Home რუბრიკები საზოგადოება ბათუმში თურქმა ბიზნესმენმა ეკლესიის გალავანი დაანგრია

ბათუმში თურქმა ბიზნესმენმა ეკლესიის გალავანი დაანგრია

1033

რამდენიმე დღის წინათ ბათუმში თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა წმინდა ევდემოზ კათოლიკოსის მშენებარე ტაძრის გალავანი დაანგრიეს. მართალია, მომხდარმა ადგილობრივი მოსახლეობის სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ მას არ მოჰყოლია ისეთივე რეზონანსი, როგორიც ნებისმიერი ნორმალური ქვეყანს საზოგადოებას ექნებოდა, როცა მის სიწმინდეებს ეხებიან. 

აღარაფერს ვიტყვით იმაზე, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა, ანალოგიური ბარბაროსობა თურქეთში რომ მომხდარიყო და რომელიმე ქართველ ბიზნესმენს მეჩეთის გალავანი დაენგრია. თუმცა მსგავსი შემთხვევის მომსწრე საქართველოში 2004 წელს ვიყავით, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გლდანის ეკლესია დაარბია, ხოლო 2007 წელს ბათუმში, ფერიის მთაზე _ ტაძარი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ტერიტორია, რომელზეც ევდემოზ კათოლიკოსის მშენებარე ტაძრის გალავანი დაანგრიეს, თავიდანვე სადავო იყო, მაგრამ საბოლოოდ დავა ტაძრის ტერიტორიის მესაკუთრე შალვა მელაძესა და მშენებარე კორპუსის მეპატრონე ნარგიზ ჰასთაოღლუს შორის წერილობითი შეთანხმებით მოგვარდა. რა მოხდა შემდგომ და წინასწარი გაფრთხილებისა და შეთანხმების გარეშე რატომ დაანგრია თურქულმა კომპანიამ ეკლესიის გალავანი, ადგილობრივი სასულიერო პირებისა და ეკლესიის მრევლისთვის უცნობია.

არა მგონია, იცოდეს, რას ნიშნავს ეკლესიის გალავნის დანგრევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, შენდობას დაჩოქილი ითხოვს

სადავო მიწა ბერმა ევდემოზმა ეკლესიის ასაშენებლადად ამჟამინდელ მეპატრონეს, შალვა მელაძეს, გადასცა. “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბარში ნინოწმინდის მონასტრის წინამძღვარი მამა ევდემოზი (დიასამიძე) ამბობს, რომ ეკლესიის გალავანი, რომელიც მშენებარე საცხოვრებელ სახლებს ტაძრისგან ჰყოფდა, თურქ მეპატრონესთან შეთანხმების საფუძველზე აშენდა:

_ ეს არის კერძო დავა ორ მოქალაქეს შორის და იმედი მაქვს, სიმართლეს ერთმანეთში გაარკვევენ, რადგან ერთი _ თურქეთის, მეორე კი საქართველოს მოქალაქეა. ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ეს არის თურქეთსა და საქართველოს შორის დავა. ბუნებრივია, რომ ეკლესიის გალავნის დანგრევას ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა და ხალხმა თურქი ბიზნესმენის საქციელი გააპროტესტა.

_ მამაო, შესაძლოა, ეს არ არის თურქეთსა და საქართველოს შორის დავა, მაგრამ თურქ ბიზნესმენს ქრისტიანული სიწმინდის მიმართ არ უნდა გამოეჩინა მეტი პატივისცემა? მართებულად მოიქცნენ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, როდესაც ეკლესიის გალავანი დაანგრიეს?

_ რა თქმა უნდა, ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. თუ უნდა, საქართველოში იცხოვროს და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მოსახლეობასთან, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებიც უნდა გაითვალისწინოს. ვიმედოვნებ, გამოასწორებს შეცდომას და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მისაუბრია თურქ ბიზნესმენთან, მაგრამ, არა მგონია, იცოდეს, რას ნიშნავს ეკლესიის გალავნის დანგრევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, შენდობას დაჩოქილი ითხოვს.

ნურც ის გაგვიკვირდება, თუ მომავალში ეკლესიასაც შეეხებიან

ნიაზ ბოლქვაძე, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ხელმძღვანელი:

_ როგორც შევიტყვეთ, თურქი ბიზნესმენი ეკლესიის გვერდით საცხოვრებელ სახლს აშენებდა, მივედი და ვესაუბრე პირს, რომელიც ეკლესიის მშენებლობას ხელმძღვანელობს. მითხრა, ყველა დოკუმენტი გვაქვს, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს შემოწირული მიწაა, ეკლესიას ეკუთვნის, მაგრამ უკვე აშენებული გალავანი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაანგრიესო.

_ ქალაქის ხელმძღვანელობა რას ამბობს?

_ ჯერჯერობით არაფერს, არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

_ დღეს თურქეთი საქართველოს მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, სტრატეგიული პარტნიორი და ამიტომ ხომ არ იკავებენ თავს განცხადებისგან?

_ სტრატეგიული პარტნიორობა იმას ნიშნავს, ყველაფერი დაგინგრიოს და თავზე დაგაჯდეს? ასეთ საქციელს სხვა სახელი აქვს. არ შეიძლება ამ ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორს ყველაფრის უფლება მისცე.

ეკლესიის გალავნის დანგრევა ძალიან ცუდი ფაქტია. არ ვიცი, ვისია ეს სადავო ტერიტორია, დოკუმენტაცია არ მინახავს, მაგრამ თურქი ბიზნესმენის კუთვნილ მიწაზეც რომ ყოფილიყო ეს გალავანი, ელმენეტარული პატივისცემა უნდა გამოეჩინა, უნდა მისულიყო, მშვიდად გარკვეულიყო ვითარებაში და ასე თვითნებურად არ უნდა დაენგრია.

ვფიქრობ, ეს შემთხვევაც იმ მოვლენების ჯაჭვის რგოლია, აჭარაში რომ მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ, აჭარის გათავისუფლების მემორიალის დადგმა გვსურს, ნებართვაც მოგვცა ქალაქის მერმა, მაგრამ, რადგან თურმე თურქებს არ მოეწონებათ ეს ამბავი, დღემდე თავს იკავებენ. არადა, როდესაც შენი ისტორიის დაფასების ნებას არ გაძლევენ, შენი წინაპარი გმირების ხსოვნის პატივისცემას გიშლიან, მათის, ვინც აჭარა საქართველოს დაუბრუნა, იმის გამო, რომ ეს თურმე მეზობელს არ მოეწონება, მერე ნუღარ გაგიკვირდება, ეკლესიის გალავანს თუ დაგინგრევენ და ნურც ის გაგვიკვირდება, თუ მომავალში ეკლესიას შეეხებიან.

აჭარა, ფაქტობრივად, თურქეთისაა, თბილისშიც გარკვეული უბნები უკვე თურქებს ეკუთვნის და ამას არავინ უწევს წინააღმდეგობას

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ ეკლესიის გალავნის დანგრევა ისე პატარა დეტალია იმასთან შედარებით, რაც დღეს აჭარაში ხდება, რომ აღარც მიკვირს. მხოლოდ გალავანი კი არ დაანგრიეს, ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს ე.წ. დამოუკიდებლობა აქვს, ისე შეცვალეს ქართული მენტალიტეტი, რომ ეს უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.

ქართველის პროტესტის განცდა არ არის ხანგრძლივი. როდესაც ასეთი მენტალიტეტის მქონეა საქართველოს მოსახლეობა, ზედმეტია პატრიოტიზმსა და გალავნის დანგრევის გამო გამოწვეულ პროტესტზე საუბარი. ეს ძალიან კარგად იცის თურქმაც, ამერიკელმაც, სხვამაც და შესაბამისად გვექცევიან

ან რა პოზიციაზეა ამ შემთხვევაში ხელისუფლება, რომელსაც მიაჩნია, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარია და თურმე საუკუნეების განმავლობაში ასე იყო? გვარწმუნებენ, რომ თურმე თურქეთი ყოველთვის ლმობიერად იყო განწყობილი საქართველოს მიმართ, არაფერი აქვს ჩვენთვის დასაბრუნებელი, ხოლო რუსეთი, თურქეთთან შედარებით, ოკუპანტი და აგრესორია. არადა, რეალურად თურქეთს გაცილებით მეტი ტერიტორია აქვს მიტაცებული და საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის მიმართ ისეთი უბედურებები აქვს ჩადენილი, რომ ესეც საკმარისია, საქართველოს მოსახლეობას და, მით უმეტეს, ხელისუფლებას სხვაგვარი განწყობა ჰქონდეს თურქეთის მიმართ. მაგრამ ეს არ ხდება, რადგან ამერიკას სურს, რომ თურქეთთან ჩახუტებულები ვიყოთ. საქართველოს ხელისუფლება საკუთარი აზრის მიხედვით არ მოქმედებს.

საქართველოს მოსახლეობის მენტალიტეტი, ქართველ კაცის თვითშეგნება, სამწუხაროდ, ნულამდეა დასული. ის, რაც ახლა აჭარაში ხდება, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრის არარსებობის შედეგია, ამიტომაც გაბედა თურქმა ბიზნესმენმა ამდენი. თურქეთმა ბოლო 25 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, აჭარის ანექსია მოახდინა, მაგრამ დღეს ამაზე არავინ ლაპარაკობს. კი, ბატონო, ბათუმის იერი შეიცვალა ისევე, როგორც მთელი აჭარის; აშენდა სასტუმროები, კაფე-ბარები, მაგრამ რის ფასად? სამშობლოს გაყიდვის ფასად? აჭარა, ფაქტობრივად, თურქეთისაა, თბილისშიც გარკვეული უბნები უკვე თურქებს ეკუთვნის და ამას არავინ უწევს წინააღმდეგობას.

მახსოვს, ერთხელ თურქებმა სურვილი გამოთქვეს, აჭარის გავლით აფხაზეთამდე რკინიგზა გაეყვანათ, რომელიც შეუერთებოდა რუსეთის რკინიგზას და დაუკავშირდებოდა ევროპას. ასლან აბაშიძემ მითხრა, შენ თურქს არ იცნობ, როგორც კი ფეხს ჩაადგმევინებ ამ ტერიტორიაზე, შემდეგ ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ გაიყვანო.

ასლან აბაშიძე აჭარაში კბილებით იცავდა ქართულ კულტურას, მენტალიტეტს. ეს ხელისუფლება კი მსგავსს არაფერს აკეთებს. ხომ ნახეთ, რა ამბავი მოჰყვა გოგი თოფაძის განცხადებას თურქული მდარე ხარისხის საქონელზე, ლამის მთელმა პარლამენტმა ბოდიში მოიხადა და თოფაძეს გაემიჯნენ, _ როგორ შეიძლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ასეთი საუბარიო. როდესაც მოსახლეობა და ხელისუფლება ასეა განწყობილი საკუთარი ქვეყნის მიმართ, თურქისგან რას უნდა ელოდო?!

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. ვინც ისტორია არ იცის, იმან არ იცის ვინ არის სინამდვილეში თურქეთი ჩვენთვის, და
    ვინც თურქს ეხუტება, ის ქართველის მტერი და მოღალატეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here