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში _ ფიცი დადონ დეპუტატებმა თუ ჯერ მისი ტექსტი დაამტკიცონ. ეს ვარიანტი ემსგავსება ქათმისა და კვერცხის წარმოშობის გამოცანას.

თუ დეპუტატები ფიცის ტექსტს ვერ დაამტკიცებენ, მაშინ ფიცსაც ვერ დადებენ.

და იმისათვის, რომ ფიცის ტექსტი დაამტკიცონ, საჭიროა, ჯერ ლეგიტიმაცია მოიპოვონ და პარლამენტმაც ცნოს მათი უფლებამოსილება.

და, რადგანაც მოქმედ პარლამენტს 8 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ აქვს უფლებამოსილება, მიზანშეწონილია, რომ მან მიიღოს კანონი პარლამენტარების მიერ ფიცის დადების შესახებ და ამით გამოიყვანოს უხერხული მდგომარეობიდან მომავალი საკანონმდებლო ორგანო.

დავუშვათ, პარლამენტმა ცნო ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილებანი, ამის შემდეგ საჭირო იქნება უმრავლესობის მიერ წარდგენილი პრემიერმინისტრის კანდიდატურის შერჩევა და დამტკიცება.

ისევ დავუშვათ, რომ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის შემადგენლობას, მის სამთავრობო პროგრამას და პრეზიდენტმაც დანიშნა პრემიერმინისტრი.

საპარლამენტო ქვეყნებში არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირები პოსტების დაკავების წინ წარმოთქვამენ შემდეგი შინაარსის ფიცს:

იტალიის პრემიერმინისტრის ფიცი:

ვფიცავ, რომ ვიქნები რესპუბლიკის ერთგული, დავიცავ კონსტიტუციასა და კანონებს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავიცვა განსაკუთრებით ერის ინტერესები”.

ამავე შინაარსის ფიცს დებენ მინისტრებიც.

გერმანიის კანცლერის ფიცი:

“ვფიცავ, ჩემი ძალები მოვახმარო გერმანელი ხალხის კეთილდღეობას, ვიმოქმედო მის სასარგებლოდ, ავარიდო ზიანი და დავიცვა ძირითადი კანონები და ფედერაციის კანონები, კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი მოვალეობები და დავიცვა ყველას მიმართ სამართლიანობა.

ღმერთი იყოს ჩემი შემწე!”

ფიცს დებენ მინისტრებიც.

ისრაელის პრემიერის ფიცი:

“მე (ვინაობა) ვფიცავ, რომ, როგორც პრემიერმინისტრი, დავიცავ ისრაელის სახელმწიფოს და მის კანონმდებლობას, კეთილსინდისიერად შევასრულებ პრემიერმინისტრის უფლებამოსილებებს და დავემორჩილები ქნესეთის გადაწყვეტილებებს”.

ფიცს დებენ მინისტრებიც.

აშშის პრეზიდენტის ფიცი:

“მე საზეიმოდ ვფიცავ (ან პირობას ვდებ), რომ პატიოსნად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას”.

მკითხველს ვთხოვ, კიდევ ერთხელ გადაიკითხოს საქართველოს პრეზიდენტის ე. წ. ფიცი, გააანალიზოს მის მიერ აღებული ვალდებულებები რეალურ შესაძლებლობებთან, შეადროს აშშ-ის პრეზიდენტის ფიცს და მიხვდება, რაოდენ არაადეკვატურია საქართველოს პრეზიდენტზე დაკისრებული პასუხისმგებლობები მის უფლებამოსილებებთან.

კონსტიტუციამ დასცინა პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტის .. ფიცი სიტყვების რახარუხია და მეტი არაფერი. გასაკვირი ის არის, რომ ამას ვერც თვითონ ხვდება და ვერც მისი გარემოცვა.

დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს საუბარი უცხო ქვეყნების კონსტიტუციებზე, მოგახსენებთ: გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, ისრაელსა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებშიც საპარლამენტო მმართველობებია, ფიცს დებენ პრეზიდენტები, პარლამენტარები, მთავრობის მეთაურები და მინისტრებიც კი და ამით პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს იღებენ ქვეყნის მართვაზე.

პატივცემულო დეპუტატებო, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებო!

აშშ-ის პრესახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტისას წარმოთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზა:

“უსაფრთხოება და დემოკრატია ერთმანეთზე დამოკიდებული ცნებებია!”. მან მოგვიწოდა, ოქტომბრის არჩევნებში დემოკრატიულობის ტესტი ჩავაბაროთ.

ვეთანხმები მის ამ გამონათქვამს, ვინაიდან ვფიქრობ, 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია რომ ყოფილიყო (იმ პერიოდშიდემოკრატიის შუქურაუკვე ჩამქრალი იყო), აგვისტოს მოვლენები არ მოხდებოდა და ამით, ალბათ, უსაფრთხოებაც დაცული იქნებოდა. იმხანად ისეთი დაბალი იყო ქვეყნის ხელმძღვანელობის წარმოდგენა თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე, რომ, შეიარაღებული ძალების გაძლიერების ნაცვლად, სამხედროსაჰაერო და სამხედროსაზღვაო ძალები გააუქმეს და ამით კიდევ უფრო დაასუსტეს ქვეყანა _ დაუცველი დატოვეს სახელმწიფოს საჰაერო სივრცე და ტერიტორიული წყლები. მის აღდგენას დღეს დიდი დრო და ბევრი სახსარი დასჭირდება.

რა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, როდესაც თვით კონსტიტუციაა გარანტირებულ დამარცხებაზე ორიენტირებული დოკუმენტი.

ამ თემას პარტიამ “საქართველო მშვიდობისთვის” ტელეკომპანია “ობიექტივმა” და გაზეთმა “საქართველო და მსოფლიომ” მრავალი გადაცემა და სტატია მიუძღვნეს.

ახლა რაც შეეხება დემოკრატიას:

რომელ დემოკრატიაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც დამონებულმა წინა მოწვევის პარლამენტმა, თავმოყვარეობას და სიამაყეს მოკლებულმა დეპუტატებმა თავიანთ ბელადს პოეტის ლექსივით მიუძღვნეს კონსტიტუცია: ხონჩით მიართვეს ის, რაც მოისურვა _ უკონტროლო ძალაუფლება პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გარეშე (ფიცის დადებაც კი არ მოსთხოვეს, ვერ აკადრეს მას ასეთი “დამცირება” _ მათი აზრით, მომავალ პრემიერმინისტრს).

და იმ პერიოდში ჩამოყალიბებული საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსი ისეთი მყარი აღმოჩნდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა დღემდე “ნაციონალური მოძრაობის” ტყვეობაშია (შევარდნაძისდროინდელი “მოწინააღმდეგე” რუსეთი მათ “დაუძინებელ მტრად” აქციეს და გააფთრებით უშლიან ხელს “ოცნებას”, რომ მან ეს სტატუსი არ შეარბილოს).

როგორ შეიძლება, ქვეყანას უწოდო დემოკრატიული, როდესაც დღემდე გაურკვეველია მისი მმართველობის ფორმა და, 102- მუხლის თანახმად, ბორკილდადებული კონსტიტუცია კარცერშია გამომწყვდეული?!

აი, ეს 102-ე მუხლიც:

“კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანმიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა, სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი”.

საგაზაფხულო სესიის ხანგრძლივობა ხუთი თვეა, საშემოდგომო სესიისა კი _ ოთხი თვე.

კიდევ რომელი ქვეყნის კონსტიტუციაში შეხვდებით ასეთ ჩანაწერს?

ბატონო დეპუტატებო!

ახალარჩეულ პარლამენტს ვითომ უკვე დაადებინეთ ფიცი და რიტუალიც განუსაზღვრეთ. ახლა მივხედოთ მთავრობას და, უწინარესად, პრემიერმინისტრს. ზევით ვთქვით, რომ საპარლამენტო ქვეყნებში ფიცს დებენ პრეზიდენტები, პარლამენტარები, მთავრობის მეთაურები და მინისტრებიც კი.

ჩვენთან _ არავინ.

სირიაშიც კი, სადაც ომია გაჩაღებული, მთავრობამ ფიცი დადო, ჩვენ კი რა გვემართება?

საქართველოს პრეზიდენტი, ფიცის დადების მაგივრად, განცხადებას აკეთებს (და ამას აკეთებს შეგნებულად _ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით) და ნუთუ ვერ ამჩნევს საკონსტიტუციო სასამართლო, რომ ამით ირღვევა ძირითადი კანონის 71- მუხლი?

ცნობისთვის: საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ფიცის დადებისას წარმოთქვა სიტყვა “ვფიცავ”. ეს სიტყვა 1995 წელს ჩაანაცვლა სიტყვამ “ვაცხადებ”.

პრეზიდენტს კი, 71- მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოეთხოვება, დადოს ფიცი.

დასანანია, რომ ამას ვერც პოლიტიკური პარტიები, ვერც არასამთავრობოები და ვერც ვენეციის კომისიის წევრები ვერ ხედავენ.

ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ მოქმედი კონსტიტუციით პრემიერმინისტრს შეუზღუდავი უფლებები აქვს მინიჭებული, მაგრამ მას არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს დაკისრებული.

თუ გინახავთ ან გსმენიათ, რომ ბატონებს _ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს და მათ მიერ დანიშნულ მინისტრებს ფიცი დაედოთ და ამით პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ ქვეყნის მართვაზე?

ასეთი რამ არ მომხდარა, რადგან ამას ძირითადი კანონი არ ითვალისწინებს.

და, რადგანაც მთავრობის მეთაურებს ძალიან მოსწონთ შეუზღუდავი ძალაუფლება პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გარეშე, დავავალდებულოთ ისინი, ფიცის დადებით მაინც ცნონ პარლამენტის უფლებამოსილებები.

ფიცის ტექსტი და მისი მიღების წესი დავადგინოთ მთავრობის შესახებ კანონით, ვინაიდან ამის გაკეთება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის დროის სიმცირის გამო შეუძლებელია.

დახმარებისთვის ისევ მივმართოთ ისრაელის პრემიერმინისტრის ფიცის ტექსტს, რომელიც კანონში, ქართული ინტერპრეტაცით, ასე (როგორც ვარიანტი) შეიძლება ჩაიწეროს:

“მე (ვინაობა) ვფიცავ, რომ, როგორც პრემიერმინისტრი, დავიცავ ქართულ სახელმწიფოს და მის კანონმდებლობას, კეთილსინდისიერად შევასრულებ პრემიერმინისტრის მოვალეობას და დავემორჩილები პარლამენტის გადაწყვეტილებებს”.

პარლამენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს პრემიერმინისტრის გადაყენების შესახებ, სანამ ის კანონმდებელთა წინაშე სიტყვით არ წარდგება.

ვინაობაში ვიგულისხმოთ გვარი, სახელი და, როგორც ბატონი დავით თარხან-მოურავი მოგვიწოდებს, მამის სახელიც.

ასეთი ვარიანტი აკონკრეტებს პიროვნებას, ვინაიდან ქვეყანაში ბევრია ერთი და იმავე გვარისა და სახელის მქონე ადამიანი.

მაგალითად: ტელეეკრანებიდან ხშირად ისმის დავით ბაქრაძის გვარი და სახელი.

პირადად ჩემთვის გაუგებარია, ამ შემთხვევაში რომელ დავით ბაქრაძეზეა საუბარი და მიჩნდება კითხვა: ეს ის დავით ბაქრაძე ხომ არ არის, რომელსაც ოთხჯერ მივწერე წერილი თავდაცვის საკითხზე და ერთხელაც რომ არ მიპასუხა? ან ეს ის დავით ბაქრაძე ხომ არ არის, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში პარლამენტარებს მოუწოდა, შეიარაღებულიყვნენ და რუსის ჯარისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ? თუ ეს ის დავით ბაქრაძეა, რომელიც დღეს ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელია?

ფიცის ბოლო ფრაზამ დავემორჩილები პარლამენტის გადაწყვეტილებას პრემიერს უნდა აგრძნობინოს, რომ საპარლამენტო ქვეყნებში სახელისუფლო შტოებს შორის ძალაუფლების უპირატესობა პარლამენტის მხარეზეა.

თუ მოქმედი პარლამენტი შეთავაზებულ წინადადებებს არ მიიღებს, მაშინ ისევ გავიმეორებ: ახალარჩეულ პარლამენტს გაუჭირდება ლეგიტიმურობის დამტკიცება, ხოლო პრემიერმინისტრის მიერ ფიცის დაუდებლობა ნიშნავს მისი ერთპიროვნული მმართველობის უფლების შენარჩუნებას, რომელმაც შეიძლება ქვეყანა ისევ 2012 წლის მდგომარეობაში დააბრუნოს.

“ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარის პოსტი ხომ ისევ მიხეილ სააკაშვილისთვის არის გამოთავისუფლებული, ხოლო ამ პარტიის გენერალური მდივანი ისევ ვანო მერაბიშვილია. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებმაც 2008 წელს შეარცხვინეს ერი და ქვეყანა, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებენ ისინი, ვისაც ნაციონალების დღესაც ეშინიათ.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსტიტუციას უწოდა ერთი კონკრეტული თანამდებობის პირზე მორგებული დოკუმენტი და ამ მოსაზრებას სრულიად ვეთანხმები.

ბაბილონის მეფის _ ჰამურაპის (1750 წ.ჩვ.წ-აღრ.) კანონები უფრო ადეკვატური იყო იმდროინდელ ვითარებასთან, ვიდრე საქართველოსი ევროპულ დემოკრატიასთან და ამაში, უწინარესად, დამნაშავენი არიან წინა მოწვევის პარლამენტარები, ვენეციის კომისიის წევრები, გერმანელი კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები და ყველაფრის მცოდნე არასამთავრობოები.

ამის შემდეგ მათ როგორ უნდა მიმართო კანონების ექსპერტიზაში მონაწილეობისთვის, როდესაც ამდენ ხარვეზს ვერ ხედავენ საქართველოს კონსტიტუციაში?!

პატივისცემით,
ალექსანდრე ტოლსტოი


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here