Home რუბრიკები საზოგადოება სულგაყიდული მთავრობა და დაბნეული ქვეყანა

სულგაყიდული მთავრობა და დაბნეული ქვეყანა

ხალხი და მთავრობა ერთმანეთს ჰგავს. წყლის ავზიდან ამოღებული სინჯი იგივეა, რაც ავზში ასხია. იქნებ ხალხის შეურაცხყოფა იყოს მასთან დღევანდელი მთავრობის შედარება, მაგრამ ფაქტს ვერსად წაუვალთ: ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, არჩევნების გზით მოვიდნენ. არჩევანში შევცდით? შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ რამდენჯერ უნდა შეგვეშალოს?!

ვინმეს არ ეგონოს, გაბრაზებული ვწერდე ამ სტრიქონებს. ჩემდა სამწუხაროდ, გაბრაზებამ კარგა ხანია, დამივიწყა. იქნებ ეს კარგიც იყოს. ადამიანებს ხშირად დამშვიდებას ურჩევენ ხოლმე, მაგრამ გაბრაზების უნარის დაკარგვა სულ სხვა რამ არის. გაბრაზებული კაცი ჯერ კიდევ არ არის უბედური, ვინაიდან შეიძლება ვითარება შეიცვალოს და ბრაზი გაუქრეს, მაგრამ, თუ ადამიანი, ვითარების უცვლელობის გამო, უარყოფითი მოვლენებისადმი რეაგირების უნარს კარგავს, მის სულში სასოწარკვეთა ისადგურებს. სასოწარკვეთას კი ხელის ჩაქნევა და ყველაფრისადმი მორჩილება მოსდევს. ღმერთმა ნუ ქნას, აქამდე მივიდეთ.

ახლა ყველას პირზე აკერია “თავისუფლება” და “დემოკრატია”. ჩვენ ამგვარი ცხოვრებისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდით. დღემდე ისიც ვერ გაგვიგია, ჯერ თავისუფლება უნდა მოგვეპოვებინა თუ ცხოვრების დემოკრატიული წესები შემოგვეღო. და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ლამის ყოველი მეორე პირი ქადაგად არის ქცეული და ჭკუას გვასწავლის. ამპარტავნობამ ამოგვართვა სული. ამპარტავანთა დემოკრატია და თავისუფლება კი არის ძალადობა დემოკრატიის სახელით და აღვირახსნილობა თავისუფლების ნიღბით.

წყობილების შეცვლას მენტალიტეტის შეცვლა უნდა მოჰყვეს. ეს ცვლილება ადამიანის გონებაში ერთბაშად ვერ მოხდება, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის დაჩქარება სიმახინჯესა და გაუგებრობას იწვევს (გაიხსენეთ ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა”). ეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეძლო _ უცებ აუწყო ახალ ცხოვრებას ფეხი. ეგ იმიტომ, რომ, როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა, “პლასტელინის კაცია”. ასეთი “პლასტელინ-კაცი” სჭირდებოდა პრეზიდენტად მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მარგველაშვილმა, როცა თავისი გაინაღდა, ფხა გამოაჩინა, ივანიშვილის “პლასტელინ-კაცი” სხვის ხელში აღმოჩნდა და ახლა სხვები ძერწავენ მისგან გროტესკულ ფიგურას.

დღეს ვაი-უშველებელია ატეხილი ფარული ჩანაწერების გამომზეურების გამო. საქმე ეხება მაღალი თანამდებობების პირთა მორალური ცხოვრების ამსახველი კადრების სააშკარაოზე გამოტანას. მე თუ მკითხავთ, არ ვარ მომხრე ასეთი მეთოდით ადამიანთა დაშანტაჟებისა, მაგრამ მაკვირვებს ის ისტერიკა, რომელიც მრავალგზის გათხოვილგამოთხოვილმა და ტელეეკრანებიდან უმანკო გოგობიჭების გარყვნილებისკენ მომწოდებელმა ქალებმა ატეხეს. მათ გასაგონად ვამბობ: ჯანდაბამდე გზა გქონიათ და აკეთეთ ის, რასაც ცხოველური ინსტიქტები გკარნახობთ, ოღონდ ვერ გამიგია, რამ აგაფორიაქათ?! თუ გრცხვენიათ, ესე იგი, იცით, რომ სამარცხვინო საქმეს აკეთებთ, და თუ იცით, რატომ იქცევით სამარცხვინოდ ან რატომ ეწევით ასეთი საქციელის პროპაგანდას? იქნებ სირცხვილის განცდა არც გაქვთ და მხოლოდ ის გაწუხებთ, რომ დედმამის, ნათესავების, მეუღლისა და ხალხის მოტყუება გამოგიმზეურეს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი დაგიცვათ: მრუშობა სულაც არ არისო საძრახისი საქციელი და მაგალითი მოიყვანა, _ მე მდიდარი სექსი მქონდაო წარსულში, ახლაც მაქვს და მომავალშიც მექნებაო.

მდიდარი სექსიო, _ რომ დაიტრაბახა, ალბათ, მრავალ კახპასთან გორაობას გულისხმობდა და არავინ იცის, მომავალში როგორ მოიქცევა ამგვარ ორგიებს ნაჩვევი კაცი. სხეული ბერდება, ავი კაცის ვნებები კი იგივე რჩება.

ცუდი აზრები მომდის, პრეზიდენტო, მაგრამ ჩემი რა ბრალია, კახპების გასამხნევებლად თქვენმა უპასუხისმგებლო და ბრიყვულმა ნათქვამმა მომგვარა ასეთი უცენზურო ფიქრები. განა შეიძლება მრუში და ოჯახის მოღალატე კაცი სახელმწიფო საქმეებში უმწიკვლო იყოს?

არ დაგიმალავთ და, ყოველივე ამის შემდეგ მეგონა, ქართველი ხალხი ალყას შემოარტყამდა თქვენს რეზიდენციას და გადადგომას გაიძულებდათ, მაგრამ ყველაფერმა დუმილით ჩაიარა და თქვენი უზნეო გამოსვლის გამო ჯერ დისკომფორტი არ შეგქმნიათ. ნუ იქნებით მშვიდად. ნუ მიიჩნევთ ხალხის დუმილს შეგუებისა და წაყრუების ნიშნად. ხალხის სული ოკეანესავით არის, დიდი ქარიშხლის წინ გატრუნული რომ გვეჩვენება.

თითქოს დრომ მოიტანა და აუცილებელი შეიქნა თვალსაზრისის შეცვლა და ღირებულებების გადაფასება. ბუნებაც ხომ ცვალებადობის კანონს ემორჩილება, მაგრამ უკეთესობიდან უარესობაში გადასვლა არაბუნებრივია. საზოგადოება ვითარდება მაშინ, როცა კარგს აუმჯობესებს და უკეთესს ხდის. ახალ თაობას ყოველთვის ეძლევა შესაძლებლობა, წინამორბედთა განვლილი გზა გააანალიზოს, შეისწავლოს და სამომავლოდ უფრო ჯანსაღად გამოიყენოს ის დადებითი მოვლენები, რომლებიც უწინ იყო. მათ აქვთ ცხოვრების წესებში ცვლილებების შეტანის უფლება, მაგრამ არის შეურყეველი და უცვლელი ცნებები, რომლებსაც ემყარება სინდისიერება, პატიოსნება, ზნეობრიობა… ქალი ვერასდროს გახდება კაცი და ვერც კაცი იქცევა ქალად.

ჩვენ ადვილად ავიტაცეთ ევროპულითავისუფლებისის ნაწილი, რომელიც ხორციელ სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ სულს კლავს. ყოველთვის გვაფრთხილებდნენ წმინდა მამები, რომ უნდა განვერიდოთ მაცდუნებელ გარემოებებს. აი, რას წერს წმინდა ეგნატე პარიზში რელიგიურ საქმეებზე ჩასულ ბერებს: “თქვენ პარიზში ხართ, ამსოფლიური სწავლულობისა და, შეიძლება ითქვას, ბნელეთისა და ცოდვის დედაქალაქში. მაშ, ამ ცოდვისა და ბნელეთის დედაქალაქში ერიდეთ დაბნელებას, ერიდეთ ცოდვას გაფრთხილდით, სული არ წააგოთ, ეს კი შეიძლება მოხდეს, და განა ცოტას დამართნია? გაიხსენეთ, რომ თქვენც მოგიწევთ ამა სოფლით განსვლა კუბოს კარით და წარსდგომა ღვთის სამსჯავროზე”…

ჩვენი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ არ მოუწევს ამა სოფლით განსვლა და ღვთის სამსჯავროზე წარდგომა. მას სამებაში რამდენიმეჯერ მოვკარით თვალი, მაგრამ, ალბათ, ბუნებით ათეისტია და ხალხის თვალის ასახვევად დადის ტაძარში, თორემ გაუგებარია, როგორ უთავსებს ერთმანეთს ფსალმუნებსა და თავის მკრეხელურ აზრებს. ქვეყნის სათავეში კაციტანჯვის ქვეყნიდანუნდა მოვიდეს, ვინაიდან მას მილიონთა ბედი აბარია. საუბედუროდ, როგორც ვხედავთ, უმაღლეს ეშელონებში სალაღობოდ და თავიანთი მერკანტული მიზნების განსახორციელებლად მოდიან.

ბევრი რამ გაუგებარი და ამოუხსნელი ხდება ჩვენ გარშემო. ვინ იტყვის, რა კრიტერიუმით შეირჩნენ შეიარაღებული ძალების მინისტრისა და მისი მოადგილის პოსტებზე დედაკაცები? გენდერული თანასწორობის დაცვაზე ფიქრი აქ სრულიად უადგილოა. ღმერთმა მშვიდობაში გვაცხოვროს, მაგრამ, თუ ომი დაიწყო, საკითხავია, რა ცოდნა-გამოცდილებით წარმართავენ საომარ მოქმედებებს ეს ლამაზმანები. ფუი ეშმაკს და, ტყვედ რომ ჩავარდნენ, ხომ მოგვეჭრა თავი ქართველებს?!

პოლიტიკოსები ხშირად ახსენებენ მეგობარ ქვეყნებს”. მაგრამ განა ოდესმე ჰყოლია საქართველოს მეგობარი ქვეყანა ან, საერთოდ, არსებობენ კი მეგობარი ქვეყნები? შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფო რაღაც ინტერესებმა გააერთიანოს, მაგრამ, თუ ეს ინტერესები უინტერესო გახდა, ადვილი მოსალოდნელია, ისინი საომარ ვითარებაში აღმოჩნდნენ.

ჩვენ მიერ შეძენილიმეგობრებიტყვიას არ გვესვრიან, ზოგჯერ გვიღიმიან კიდეც და სამათხოვროდ გაწვდილ ქუდში შეიძლება ხურდაც ჩაგვიყარონ, მაგრამ როგორ დავხუჭოთ თვალი იმაზე, რას ითხოვენ ამ მოწყალების სანაცვლოდ? მათ არ მოსწონთ ჩვენი ადათწესები. არ მოსწონთ, რომ ქალი ქალად მიგვაჩნია და კაცი _ კაცად. არ მოსწონთ, რომ ვკრძალავთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. არ მოსწონთ, რომ მამათმავლობის აგიტაციის საშუალებას არ ვაძლევთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ვდევნით, ღირსეულ მოქალაქედ მაინც არ ვთვლით და ამიტომ თურმე მათ უფლებებს ვარღვევთ.

შეერთებულ შტატებთან და ევროპულ ქვეყნებთან ერთად თურქეთიც “მეგობარი” გაგვიხდა; მე მეშინია თურქების მეგობრობის, ვინაიდან არ მჯერა, რომ მან ხელი აიღო შავიზღვისპირეთისა და მთლიანად კავკასიის დაპყრობაზე.

ორიოდე სიტყვა ჩვენს პატარა მეზობლებზეც უნდა ვთქვათ: სომხეთი ხომ ჩვენი ისტორიული მეგობარია? ყოველ შემთხვევაში ასე გვასწავლიდნენ აქამდე. განა ამმეგობარმასომხეთმა არ წაგვართვა ლორე? განა აშკარად არ იბრძვის ჯავახეთის მიერთებაზე? სომხეთი არ გვედავება 365 ეკლესიას საქართველოში? სომხები არ იბრძოდნენ აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ?..

ახლა მეორე მეზობელზეც ვთქვათ: განა აზერბაიჯანმა არ წაგვართვა კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონები? აზერბაიჯანელები არ გამოთქვამდნენ პრეტენზიას ბოლნის-მარნეულის რაიონებსა და რუსთავზე? როგორ გგონიათ, საქართველოში გამავალმა გაზსადენმა და ნავთობმა საბოლოოდ გადაჭრა ეს პრობლემა თუ დროებით მიაჩუმათა?

რუსეთმა ჩამოგვაჭრა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენ ნატოს ჯარს ვუხმობთ ჩვენს მიწაზე და ამიტომ გვსჯის რუსეთი, ნატო კი ფეხს ითრევს. ამერიკელები გვეუბნებიან: ჩვენ ვცნობთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ თქვენი გულისთვის რუსებს ომს ვერ გამოვუცხადებთ და თქვენი საქმე თქვენვე მოაგვარეთო. პილატემ მაცხოვრის დასჯა რომ გადაწყვიტა, ხელები დაიბანა, აქაოდა, ბრალი მე არ მიმიძღვისო

ჩემი ღრმა რწმენით, ისე არ სურს რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ძალების მოსვლა, რომ წინდახედული, ნიჭიერი და გონებადაუნჯებული დიპლომატების ხელში ეს შეიძლებოდა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გამხდარიყო, მაგრამ ჩვენში ასეთი, სამწუხაროდ, არავინ აღმოჩნდა, გაორებული ბუნების, ცხელთავიანებისა და შიზოფრენიკების გარდა. შევარდნაძეს ჰქონდა გარკვეული გამოცდილება პოლიტიკური საქმიანობისა, მაგრამ მან ვერ შეძლო რუსეთთან მოლაპარაკება, ვინაიდან ორი ბატონის მსახური, საბოლოოდ, ორ პანღურს მიიღებს მხოლოდ. პოლიტიკური თამაშები დიდ ქვეყნებს გამოსდით, პატარა ქვეყნების თამაში კი საკუთარ კარში გატანილი ბურთით მთავრდება მუდამ. ცალკე რუსეთს ეფერებოდე და აქეთ ბუშის, ბეიკერისა და გენშერის შეკვეთებს ასრულებდე, რისი იმედი უნდა გქონდეს? რაც დრო გადის, მით უფრო გვშორდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. ძველები დაბერდნენ და ასპარეზზე გამოდის ახალი თაობა, რომელსაც საქართველოს შემადგენლობაში არ უცხოვრია.

საქართველოში ისევ “გოდოს” ელიან. როცა იქნება, მოვა “გოდო” და ხელის ერთი დაკვრით გახსნის გორდიას ნასკვს. ნატო გვიგზავნის ჩექმებს, ჟილეტებს, კონსერვებს, იარაღს, მაგრამ თვითონ არ მოდის, _ რუსეთის “ერიდება”.

რუსეთში გამდიდრებულმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, ქვეყნის სათავეებიდან მოეშორებინა ანტიქართული, პროამერიკული და პროდასავლური ძალები, მაგრამ ისევ უკან დააბრუნა (თუ დააბრუნებინეს) რესპუბლიკური პარტია, რომელიც არაფრით განსხვავდებანაციონალური მოძრაობისგან”. რუსეთში გამდიდრებული და შემდგომ საფრანგეთის მოქალაქეობამიღებული ივანიშვილიც შუაზე გაიყო და ორკუდიანი არსება აღმოჩნდა, რომელიც ერთი კუდით რუსეთშია დაბმული, მეორეთი _ დასავლეთში.

საგულისხმოა, რომ თავდაპირველად რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. ყაზბეგში უმაღლეს დონეზე შედგა ორი ქვეყნის პრეზიდენტთა (გამსახურდიასა და ელცინის) შეხვედრა და მთელ რიგ საკითხებზე მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ქართველები ვერ მორიგდნენ ერთმანეთში, ვერ გაიყვეს ქონება, უფლებები, თანამდებობები, ერთმანეთს დაერივნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ. ახლა ამბობენ, ყველაფერი რუსეთის ბრალიაო, _ ერთმანეთს იმან გადაგვკიდაო, დაპირისპირებულ მხარეებს იარაღი დაურიგაო. თუ უცხომ ჩვენივე ხელით დაგვანგრევინა ჩვენი ქვეყანა, არაფრის პრეტენზია არ უნდა გვქონდეს. სხვას არ უნდა დავაბრალოთ ის ტრადიციული სენი, რომელიც შორეული წარსულიდან მოგვდგამს. როცა ერთმანეთი გვძულს, როცა არ შეგვიძლია საერთო ენის გამონახვა და სახელმწიფოს ინტერესების პირად სურვილებზე მაღლა დაყენება, სხვისკენ ნუ გავიშვერთ თითს. თუ შენი ქვეყნის ორგული და დამაქცევარი ხარ, სხვას როგორ ან რატომ უნდა მოსთხოვო ერთგულება?

საბჭოთა კავშირის პერიოდში პასპორტში ეროვნება მეწერა. დამოუკიდებელი საქართველოს მიერ გაცემულ პირადობის მოწმობაში ეროვნება არ არის მითითებული. ეროვნების გასწვრივ სამი წერტილია დასმული. მამის სახელიც არ მიწერია. დანომრილი კი ვარ, მაგრამ არ ვიცი, ვინ ვარ.

პრესის ფურცლებიდან ვიგებთ, რომ საქართველოსკენ დაიძრა ებრაელ ინვესტორთა ლაშქარი, რომლის მიზანია, მცხეთა გახდეს მეორე იერუსალიმი და “ახალი ისრაელის” დედაქალაქი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ფაქტია, რომ საქართველოს სულიერმა მოძღვარმა, მისმა უწმინდესობამ _ ილია მეორემ ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან შეხვედრისას განაცხადა: ქართველები და ებრაელები სისხლით მახლობლები ვართო. მიუხედავად ებრაელი ხალხისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა, ებრაელთა შთამომავლად ვერ წარმომიდგენია თავი და, ქართველი თუ მართლაც ებრაელია, მირჩევნია ქუჯის წინარე ხანაში დავბრუნდე და მეგრელობას შევაფარო თავი.

რა დროება უდგას დღეს საქართველოს? უამრავი უბედურებიდან თვალში საცემია ჟამი საყოველთაო გარყვნილებისა. თურმე ქვეყნის პატრონობის თავი არ გვაქვს, მას ნაწილ-ნაწილ გვართმევენ. არც საკუთარი თავის რჩენის უნარი გაგვაჩნია _ ან ვიპარავთ, ან ვმათხოვრობთ. თაღლითობით თავის გატანაც ლამის ჩვეულებად გვექცა. ბაზარში ზუსტად არავინ არაფერს აგიწონის, საკუთარი სასწორი უნდა დაგქონდეს; ყველში ქვას ჩაგიდებენ, ლობიოს მარცვლებში კენჭებს ჩაგიყრიან, ყავას სოიოს გემო დაჰკრავს, რძეში წყალს გაურევენ (ამას კიდევ არა უშავს, წყალი და რძე კაცს არ ავნებს) და ა.შ.

არაფრის წარმოების თავი და სურვილი არ გვაქვს. ამ ხნის განმავლობაში 5-თეთრიანი ასანთის გამოშვებაც ვერ შევძელით. საკვირველია, როგორ მოვაღწიეთ აქამდე. ასეთი ქვეყნის შვილებს ახლა ევროპისკენ გზა გვეხსნება. წავალთ სხვის დაწყობილ ქვეყნებში, იქაური ყოფით მოვიხიბლებით და უკან არც კი მოვიხედავთ. თუმოვიხედეთ”, ჭკუის მასწავლებლად ჩამოვალთ და აქ დარჩენილებს ვეტყვით, პაპუასები ხართო.

საომარი მოქმედებები განახლდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აზერბაიჯანის უკან თურქეთი დგას, სომხეთს რუსეთის იმედი აქვს. ორივე ქვეყნის მაშველმა ძალებმა ყარაბაღამდე რომ მიაღწიონ, საქართველოს ტერიტორია უნდა გაიარონ. არავინ იცის, როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში ჩვენი მთავრობა. არის კი მათ რიგებში ვინმე, ვინც რეალურად შეაფასებს მოსალოდნელ საფრთხეს და თავიდან აიცილებს მას? საეჭვოა, იქ ვინმეს მომავლის გონივრული განჭვრეტის თავი ჰქონდეს. ახლა, წინასაარჩევნოდ, აღვირახსნილობაში ერთმანეთის მამხილებელი ვიდეოფირების მოპოვება-გამომზეურებით არიან დაკავებულნი და წყალდიდობას მაშინ შეამჩნევენ, როცა წყალი შინ შეუვარდებათ.

ხალხი მომავლის იმედით ცხოვრობს. ქვეყანას რაც უნდა მძიმე პერიოდი ჰქონდეს, მაინც ფიქრობს, რომ ცუდი უკეთესობით შეიცვლება. თუ მამებმა ვერ შეძლეს სიძნელეების დაძლევა, შვილებმა უნდა შეძლონ. ყოველ შემთხვევაში სურვილი ასეთია და ამიტომაც არის ნათქვამი: ის ურჩევნია მამულსა, შვილი რომ ჯობდეს მამასაო. ჩვენდა სამწუხაროდ, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი ადვილად აჰყვა ცდუნებას, ვერ ამჟღავნებს იმ თვისებებს, რომლებიც ქვეყანას სამომავლოდ გამოადგება. არასწორია, ყველაფერი ძველი უვარგისად გამოაცხადო და მათგან არაფერი გამოიყენო. ამ პრინციპით რომ ეცხოვრათ თაობებს, ვერც ერთი ნაბიჯით წინ ვერ წაიწევდნენ და ღირებულს ვერაფერს შექმნიდნენ.

ამას წინათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა საპროტესტო მიტინგი გამართეს და საკუთარი მოთხოვნები წაუყენეს ხელმძღვანელობას. ჩვენი მიზანი არ არის მათი მოთხოვნების გაანალიზება და მტყუან-მართლის გარჩევა. უბრალოდ, იმ ვნებათაღელვასა და პროტესტის გამოხატვის კულტურაზე მსურს ორიოდე სიტყვის თქმა. უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ტელევიზია აშუქებდა და სრულიად საქართველომ ნახა ისევ ის, რასაც ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში ხედავდა: აუდიტორიაში შეჭრა, ფანჯრიდან გადაძრომა, ერთმანეთის მხრებზე შედგომა, გინება, ზიზღი, მტრობა, გაწევ-გამოწევა… ეს ყველაფერი ცოდნის ისეთ ტაძარში, როგორიც უნივერსიტეტია, ძალზე დამაღონებელი იყო. მათ რომ ვხედავდი, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები მახსენდებოდა, როცა ზვიად გამსახურდია სტუდენტებს ეწვია და გარკვეულმა ნაწილმა უდიერი საქციელით გამოიჩინა თავი. მას შემდეგ ნუთუ არაფერი შეიცვალა?! ნაკლოვანებების გამოსწორება აუცილებელია, მიტინგების გამართვა _ დასაშვები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს წესები და მოვალენი ვართ, ვიმოქმედოთ წესების ფარგლებში. ამას იმიტომ ვწერ, რომ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ბევრი მიტინგი ვნახე, ხშირად სისხლიც იღვრებოდა ამ მიტინგებზე და ძალიან მინდა, მომავალი თაობა პროტესტის გამოხატვისას მამებზე უკეთ გამოიყურებოდეს.

ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, ქვეყანა გარედან იმართება და ადგილობრივი მთავრობა უცხო ქვეყნების ნების გამტარებელიაო. თითქოს ბევრს არ უნდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, მაგრამ თანამდებობისა და პრივილეგიების დაკარგვის ეშინია. სიკეთეს, პატიოსნებას, ზნეობას არავინ აფინანსებს. ფულს ღალატის, გარყვნილებისა და გადაგვარებისთვის იძლევიან. სულგაყიდულ მთავრობას გაუტკბა ცოდვის პურის ჭამა და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.

ხალხში არსებობს ერთი უცენზურო ანდაზა: ზარმაცი და უსაქმური კაცი გართობის მიზნით “ერთ ადგილას” მახათს იყრიდაო. ცხადია, ის კაცი ღატაკი იყო და გართობის სხვა საშუალება არ ჰქონდა, თორემ მახათის ჩხვლეტისგან რა სიამოვნება უნდა მიეღო?!

აი მილიარდერი ივანიშვილი კი სხვაგვარად ერთობა. ამ წარმავალ წუთისოფელში დროის შეჩერებას ცდილობს და თავისთვის ედემის ბაღის მოწყობა გადაუწყვეტია. ოკეანიდან ამოაყვანინა ზვიგენი, ანტარქტიდიდან პინგვინი მოჰგვარეს, აფრიკიდან თუ ავსტრალიიდან _ ჟირაფი, ზებრა და სხვა ჩლიქოსანი თუ ფრთოსანი (კიდევ კარგი, რომ დინოზავრები გადაშენდნენ). ივანიშვილს აკრძალული ხის ნაყოფი ადამთან ერთად კი აქვს ნაჭამი, მაგრამ, როგორც ჩანს, ღმერთს ამისთვის არ დაუსჯია, ვინაიდან ბოროტებისა და სიკეთის შეცნობის უნარები ერთმანეთში აერია. ახლა უკვდავების ხეს ეძებს, იპოვა კიდეც და თავის მამულში გადაიტანა, მაგრამ დრო მაინც მიდის, ბატონო ბიძინა, და წასვლის ჟამი ყველასთვის ახლოვდება. იმქვეყნად კი არავის არაფერი წაუღია. ღმერთმა ქნას, იმ თქვენი მოწონებული ხესავით ორასი წელი იცოცხლოთ, მაგრამ მეორასე წლის შემდეგ ვერაფერს ჩაავლებთ ხელს, ვინაიდან წარსული სიზმარია. ყველაზე დიდი სიმდიდრე გაკეთებული სიკეთეა, ხალხისთვის სიმართლის თქმა და არა მოტყუება. იქნებ კოჰაბიტაცია გგონიათ სიკეთე და შემწყნარებლობა? “ბილწს არ შევეკვრი ზავითა”-, _ ბრძანა ვაჟაფშაველამ. მიუტევებენ იმას, ვისაც სინანულის განცდა გააჩნია. გველი პერანგს იცვლის და არა თვისებას.

ნება თქვენია, იცხოვრეთ ისე, როგორც გაგიხარდებათ, მაგრამ ნუ მართავთ ქვეყანას შუშის კოლბიდან. ნუ გაიხადეთ მთავრობა და პარლამენტი ნაზირვეზირებად. დაუთმეთ ქართველ ხალხს საქართველო და მიეცით მას თავისი ნების გამოხატვის უფლება.

არჩევნები კარგს მოგვადგა. ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დაფაცურდნენ რბილ სავარძელს მიჩვეული კარიერისტები, დაიწყეს პარტიული სიების “გადახალისება”, გვარ-სახელების გადაჯგუფ-გადმოჯგუფება, მაგრამ ხალხმა იცის, რომ, ოთახის დაგვისას ნაგავს კი არ ჩხრეკენ, ყველაფერს ერთად აგროვებენ და გარეთ ყრიან.

ხალხი ფხიზლად უნდა იყოს და არ შეუწყოს ხელი არჩევნების გაყალბებას. კაცს როცა უჭირს, ადვილია მისი მოსყიდვა, მაგრამ ერთ ტომარა ფქვილზე და რამდენიმე კილოგრამ შაქარზე გაყიდული ხმა წინ უბედურებად შემოგვეყრება. ახლა საარჩევნო ყუთებთან გვაქვს დიდგორის ომი გადასატანი. თუ ხალხმა ამჯერადაც ვერ შეძლო მთავრობაში ერნოვნული ძალების მოყვანა, მაშინ მშვიდობით, საქართველოვ!

გიორგი სიჭინავა,

მწერალი

6 COMMENTS

  1. მარტლა მწერალს შეუზლია დაწეროს ასეტი რამ\\\’ ეს უფრო მეტია; ვიდრე სტატია; ამას ერის მამა ილიაც მოაწერდა ხელს;; გმერტმა ქნას; ცვენ გავიტავისოტ ეს-

  2. ამდენი გულის შემძრავი სიტყვები დაწერე და ნაციონალები და მათი მარჩენალი არ გიხსენებია , რატოოომ ?? თუ თქვენი სიმართლე მაგათ გარეშე ეხება საქართველოს ??? არა ბატონო, მასეთი საქართველოს ჩამოყალიბებაში, ყველაზე დიდი წვლილი , მათ მიუძღვით სწორედ….. მე, მგონი თქვენც პლასტელინისაგან ხართ დამზადებული
    მეც არა ვთქვი , გამოჩნდა სამართლიანი ადამიანი- თქო ?!!!!!

  3. ვაი რომ, სრული ჭესმარიტებაა… სამწუხაროდ გამოსავალი სად არის ან რანაირი არავინ იცის … მოაზროვნე საზოგადოება ყველაფერს ხედავს მაგრამ როგორ გინდა \\\”ფული , მუცელი და მუ…. ი\\\” დევიზით მოაზროვნე და მყოფად ადამიანებს, მოქალაქეობრივი-ეროვნული აზროვნება დაუბრუნო?ვხედავთ თუ რა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანეს, ბოლო 20 წელზე მეტია საქართველო და ქართველი მოსახლეობა. ქართულ ენაზე მოსახლეობა ვეღარ მეტყველებს, ზემოდან დაწყებული ყველა ერთმანეთს ეჯიბრება უცხო სიტყვების, უაზრო ბრახა-ბრუხში….ქართველთა მიწა-წყალი \\\”ერთ ლარად \\\” გაყიდულია….. სარწმუნოებას ფეხქვეშ გვითელავენ და იქამდეც მივიდნენ რომ, მეჩეთის მშენებლობისას, ქართულ ეკლესიას კედელი ჩამოუნგრიეს, ჩვენს ნაყიდ მიწაზეაო….სად არის გამოსავალი? იქნებ ნაგვისა არ იყოს, უნდა გვატანოთ ყველაფერი ნაგავს? ნაგვის გამტანი, ნეტავი ვინ არის, საკითხავი აი ეს არის………ან სად გინდა მდენი ნაგავი გაიტანოოოო…..? ღმერთო გადმოხედე საქრთველოს და მათ ღირსეულ შვილებს რომ \\\”ჯავრი არ ჭამონ მტრისაი..\\\”! ქრისტე აღსდგა …. ქრისტე აღსდგა…. ქრისტე აღსდგა…….!

  4. გიორგი სიჭინავა, saidan ichitebian aseti sirtaozi mwerlebi. shechemaala am statiaze meti mkitxvelinamdvilad argyavda da arc momavalshieyoleba. daweren raxac kvercxobas da mwerali goniat tavi.:

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნანა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here