Home რუბრიკები საზოგადოება კახეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედი კოოპერატივების წარმატებები

კახეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედი კოოპერატივების წარმატებები

561

საქართველოს პარლამეტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე კახეთის  რეგიონში,  თელავისა  და გურჯაანის  მუნიციპალიტეტებში  მოქმედი  კოოპერატივების  საქმიანობას გაეცნენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  „გილე“  გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კოოპერატივი  2014 წლიდან საქმიანობს, მასში   5 მეპაიეა გაერთიანებული.   აწარმოებენ ამერიკულ უეკლო მაყვალს, ასევე გაშენებული აქვთ ატმისა და გარგარის ბაღები. კოოპერატივმა USAID-ის პროგრამის ფარგლებში ხილის საშრობის მოწყობისთვის გრანტი მიიღო, რომლის მშენებლობა ამ ეტაპზე  დასრულებულია და მიმდინარეობს მისი აღჭურვა.

„ჩვენ 2014 წლიდან ვარსებობთ, გაშენებული გვაქვს ქლიავის, გარგარის, ატმის ბაღები. განსაკუთრებული ადგილი, ჩვენს საქმიანობაში, უეკლო მაყვალის ჩესტერის წარმოებას უჭირავს. 50 ძირიდან დავიწყეთ და  ნათესმა ფართობმა უკვე  4 ჰექტარს გადააჭარბა. წელს, სულ მცირე, 25 ტონა მოსავალს ველოდებით. ჩევნ ვართ ერთერთი კოოპერატორები, რომლებმაც USAID- ის პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და მოვიპოვეთ გრანტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს თანადგომა და იაფი კრედიტის პროგრამაში ჩართულობა. სწორედ ამ კრედიტის და გრანტის საშუალებით ვაკეთებთ ხილის საშრობ საწარმოს, სადაც ჩავიბარებთ და გამოვაშრობთ ხილს. მინდა აღვნიშნო, რომ არიან დაინტერესებული პირები,  ექსპორტიორები რომლებმაც უკვე მოგვთხოვეს საბაჟო კოდი  და მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოწესრიგება. ასე რომ ქართული მაყვალი მალე ევროპის ბაზარზეც გავა-“ განაცხადა კოოპერატივი „გილეს“ თავმჯდომარემ ზოლდა ქიტესაშვილმა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „აგრო აპი“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარეობს  და 11  წევრს აერთიანებს, მათი ძირითადი საქმიანობა  მეფუტკრეობაა.  ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, მიღებული გრანტით შეძენილი, მცირე საწარმოო ხაზის მეშვეობით მათ უკვე საშუალება აქვთ  ქილებში ჩამოსხმული მზა პროდუქტი  მომხმარებელს შესთავაზონ.

„კოოპერატივები, რომელთა საქმიანობას გავეცანით, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. მათი საქმიანობის საერთო პოზიტიური ხაზი ის არის, რომ თითოეულმა ფერმერმა მიიღო ის სიკეთე,  რაც კოოპერატივის შექმნის შედეგად შეეძლოთ მიეღოთ. ეს საკმაოდ დიდი შეღავათებია, როგორც ფინანსური ასევე პროფესიული თვალსაზრისით“- განაცხადა კოოპერატივების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.

სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივი „ბექები“, რომელიც 5წევრს აერთიანებს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანში მდებარეობს. მათი ძირითადი საქმიანობა მევენახეობა და მემარცვლეობაა.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განხცხადებით: „კოოპერაციული თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. კოოპერირება  მცირემიწიანობის პრობლემების მოგვარების საშუალებას იძლევა, მარტივდება ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა. კოოპერატივის წევრთა მიწების, ფინანსური რესურსების, გამოცდილების,  კონსოლიდირება წარმოების ხარისხზე პოზიტიურად აისახება, გაუმჯობესებული ხარისხი კი  თავისთავად გაზრდილ შემოსავლებს ნიშნავს. ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლება,  ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესის აქტივირებას. ვცდილობთ ყველა პროექტში, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს გათვალისწინებული იყოს  შეღავათები კოოპერატივების სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებისთვის. ვცდილობთ დავარწმუნოთ თითოეული გლეხი, ფერმერი, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ხვალ და ზეგ სოფლის მეურნეობას განვითარების მაღალ საფეხურზე ასვლის საშუალებას მისცემს. პირველი კოოპერატივის დარეგისტრირებიდან ჯერ მხოლოდ 2წელია გასული.  სოფლის  მეურნეობა გრძელვადიანი დარგია და ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი სრული სურათის აღსაქმელად, თუმცა  უკვე სახეზე გვაქვს წარმატებული მაგალითები. ჩვენ ვნახეთ რა შემოსავლები შეიძლება მოუტანოს ფერმერს კენკროვანი კულტურებით დაინტერესებამ. მე ვურჩევდი მოსახლეობას იფიქრონ ამ მიმართულებით, რადგან მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა,  ჩვენს ქვეყანას კი რეალურად აქვს კენკროვანი კულტურების წარმოების პოტენციალი. შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული ამ მიმართულებით, არა მხოლოდ  ავითვისოთ შიდა ბაზარი და ჩავანაცვლოთ იმპორტი, არამედ  ვიფიქროთ საექსპორტო  ბაზრების  ათვისებაზე.“

დღეის მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭული აქვს 1474 კოოპერატივს.  კახეთის რეგიონში 121 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here