2 წლის წინანდელი კურიოზული შემთხვევის შემდეგ, როცა რუსული თვითმფრინავის მიერ შეშინებულმა ამერიკელმა მეზღვაურებმა უარი თქვეს ფლოტში მსახურების გაგრძელებაზე, სამხედრო ხომალდი “დონალდ კუკი” კვლავ იქცა დაცინვის ობიექტად. რამდენიმე დღის წინათ ხომალდი პოლონეთის ნაპირებს მიადგა, რათა, როგორც პოლონეთში აშშ–ის საელჩოს სამხედრო ატაშემ ტომას კირსტედმა განაცხადა, “ეჩვენებინა აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების უნარები ზღვაზე მუშაობისას”.
“დონალდ კუკი” მონაწილეობას გეგმავდა ნატოს სწავლებაში (“ატლანტიკური გაბედულება”) ბალტიის ზღვაზე, მაგრამ ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში შესული ხომალდის ეკიპაჟს დეჟავუ დაემართა: რუსეთის საზღვაო ავიაციის ბალტიის ზღვის ფლოტის ბომბდამშენებმა ორჯერ შემოუფრინეს ხომალდს, როგორც ამერიკელები ამტკიცებენ, ზღვის დონიდან 30 მეტრის სიმაღლეზე და 900 მეტრის დაშორებით.
ამ მომენტში “დონალდ კუკის” ბორტზე პოლონეთის ვერტმფრენი საწვრთნელ მისიას ასრულებდა, მაგრამ რუსეთის თვითმფრინავების გამოჩენის შემდეგ ხომალდზე პანიკა ატყდა და პოლონურ–ამერიკული სწავლება ჩაიშალა.
ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდლობამ 14 აპრილს განაცხადა, რომ “რუსული ბომბდამშენები ორი დღის განმავლობაში სახიფათოდ ახლოს დაფრინავდნენ რაკეტმზიდი “დონალდ კუკის” თავზე, რომელიც ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში გამართულ სწავლებაში მონაწილეობდა. პირველი ინციდენტი მოხდა 11 აპრილს, როდესაც “სუ-24”-მა ხომალდს ძალიან ახლოს ჩაუფრინა, მეორე დღეს გემთან ახლოს ფრენდნენ რუსული თვითმფრინავები და ვერტმფრენი “კა-27”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკას ჰქონდა რუსულ “სუ-24”-ის ჩამოგდების უფლება.
“რუსული თვითმფრინავების “დონალდ კუკთან” ძალიან მიახლოება ამერიკელი სამხედროების მოგონილია. რუსმა მფრინავებმა პროფესიონალურად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა _ მიზნის პოვნა და იდენტიფიცირება. შესაბამისად, ყველა პროცედურა შესრულდა ისე, როგორც საჭირო იყო და ჩვენს თვითმფრინავებს ამერიკული ხომალდისთვის ხიფათი არ შეუქმნიათ. რაც შეეხება ამერიკელთა ისტერიკულ რეაქციას, ისინი მიჩვეულნი არ არიან, რომ უცხო სახელმწიფოების თვითმფრინავები მათ სამხედრო ხომალდებს გარს უვლიდნენ, ისინი მიჩვეულნი არიან ბატონობას და “დემოკრატიის” დამკვიდრებას. აქ კი, რუსეთის სანაპიროსთან, მათ რუსეთის შეიარაღებული ძალების ძლიერება დაინახეს. ჩანს, ამან ამერიკელებზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. ადრე “დონალდ კუკი” შავ ზღვაშიც იმყოფებოდა, საიდანაც შერცხვენილი გაიქცა, რის შემდეგაც ხომალდი რამდენიმე ათეულმა მეზღვაურმა დატოვა. ამერიკელები უნდა მიეჩვიონ, რომ, თუ რუსეთის საზღვრებს მოუახლოვდებიან, ჩვენი რეაგირება სიტუაციის შესაბამისი იქნება. ჩვენ კი სრული უფლება გვაქვს, ვიფრინოთ ნეიტრალურ წყლებში და მფრინავებმა დასახული ამოცანები შეასრულონ. პილოტები მკაფიოდ, სუფთად და თვითდაჯერებულად მოქმედებდნენ, ამიტომ ამერიკელთა ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა”, _ განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, ჟურნალ “ნაციონალნაია ობორონას” მთავარმა რედაქტორმა იგორ კოროტჩენკოვმა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აპრილში, როცა “დონალდ კუკი” ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან ცურავდა, მის თავზე რუსული “სუ-24” საათ-ნახევრის განმავლობაში დაფრინავდა _ შეტევის იმიტაციას ახორციელებდა. ამის შემდეგ, როგორც მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, “დონალდ კუკის” 27-მა მეზღვაურმა დაწერა რაპორტი ფლოტიდან გათავისუფლებაზე.
ცხადია, რომ “დონალდ კუკის” თავზე ფრენა რუსების პროპაგანდისტული მანევრია. უფრო მეტიც, წელს რუსებმა “კუკის” ეკიპაჟი უკვე მეორედ ააფორიაქეს. პირველი ასეთი ინციდენტი მოხდა, როცა ამერიკულმა ხომალდმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა და გდინიაში შევიდა. ვიდრე ამერიკული ხომალდი ბუქსირით პორტში შეჰყავდათ, რუსებმა კალინინგრადიდან დაანახვეს მათ, რა შეუძლია სადესანტო ხომალდ “მორდოვიას” _ ჯერ ამ ხომალდის 30 მმ-იანი ქვემეხებიდან გაისროლეს, შემდეგ კი სანაპიროზე დესანტი გადასხეს.
რუსეთის ბალტიის ფლოტის საზღვაო ავიაციის წარმომადგენლები პირველად არ იჩენენ საზრიანობას და მახვილგონიერებას. 2015 წლის ზაფხულში ბალტიის ზღვაზე წვრთნის მიმდინარეობისას რუსმა მეზღვაურებმა სასწავლო ავიაბომბებზე მარკერით დააწერეს “ბერლინზე!”, “სტალინისთვის!”.
“დონალდ კუკის” ტექნიკური მახასიათებლები:
“დონალდ კუკი” _ ეს არის აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის 22-ე ესკადრის საესკადრო ნაღმოსანი, რომელიც აღჭურვილია “არლი ბიორკის” ტიპის სამართავი რაკეტებით. ექსპლუატაციაშია 1998 წლის 21 აგვისტოდან.
* წყალწყვა _ 8915 ტ
* სიგრძე _ 153,9 მ
* სიგანე _ 20,1 მ
* ძრავა _ 4 აირტურბინული. 108 ათასი ცხ. ძ. სიმძლავრით.
* სიჩქარე _ 32 კვანძი (1 კვანძი უდრის 1852 მ/წმ).
* ცურვის სიშორე _ 8000 კმ. 20 კვანძი სიჩქარით
* ეკიპაჟი _ 337 კაცი.
შეიარაღება:
* “იჯისის” სისტემის რაკეტების გამშვები ორი დანადგარი.
* ფრთოსანი რაკეტები “ტომაჰავკი”.
* საზენიტო–სამართავი რაკეტები “რაიმ-66 ეს–ემ-3”
* გემსაწინააღმდეგო სარკეტო კომპლექსი “რუმ-139”
* საარტილერიო დანადგარი “მარკ 45” 600 ყუმბარით
* ორი 6-ლულიანი 22 მმ–ის “ფალანკსი”.
* სატორპედე აპარატი “მკ” (50 ტორპედოთი)
* 1 ვერტმფრენი SH-60 LAMPS–ი.
“სუ-24”-ის ტექნიკური მახასიათებლები:
“სუ-24” (ნატოს კოდიფიკაციით, Fენცერ-ი “მოფარიკავე”) _ ეს არის რუსული ტაქტიკური ბომბდამშენი, რომლის დანიშნულებაა რაკეტებითა და ბომბებით დარტყმა ნებისმიერ ამინდში, დღისით თუ ღამით, სახმელეთო თუ საზღვაო მიზნებზე. ექსპლუატაციაშია 1982 წლიდან, გამოშვებულია 1400 ერთეული.
* ეკიპაჟი _ 2 კაცი
* სიგრძე _ 24,5 მ
* ფრთების განშლა _ 17,6 მ
* სიმაღლე _ 6,1 მ
* მასა (სრული) _ 22 300 კგ
* მასა (შეიარაღებით) _ 33 500 კგ
* მაქსიმალური ასაფრენი მასა _ 39 700 კგ
* დასაფრენი მასა _ 28 000 კგ
* მაქსიმალური სიჩქარე 200 მ სიმაღლეზე _ 1320 კმ/სთ, დიდ სიმაღლეზე _ 1600 კმ/სთ
* ფრენის ზღვრული სიმაღლე _ 11 500 მ
* საბრძოლო მოქმედების რადიუსი _ 560 კმ
შეიარაღება:
* 23 მმ–იანი ქვემეხი _ 1
* რაკეტა “ჰაერი–ჰაერი” _ 2 ც
* რაკეტა “ჰაერი–მიწა” _ 15 ც
* უმართავი რაკეტები _ 28 ც
* ბომბები.
დაანებეთ მაგ რუსეთს თავი თორე ყველა ზღვაში აღმოჩნდებით