Home რუბრიკები პოლიტიკა გოგი თოფაძე: ოლანდი, მერკელი, ობამა უარს გვეუბნებიან, ჩვენ კი ქალბატონ თინას უნდა...

გოგი თოფაძე: ოლანდი, მერკელი, ობამა უარს გვეუბნებიან, ჩვენ კი ქალბატონ თინას უნდა დავუჯეროთ?

572

ერთმა ცნობილმა ქართველმა პოეტმა საქართველოში შექმნილი ვითარება ასე ჩამოგვიყალიბა: დღეს მოვლენები ისე ვითარდება, რომსაქმე მიჰყავთ თავისუფლებისგან გასათავისუფლებლად”. ეთანხმებით ამ ფორმულირებას, ბატონო გოგი? _ ამ შეკითხვით ვიწყებ საუბარს ბატონ გოგი თოფაძესთან, პარლამენტართან, მეწარმესთან, მეცენატთან, მებრძოლ კაცთან, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია თავისი პრინციპულობითა და პირდაპირობით. დაფიქრდება, ვიყავით კი ოდესმე თავისუფალი ქვეყანაოქროს საუკუნისგარდაო, _ მკითხავს და დაწვრილებით გამახსენებს საქართველოს ისტორიას.

_ თუ იგულისხმება ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული თავისუფლება, ასეთი თავისუფლებისგან გათავისუფლების მოწოდებას არა მხოლოდ უნდა დავეთანხმოთ, არამედ ჩვენი ყველა შესაძლებლობით ვიბრძოლოთ მისი რეალიზაციისთვის. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ვერ ამოვისუნთქეთ თავისუფლად იმ მრჩევლების ხელში, რომლებიც შემოესივნენ საქართველოს გასული საუკუნის 90-იან წლებში.

თავისუფლებისკენ დიდი ნაბიჯი კი გადავდგით 2012 წლის არჩევნების შედეგად, მაგრამ ყოფილებმა იმდენი პრობლემა დაგვიტოვეს, რომ გასული ოთხი წელიწადი საკმარისი არ აღმოჩნდა სააკაშვილის ავგიას თავლების გასაწმენდად.

_ არც ჩვენ აღმოვჩნდით ჰერკულესები

_ ეგეც არის… მახსენდება ჩემი, ზურაბ ტყემალაძისა და ჩვენი გუნდის სხვა წევრების კამათი იმ დასავლელ მრჩევლებთან, მათ შორის, შადმან ვალავისთან, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ თურმე ისე ჩამოვრჩით თანამედროვე ტექნოლოგიებს, ტექნიკის პროგრესს, რომ საერთოდ ვერ შევძლებთ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვებას, რომ ჩვენი ფუნქცია იქნება მხოლოდ ტურისტების მომსახურება და ხელისბიჭის ფუნქციის შესრულება.

_ ხოლო ჩვენი ბიჭები უნდა გავზარდოთ მშობლიური ამერიკის ინტერესებისთვის მებრძოლებად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

_ დიახ, ასე იყო და, საუბედუროდ, აქეთ წაგვიყვანეს, განსაკუთრებით, ყოფილი ხელისუფლების 9-წლიანი პარპაშის პერიოდში. ამოვძირკვეთ ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის, მეჩაიეობის კულტურები, გავანადგურეთ ქართული მძიმე მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და ა.შ. და ა.შ.

_ და ვაჭარ ერად ვიქეცით.

_ ვიქეცით კი? რასაც ვაჭრობას ვეძახით, იმას გადამყიდველობა ჰქვია: ვიყიდი იაფად, გავყიდი ძვირად.

უდიდესი შრომა გვჭირდება დღეს საიმისოდ, რომ ადამიანების ფსიქიკა შევცვალოთ, დავაბრუნოთ მათი გონება ტრადიციული ღირებულებებისკენ, ჭეშმარიტი თავისუფლებისკენ, რომელიც მამულიშვილურ მოვალეობასთანაა შერწყმული.

კი მივიღეთ ჩვენი ინიციატივით კანონი მთის რეგიონის შესახებ, თავისი პრიორიტეტებითა და შეღავათებით, მაგრამ უფრო მეტი გვინდოდა. კარგია, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგით. ამ მიმართულებით მუშაობას აუცილებლად განვაგძობთ.

_ ფსიქიკის შეცვლა ახსენეთ. ეს ფსიქიკა ზოგიერთ მოხალისეს უკუღმართად შეეცვალა, თქვენ მოურიდებლად ამხილეთ ისინი. მათგან პირველი საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი იყო: “მე ვამხილე პრეზიდენტი და ვთქვი, თუ რა განწყობა აქვს მარგველაშვილს სინამდვილეში ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ერი არის უნიჭიერესი ერი, და შენი ხალხი, შენი ქვეყანა ასე რატომ უნდა დაახასიათო და დებილი უწოდო?!” გიპასუხათ ამაზე?

_ რა უნდა ეპასუხა?! სხვა მოხალისეებმა გამოიდეს თავი და მათაც მიიღეს საკადრისი.

ქართველმა გლეხმა ვაზი რომ აჩეხა, ამას ერთგვარი გამართლება აქვს _ ვერ შეინახა მოწეული მოსავლით ოჯახი. კილოგრამ ყურძენში 30 თეთრს რომ მოგცემენ, რისი გამკეთებელი ხარ? 40 ათას ჰექტრამდე ავჩეხეთ. შადმან ვალავი, რომელსაც უსიტყვოდ ენდობოდა ძველი ხელისუფლება, გვეუბნებოდა, რომ მეღვინეობის პროდუქტი მოხმარებაზე ორჯერ მეტი გაქვთ წარმოებული, ბაზარი არ გაგაჩნიათ და ვერ გაყიდითო. ამიტომ, მოგება რომ დაგრჩეთ, სოია მოიყვანეთო. გენმოდიფიცირებული სოიის პლანტაციების ქვეყნად უნდა გადაქცეულიყო, მისი გეგმით, ღვინის სამშობლო საქართველო.

აჩეხა გლეხმა ვაზი და დათესა საზამთრო. რუსეთიდან, ირანიდან იმდენი შემოიტანეს, რომ დაულპა ჩვენ მშრომელ კაცს საზამთრო. ხილ-ბოსტნეულის რამდენი გადამმუშავებელი ქარხანა გვქონდა, ვაშლი ჩვენგან გაჰქონდათ _ საექსპორტო საქონელი იყო. დღეს იმდენი ვაშლი არ გვაქვს, რომ საკონსერვო ქარხნები ავამუშაოთ.

_ ისინიც რომ გაიძარცვა და მოისპო?

_ სამწუხაროდ, მოისპო. ჩაიზე აღარ ვლაპარაკობ. რუსეთის ბაზრის 85 პროცენტი ჩვენი პროდუქციით იყო გაჯერებული… მიჰყიდეს ვიღაც თაღლითს ჩაის საუკეთესო პლანტაციები და კარგად აღჭურვილი ფაბრიკები.

აირია ქვეყანა. ამ ქაოსურ ვითარებაში დაიბნა ბიზნესმენი, მეწარმე, გინდა ფერმერი. სახელმწიფოს არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული გეზი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების. ისე, როგორც წარმატებული ქვეყნების პრაქტიკაშია დანერგილი…

ძალიან ხომ არ გავერთე პასუხით?

_ არა, რა თქმა უნდა. მაგრამ ამასობაში ერთი შეკითხვა გამიჩნდა: ცნობილი ლოზუნგის, მოწოდებისა თუ დევიზის ავტორმა გოგი თოფაძემ, სოფლის მეურონეობაზე ამდენს რომ საუბრობს, ხომ არ შეცვალა უწინდელი პოზიცია _ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”?

_ არა, რა თქმა უნდა. არა იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობა და მრეწველობა ისე მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული (თუნდაც გადამმუშავებელი მრეწველობიდან გამომდინარე), რომ ერთმანეთისგან დაცილება ყოვლად გაუმართლებელია. უწინ ეს ორი მხარე, ეკონომიკის ორი შემადგენელი, დაბალანსებული იყო. დღეს მივდივართ დისბალანსის გამოსწორებისკენ, დაგისახელებთ თუნდაც იმ ფაქტს, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სრულად არის მოხნული, რაც ყოფილი ხელისუფლების მიერ აბსოლუტურად იყო იგნორირებული და ჩვენი სოფელი განწირული იყო იავარსაქმნელად.

წყალქვეშა ნავების გაკეთების შესაძლებლობა ამჟამად არ გვაქვს.

_ თუმცა წყალქვეშაფრთიან კატარღებს ვაკეთებდით

_ თვითმფრინავებსაც, დაგზებსაც, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასაც, და სანამ ყველაფერი დაგვვიწყებია, უნდა აღვადგინოთ. რადიკალური ღონისძიებებია განსახორციელებელი.

_ .. ძალაში რჩებამრეწველობა გადაარჩენს საქართველოს!”

_ რა თქმა უნდა!

_ საქართველო, მოგეხსენებათ, მიჩნეულია ფარვატერულ ქვეყნად: ძლიერი სახელმწიფოს კვალში უნდა იყოს აუცილებლად მავალი. მდგომარეობა გვაიძულებს: ერთი მხრიდან _ ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე მხარეს _ რუსეთის ფედერაცია. ფიქრობთ, ბატონო გოგი, რომ საქართველოს შეუძლია ბლოკებგარეშე საგარეო პოლიტიკის განხორციელება თანამედროვე საერთაშორისო სივრცეში?

_ მოდი, გავაანალიზოთ. რუსეთი, ჩვენი მეზობელი, ანგელოზი არ არის, უმძლავრესი ქვეყანაა და თავისი ინტერესები აქვს. მისი გაღიზიანება, ლანძღვა მოგვიტანს სასურველ შედეგს?

_ შედეგი არის, მაგრამ მინუსი ნიშნით.

_ რაც უფრო გავააქტიურებთ ჩვენი დასავლური კურსის პროპაგანდას, ჩრდილოატლანტიკური ბლოკისკენ სწრაფვას, იმდენჯერ გადმოსწევენ აქეთ საზღვარს. გვისიგნალებენ, მიგვანიშნებენ _ “გაჩერდით, დაფიქრდით, არ გინდათ”… ხომ ვიცით, რომ ნატოში არ გვიღებენ. ცრუ დაპირებების საკენკს გვიყრიან. 10 წლის წინათ მიუნჰენში ნატოს ორ გენერალს შევხვდი და მათ მითხრეს, თქვენ გიფრთხილდებით, ნატოში რომ არ გიღებთო. იგივე თქვა აპატურაიმ. მაგრამ, ეტყობა, ვალდებულები არიან, ტყუილით გვკვებონ თავიანთი ოპონენტების ჯინაზე, იმისთვის, რომ გზა-კვალი არ შევიცვალოთ და, ღმერთმა არ ქნას, სოროსის თუ მისნაირი სხვა ავანტიურისტის პროექტი არ ჩავაგდოთ.

რუსოფილს დამიძახებენ, ამას რომ ვამბობ. კი, რუსეთში ვსწავლობდი, რუსეთში დავიცავი დისერტაციები, მაგრამ ჩემი ქვეყნისა მტკივა და მადარდებს.

წარმოიდგინეთ, რომ მივაღწიეთ ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ მიზანს _ შევედით ნატოში. როგორ ფიქრობთ, რუსეთი მშვიდად შეხვდება კავკასიის ქედზე დაყენებულ ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც მისკენ იქნება დამიზნებული?!

ეს ერთი.

ნატოს უმძლავრესი პარტნიორია ჩვენი მეორე მეზობელი თურქეთი. საქართველოში, როგორც ნატოს წევრ ქვეყანაში (ხომ წარმოვიდგინეთ!) 10-12 ოფიცერი თურქეთიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან შემოვა და შემოჰყვება 2-3 ათასი თურქი ჯარისკაცი. გვაძლევს ეს ხელს?

ეს მეორე.

და _ მესამე. ვიცით, რომ არ მიგვიღებენ, არც მალავენ, პირდაპირ გვეუბნებიან. ჩვენ კი მაინც ვიბითურებთ თავს. აი, ჩამოვა ვარშავის სამიტიდან ჩვენიგენერალისიმუსიდა გვეტყვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ნატოს მიმართულებით.

კარგით რა! ოლანდი, მერკელი, ობამა უარს გვეუბნებიან, ჩვენ კი ქალბატონ თინას უნდა დავუჯეროთ? თქვენმა მკითხველმა კარგად იცის, რა ჰქვია ამას.

_ ევროკავშირი, ბატონო გოგი?

_ ევროპისკენ ვართ, გვესმის, რას ნიშნავს ევროპული კულტურა, დემოკრატია, ტექნოლოგიური სიძლიერე… მაგრამ, როცა ხედავ, რომ ყველაზე ძლიერი, წამყვანი ქვეყნის _ ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობა უარს ამბობს ევროკავშირის წევრობაზე, ამან, სულ ცოტა, უნდა დაგვაფიქროს _ რა ხდება, რა მიზეზებმა განაპირობა ასეთი ისტორიული ფერიცვალება?

პრაგმატული ხალხია, გაუჭირდა ხურჯინივით აკიდებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თრევა და “ჩამოიბერტა ფეხზე ვით მტვერი”.

ეს პრობლემა აწუხებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც, და ვინმეს მართლა სჯერა, რომ ამ სიტუაციაში დამატებით ტვირთს აიკიდებენ საქართველოს სახით? ახლა მარინ ლე პენმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთში მოაწყობენ დიდი ბრიტანეთის მსგავს რეფერენდუმს, ანერვიულდა იტალიაც…

როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის მოთხოვნები ჩვენზე არ გავრცელდება? არ დაგვავალდებულებენ, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან დევნილების მიღებას?! და ეს მაშინ, როცა საკუთარ სამშობლოში ლტოლვილი ქართველების პრობლემები ვერ გადაგვიწყვეტია.

დეტალურად ამ პრობლემის განხილვა სხვა დროისთვის გადავდოთ.

_ და ნეიტრალიტეტის საკითხს დავუბრუნდეთ. რეალურია ასეთი პერსპექტივა საქართველოსთვის?

_ ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა გაერთიანდეს არც ერთ აგრესიულ ბლოკში. არა გვაქვს ჩვენ მაგის თავი.

მწამს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მუდმივი კარნახისა და იძულებისგან გავთავისუფლდებით, შევქმნით ისეთ ძლიერ ეკონომიკას, რომლის გარეშე ნეიტრალიტეტი წარმოუდგენელია და, ბოლოს და ბოლოს, განვახორციელებთ ამ იდეას.

შენი ნეიტრალიტეტი სხვასაც უნდა აძლევდეს ხელს და მაშინაა შესაძლებელი მისი მატერიალიზაცია. ჩვენ ნელ-ნელა აქეთ მივდივართ.

_ ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის განხორციელდება თუ მორიგი სატყუარაა?

_ ნუ ვიჩქარებთ. ვიფიქროთ. თანაც, გავითვალისწინოთ ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესვლის ისტორია, ისიც, რა შედეგი მიიღეს გაწევრების შემდეგ და, რაც მთვარია, როგორი ვითარებაა დღეს ევროკავშირში, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ.

კატეგორიულ პასუხს ამიტომ ვერ გაგცემთ.

_ ბატონო გოგი, ისე მახსოვს, რომ თითქოს გუშინ იყო, როგორ შემოგიტიეს ანტისტალინელმა დილეტანტებმა, როცა ამ უზარმაზარი, არცთუ მარტივად, მით უფრო, ცალმხრივად აღსაქმელი, სახელმწიფო მოღვაწის შესახებ თქვენი დადებითი აზრი როცა გამოთქვით. განსაკუთრებით გაცხარდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ისინი საქართველოს მამებად უნდა გვყავდეს წარმოდგენილი, ხოლო იოსებ ჯუღაშვილს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის.

_ ეს ბოლო თემა გავაანალიზოთ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სტალინმა დიდ სამხედრო ძალას მოუყარა თავი საქართველოში იმ მიზნით, რომ ჩვენი ძირძველი მიწები, რომლებიც თურქეთს ჰქონდა დაპყრობილი, ამ ძალის გამოყენებით სამშობლოსთვის დაებრუნებინა. იმხანად საბჭოთა კავშირს ისეთი ინერცია ჰქონდა აღებული, რომ ორ კვირაში დასახულ ამოცანას შეასრულებდა. მაგრამ ამერიკელების მიერ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების აფეთქების შემდეგ, სტალინი იძულებული შეიქნა, ხელი აეღო ამ განზრახვაზე. თურქეთთან ომის დაწყებას უეჭველად მოჰყვებოდა მესამე მსოფლიო ომი, რომლის შედეგები წარმოუდგენლად დამანგრეველი და დამღუპველი იქნებოდა კაცობრიობისთვის. მაშინ ტაო-კლარჯეთიც და საქართველოც (სხვაზე აღარაფერს ვამბობ) საერთოდ აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. ასეთი ალტერნატივა დადგა მის წინაშე. გადაწყვეტილება, რომელიც აქედან გამომდინარე მიიღო, იყო სწორი და ერთადერთი.

მესხეთელი თურქების საქართველოდან გაყვანასაც შეგახსენებთ.

იციან კი თუნდაც ეს სტალინის მაგინებლებმა? მეეჭვება, საერთოდ, რამე წაუკითხავთ, ერთი წიგნი მაინც, რომელშიც სტალინის ცხოვრება და მოღვაწეობა ობიექტურად, მიუკერძოებლად არის გაანალიზებული. არადა, ასეთი წიგნები, განსაკუთრებით, ბოლო დროს უდიდესი რაოდენობითაა გამოცემული რუსეთში, ასევე, აშშში, სხვა ქვეყნებში.

სტალინისადმი ჩემი დამოკიდებულება უწინაც ბევრჯერ გამომითქვამს. მაჩერებდნენ, მაჩუმებდნენ _ ხმა არ ამოიღო, თორემ არც ნატოში მიგვიღებენ და არც ევროკავშირშიო.

_ ახლა ადამიანების შეგნებაში თანამედროვე მედიის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით ნერგავენ აზრს, რომ ფაშიზმი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამარცხა, ხოლო საბჭოთა კავშირი მონაწილეობდა ამ ომში.

_ რას ვუპასუხებდი, იცით, საქართველოს კეთილდღეობაზე თავგადადებულ იმ მოღვაწეებს, რომლებიც ჩემს გაჩუმებას ცდილობდნენ?

_ არ ვიცი.

_ ახლავე გეტყვით. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ თვითონ ვარ რეპრესირებული ოჯახის წევრი. მამაჩემი 8 წლის განმავლობაში პოლიტიკური პატიმარი იყო. მამიდაჩემმა 18 წელიწადი გაატარა მაგადანში, გადასახლებაში. ჩემი ორი ბიძა დახვრიტეს. ბებია გერმანელი მყავდა. როცა რაიხის ჯარები კავკასიონს მოადგნენ, მაშინ ამუშავდა რეპრესიების მანქანა. ჩვენც ამ ტალღაში მოვყევით. მაგრამ, როგორც ქართველმა კაცმა, როგორ უნდა დავკარგო ობიექტური შეფასების უნარი და არ ვაღიარო, რომ სწორედ ჩვენი მიწა-წყლის შვილი, იოსებ ჯუღაშვილი, მეოცე საუკუნის უდიდესი და აღიარებული ლიდერი იყო მსოფლიოში?!

_ რეპრესიები?

_ რეპრესიები შავი ლაქაა. მაგრამ იმ პერიოდში რომელ ქვეყანაში არ ხორციელდებოდა რეპრესიები? ამერიკის შეერთებული შტატებიც არ იყო გამონაკლისი.

ისტორიული ფაქტებითაა ეს დადასტურებული.

ახლა კი მათ შესახებ, ვინც მაჩუმებდა…

_ “ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს!”

_ (ეღიმება). პირდაპირ ვუპასუხე, რომ მათი პოზიცია ორმაგი სტანდარტების თვალსაჩინო ნიმუშია. სტალინს ადამიანის უფლებების დაუცველობას ბრალდებად რომ უყენებთ, მიპასუხეთ, გეთაყვა, გერმანია როგორღა არის ევროკავშირში, თანაც, წამყვან პოზიციაზე? ჰიტლერი რა, იცავდა ადამიანის უფლებებს?! ესპანეთი?! ფრანკო თავს იკლავდა ადამიანის უფლებების დასაცავად?! მუსოლინის ძეგლი რომ დგას ფლორენციაში, დუჩე უფლებადამცველი იყო, თუ რა? აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ რუმინეთში, რომელიც ევროკავშირის ქვეყანაა, ფაქტობრივად, ლინჩის წესით ჯარისკაცების საპირფარეშოს კედელთან მიახვრიტეს ჩაუშესკუ და მისი ცოლი.

მაგრად შევჯექი: მხოლოდ ცუდს ხედავთ, თქვე კაი ხალხო? ან, იქნებ, გაიძულებენ, რომ ასე თქვათ და ილაპარაკოთ? მაშინ სადაა სიტყვის თავისუფლება?!

მე რომ მკითხოთ, სწორედ ეს არის ფარვატერული აზროვნების ნიმუში და ასეთი თავისუფლებისგან მართლაც გვჭირდება გათავისუფლება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S.საუბარი დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ რამდენს აიტანს საგაზეთო პუბლიკაცია?! წინ მარათონია, გრძელი საარჩევნო დისტანცია, დრო გვექნება. უამრავი.

1 COMMENT

  1. ბატონ გოგის ,არ შეიძლება არ დაეთანხმოს ჭკუათმყოფელი,სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, საქართველოსათვის კეთილის მსურველი ადამიანი. გვეყოფა სხვისი საქართველოსათვის დამღუპველი ვაი მრჩეველთა ჭკუაზე სიარული!.ხმა მივცეთ ეროვნულად მოაზროვნე, განათლ და ცხოვრება ნანახ პიროვნებებს! მადლობა უფალს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ამ ქვეყანაზე მოვლენისა და დიდი მსიის დაკისრებისათვის!, რასაც საქართველოსი და ქართველი ერის ფიზიკურად გადარჩენა ჰქვია!.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here