Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ეკონომიკური თვითგადარჩენის ერთ-ერთი “ფორმულა”

საქართველოს ეკონომიკური თვითგადარჩენის ერთ-ერთი “ფორმულა”

ხელიდან არ გავუშვათ საქართველოს მეცნიერული და ეკონომიკური გაბრწყინების შანსი

სახელმწიფოს ყოვლისმომცველი ორგანიზმის სრულყოფილი განვითარება და მისი სრულფასოვანი ფუნქციობა, ცხადია, განვითარებული ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია. დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების შემდგომ იმის მაგივრად, რომ საბჭოთა ეპოქის დანატოვარი _ მატერიალური და ფინანსური რესურსების გარკვეული წილი _ ეტაპობრივად და მწყობრ მეცნიერულ დონეზე ჩამოყალიბებული სისტემით საზოგადოებაზე სამართლიანად და ოპტიმალურად გადანაწილებულიყო, ქაოსურად, უსისტემოდ და დანაშაულებრივად მოხდა ამ ძირითადი ფონდებისა და ფინანსების სხვადასხვა მაქინაციით დატაცება, ეკონომიკური და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის თითქმის სრულად განადგურება და, საერთოდ, მეცნიერებისა და სამეცნიეროტექნიკური კადრების მიზანმიმართული დაკნინება; უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მიმართ განხორციელდა მორალურ და მატერიალურ წამებასთან გათანაბრებული დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა გამოც ჩვენ ვერ შევძელით, აგვეშენებინა თანამედროვე, ევროპული დონის მმართველობაზე დაფუძნებული სამართლებრივი და განვითარებული ეკონომიკის სახელმწიფო.

ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხიდან გამოყვანისა და აღმასვლისკენ რადიკალური შემობრუნების გადაუდებელი აუცილებლობის მოთხოვნით, საჭიროა, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს ჩვენი ინტელექტუალური სამეცნიერო ელიტის მიერ შემუშავებული კონკრეტული ბიზნესგეგმები, რომელთა საფუძველზეც განსაზღვრული და დასაბუთებულია, როგორც სამეცნიერო თეორიული კვლევებით და აღმოჩენებით, ისე ექსპერიმენტულად მათი პრაქტიკაში დანერგვის ეკონომიკური ეფექტიანობა და რომელთა ბაზაზეც შესაძლებელია მასზე ზედნაშენი დარგების განვითარება, რომელიც საბოლოო ჯამში, კანონის უზენაესობის დაცვის პირობებში, მოგვცემს ეკონომიკის, როგორც ერთიანი სისტემის, ისეთ მძლავრ, სინქრონულ და ავტომატურ რეჟიმში აღმასვლას, რომლის შეჩერება პრაქტიკულად, შეუძლებელიც კი იქნება.

 რაც მთავარია, საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ძირითადი და მთავარი რესურსი ადამიანია და, მით უმეტეს, ადამიანთა ის გამორჩეული კონტინგენტი, რომელსაც თავისი ძალისხმევით შეუძლია ამ საქმეში მნიშვნელოვანი და ზოგ შემთხვევში გადამწყვეტი წვლილის შეტანა. სწორედ ამ ადამიანური რესურსის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება უნდა ეყრდნობოდეს სტრატეგიული მნიშვნელობის წიაღისეულის გადამუშავებას, ძვირფასი და სასმელი წყლის ხალხისა და ქვეყნის სასიკეთოდ ათვისებას, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და იაფი ელექტროენერგეტიკის განვითარებას და სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას.

საბედნიეროდ, ჩვენს შორის არიან და მოღვაწეობენ ისეთი კვალიფიციური და მაღალინტელექტუალური პიროვნებები, რომლებსაც შესწევთ უნარი, აქვთ შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და, რაც მთავარია, მაღალი ზნეობა და პასუხისმგებლობა, თავი გაართვან ისეთ მასშტაბურ, ურთულეს და უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმეს, როგორიც არის ღრმა მეცნიერულ თეორიულ კვლევებსა და ექსპერიმენტებზე დაყრდნობით შემუშავებული და, ამასთანავე, მცირე ექსპერიმენტული მასშტაბით პრაქტიკაში უკვე დანერგილი კონკრეტული პრობლემების რეალური გადაწყვეტა, რომელსაც საფუძვლად უდევს ყოველ ერთ ინვესტირებულ ლარზე გაცილებით მაღალი და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, შთამბეჭდავი კოეფიციენტით უკუგება.

ასეთ პიროვნებებს გონიერი ხელისუფლებები და ინვესტორები, ხატოვნად რომ ვთქვათ, “სანთლით ეძებენ” და, ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსური წინსვლის მიზნით, ყველა პირობას უქმნიან მათი პოტენციური ნიჭისა და უნარის თვითრეალიზაციის სრულად გამოვლენას.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ სწორედ ასეთ პიროვნებათა რიცხვს მიეკუთვნება არაერთი სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და ნოვატორულ გამოგონებათა ავტორი და პრაქტიკაში დანერგვის ინიციატორი, უკრაინის საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, შპს “საკონსტრუქტორო საწარმოო გაერთიანების” გენერალური დირექტორი, ბატონი ევგენი უშვერიძე, რომლის მრავალ სამეცნიერო გამოგონებათა და აღმოჩენათა შორის თავისი მასშტაბით განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბაზალტის უწყვეტი ბოჭკოსგან დამზადებულ ქსოვილზე იშვიათი ჯიშების მცენარეების საუკეთესო ნერგების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების (ბრინჯის, შაქრის შემცველი მცენარის სტევიას, კართოფილის და სხვა) და მათ შორის უპირობოდ სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტის ხორბლის 60-დღიანი ციკლით თესვა-მოყვანის უნიკალური ტექნოლოგია, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი მსოფლიოში და რომელიც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას რევოლუციური მნიშვნელობის ნოვაციაა, რაც დასტურდება შემდეგით: სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისთვის გამოუსადეგარ მიწის ნაკვეთზე, ცხრასართულიან შენობაში, რომლის განაშენიანების ფართობიც არის 800 კვ. (შესაბამისად 0.08 ჰა), 90 კაცისგან შემდგარ მომსახურე პერსონალს ყოველწლიურად შესაძლებლობა ექნება, მიიღოს შთამბეჭდავი რაოდენობის, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო 336 ტონა ხორბალი, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნილი 730 ათასი ცალი ვერცხლისფერი ნაძვის ნერგი, 302 ტონა სოკო და მისგან დაამზადოს 51 ტონა სოკოს ფხვნილი.

თუ ჩავთვლით, რომ 1 ჰექტარ ტერიტორიაზე ტრადიციული მეთოდით მოყვანილი ხორბლის რაოდენობა, საუკეთესო შემთხვევაში, საშუალოდ შეადგენს 4 ტონას, მაშინ ამ საწარმოს ერთი ცხრასართულიან კორპუსში, რომლის განაშენიანების ფართობიც შეადგენს სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარი მიწის 0.08 ჰექტარს, ერთი წლის განმავლობაში წარმოებული ხორბლის რაოდენობა იქნება ბუნებრივ პირობებში 84 ჰექტარ ტერიტორიაზე მოყვანილი ხორბლის რაოდენობის ეკვივალენტი.

ამავე დროს საწარმოო კორპუსის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი, ყველაზე მოკრძალებული საბითუმო ფასების გათვლებითაც კი, მათი საწარმოო დანახარჯების გამოკლებით შეადგენს 2.2 მილიონ დოლლარს. ეს ნიშნავს იმას, რომ ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობისა და ტექნოლოგიური დანადგარების მონტაჟის საერთო დანახარჯების _ 2 მილიონი დოლარის _ გამოსყიდვას დასჭირდება მხოლოდ 1 წელიწადი.

ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და, გნებავთ, უსაფრთხოების მიზნითაც კი ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის უზრუნველყოფა საკუთარი წარმოების სურსათით და განსაკუთრებით ისეთი სტრატეგიული პროდუქტით, როგორიც არის ხორბალი. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოები არ იშურებენ სუბსიდიებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირება უნდა განხორციელდეს გონივრულად, დარგის პერსპექტიული განვითარების გათვალისწინებით.

ხორბლის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად წელიწადში 800 ათასი ტონა ხორბლის წარმოებისთვის საჭირო იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დისტრიბუციის თვალსაზრისით, ოპტიმალურად განთავსებული 2381 ცხრასართულიანი კოპუსის ეტაპობრივი, დაახლოებით 6 წლის განმავლობაში მშენებლობა, რომლებშიც, საერთო ჯამში, დასაქმდება 250 ათასამდე ადამიანი.

ყოველწლიური ციკლით 2381 კორპუსში წარმოება ყოველ წელიწადს მოგვცემს 800 ათას ტონა ხორბალს, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნილ 120 ათას ტონა სოკოს ფხვნილს, 1.7 მილიარდ ცალ ვერცხლისფერი ნაძვისა და სხვა იშვიათი ჯიშის მცენარეების საუკეთესო ნერგებს და 5 მილიარდ  დოლარზე მეტ სუფთა მოგებას.

ამასთანავე, საქართველო განთავისუფლდება ხორბლის ყოველწლიური იმპორტისგან, რაც შეადგენს არანაკლებ 180 მილიონ დოლარს და, რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვნად გაიაფდება ძირითადი საკვები პროდუქტი _ პური.

უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში ამ მეცნიერული აღმოჩენის პატენტებისა და ტექნოლოგიური დანადგარების სერიულად დამზადებული კომპლექტების რეალიზაციით მივიღებთ საქართველოს მასშტაბისთვის უპრეცედენტოდ კოლოსალურ შემოსავალს, სავარაუდოდ, 70 მილიარდ დოლარს.

ამ უნიკალური პროექტის განხორციელებით, მკვეთრ, ნახტომისებრ ფინანსურ-ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად, მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში მნიშვნელოვნად ამაღლდება საქართველოს პრესტიჟი და ქართველები, ჩვენი წელთაღრიცხვის ოცდამეერთე საუკუნის პირველ მეოთხედში, უკვე სრულიად სხვა თვისობრივ და ხარისხობრივ ამპლუაში, ერთხელ კიდევ დავუმტკიცებთ კაცობრიობას, რომ ნამდვილად ვართ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მიწათმოქმედი, შემოქმედებითად მოაზროვნე და კულტურული ერი.

 გენიალურმა მოაზროვნემ და ასტრონომმა ჯორდანო ბრუნომ შუა საუკუნეების ევროპულ საზოგადოებას აუწყა იმ დროისთვის ნამდვილად დაუჯერებელი და სენსაციური აღმოჩენის შესახებ, რომ დედამიწა არის არა ბრტყელი, არამედ მრგვალი და რომ იგი ბრუნავს მზის გარშემო. იმ დროისთვის ჯერ კიდევ ბნელმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ იგი შერაცხეს ერეტიკოსად და კოცონზე დაწვეს. დღეს ბავშვმაც იცის, რომ დედამიწა არის მრგვალი და იგი ბრუნავს მზის გარშემო.

ნათქვამია, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო. ჩვენც, ოცდამეერთე საუკუნის დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრიობა და ხელისუფლება ნუ აღმოვჩნდებით ისეთივე ურწმუნონი და ნუ დავემსგავსებით შუასაუკუნეობრივ დოგმატიკოსებს, რათა ჩვენმა შთამომავლობამ ჩვენც არ მოგვიხსენიოს ტერმინით “ბნელი” და, რაც მთავარია, ხელიდან არ გავუშვათ საქართველოს მეცნიერული და ეკონომიკური გაბრწყინების ერთერთი შანსი.

ანზორ დავითაშვილი

1 COMMENT

  1. aseti xalxi xelit ynda vatarot..kvirikashvilma es yvelaferi icis magram ar daexmara arc avtors da arc qveyanas..da amis mere kidev amboben mcodne premieriao…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here