Home რუბრიკები საზოგადოება ფიქრია ხასაია: ამჟამინდელმა ხელისუფლებამ საქართველო გააცამტვერა

ფიქრია ხასაია: ამჟამინდელმა ხელისუფლებამ საქართველო გააცამტვერა

533

29 წლის ფიქრია ხასაია პროფესიით იურისტია. ამჟამად კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობს და სხვადასხვა ოჯახში დამხმარედ მუშაობს. 2013 წელს სიმსივნე დაუდგინეს, მაგრამ, გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად, ერთი წლის წინათ 3 წლის შვილთან ერთად დატოვა საქართველო და კვიპროსზე წავიდა სამუშაოდ.

_ ქალბატონო ფიქრია, ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს კვიპროსზე? როგორები არიან კვიპროსელები და რას ამბობენ ქართველებზე?

_ საკუთარი ოჯახის დატოვება და სხვისი უნიტაზების ხეხვა არავის სურს. როდესაც 3 წლის შვილი და 90 წლის მოხუცი, რომელსაც პენსია წამლებისთვისაც არ ჰყოფნის, ბედის ანაბარა გყავს მიტოვებული, როდესაც შენს უკან მშიერი ოჯახი დგას და ელოდები, მეზობელი როდის მოგაწვდის ერთ ნაჭერ პურს, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, დატოვო ქვეყნა და ძვირფასი ადამიანების დასახმარებლად ყველაფერი გააკეთო. ოჯახს 3 წლის შვილით მოვწყდი და უცხო ქვეყანაში გადავიხვეწე. აქ, კვიპროსზე ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და სხვის ცხოვრებაში არ ერევა. თუ შეგამჩნიეს, რომ სანდო პიროვნება ხარ, ისე მიგიღებენ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს. ექიმების ოჯახში ვმუშაობ და ისე მექცევიან, როგორც შვილს. ამ ოჯახმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. 2013 წელს შევიტყვე, რომ მკერდის სიმსივნე მქონდა, მაგრამ მაინც წამოვედი საქართველოდან და ვმუშაობდი, გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად. როდესაც შეიტყვეს, რომ ჯამრთელობის პრობლემა მქონდა, დაიწყეს ჩემზე ზრუნვა, წამიყვანეს საუკეთესო კლინიკაში, ორი თვის განმავლობაში დავყავდი საუკეთესო ექიმებთან და გამიკეთეს ოპერაცია. ეს ყველაფერი ოჯახმა აანაზღაურა. დღეს სრულიად ჯანმრთელი ვარ. ასეთი რამ საქართველოში წარმოუდგენელია. საქართველოში სამკურნალოდ დიდი ფინანსებია საჭირო, აქ კი პირიქითაა _ არავინ გეკითხება, გაქვს თუ არა ექიმთან მისასვლელი ფული. უყვართ შრომა და იციან შრომის ფასი. აქ თითოეული ქართველი მუხლჩაუხრელად შრომობს და კვიპროსელებს უკვირთ, _ ასეთ მშრომელ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში რატომ არ აფასებენო. მეხმარებიან, რომ საქართველოში მცხოვრებ ღარიბ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გავუგზავნო. შარშან იმ ფულით, რომელსაც რამდენიმე თვე ვაგროვებდი, თბილისში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს ტანსაცმელი და სათამაშოები გავუგზავნე. ამჟამად გორის ერთი სოფლის მცხოვრებ უდედმამო ბავშვებს ვეხმარები ჩემს ბერძენ და ქართველ მეგობრებთან ერთად. საქართველოში ყველას წარმოუდგენლად ეჩვენება ჩემი საქციელი, მეკითხებიან კიდეც _ შენ რა სარგებელიო? აქაურ მეგობრებს კი მხოლოდ ის აინტერესებთ, როდის ნახავენ გახარებულ პატარებს. მე ბედნიერებას მგვრის გახარებული ბავშვების დანახვა, რომლებსაც ხანდახან პურიც კი ენატრებათ.

_ თქვით, რომ საქართველოში ვერ შეძელით მკურნალობა. ვის მიაკითხეთ, სცადეთ თუ არა საჭირო თანხის შეგროვება?

_ დიღომში, ონკოლოგიურ ცენტრში ვიყავი და მითხრეს, სასწრაფოდ გჭირდებაო ოპერაცია, მაგრამ არანაირი სოციალური დახმარება არ მქონდა, გამოკვლევების ჩატარებაც ვერ შევძელი, ვერც ოპერაციისთვის საჭირო თანხის _ 1300 ლარის _ შეგროვება, რადგან ჩემი შემოსავალი მხოლოდ დევნილის დახმარება იყო _ თვეში 90 ლარი. ბავშვისთვის ხომ უნდა მიმეხედა? ამიტომ არანაირი მკურნალობა არ ჩამიტარებია. არავის იმედი არ მქონია და არც მიმიმართავს, მხოლოდ ნათესავებს ვთხოვე დახმარება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ საჭირო თანხის შეგროვება. სოციალურ დახმარებაზე განცხადება შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს.

_ კვიპროსზე მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს თუ აინტერესებთ საქართველოს საშინაო პოლიტიკა?

_ აქ მყოფი არც ერთი ქართველი არ არის ჩართული პოლიტიკაში. აქ მხოლოდ მუშაობასა და საქართველოში დატოვებული ოჯახების დაპურებაზე ფიქრობენ. მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკურ პროცესებს. დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველო გააცამტვერა, ახლა მხოლოდ ქართველი ხალხის გონივრული გადაწყვეტილება თუ გვიხსნის უცოდინარი და შეუბრალებელი ხელისუფლებისგან.

_ ევროპას ლტოლვილები მიაწყდნენ. რა ხდება კვიპროსზე, როგორი დამოკიდებულება აქვთ კვიპროსელებს მათ მიმართ?

_ დიახ, აქაც ჩამოვიდნენ დევნილები. კვიპროსზე საძინებლებშიც კი კამერა აქვთ დამონტაჟებული. ადრე ასე არ ყოფილა, მხოლოდ ფარდებს ჩამოაფარებდნენ ხოლმე, კარსაც კი არ ხურავდნენ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ლტოლვილებმა დაიწყეს ქურდობა და ამის შემდგომ დააყენეს ყველა ოჯახში ვიდეოთვალი. უკვე 14 წელია, რაც ამ კამერებით სარგებლობენ ოჯახები, მაღაზიები თუ დაწესებულებები, ამიტომ ქურდობას ვეღარ ახერხებენ.

_ როგორი დამოკიდებულება აქვთ კვიპროსზე ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ?

_ კვიპროსზე მორწმუნე ხალხი ცხოვრობს. ყველა კუთხეში ტაძარია და ყველა ფიქრობს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, შესაბამისად, ეწინააღმდეგებიან ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. მაგრამ არიან ჰომოსექსუალი წყვილებიც, რომლებსაც სააშკარაოზე არ გამოაქვთ თავიანთი ცხოვრება და არც არავინ ინტერესდება მათი პირადი ურთიერთობით. ვფიქრობ, საშინელებაა ტელეეკრანზე ჰომოსექსუალების ყოველ წუთს გამოჩენა. როდესაც ამდენი გაუბედურებული ოჯახია, ამდენი პრობლემაა, რისთვის ხარჯავს საქართველო დროს? ტელევიზიებში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება-არდაკანონებაზე მუდმივად მსჯელობა ნიშნავს იმას, რომ ისედაც დაბეჩავებულ ერს სულიერად ვამძიმებთ.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here