Home რუბრიკები საზოგადოება “საქართველოს ხელისუფლება სწორად ვერ აფასებს დიასპორის მნიშვნელობას და მის როლს ქვეყნის დღევანდელი...

“საქართველოს ხელისუფლება სწორად ვერ აფასებს დიასპორის მნიშვნელობას და მის როლს ქვეყნის დღევანდელი და მომავალი განვითარებისთვის”

733

ავთანდილ გიუნაშვილი 5 წლის წინათ გაემგზავრა საბერძნეთში ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიით და ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რის შემდეგაც ცხოვრება და საქმიანობა ქართულ ემიგრაციასა და მის პრობლემებს დაუკავშირა. 2011-2013 წლებში ხელმძღვანელობდა საბერძნეთსაქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციას, 2012 წლიდან არის ათენის ქართველ ემიგრანტთა სათვისტომოს აქტიური წევრი და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გარდა ამისა _ არაერთი პროექტის ინიციატორი და თანაორგანიზატორი.

_ ბატონო ავთანდილ, ქართველებს აღარ სურთ სამშობლოში დარჩენა და სამუშაოდ უცხო ქვეყნებში მიეშურებიან. როგორც ვიცი, საბერძნეთმა წელს ქართველი ემიგრანტების ყველაზე დიდი ნაკადი მიიღო

_ იმის თქმა, რომ ქართველებს აღარ სურთ სამშობლოში დარჩენა, არასწორია. მე მიწევდა და მიწევს შეხვედრა უამრავ თანამემამულესთან, რომელთა უმრავლესობის მიზანი სამშობლოში დაბრუნებაა. მათი მთავარი პრობლემა საქართველოში არსებული მძიმე სოციალური პირობების დაძლევაა უცხოეთში დასაქმებისა და ფინანსური გარანტიების შექმნის გზით. მერწმუნეთ, ჩვენი თანამემამულეთა უმრავლესობა მზად არის, დღესვე დაბრუნდეს სამშობლოში, თუ ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობები და მუშაობის საშუალება ექნებათ. უცხოეთში საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის წამოსვლის მიზანი სამუშაოს პოვნაა. ცდილობენ, გაიუმჯობესონ სოციალური პირობები, გადაიხადონ სამშობლოში წარმოქმნილი საბანკო დავალიანებები, არჩინონ დაუსაქმებელი ოჯახის წევრები, გადაიხადონ შვილების განათლებისთვის საჭირო თანხა, შეიძინონ საცხოვრებელი, რომლებიც მევალეებმა წაართვეს და ა.შ. საბერძნეთიდან ყოველთვიურად პირდაპირი ფულადი გზავნილების საშუალო რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარია.

_ ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს თუ აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები?

_ ათენში, ისივე როგორც საქართველოში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი პოლიტიკური პროცესების მიმართ თითქმის ერთნაირია. მათ აქტივობაზე ამ მხრივ გავლენას ახდენს მძიმე სამუშაო და ის იმედგაცრუება, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლებების შეუსრულებელი დაპირებებით. პარტიების უმრავლესობას დიასპორისა და ემიგრანტთა მიმართ პოლიტიკური პროგრამებიც კი არ აქვთ და, ბუნებრივია, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ინტერესის მიზეზსაც კი ვერ ხედავს, რატომ უნდა იაქტიუროს.

_ როგორი დამოკიდებულება აქვს საბერძნეთის ხელისუფლებას ემიგრანტების მიმართ, დაცულად გრძნობენ ქართველები თავს საბერძნეთში?

_ საბერძნეთს მიგრაციის კუთხით საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს _ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, სახელმწიფო სტრუქტურების პრობლემები. საბერძნეთის სახელმწიფო სტრუქტურები არაერთ რეფორმას საჭიროებს და ამას ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო პრობლემის გადაჭრა ძალიან ნელა მიმდინარეობს. ჩვენი თანამემამულეების დაუცველობის მთავარ პრობლემას ლეგალურად ბინადრობის დოკუმენტების არარსებობა, არალეგალურად ცხოვრება წარმოადგენს, რაც მეტ-ნაკლებად მოგვარდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ.

_ რა ცვლილებები უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობამ დიასპორისა და ემიგრაციის საკითხებზე?

_ დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო სწორად ვერ აფასებს დიასპორის მნიშვნელობას და მის როლს ქვეყნის დღევანდელი და მომავალი განვითარებისთვის. რეპატრიაციის მიმართულებით სამი სახელმწიფო უწყება ფუნქციობს და ვერც ერთი რეალურ დახმარებას ვერ უწევს სამშობლოში დაბრუნებულ თანამემამულეს, რაც მათ უკან, ემიგრაციაში, გამგზავრებას იწვევს. არასაკმარისი ფინანსური რესურსისა და საჭირო პროგრამების გარდა, მოუწესრიგებელია სახელმწიფო ინსტიტუტები. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შენახვა ბიუჯეტს მილიონ ორასი ათასი უჯდება და მის სანაცვლოდ დიასპორა რეალურ დახმარებას ვერ იღებს. ის სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ერთგვარი დუბლიკატია _ არაფრის მომცემი შეხვედრებისა და ფოტოსესიების გარდა რეალურ პროდუქტს ვერ ქმნის. ერთადერთი სარგებელი არის ის, რომ ამ სამინისტრომ საქართველოში დაახლოებით ორმოცი პირი დაასაქმა. გამოსავალი არაერთ პოლიტიკურ პარტიას შევთავაზე, მათ შორის, მმართველ პარტიასაც, რომ უნდა შეიცვალოს არსებული სახელმწიფო სტრატეგია. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის გაერთიანებით უნდა შეიქმნას ახალი მიგრაციის, რეპატრიაციისა და დიასპორის საკითხთა სამინისტრო, რომელიც იზრუნებს უცხოეთში მყოფ და სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებზე. კიდევ სხვა გზაც შევთავაზე _ გაუქმდეს აღნიშნული სამინისტრო და, მსოფლიოს სხვა არაერთი სახელმწიფოს მსგავსად, უნდა განხორციელდეს საქართველოს საარჩევნო სისტემის ცვლილება _ ერთი ან რამდენიმე მანდატი გადაეცეს საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში აირჩევენ წარმომადგენელს ან წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში. ამ ინიციატივის განხორციელებით სახელმწიფო შექმნის უფრო ქმედით მექანიზმს დიასპორასთან ურთიერთობების კუთხით. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება გაათავისუფლებს, დღევანდელი მონაცემებით, სულ ცოტა, 1.2 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო ფინანსურ რესურსს, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას მისცემს უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეთათვის დამატებითი ზრუნვის საშუალებას.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here